„მამა ვიტალიზე წერა პატრიარქის სურვილით განვაგრძე“… – სასწაულები, რომლებიც დღემდე გრძელდება

 ლაღი და გამორჩეული ბავშვობა ჰქონდა. კახეთში, გურჯაანში, ოჯახურ იდილიაში ასწავლიდნენ: სიყვარულს, სიკეთეს, უანგარობას, ადამიანებთან სწორ ურთიერთობას… კითხვა ბავშვობიდან მისი ცხოვრების არსი იყო და ლიტერატურა ყველაფერზე წინ იდგა. ნანატრი ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოლოგიის ფაკულტეტი დაამთავრა. მისი ცხოვრების ყველაზე მნიშვნელოვანი პერიოდი – საღვთისმეტყველო წიგნებზე მუშაობა იყო. სქემარქიმანდრიტ ვიტალის (სიდორენკო) შესახებ  6 წიგნის გამოცემის შემდეგ  ეს მოღვაწე საზოგადოებამ და ეკლესიურმა წრემ უფრო კარგად გაიცნო…
ამას უცნაური ისტორია უძღოდა წინ – როდესაც უწმინდესს პარიზის საღვთისმეტყველო სასწავლებელში ჩარიცხვის შესახებ უამბო, უწმინდესი არც დაფირებულა, ისე ურჩია,  მამა ვიტალიზე წიგნების წერა განაგრძო…
როგორ იწერებოდა ეს წიგნები და მამა ვიტალის სასწაულებზე ხათუნა რაქვიაშვილი მოგვითხრობს.

