„მე მაინც ბატონი რევაზ სირაძის სკოლის მოწაფედ ვთვლი თავს“… – „შეუწველი მაყვლოვანი“ და დიდი მეცნიერის მოწამებრივი აღსასრულის საიდუმლო
ძველი თბილისის ულამაზეს უბანს უკავშირდება მისი ბავშვობის დაუვიწყარი შთაბეჭდილებანი. გორგასლის ქუჩა და კრწანისის ბაღები სიყრმისეულ მოგონებებს ინახავს. ოჯახში ეზიარა უმთავრეს ღირებულებებს – პატიოსნებას, სიკეთეს, სათნოებას…
შემდეგ თსუ ფილოლოგიის ფაკულტეტზე და საზოგადოებრივ პროფესიათა ფაკულტეტზე ხელოვნებათმცოდნეობის განხრით სწავლობდა. უნივერსიტეტში სტუდენტობის ხანა დაემთხვა იმ პერიოდს, როცა იქ მისი სახელოვანი დამაარსებლების ღირსეული მოწაფენი, პროფესორ-მასწავლებლების ბრწყინვალე პლეადა მოღვაწეობდა. მისი პედაგოგი აბიტურიენტობიდან დაწყებული ბატონი რევაზ სირაძე იყო, რომელსაც მრავალი წერილი მიუძღვნა… წერილებისა და ესეების კრებული „მზისა და ვაზის ძალით აღვსილი“ სწორედ რევაზ სირაძის ხსოვნას ეძღვნება, მასზე მოგონებანი ფერს არ იცვლის. არც ის მღელვარებანარევი კითხვა ნელდება: როგორ შევუნარჩუნოთ დღეს – მოძალებული გლობალიზაციის ჟამს – სულს ღვთაებრივი არსი? – ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორის, მკვლევრისა და ხელოვნებათმცოდნის ლალი ურდულაშვილის პერსონა.
– დავიბადე ძველი თბილისის ულამაზეს უბანში. ჩემი ბავშვობის უპირველესი და დაუვიწყარი შთაბეჭდილებებიც სწორედ მას უკავშირდება. მტკვარი, მეტეხი, გორგასლის ძეგლი, ხარფუხი, გოგირდის „ჭრელი“ აბანოები, სამასი არაგველის მემორიალი, კრწანისის ბაღები და, რაც მთავარია, ის მრავალეროვნული თბილისური ეზო, რაც განსაკუთრებულ კოლორიტს ქმნიდა ჩვენს ქალაქში, ბავშვობიდანვე მიღვიძებდა „სიძველისადმი გრძნობა-პატივს.“ აქ თითოეულ ადგილს თავისთავადი მნიშვნელობა და ისტორია ჰქონდა და ჩემი სიყვარულიც მშობლიური თბილისისადმი ყოველივე ამან განაპირობა. ახლაც დგას გორგასლის ქუჩაზე ჩემი ბავშვობის სახლი და ყოველთვის მახსენებს იმ სიყრმისეულ მოგონებებს, რაც გაუხუნრად, კანთიელად ელვარებს დღემდე.
ბავშვობა, ისევე როგორც ბევრ ჩემს თანატოლს, მქონდა ნათელი, მზიანი. ჩემი მშობლები არიან ადამიანები, რომლებმაც თავიანთი ცხოვრება ურთიერთპატივისცემაში, ჩვენზე ზრუნვასა და სიყვარულში გაატარეს. მათთვის უმთავრესი ღირებულება იყო და არის პატიოსნება, სიკეთე, სათნოება. ამას შთაგვაგონებდნენ ჩვენ, შვილებსაც. ისინი ოჯახური ჰარმონიის მისაბაძ მაგალითად რჩებიან დღემდე ჩემთვის. ისინი არიან ჩემი აზრისა და ფიქრის გამზიარებლები და არა მხოლოდ მშობლებად, უახლოეს მეგობრებად აღვიქვამ.
მამა ძალიან წარმატებული იყო თავის საქმიანობაში, სსრკ-ს დროს ყველაზე მოწინავე შრომის ბრიგადის წევრი, მრავალგზის ორდენოსანი იყო.
ერთხელ, მესამე კლასში, მასწავლებელმა დაგვავალა თემის დაწერა სათაურით – მამაჩემი. მეც სიამოვნებით აღვწერე მამის სახე და გამოვხატე ჩემი დამოკიდებულება მისდამი. ცოტა ხანში კი სკოლაში ღონისძიებაზე მიიწვიეს, როგორც საუკეთესო მამა.
მყავს ერთი და – მზია, რომელიც არის ჩემი ბავშვობის განუყოფელი ნაწილი, თავმდაბლობის, ნიჭიერებისა და სათნოების განსახიერება.
– თბილისის ერთ-ერთ საუკეთესო სკოლაში სწავლობდით… გასახსენებელი გექნებათ…
– ვსწავლობდი თბილისის ერთ–ერთ საუკეთესო სკოლაში, სადაც აღიზარდა ჩვენი საზოგადოებისთვის კარგად ცნობილი არაერთი პირი. ამ სკოლაში მოღვაწეობდნენ ისეთი პედაგოგები, რომლებმაც სასიკეთო კვალი დაამჩნიეს ჩემს სულიერებას. განსაკუთრებით მინდა გამოვყო ჩემი პირველი მასწავლებელი თინა თითბერიძე, რომლის განსაკუთრებულ, სიყვარულით სავსე დამოკიდებულებას ყოველთვის ვგრძნობდი ჩემ მიმართ. მეც ასევე მხურვალედ მიყვარდა და ვერ წარმომედგინა, როგორ უნდა განმეგრძო სწავლა მაღალ კლასებში უმისოდ. მშობელთა კრებაზე წასულ დედას სულმოუთქმელად ველოდი ხოლმე, მაინტერესებდა, როგორ დამახასიათებდა ჩემი თინა მასწავლებელი. ერთხელ დედა მოვიდა კრებიდან და მითხრა, ასე თქვა, ერთხელ დაბერებული და მეორედ გაახალგაზრდავებულიაო. მე ჩავთვალე, რომ ცუდად დამახასიათა და მთელი ღამე ვიტირე, მერე დედამ ამიხსნა ამ სიტყვების აზრი და დავმშვიდდი.
თუმცა, არ შემიძლია არ გავიხსენო ის ფაქტიც, რაც დიდ გულისტკივილს იწვევს ჩემში მრავალი ათეული წლის შემდეგაც. ეს იყო პირველი ცხოვრებისეული უსამართლობა, რომელიც მერვე კლასში ვიწვნიე.
საქმე ის იყო, რომ სკოლის დირექციის წარდგინებით, როგორც საუკეთესო მოსწავლე, დამაჯილდოვეს ფინეთის მოსწავლეთა ინტერნაციონალური საზაფხულო ბანაკის საგზურით. მაშინ, კომუნისტური რეჟიმის მძვინვარების ეპოქაში, როცა „რკინის ფარდა“ იყო ჩამოფარებული საბჭოეთსა და დანარჩენ სამყაროს შორის, ბავშვის უცხოეთში გაგზავნა ოჯახისათვის არ იყო იოლი გადასაწყვეტი. დედამ მიიღო არაერთი კონსულტაცია სკოლის დირაქტორისა და პედაგოგებისაგან, განათლების განყოფილების გამგესაც ესაუბრა და ჩემს სიხარულს საზღვარი არ ჰქონდა, როცა ფინეთში გაშვებაზე დამეთანხმნენ მშობლები. აღმაფრენით შევუდექი გამგზავრებისთვის მზადებას, დედამ შემიკერა ახალი კაბები, შევიძინეთ სუვენირები მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან ბანაკში ჩამოსული ბავშვებისათვის, უკვე წარმოვიდგინე, როგორ დავემშვიდობებოდი მშობლებს და საოცნებო ინტერბანაკში გავატარებდი ზაფხულს. მოულოდნელად, გამგზავრების წინა დღეს, დაგვირეკეს კომკავშირის ცეკადან და გვაცნობეს, რომ მატარებელი უკვე გავიდა. ეს იყო ისეთი სტრესი, ისეთი იმედგაცრუება, რომ დღემდე არ მავიწყდება. მოგვიანებით შევიტყვეთ, რომ ჩემი საბუთებით ფინეთის ბანაკში გაგზავნეს ერთი მაღალი თანამდებობის პირის შვილი. მსგავსი უსამართლობა განმეორდა მაშინაც, როცა სკოლა ოქროს მედლით უნდა დამემთავრებინა და დამამთავრებელი წლის ბოლო მეოთხედში ქიმიაში დამიწერეს ერთადერთი ოთხი. ამის მიუხედავად, მე მაინც ძალიან მიყვარს ჩემი 117-ე სკოლა. სამწუხაროდ, ასეთი ფაქტები მრავლად იყო მაშინდელ საზოგადოებრივ ცხოვრებაში.