– ბავშვობა ძალიან ლაღი და ლამაზი მქონდა. არაჩვეულებრივ ოჯახში გავიზარდე და არა მხოლოდ იმიტომ, რომ მატერიალურად არაფერი მაკლდა; ოჯახში მასწავლიდნენ ყველაზე მთავარს – სიყვარულს, სიკეთეს, უანგარობას, ადამიანებთან სწორ ურთიერთობას… მაგრამ არა ღმერთსა და ეკლესიას…  იმის მიუხედავად, რომ ორივე ბებია მორწმუნე მყავდა, მშობლები ეკლესიისადმი ინტერესით არ გამოირჩეოდნენ და გასაკვირიც არ არის – მამა პარტიული მუშაკი იყო… თუმცა, აბსოლუტურად ქრისტიანული მცნებებით ცხოვრობდნენ.  ამას შინაგანი ზნეობა ჰქვია ალბათ… ამ მხრივ სამაგალითო ოჯახი მყავდა.
5 წლის ასაკში შემიყვანეს სკოლაში, თუმცა, ამ დროს კითხვა უკვე ვიცოდი. ამ მხრივ ცოტა უცნაური ბავშვი ვიყავი – საღამოს ან არდადეგებზე მეზობლის ბავშვები, თამაშით დაღლილები,  მშობლებს სახლში ვეღარ შეჰყავდათ, ჩვენთან კი პირიქით იყო – დედას სახლიდან ვერ გამოვყავდი სათამაშოდ – მხოლოდ კითხვა მინდოდა… სხვა მხრივ ბავშვობა ჩვეულებრივი, ლაღი, მხიარული მქონდა – მყავდა ძალიან კარგი მეგობრები, რომლებიც დღემდე ჩემ გვერდით არიან…
ყველაზე მეტად რა დამამახსოვრდა? დედის მამა – საოცარი კაცი, რომელიც, სამწუხაროდ, მეტად ადრე გარდაიცვალა, როცა ჯერ კიდევ 7 წლის ვიყავი… მახსოვს ბებიის მონაყოლი, რომ მისი დიდი ბაბუა მღვდელი ყოფილა, სოფელში ჩვენს ოჯახს „მღვდლიანთს“ ეძახდნენო… სამწუხაროდ, აღარ მახსოვს და ვერ მივაკვლიე, ვინ იყო ის… მაგრამ არის რაღაც, რაც ყველაზე მეტად გამომყვა ბავშვობიდან – კონსტანტინე გამსახურდიას ცხრატომეული… გიკვირთ? მახსოვს მამის მონაყოლი – ეს წიგნები სტუდენტობის დროს შეუძენია; ოჯახს (მამა კახეთის სოფელში, არცთუ მდიდარ ოჯახში გაიზარდა) მისთვის პალტოს საყიდლად ფული მიუცია, მამას კი ამ ფულით წიგნები შეუძენია და ის ზამთარი პიჯაკით გაუტარებია… ეს წიგნები დღემდე უძვირფასესი საუნჯეა ჩემთვის და სათუთად ვუფრთხილდები…
– სკოლის პერიოდი გაიხსენეთ… რატომ აირჩიეთ ფილოლოგობა?
– სკოლის პერიოდი ლაღი და უდარდელი მქონდა. 5 წლის ვიყავი, დედამ რომ პირველად თეატრში წამიყვანა და მას შემდეგ არცერთი სპექტაკლი არ გამოგვიტოვებია, განურჩევლად ყველას ვესწრებოდით, დედა თეატრის სიყვარულს, კარგისა და ცუდის გარჩევას მასწავლიდა. რაც შეეხება პროფესიის არჩევას, დიდად არც არასოდეს მიყოყმანია, კითხვა ჩემი ცხოვრების არსი იყო… მიუხედავად იმისა, რომ თეატრი უზომოდ მიყვარდა და  საკმაოდ წარმატებულიც ვიყავი მათემატიკაში (ზოგადად, ე. წ. ტექნიკური საგნები დიდად არ მიზიდავდა, მაგრამ მათემატიკა გამონაკლისი იყო), არჩევანის წინაშე არც ვმდგარვარ – ლიტერატურა ყველასა და ყველაფერზე წინ იდგა… დიდი ივანე ჯავახიშვილის უნივერსიტეტი ჩემი ერთადერთი ოცნება იყო…
უნივერსიტეტი ლიტერატურულ ურთიერთობათა და მხატვრული თარგმანის განხრით დაამთავრეთ… რა შეგძინათ ამ წლებმა?
– ძალიან ბევრი… მე მოვესწარი უდიდეს კორიფეებს, რომლებიც უნივერსიტეტის ისტორიას ქმნიდნენ. ლექციების კურსი წაგვიკითხა თვით აკაკი შანიძემაც კი (მართალია, სულ ორიოდე თვით, მაგრამ გასაოცარი ადამიანი იყო – 100 წლის ასაკში ძველებურად უნიკალურად აზროვნებდა); გულწრფელად რომ გითხრათ, უფრო ლიტერატურის განხრით მსურდა სწავლა, მაგრამ ბოლო მომენტში რატომღაც თარგმანი ავირჩიე და ამ კათედრაზე ჩემი ჯგუფის ხელმძღვანელი იყო საოცარი ქალბატონი – ქეთევან ბურჯანაძე, დეიდა ქეთო, როგორც ჩვენ მას ვეძახდით. ის არა მხოლოდ თარგმანის ხელოვნებას გვასწავლიდა, არამედ ზოგად განათლებასაც გვაძლევდა. ეს ის პერიოდი იყო, როცა უნივერსიტეტში ძალზე სერიოზული და ღრმა განათლების მიღება შეიძლებოდა… შემდეგ ყველაფერი აირია… უნივერსიტეტის წლებმა, პრაქტიკულად, განსაზღვრა ჩემი შემდგომი ცხოვრება.
– პედაგოგად მუშაობდით…
– კი, ასეა… უნივერსიტეტის დამთავრების შემდეგ  პედაგოგობა მოვისურვე და თარგმანი ცოტა ხნით გვერდზე გადავდე. ვმუშაობდი უნივერსიტეტის გიმნაზიაში და თავმომწონეობაში თუ არ ჩამითვლით, საკმაოდ წარმატებული და კარგი პედაგოგიც გახლდით. შემდეგ წმიდა ნინოს სახელობის საპატრიარქოს გიმნაზიაშიც, მაგრამ გავიდა რამდენიმე წელი და მივხვდი, რომ ცვლილებები მინდოდა.
– საღვთისმეტყველო წიგნების გამოცემაზე მუშაობთ.  ერთ-ერთი უპირველესი მათგან იყო მიტროპოლიტ ანტონ სუროჟელის ძალზე საინტერესო საუბარი…
– პედაგოგიური საქმიანობის შეწყვეტის შემდეგ მუშაობა საქართველოს საპატრიარქოს პრესცენტრში განვაგრძე, სადაც გაზეთსა და ჟურნალსაც გამოვცემდით. ამით, ფაქტობრივად, დავუბრუნდი ჩემს ვიწრო სპეციალობას. ვბეჭდავდი ქართველი, რუსი თუ ბერძენი მამების ცხოვრებებსა და სწავლებებს, დავიწყე წიგნების გამოცემაც. ერთ-ერთი უპირველესი მათგან იყო მიტროპოლიტ ანტონ სუროჟელის ძალზე საინტერესო საუბარი, რასაც დიდი გამოხმაურება მოჰყვა.
ეს ადამიანი უდიდესი მოღვაწე გახლდათ, 50 წლის განმავლობაში ლონდონში მართლმადიდებელი ეკლესიის მღვდელმთავარი და მეოცე საუკუნის მართლმადიდებლობის დიდი მამა და ბურჯი იყო. პირველივე გამოცემული წიგნი მე მას ლონდონში გავუგზავნე, მან კი კოორდინატები მოიძია და დამირეკა მადლობის ნიშნად… გაოგნებულს ენა ჩამივარდა, ამის  გადმოცემა შეუძლებელია, როცა ტელეფონში მისი ხმა გავიგონე… სამწუხაროდ, მაშინ ის უკვე მძიმედ იყო ავად და რამდენიმე თვის შემდეგ გარდაიცვალა კიდეც, თუმცა, პირად საუბარში შეხვედრის სურვილიც კი გამოთქვა… ძალიან მწყდება გული, რომ ეს შეხვედრა ვერ შედგა…