– თსუ ფილოლოგიის ფაკულტეტზე და საზოგადოებრივ პროფესიათა ფაკულტეტზე ხელოვნებათმცოდნეობის განხრით სწავლობდით… ეს ორი პროფესია ალბათ მოწოდების გამო აირჩიეთ…
– მომავალი პროფესიის არჩევა დიდწილად განსაზღვრა ჩემმა ბუნებრივმა მიდრეკილებამ ჰუმანიტარული საგნების მიმართ, ლიტერატურის სიყვარულმა, ზოგადად, წიგნის მოყვარულობამ. სკოლაში სწავლის პერიოდში ყოველ წელს ვიმარჯვებდი ლიტერატურულ ოლიმპიადებსა და კონფერენციებში, ვწერდი ჩანახატებს, მოთხრობებს. ამიტომ გადავწყვიტე ფილოლოგიის ფაკულტეტზე ჩაბარება. მაშინ იქ მოხვედრა ძალიან რთული იყო. თუ წარმოვიდგენთ, რომ იმ წელიწადს 1 ადგილზე 35 კონკურსანტი მოდიოდა, ადვილი გასააზრებელია, რა სირთულის გადალახვა მომიწევდა. მეორე არჩევანი კი ხელოვნებისადმი ინტერესმა განაპირობა.
– თქვენი დისერტაციის თემაა – „ვეფხისტყაოსნის“ „მზე“ ვიქტორ ნოზაძის რუსთველოლოგიურ ნააზრევში“. რამ განაპირობა მისი არჩევა?
– უნივერსიტეტში ჩემი სტუდენტობის ხანა დაემთხვა იმ პერიოდს, როცა იქ მისი სახელოვანი დამაარსებლების ღირსეული მოწაფენი მოღვაწეობდნენ. ეს იყო ბრწყინვალე პლეადა პროფესორ-მასწავლებლებისა.
დღემდე დაუვიწყარია პირველი კურსის პირველივე კვირაში ქ-ნი ლაურა გრიგოლაშვილის მიერ წაკითხული მიმოხილვითი ლექცია ქართული ლიტერატურის ისტორიაში. ძნელი გამოსათქმელია ის განცდა, რაც ლექციის დამთავრებისას დამეუფლა. შთაბეჭდილება უდიდესი იყო. მინდოდა მივსულიყავი და მხურვალე მადლობა მეთქვა ქ-ნი ლაურასათვის, მაგრამ მორიდების გამო ვერ შევძელი. მაშინ ჩამესახა სურვილი ძველი ქართული ლიტერატურის ღრმად შესწავლისა. მომდევნო კურსზე ვისმენდი მისსავე წაკითხულ სპეცკურსს ჰიმნოგრაფიაში. სადიპლომო ნამუშევარიც ქ-ნ ლაურასთან გავაკეთე სათაურით: „ვეფხისტყაოსნის მინიატურები“. სურვილი მქონდა, რუსთველის პოემის ირგვლივ გამეგრძელებინა ჩემი შემდგომი მუშაობა. სწორედ ამ დროს ბატონმა გურამ შარაძემ საფრანგეთიდან ჩამოიტანა ემიგრანტი რუსთველოლოგის, ვიქტორ ნოზაძის რუსთველოლოგიური შრომების ერთი ნაწილი, რაზედაც ქართველ მკვლევრებს ხელი არ მიუწვდებოდათ კონიუნქტურის გამო. რადგან ბატონი ელგუჯა ხინთიბიძე რუსთველოლოგიაში მუშაობდა, მას მივმართე. ის ასევე ჩემი ლექტორი იყო, რუსთველოლოგიას გვიკითხავდა. მოგეხსენებათ, თავად ბატონი ელგუჯა დღემდე ნაყოფიერად მუშაობს რუსთველოლოგიაში, თემის ხელმძღვანელად მისი არჩევაც სწორედ ამან განაპირობა.
– თქვენი პედაგოგი აბიტურიენტობიდან დაწყებული ბატონი რევაზ სირაძე იყო, რომელსაც მრავალი წერილი მიუძღვენით… რას გაიხსენებთ ბატონ რეზოსთან ურთიერთობიდან?