მამა ვიტალისა და დედა სერაფიმას ოთახი – სენაკი მოსკოვის პროსპექტზე, გიგინეიშვილების ოჯახში

– ყველაზე მნიშვნელოვანი მაინც არის სქემარქიმანდრიტ ვიტალის (სიდორენკო) შესახებ გამოცემული 6 წიგნი, რითაც გაიცნო ეს მოღვაწე საზოგადოებამ და ეკლესიურმა წრემ. როგორ დაიბადა ეს 6 წიგნი, როგორ გაჩნდა წიგნების გამოცემის იდეა?
– რაც შეეხება მამა ვიტალის შესახებ წიგნებს, სხვა ისტორია აქვს. 1999 წელს მიტროპოლიტმა ანდრიამ (მაშინ ის ჩემი სულიერი მოძღვარი იყო) მორიგი საუბრის შემდეგ პატარა, ერთგვერდიანი რუსული სტატია მომცა – წაიკითხე, მოგეწონებაო. ეს იყო რუსულ ჟურნალში დაბეჭდილი სულ მცირე  მონათხრობი მამა ვიტალის შესახებ.
შეიძლება ითქვას, მოსვენება დავკარგე. მსურდა, მეტი შემეტყო მასზე და მეუფეს ვეკითხებოდი, სად შეიძლებოდა მასალის მოძიება. მამა ვიტალის საფლავზეც ხშირად მივდიოდი, ვიცოდი, რომ მისი მესენაკე, დედა სერაფიმა (დიაჩენკო) კვლავ თბილისში ცხოვრობდა და მასთან შეხვედრა მსურდა. ერთხელაც, მამა ვიტალისთან საფლავზე მისულმა ვთხოვე, მას შევეხვედრებინე. მეორე დღეს საპატრიარქოში მეუფე მოვიდა და სულ სხვა თემაზე საუბრის შემდეგ სხვათა შორის მითხრა: მარინას (დედა სერაფიმას დამხმარე, მეუფის სულიერი შვილი) დაურეკე და დედა სერაფიმასთან წაგიყვანსო. ასე საოცრად შეისმინა მამა ვიტალიმ ჩემი პირველივე თხოვნა, ისე, რომ ხმამაღლა არც მითქვამს. მაგრამ ყველაფერი ამით იწყებოდა თურმე…

ეს ფოტო ზუსტად გამოხატავს მამა ვიტალის, აი ასეთი სიყვარული იყო მთლიანად

ასე მოვხვდი დედა სერაფიმასთან, რომელიც აგრეთვე მჭვრეტელი, დიდი სულიერი გამოცდილების მქონე მონოზონი იყო და მე მასთან სიარული დავიწყე. ამ წლებმა უდიდესი გამოცდილება შემძინა. არაერთხელ ვთხოვე მას, მამა ვიტალის შესახებ მოეთხრო, რომ მასზე წიგნის მომზადება შემძლებოდა, მაგრამ დედა სერაფიმა რატომღაც აყოვნებდა. ერთ დღესაც მან დამირეკა და თავისთან მიხმო. გახარებული მივედი და მივიღე მოსკოვში მამა ვიტალის შესახებ გამოცემული წიგნი სიტყვებით: აი, ინებე, მამა ვიტალის შესახებ წიგნის დაწერა ხომ გსურდა, ამით დაიწყე და დანარჩენს მამა ვიტალი მოაგვარებსო. მაშინ ჯერ კიდევ ვერ მივხვდი, დღეს კი 6 წიგნი უკვე გამოცემულია და მეშვიდეც მზადაა გამოსაცემად…
მაგრამ ეს არ იყო მხოლოდ რუსულად გამოცემული წიგნის თარგმანი. უწმინდესის სურვილითა და ლოცვა-კურთხევით დავიწყე იმ ადამიანების მოძიება, ვინც მამა ვიტალის იცნობდა და მასთან ურთიერთობდა. ისინი არცთუ ცოტანი აღმოჩნდნენ და წიგნიც რუსულ გამოცემასთან შედარებით შეივსო საინტერესო ამბებით.
წიგნი 2005 წლის მაისის დასაწყისში გამოიცა და პირველი ეგზემპლარი დედა სერაფიმას ძალიან გახარებულმა გადავეცი მამა ვიტალის საფლავზე ბერის დაბადების დღეს, 5 მაისს. მეგონა, ამით დამთავრდა, მაგრამ თურმე, ამით დაიწყო…

როცა ეს წიგნი პატრიარქს მივართვი და პარიზის საღვთისმეტყველო სასწავლებელში ჩემი ჩარიცხვის შესახებ ვუამბე, უწმინდესი არც დაფიქრებულა, ისე მითხრა: არა, რა გინდა პარიზში, რაც საჭირო იყო, უკვე გისწავლია და ახლა წიგნების წერა განაგრძე, ხომ ხედავ, რა კარგად გამოგდისო…

ძალიან შეწუხებული ვუხსნიდი, რომ უცხო ქვეყანაში (სადაც არ უნდა ყოფილიყო!) დარჩენას არ ვაპირებდი და აუცილებლად დავბრუნდებოდი პარიზის სან-სერჟის სასწავლებლის დასრულების შემდეგ, მაგრამ ის მაინც მიმეორებდა: არა, მამა ვიტალიზე წერა განაგრძეო… მაშინ აზრადაც არ მომსვლია, რომ ამ წიგნებს კიდევ გაგრძელება ექნებოდა, მაგრამ პატრიარქის ურჩობა ვერ გავბედე და დავრჩი…
წარმოიდგინეთ ჩემი მდგომარეობა, პარიზში რომ დავრეკე და ცრემლიანი ხმით  ავუხსენი, ვერ ჩამოვალ-მეთქი… უწმინდესი გრძნობდა ჩემს გულისტკივილს და მეფერებოდა, სადაც წავიდოდა, თან მივყავდი და ტკბილეულსა და საჩუქრებს მჩუქნიდა.
ბედს შევეგუე და წერა გავაგრძელე. მალე რუსეთიდან მივიღე წერილები მამა ვიტალის სულიერი შვილის, ზადონისა და ლიპეცკის მიტროპოლიტ  ნიკონისგან (ვასინი). ის მამა ვიტალის სულიერი შვილებისგან (რომლებიც რუსეთსა და უკრაინაში ცხოვრობდნენ) მოძღვარზე მოგონებებს იწერდა და მიგზავნიდა. პარალელურად მეც ვაგრძელებდი პატრიარქის რჩევით იმ ადამიანების მოძიებას, ვინც მამა ვიტალის იცნობდა და მასთან ურთიერთობდა. ასე დავიწყე ჯერ მეორე წიგნის წერა, შემდეგ მესამის…
უკვე 6 წიგნი გამოიცა და მეშვიდე (სავარაუდოდ, საბოლოო!) მომზადდა გამოსაცემად… მხოლოდ მაშინ მივხვდი, რატომ არ ისურვა პატრიარქმა ჩემი გამგზავრება – მან იცოდა, რომ ეს პატივი, მამა ვიტალის შესახებ წიგნების წერა და მისი გაცნობა საზოგადოებისთვის თავად მამა ვიტალის სურვილი იყო, მან მე გამომირჩია ამისთვის, ოღონდ არა იმიტომ, რომ ყველაზე უკეთესი ვიყავი, არამედ იმიტომ, რომ ეს მე ყველაზე მეტად მჭირდებოდა…
– სქემარქიმანდრიტ ვიტალიზე (სიდორენკო) ლეგენდები დადის… იგი აფხაზეთიდან ჩამოვიდა თბილისში. შემთხვევითი რომ არ იყო მისი ღვთისმსახურებით აქ მოსვლა, ეს მისმა  მოღვაწეობამაც ცხადჰყო… თქვენ რას იტყოდით?
– ეს ლეგენდები არ არის, ყველაფერი სიმართლეა… ის უდიდესი სულიერების, საოცარი მოღვაწე იყო, ბავშვობიდანვე ღვთის რჩეული. რაც ამ წიგნებში წერია, კიდევ ბოლომდე ვერ გამოხატავს ამ ადამიანის სისავსესა და სიყვარულის უნარს.
მამა ვიტალი გლინის უდაბნოს დახურვის შემდეგ ჩავიდა სოხუმში, სადაც მისი მოძღვარი, მამა სერაფიმე (რომანცოვი) მოღვაწეობდა. მამა სერაფიმემ ის  ბარგანის მთებში გაგზავნა სამოღვაწეოდ, სადაც ადამიანის თვალთაგან მოშორებით იღვწოდნენ ბერები. ხოლო როდესაც ეს