– მიუხედავად ჩემი უღრმესი პატივისცემისა იმ ლექტორების მიმართ, რომლებმაც უნივერსიტეტის სიბრძნით, გონიერებით, ინტელიგენტურობით სავსე „სულითა ხოლო საცნაურ“ გარემოს მაზიარეს, მე მაინც ბატონი რეზო სირაძის სკოლის მოწაფედ ვთვლი თავს, თუ რატომ, მოკლედ მოგახსენებთ. მეცხრე კლასში ვიყავი, როცა საქართველოს ტელევიზიის საბავშვო გადაცემათა რედაქციამ მოამზადა სატელევიზიო ტურნირი – სატურნი. მოსწავლეებს ჟიურის მიერ დასმულ კითხვებზე უნდა გვეპასუხა. ჟიურის საპატიო წევრი ბრძანდებოდა ბატონი რეზო. მის მიერ დასმული შეკითხვა ასეთი იყო: „დაასახელეთ მითოსური სახე „შუშანიკის წამებიდან“. სამწუხაროდ, კითხვას სწორად ვერ ვუპასუხე. ერთი წლის შემდეგ კი ბატონი რეზოს მოწაფე გავხდი. მან მთლიანად შეცვალა ჩემი ლიტერატურული ხედვა, ჩემ წინ სრულიად ახალი მხატვრულ-ესთეტიკური სამყარო გადაიშალა. იმ წელს ჩავირიცხე ფილოლოგიის ფაკულტეტზე, თსუ-ს დამთავრების შემდეგ კი, ბატონი რეზოს შემოთავაზებით, მუშაობა დავიწყე თსუ-ს წიგნის მოყვარულთა საზოგადოების პირველადი ორგანიზაციის პასუხისმგებელ მდივნად, თავად თავმჯდომარე გახლდათ.
ვფიქრობ, თუკი ჩემში არის რამე ფილოლოგიური, მთლიანად მისი დამსახურებაა. იგი გვაჩვევდა ფიქრს ფიქრზე, გვიყალიბებდა აზროვნების წესსა და რიგს, გვაძლევდა ზნეობრივ-მორალური ცხოვრების ნიმუშს პირადი მაგალითით. ცალსახად და ერთმნიშვნელოვნად რომ გამოვხატო აზრი, ის ქმნიდა უნივერსალური ადამიანის ხატს თავისი პიროვნული, საზოგადოებრივი და მეცნიერული ღვაწლით. ის ეძებდა მშვენიერსა და ამაღლებულს ყველგან და ამის უპირველესი ნიშანი იყო უმაღლესი სიკეთე.
ჩემთვის ნაჩუქარ მის ყოველ წიგნს აქვს წარწერა: „სიკეთისა და ბედნიერების სურვილით“. სიკეთე იყო მისთვის ის უმაღლესი ღირებულება, ურომლისოდაც ფასს კარგავს ყველაფერი. მასთან დიალოგი, მის შეუდარებელ იუმორთან თანაზიარობა, მისთვის ჩვეული ხმიერი ფიქრის მსმენელად ყოფნა ძვირფასია ყველასთვის, ვინც მის გვერდით საქმიანობდა, შრომობდა, ქმნიდა. ბატონი რეზო იყო მოვლენა თანამედროვე საზოგადოებრივ ცხოვრებასა და მეცნიერებაში. ხშირად მიფიქრია, მისი საოცარი თავმდაბლობიდან გამომდინარე, აცნობიერებდა კი ბოლომდე თავის პიროვნულ სრულფასოვნებასა და მოქალაქეობრივ ღვაწლს?
– რევაზ სირაძე დიდი მეცნიერი და პიროვნება იყო… რატომღაც საზოგადოების ყურადღების მიღმა დარჩა მისი დაკრძალვის საკითხი… თუმცა, როგორც ვიცი, სამთავროს ეზოზე იყო საუბარი. მცხეთა და ნინოს მაყვლოვანი მისი უსაყვარლესი ადგილი იყო. საოცარია მისი აღსასრული. როგორც თქვენც წერთ, ცეცხლის ალმოდებული აღესრულა…
– თითქოს აქაც გარკვეული კანონზომიერება იხილვება. დიახ, მართლაც მოწამებრივი იყო ბატონი რეზოს აღსასრული. ცეცხლის სტიქიამ მიიტაცა მისი ხორციელი არსება, სულმა კი, მჯერა, მარადისობაში გადაინაცვლა. ის თავადაც სტიქიასავით მღელვარე, ბობოქარი, დაუდგრომელი, სწორედ სტიქიის ბედისწერა უნდა გამხდარიყო. მას ხშირად უთქვამს, ერთადერთი, რასაც ფიქრი არ სჭირდება, ეს არის სიკვდილი, ის მაინც მოვაო. თუმცა ბედისწერამ ისე მოიტანა, რომ სიცოცხლის ბოლო საათებში მაინც დააფიქრა იმაზე, რაზედაც ფიქრი საჭიროდ არ მიაჩნდა.