მამა ვიტალის მონასტერი დიდუბეში

ადგილი ვერტმფრენიდან აღმოაჩინეს და ბერები დახოცეს (მაშინ მამა ვიტალი ბარში იყო ჩამოსული პროდუქტების ასატანად და ამან გადაარჩინა),  ბარში მყოფი მამა ვიტალი სულიერი თვალით ხედავდა მთაში მომხდარს და ლოცულობდა. ამის შემდეგ მამა სერაფიმემ ის თბილისში, მიტროპოლიტ ზინობთან (მაჟუგა, სწორედ მან აღკვეცა ბერად უწმიდესი და უნეტარესი პატრიარქი ილია და მისი მოძღვარიც, იყო) გამოგზავნა. ასე მოხვდა მამა ვიტალი თბილისში და სიცოცხლის უკანასკნელი 20 წელი აქ, ალექსანდრე ნეველის ტაძარში გაატარა. აქვე, ამ ტაძრის ეზოში დაიკრძალა ის უწმიდესი პატრიარქის გადაწყვეტილებით, რათა მსურველებს კვლავ ჰქონოდათ მასთან ურთიერთობის შესაძლებლობა.
– თვითმხილველები ამბობენ, რომ გარდაცვლილმა მამა ვიტალიმ კუბოში ხელი გაშალა…
– მეც ხშირად მეკითხებიან: მართლა გაშალა ხელი გარდაცვლილმა მამა ვიტალიმ კუბოში? კი, ასეა, ეს ფირზეცაა აღბეჭდილი. მაგრამ მთავარი ეს როდია. ამ ადამიანს იმხელა სიყვარულის დატევა შეეძლო, მიუტევებდა ყველას, მათაც, ვინც სცემდა (მას ხშირად იჭერდა მილიცია, რადგან პასპორტი არ ჰქონდა და „ჩაუწერავად“ ცხოვრობდა), ლოცულობდა ყველასთვის, განუზომელი იყო მისი სიმდაბლე. როგორ წარმოგიდგენიათ, იოლია ამის გაკეთება? მაშ, ასეთი ცხოვრების შემდეგ განა გასაკვირია, რომ მიცვალებულს თავად აეღო შენდობის ფურცელი?
მამა ვიტალი შორ მანძილზე გრძნობდა ადამიანების გასაჭირს და ლოცულობდა მათთვის. მის სენაკში მუდამ ენთო სხვადასხვა ზომის სანთლები, რომლებსაც თავად ამზადებდა და ანთებდა მათთვის, ვისაც განსაცდელი ჰქონდა და დახმარება სჭირდებოდა. ამას მოწმობს ურიცხვი წერილი, რომლებსაც ის სულიერ შვილებს სწერდა და პასუხობდა კითხვებზე, რომლის დასმაც მათ სურდათ, მაგრამ ვერ მოახერხეს, მამა ვიტალი კი ამას შორი მანძილიდან გრძნობდა და დახმარებაც არ აყოვნებდა.