რაც შეეხება დაკრძალვის ადგილს, როგორც ვიცი, საპატრიარქოს შეთავაზება იყო, რომ სამთავროს დედათა მონასტრის პანთეონში დაკრძალულიყო. უწმინდესმა უწოდა მას „მარილი“ ამა ქვეყნისა. ბატონი რეზო სოცოცხლის ბოლომდე დაუცხრომლად იკვლევდა წმინდა ნინოს ცხოვრებასა და მოღვაწეობას. ფაქტობრივად, მან გამოთქვა სავსებით დასაბუთებული მოსაზრება, რომ ქართული ქრისტიანული ლიტერატურა „ნინოს ცხოვრებით“ იწყება და არა „შუშანიკის წამებით“, რითიც გადაათარიღა ჩვენი მწერლობის დასაბამად მიჩნეული ხანა. თუნდაც ამის გათვალისწინებით, ალბათ, მისი ნეშტი წმინდა ნინოს მაყვლოვანის სიახლოვეს უნდა დავანებულიყო. დასანანი იქნება, თუ მომავალი თაობები ჩათვლიან, რომ თანამედროვეობამ სათანადოდ ვერ შეაფასა რეზო სირაძის სამეცნიერო მიღწევანი და დამსახურება ქართველი ერის წინაშე.
– წერილებისა და ესეების კრებული „მზისა და ვაზის ძალით აღვსილი“ თბილად მიიღო მკითხველმა. თქვენი წერილები ეძღვნება საზოგადოების თვალსაჩინო მოღვაწეებს, მწერლებს, მეცნიერებს, ხელოვანებს… როგორ მუშაობდით ამ კრებულზე და რას ეტყოდით მკითხველს, ვისაც ჯერ არ გადაუშლია ეს წიგნი, როგორ მეგზურობას გაუწევდით? რატომ „მზისა და ვაზის ძალით აღვსილი?“
– ამ წიგნისათვის მასალები წლების განმავლობაში დაგროვდა ცალკეული წერილების, ჩანახატების, ესეების სახით. ისინი სხვადასხვა დროს დაიბეჭდა პერიოდიკაში. როცა ბატონ როსტომ ჩხეიძეს რეზო სირაძის ხსოვნის წერილი მივუტანე დასაბეჭდად, მან მოიწონა წერილიც და სათაურიც, მანვე მომცა სტიმული, ერთ წიგნად ამეკინძა ეს მოგონებები. მეც დავუჯერე და ბატონი როსტომის რედაქტორობით იხილა მზის სინათლე. როგორც თავად ბრძანა, ლაზათიანი გამოვიდაო.
მზისა და ვაზის ესთეტიკა მსჭვალავს ქართულ ქრისტიანულ სახისმეტყველებას. სარს შემოტმასნილი ლერწის მზისკენ მიმსწრაფი ძალაა, აღბეჭდილი ქართულ ჩუქურთმაში. მისი წვდომა ისევე რთულია, როგორც გალაკტიონის პოეზიისა. ამ ძალით ესწრაფოდა ბატონი რეზოც მშვენიერისა და ამაღლებულის ძიებას. ის თავად იყო აღვსილი მზისა და ვაზის სისავსის სიჭარბით. ამიტომაც არის ის ქართული ესთეტიკის ისტორიის ავტორი. ჩემი წიგნის მკითხველს კი ვეტყვი, რომ მხოლოდ ავტორის გულწრფელ განცდასა და ნაფიქრ-ნააზრევთან ელის შეხვედრა.
– ძველი ქართული ლიტერატურა (და არა მხოლოდ) წარმოუდგენელია ქრისტიანობის მიერ დამკვიდრებული ზნეობრივი და ესთეტიკური იდეალების გარეშე… დღეს კი, რატომღაც, ქართული მწერლობის გვერდით მავანს არ მოსწონს სიტყვა „ქრისტიანულის“ ხსენება… თუნდაც ქრისტიანული პოეზიის ხსენებაც აღიზიანებთ… თქვენ რას იტყოდით?
– თქვენსავე კითხვაში დევს ჩემი პასუხი ნაწილობრივ. ბატონი რეზოს კათედრა უნივერსიტეტში ასე იწოდებოდა: „ქართული ქრისტიანული კულტურისა და სიტყვიერების კათედრა“. რა ბედი ეწია მას და სხვებსაც, კარგად მოგეხსენებათ. თუ მავანს არ მოსწონს ამ სიტყვის არსებობა, ეს მისი პრობლემაა. ჩვენი ერის წარსული, აწმყო და მომავალი სწორედ ქრისტიანობის ვექტორზე გადის. „მამულისა ჩვეულებისაებრ სვლა“ – იყო, არის და იქნება ქართველთა ზნეობრივი იმპერატივი.
– „ენა, ერთი მხრივ, სახეა რეალობისა, ხოლო მეორე მხრივ, როგორც სული ადამიანისა, სახეა ღვთისა“, – წერდა რევაზ სირაძე. დღეს ეს ენა ჟარგონებით, ბარბარიზმებით და უცხო სიტყვების მოძალებით კარგავს თავის სიწმინდეს. როგორ უნდა მოვუფრთხილდეთ ქართულ ენას,ამ დროს მწერლობასა და ლიტერატურას დიდი როლი ეკისრება…
– ენას, როგორც ერის განძსა და ანდერძს, მოფერება და გაფრთხილება სჭირდება. ერის მიერ სამყაროს შეცნობა ხომ ენის მეშვეობით ხდება. თუ ენას გააჩნია ის პოტენციალი, რომ ნაკლებად შემოუშვას თავის წიაღში უცხო სიტყვები, ეს დიდი ბედნიერებაა. სასტიკად უნდა აღვუდგეთ მის დაბინძურება-დანაგვიანებას, რომ ლაფში გასვრილ მარგალიტს არ დაემსგავსოს მართლაც ხელი – ხელ საგოგმანებელი ჩვენი ენა ქართული. ეს საკითხი სახელმწიფოებრიობის დონეზე სამსჯელო და განსახილველია. სახელმწიფოებრივი მთლიანობის საკითხი ენის შეუვალ დაცვასა და პატრონობასაც მოიცავს. კვლავაც გამაფრთხილებლად ხმიანობს მერჩულისეული ხმა საუკუნეთა შორეთიდან: „ქართლად ფრიადი ქუეყანაი აღირაცხების“…
– გვიამბეთ ოჯახზე და შვილებზე…
– ჩემი ოჯახის პრიორიტეტად ტრადიციულად მოიაზრება სწრაფვა განათლებისაკენ, ცოდნის სრულყოფისაკენ. ჩემი მამამთილი, ნუგზარ ცერაძე, მრავალმხრივი ნიჭიერებით დაჯილდოებული პიროვნება გახლდათ, ჯერ კიდევ ასპირანტურაში სწავლის პერიოდში (მაშინდელ ლენინგრადში) წარმატებით იკვლევდა კოსმოსური ხომალდების დაღუპვის მიზეზებს. მან აღდგინა 90-იანი წლების პრესაში საბჭოეთის დროს საგულდაგულოდ დავიწყებული ტერმინი – სამაჩაბლო. არის ავტორი წიგნისა „აზრთა ჭიდილი.“
რაც შეეხება შვილებს – მყავს სამი შვილი და ორი შვილიშვილი. ვაჟი – ნუგზარ ცერაძე (მის პიროვნულ თვისებათაგან საგანგებოდ აღვნიშნავ ღირსეულობას).
ტყუპი გოგონები – თეა და თეონა ცერაძეები (გარეგნობით და აზროვნებით იდენტურები), მიზანსწრაფულები, თავიანთ საქმიანობაში წარმატებულები.
შვილიშვილები – თემურიკო და ქეთათო – ერთი მზე და ერთი მთვარე.
– ჰობი?