მამა ვიტალის სამუშაო ხალათი და ჯოხი

ზოგჯერ სულიერი შვილები მამა ვიტალისგან იღებდნენ ღია ბარათებს ნახატებით, რომლებითაც ის მათ არასწორ ქმედებაზე მიანიშნებდათ, მათ კი ეს ქმედება მოძღვრისთვის ჯერ არც გაემხილათ – ბერი შორი მანძილიდან გრძნობდა, მან ყოველთვის ყველაფერი იცოდა… ოღონდ ამ ყველაფერს ის უდიდესი სიყვარულით აკეთებდა. ყოფილა შემთხვევები, როცა მამა ვიტალის მიერ გაგზავნილ წერილს მისამართად ეწერა: როსტოვი, ნინას… წერილი კი ადრესატამდე მაინც მიდიოდა…
გარდაცვალების წინ მამა ვიტალიმ სულიერ შვილებს დაუბარა, მისულიყვნენ მის საფლავზე და მოეთხროთ თავიანთ გასაჭირზე, ის კი საფლავიდან გამოიწვდიდა ხელს და დაეხმარებოდა. სწორედ ამ, გარდაცვალების შემდგომ შეწევნებზეა მოთხრობილი მეექვსე წიგნში – ადამიანებს უგვარდებათ ოჯახური თუ ჯანმრთელობასთან დაკავშირებული სიძნელეები… და ეს ლეგენდები კი არა, სიმართლეა…
 -1992 წელს, როცა საქართველში ძმა ძმას ტყვიას ესროდა, როცა ცოდვა იყო გამრავლებული, მამა ვიტალი სენაკში ცივ ქვაზე მუხლს მოიდრეკდა და უფალს ავედრებდა საქართველოს, შესთხოვდა, სიმშვიდის სული გარდამოევლინა ქართველთა ზედა. რუსი იყო, მაგრამ ჭეშმარიტად დიდი მოყვასი ივერიისა… სასწაულებმაც არ დააყოვნა… იქნება გაიხსენოთ…
–  იმის გარდა, რომ მამა ვიტალი უდიდესი მლოცველი იყო, მას ძალიან უყვარდა საქართველო და ქართველი ხალხი. დიდუბის პატარა საცხოვრებელ სახლში გადასვლამდე (რომელიც მათ აქ მცხოვრებმა რუსმა მონოზვნებმა დაუტოვეს), მამა ვიტალი და დედა სერაფიმა მოსკოვის პროსტექტზე ცხოვრობდნენ გიგინეიშვილების ოჯახში, რომელმაც ისინი ოჯახის წევრებად მიიღო და ცალკე ოთახიც გამოუყო (სხვა შორის, მამა ვიტალიც ამ ოჯახში გარდაიცვალა და დედა სერფიმაც და მათ ამ ოჯახის წევრები უვლიდნენ).
ცალკე უნდა აღინიშნოს მამა ვიტალის მოსახსენიებლები – ეს იყო სამი საკმაოდ მოზრდილი მოცულობის პატარა წიგნაკი, რომლებშიც ეწერა ყველა ქართველი მეფე, ცალკე სამთავროებისა თუ გაერთიანებული საქართველოსი, თვით წარმართი მეფეებიდან მოყოლებული. არავინ იცის, საიდან მოიძია მან ეს სახელები, მაგრამ ერთი კი ფაქტია: მამა ვიტალი წირვის დაწყებამდე ბევრად ადრე, ღამით მიდიოდა ალექსანდრე ნეველის ტაძარში, რათა მოსახსენებელში ჩაწერილი ყველა ადამიანის სახელის ამოკითხვა შესძლებოდა…

მამა ვიტალის მოსახსენიებელი და ნივთები, რომლებსაც ადამიანებს ჩუქნიდა… მოსახსენიებლის გვერდით არის ტომსიკა, მისივე ხელით შეკერილი, სადაც მოსახსენიებლსა და სახარებას დებდა, შაქრის ნატეხები, რომლებსაც ჩუქნიდა ხალხს და ჯვრები…

ერთხელ, ღამით ეკლესიის დარაჯმა ფანჯრებში დაინახა უამრავი ადამიანის ლანდი, რომლებითაც სავსე იყო ტაძარი, მას კი ამდენი ადამიანის შესვლა არ დაუნახავს. როცა გაოცებული ტაძარში შევიდა, იქ მამა ვიტალის მეტი არავინ დახვდა… ეს იმ ადამიანთა სულები იყვნენ, რომელთა სახელებსაც მამა ვიტალი მოსახსენიებელში კითხულობდა…

რაც შეეხება 1992 წლის ძმათამკვლელ ომს, მას მამა ვიტალი ძალზე განიცდიდა და გამუდმებით, დღედაღამ ლოცულობდა ქართველთა შორის მშვიდობისა და სიყვარულისთვის. დიდუბეში, სადაც ის ცხოვრობდა სადგურის მახლობლად, ჭურვებით სავსე ვაგონი იდგა. ომისა და სროლის დროს ეს ჭურვები აფეთქდა და მთელ დასახლებას საფრთხე დაემუქრა. მაშინ მამა ვიტალი მონოზვნებთან ერთად ყაზანის ღვთისმშობლის ხატით ხელში გავიდა ეზოს გარეთ ამაღლებულ ადგილას და ამ ხატით ჯვარს სახავდა მთელ მიდამოს… ირგვლივ ჭურვები ფეთქდებოდა, მამა ვიტალი კი მშვიდად ლოცვას განაგრძობდა. რამდენიმე ჭურვი, რომლებიც მათკენ მოფრინავდა და დასახლებას უეჭველ განადგურებას უქადდა, ხატით ჯვრის გარდასახვისა და ლოცვის შემდეგ უკან გაბრუნდა და მთებში აფეთქდა… შინ დაბრუნებულებს სახლში სრული სიწყნარე და სიმყუდროვე დახვდათ, ხატებიც ძველებურად ენთო საგანგებოდ მათთვის განკუთვნილ სასანთლეზე…