– ჰობი – სწავლა და სწავლება, ეს ჩემი პროფესიაც არის და ჰობიც. ალბათ ამ შინაგანმა მისწრაფებამ განსაზღვრა მთელი ჩემი ცხოვრების მიმართულება. თსუ-ს დამთავრების შემდეგ სხვადასხვა დროს ვმუშაობდი ქართული ენის კათედრაზე, სალიტერატურო კრიტიკის ისტორიის კვლევის სამეცნიერო ლაბორატორიაში, 1997 წელს კი დავაფუძნე კერძო სკოლა „ივერიონი“. სკოლაში საქმიანობის წლები იყო მჩქეფარე, სისხლსავსე და საოცრად დატვირთული შინაარსითა და ემოციებით. ვგრძნობდით თითოეული მოსწავლის ტკივილსა და სიხარულს, მათ მაჯისცემას, ვსუნთქავდით მათი ფიქრითა და ოცნებით. სკოლას ჰქონდა თავისი ემბლემა და ჰიმნი (ტექსტი დაგვიწერა პოეტმა მარიამ წიკლაურმა), ჩამოვაყალიბეთ ქორეოგრაფიული ანსამბლი, მუსიკალური თეატრი (ხელ-ბი ნუკრი და მარი რუხაძეები), დავაარსეთ ჟურნალი „ივერიონი“, ფუნქციონირებდა სკოლის პრესკლუბი (ხელ–ლი ნანა კობახიძე).
ამ საქმეში ჩემ გვერდით ერთგულად იდგა ჩემი მეგობარი, ისტორიკოსი თინათინ ზარნაძე. შემდგომ კი იყო ბუნებათსარგებლობის ინსტიტუტში თანამშრომლობა პრორექტორის რანგში. ეს წლები განსაკუთრებით ძვირფასია იმით, რომ სრულიად უსასყიდლოდ ვასწავლიდით მშობლიურ ენასა და ლიტერატურას ფერეიდნელ ქართველებს, რომლებიც ოთხასი წლის შემდეგ პირველად ეწვივნენ ისტორიულ სამშობლოს. ამ კეთილშობილურ საქმეში აღსანიშნავია ინსტიტუტის რექტორის, ბატონი ვახტანგ თორაძის უდიდესი ძალისხმევა, რომელიც მართლაც მამობრივი მზრუნველობით თავს დასტრიალებდა ცისარტყელას ქვეშ გამოსულ, საოცნებო სამშობლოში, როგორც ზღაპარში, აღმოჩენილ ფერეიდნელ ქართველ ახალგაზრდებს.
ჩემთვის საამაყოა, რომ ვიყავი მათი პირველი ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი. ჩვენ დღემდე ვაგრძელებთ საოცრად თბილ, მეგობრულ ურთიერთობებს, ყოველ ნაბიჯზე ვგრძნობ მათ სიყვარულსა და პატივისცემას, ეს განსაკუთრებით გამოვლინდა ირანში ჩემი მოგზაურობის დროს, როცა ყოველ წამს ვიყავი გარემოცული მათი ყურადღებითა და გულისხმიერებით.
– თქვენი წიგნის დასასრულ, ადამიანის არსებაში ღვთაებრივი არსის შენარჩუნებაზე მსჯელობთ. როგორ შევუნარჩუნოთ დღეს – მოძალებული გლობალიზაციის ჟამს – სულს ღვთაებრივი არსი?
– არ ვიქნები ორიგინალური, თუ ვიტყვი, რომ ძალზე მძიმე და რთულ დროს გვიხდება ცხოვრება, ხდება ბევრი რამ ღირებულის გადაფასება, სრულიად იგნორირებაც. ამ შემთხვევაში ყველაზე მნიშვნელოვანია ახალგაზრდობის სწორი სულიერი ფორმირება, მოძალებული აგრესიისა და უმაღლეს ადამიანურ იდეალთან გაუცხოების დაძლევა. მხოლოდ სიკეთით, უფლისა და ერთურთის სიყვარულით, მიტევებითა და სათნოებით, ოდენ ქრისტიანულ მსოფლმხედველობრივ საწყისებზე დგომით შევძლებთ გადავარჩინოთ დედამიწაზე ის ღვთაებრივი, რაც ადამიანს ღმერთმა უბოძა – სული. სხვა გზა ხსნისა არ არსებობს. მხოლოდ ეს გზა მიგვიყვანს ტაძრამდე და გადაგვარჩენს. ადამიანი თავად ტაძარია და ამ ტაძარში მგალობელი ჩიტივით უნდა რეკდეს ღვთიური სული, მარადისობასთან წილნაყარი.
თამარ შაიშმელაშვილი