ადამიანები, რომლებსაც ამ დიდი ბერისთვის თხოვნით მიუმართავთ, ყვებიან, რომ მამა ვიტალი გარდაცვალების შემდეგაც არავის ტოვებს ყურადღებისა და ლოცვის გარეშე და ყველას ეხმარება…

მე პირადად, მამა ვიტალი ორჯერ ვნახე მისსავე საფლავზე  მჯდომი, პირველი წიგნის წერისას…

მამა ვიტალის წერილები, რომლებსაც უხვად იღებდნენ მისი სულიერი შვილები… არავის წერილს უყურადღებოდ არ ტოვებდა

ძალზე საინტერესოა მამა ვიტალისა და მამა გაბრიელის ურთიერთობაც რომლის შესახებაც აგრეთვე მოთხრობილია წიგნებში…
–  ვიცი, რომ საინტერესო მოგონებები გაქვთ უწმიდესთან და უნეტარესთან ურთიერთობიდან…
– კი, მე მასთან ყოფნა ძალზე საინტერესო და ბევრად მშვიდობიან პერიოდში მომიწია. ის განსაკუთრებული და მასშტაბური პიროვნებაა; რაც ყველაზე მთავარია, მის გულში მთელი სამყარო ეტევა და ეს მხოლოდ ლამაზი სიტყვები როდია. ერთ შემთხვევას გავიხსენებ: მამა ვიტალის პირველ წიგნზე მუშაობისას ერთხელ პატრიარქთან პირისპირ მარტო აღმოვჩნდი, ვსაუბროდით. უეცრად ვიგრძენი, რომ მან ყველა ჩემი ნაკლოვანება და ცოდვა იცოდა, მაგრამ მაინც ძალიან ვუყვარდი. ძალიან შემრცხვა. ამ მდგომარეობას ვეღარ გავუძელი და ორიოდე წუთით გარეთ გასვლა ვითხოვე – სულის მოთქმა მინდოდა… მაგრამ ის ლოყაზე მომეფერა და ყველაფერმა მეყსეულად გამიარა… ბევრს უთქვამს, რომ მის გვერდით ყოფნისას ისეთი გრძნობა უჩნდება, რომ უწმინდესს ის ყველაზე მეტად უყვარს. ვფიქრობ, მისი ყველაზე დიდი ნიჭი სწორედ ეს არის – სიყვარული.
ამავდროულად, ის თავმდაბალი ადამიანია. როცა ფიზიკური ჯანმრთელობა ხელს უწყობდა, ძალზე უყვარდა მიწაზე მუშაობა და საპატრიარქოს ეზოში საკუთარი ხელით გააშენა კიდეც ულამაზესი ბაღი.

ერთხელ მასთან უცხოელი სტუმრები უნდა მოსულიყვნენ, მაგრამ ცოტაოდენი დრო ჯერ კიდევ იყო და უწმინდესმა ბაღში მუშაობა განაგრძო. მაგრამ სტუმრები მოსალოდნელზე უფრო ადრე მოვიდნენ, საპატრიარქოს კარი ღია დახვდათ და ისინი ბაღში აღმოჩნდნენ. გადაწყვიტეს, ვინმესთვის ეკითხათ, საით წასულიყვნენ და დაინახეს, რომ ბაღში ვიღაც ძველი, დაბებკილი კაბით შემოსული მუშაობდა. „ჰეი, მორჩილო, – გასძახეს მას, – როგორ და სად ვნახოთ უწმინდესი პატრიარქი?“ „მორჩილი სანახევროდ შემობრუნდა და კიბისკენ მიუთითა, მესამე სართულზე აბრძანდით და პატრიარქიც მალე გეახლებათო. რაოდენ დიდი იყო მათი გაოცება, როცა რამდენიმე წუთში დიდ მისაღებ დარბაზში მათ შესახვედრად შემოსულ პატრიარქში „ნაცნობი მორჩილი“ იცნეს…

ერთხანს პედაგოგად მუშაობდით. თქვენი მომზადებულია ქრისტიანული საბავშვო მოთხრობები წმიდა მამათა ცხოვრებიდან… როგორ ფიქრობთ, მოსწავლეებში დიდი სისასტიკე იქნებ იმის ბრალიც არის, რომ ქრისტიანულ სათნოებებზე აღარ იზრდებიან ბავშვები?
– საბავშვო ლიტერატურა ძალიან მიყვარს და დღემდე სიამოვნებით ვკითხულობ. ქრისტიანული საბავშვო მოთხრობებიც გამოვეცი რამდენიმე პატარა, ილუსტრირებულ წიგნად. სისასტიკე კი… ბავშვები არა მხოლოდ ქრისტიანულ სათნოებებზე აღარ იზრდებიან, მათ, უბრალოდ, წიგნის სიყვარულს აღარ ასწავლიან ამ პრაგმატულ დროში… იცით, ქრისტიანობას არც ჩემს თაობას ასწავლიდნენ, მაგრამ… ის, რაც ახლა ხდება… წიგნები ბავშვებს სხვა ფასეულობებს ასწავლის,  ისინი სწორედ რომ ქრისტიანულ მორალსა  და ზნეობას უფუძნება, თვით კომენუსტურ ეპოქაში შექმნილიც კი; სხვაგვარად ვერ იქნება…
ძალზე საინტერესო თემაა ბავშვთა ფსიქოლოგია, განსაკუთრებით ბავშვებისა და მშობლების ურთიერთობის შესახებ… ამ თემაზე კიდევ ორი წიგნს ვამზადებ. ვფიქრობ, ძალზე საინტერესო იქნება…
– ჰობი…

უწმინდესთან ერთად

– მოგზაურობა… საქართველოს ყველა კუთხე-კუნჭული მოვლილი მაქვს, უცხოეთში ნაკლებად, მაგრამ ვთვლი, რომ ჯერ შენს ქვეყანას უნდა იცნობდე ზედმიწევნით და სხვის გაცნობას მერე უნდა შეუდგე… ეს ჟამიც დამდგარა…
– ამჟამად რაზე მუშაობთ, რის გამოცემას აპირებთ?
– ყოველთვის რამდენიმე წიგნზე ერთდროულად ვმუშაობ. არ ვიცი, ეს კარგია თუ ცუდი, მაგრამ უკვე რამდენიმე წელია, ასე ხდება. ძალიან მაინტერესებს ათონის მთის ისტორია და,სავარაუდოდ, მას 8 ტომად გამოვცემ. ორი ტომი უკვე მზადაა დასაბეჭდად. კვლევა-ძიებისას ბევრი ისეთი საინტერესო მასალა აღმოჩნდა, რომლის შესახებაც არაფერი მსმენოდა. თხრობა იწყება ამ მთის გეოგრაფიული წარმოშობიდან, შემდეგ მოთხრობილი იქნება მთის წარმართი მოსახლეობის, იქაურობის გაქრისტიანებისა და, ბოლოს, სამონასტრო დასახლების დაწყებიდან დღემდე.
დასასრულს უახლოვდება მუშაობა დავითგარეჯას ისტორიასა და იქ მოღვაწე მამებზე. ძალია საინტერესო თემაა, რომელიც თავად ლავრის მამებმა შემომთავაზეს და სიამოვნებით დავთანხმდი.
მზად მაქვს გამოსაცემად კაპადოკიიისა და იქ მოღვაწე სამი დიდი მამის ისტორია. ძალზე საინტერესო წიგნი გამოვიდა.
ასევე ინტენსიურად ვმუშაობ მიტროპოლიტ ანტონ სუროჟელის წიგნებზე, იმედი მაქვს, ყველაფრის ქართულად გამოცემა მოხერხდება.
და კიდევ: დავიწყე წიგნების გამოცემა რუსულ ენაზე საქართველოს შესახებ. რუსულენოვან მკითხველს (და არა მხოლოდ მათ!) არასწორი და არასრული წარმოდგენა აქვთ საქართველოს, მისი ისტორიისა და კულტურის, მისი წმიდანებისა და დიდი მოღვაწეების შესახებ. აღმოჩნდა, რომ რუსულ ენაზე ასეთი ლიტერატურა არ არსებობს და მე მისი გამოცემა დავიწყე. უკვე გამოცემულია შვიდი წიგნი:  13 ასურელი მამა და მათ მიერ დაარსებული მონასტრები, თბილისი, მცხეთა, სვეტიცხოველი, დავითგარეჯა, კახეთი, მთიულეთი.. ამჟამად ვასრულებ მუშაობას ქართველ წმიდანთა ცხოვრებებზე… თითქმის მზად მაქვს სხვა კუთხეების შესახებ წიგნებიც…
ერთი სურვილი რომ აგისრულონ, რას ინატრებდით?
– რას და – დავითგარეჯა ნუ გაიზიარებს აფხაზეთის მიწის ხვედრს… არადა, ეს საფრთხე სერიოზულად არსებობს…

 

თამარ შაიშმელაშვილი

 

 

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები