„და მზე იღვრება ტილოს ფილტვებზე“…

ქართლში, ძამის ულამაზეს ხეობაში გაატარა ბავშვობა.  სწორედ აქ ჩამოუყალიბდა ზღაპრული ნცდები თუ ფილოსოფიაში გადასული სამყაროს შემეცნება… რაც მოგვიანებით მის ნახატებში აირეკლა… ამჟამად  სწავლობ სასულიერო აკადემია სემინარიის ხელოვნებათმცოდნეობის მესამე კურსზე. ბავშვობიდან ხატავ და  ვერ წარმოდგენია ცხოვრება უხელოვნებოდ, ხშირად ასურათებ პოეზიას და თავადაც წერს  ლექსებს. რამდენიმე ჯგუფურ გამოფენის მონაწილეა. – მხატვარ თეა ნოზაძის პერსონა.

– დაახლოებით თორმეტი წელი ძამის ხეობაში ვცხოვრობდი და ზღუდრის სკოლაში ვსწავლობდი. შემდეგ კი ქარელის რაიონის სოფელ აგარაში გადავედით საცხოვრებლად. ვართ ხუთი და-ძმა, სამი და და ორი ძმა, მყავს ნახევარძმაც მამის მხრიდან, რომელიც ცალკე იზრდებოდა. რატომღაც ჩემში ბავშვობა ყოველთვის ძამის ხეობაში გატარებულ წლებთან ასოცირდება, იქ საოცარი ბუნება და სიხალისე იყო. შეიძლება ითქვას, რომ  ზღაპრული განცდები თუ ფილოსოფიაში გადასული სამყაროს შემეცნება აქედან იღებს სათავეს. ყველაზე ბუნდოვანი მოგონებები პოეტურ და ამაღლებულ განცდას იწვევს, ალბათ ხელოვნებაში იდეალური სამყაროს ძიებაც მისი გამოძახილია. უსაზღვროდ მიყვარს:ყვავილები, პეპლები, ტყე და ხეები ყველაფერი, რაშიც შემოქმედის სიდიადე ჩანს.
სკოლაში ხატვის წრეზე დადიოდით…
– სკოლის პერიოდში მივიღე ის მთავარი მარცვალი განათლებისა, რაც შემდგომში ცხოვრების მიზანს განსაზღვრავს, ძალიან მიზიდავდა ლიტერატურა, მცირე ხანს ხატვის წრეზეც დავდიოდი და  სამხატვროზე ჩაბარებაზე ვვოცნებობდი. თუმცა აგარის სკოლაში გატარებული პერიოდი საკმაოდ მელანქოლიურ მოგონებებს აღძრავს ჩემში და არ მენატრება…
–  სასულიერო აკადემია სემინარიის ხელოვნებათმცოდნეობის მესამე კურსზე სწავლობთ. რატომ გადაწყვიტეთ აქ ჩაბარება?
– როგორც ვთქვი, სამხატვროზე ვაპირებდი, მაგრამ ხელოვნება უფრო ფართოდ მიხიდავდა და მაინტერესებდა, ამავდროულად, ბავშვობიდან ტაძარში დავდიოდი და დიდი ინტერესი მქონდა სულიერი თვალთახედვით შემესწავლა ხელოვნების დანიშნულება. აქ საეროსა და სასულიერო ხელოვნებას ვსწავლობთ, მათი შედარებით ჩემეული ხედვა მიყალიბდება.
– როდის დაიწყეთ ხატვა?
– როდის დავიწყე, ვერ გავიხსენებ, ხატვა ადრეული  ბავშვობიდან მიზიდავდა. პირველი ნახატები მზესა და ბუნებაზე იყო, მზის სიყვარული ახლაც დიდი დოზით იგრძნობა ჩემს ნახატებში.
– რატომ არის, რომ თქვენს ორიგინალურ და ფილოსოფიურ ნახატებზე ძირითადად სახეა გამოსახული… ანუ ადამიანის სახე გამოხატავს სათქმელს…
– გრძნობების გამოსახატავად არასოდეს ვარჩევ ტექნიკასა თუ ფორმებს, ეს თავისთავად ხდება, რაღაც ემოცია ყველაზე მძაფრ გამოვლინებას თვითონვე პოულობს ფორმებში და,  იმის მიუხედავად, რომ ჩემთვის იდეა მთავარია, ხელი თითქოს თავისთავად არადაგეგმილ ნიუანსებსაც ბადებს ხოლმე, ასე რომ, პირველი შთაგონებაცა და მისი ხორცშესხმის პროცესიც ორივე შემოქმედებითია. სახე და თვალები ჩემთვის სულის სარკეა, მე კი უმეტესად სულიერი მდგომარეობის გამომხატველ პორტრეტებს ვქმნი და ამით აიხსნება ეს.
– შთაგონებას ელოდებით?
– შთაგონება შემოქმედებისთვის აუცილებელია, მაგრამ შეიძლება ითქვას, რომ შთაგონება თვითონ მელოდება ხოლმე, იდეები გაცილებით მეტი მაქვს, ვიდრე დრო.
– როგორ უთავსებთ ხატვას და პოეზიას ერთმანეთს?
– ლექსებსაც ბავშვობიდან ვწერ, ზოგჯერ ჩანახატებსაც. სპეციალურად დროს არასოდეს განვსაზღვრავ, შესაძლოა, ერთ დღეს ვხატო  და ვწერო კიდეც, ან დროგამოშვებით, სულიერი მოთხოვნისამებრ. თუმცა ხატვისადმი მოწოდება უფრო მძაფრია.
–  ერთი ლექსი გააცანით ჩვენი პორტალის მკითხველებს…
– ლექსს ერთ-ერთ ნახატთან ერთად გამოგიგზავნით, „ხელოვნება“ ჰქვია.

ხელოვნება

დღისფერ თითებით ანათრთოლები            
ცურდება ფუნჯი სულის ტილოზე.
ლოდი, სიზიპეს ანაგორები,
ბუმბერანგივით კითხვის კილოზე
გიბრუნდება და ითვლი ნაბიჯებს,
რომლებსაც არ აქვთ საწყის-სასრული;
ცას თითქოს გული ამოაგლიჯეს,
უმზეოდ კრთება სხივგადასული.
ამორძალისებრ მამაცი სულით
უნდა გატეხო შიშის ანკესი
და თიბათვისებრ გრძნობის სისრულით,
გახადო ფიქრი გამონაკვესი.
ფუნჯი ისრუტავს ვნების თამბაქოს;
პალიტრის ტბებში გუბდება სისხლი;
ხელი ტოკდება და არ თამაშობს,
ხელს ვერ შებორკავს სიყალბის მისხლი
და მზე იღვრება ტილოს ფილტვებზე,
რომ პულსისცემის ანარეკლივით,
სუნთქვა შთაბეროს წარმოქმნილ კვირტებს
და გრძნობას იცლის ცოცხალ ნეკნივით.
ასე იქმნება ტილო ექსტაზში,
წუთით ყუჩდება ყველა ტკივილი
და ხელოვნება ფეთქავს კრეტაზე,
კაპელასა თუ მუნკის “კივილში”;
ხოლო ხელოვანს, ზენიტში გზნების,
იზიდავს ტილო ნეკნისებრ ქმნილით
და ტკბობას აღძრავს სურვილი ფრენის,
როგორც დაცემა ედემურ ხილით.

– ვინ დატოვა საგრძნობი კვალი თქვენს პიროვნებაზე?
– ჩემს პიროვნებაზე საგრძნობი კვალი დედამ, ლეილა გობეჯიშვილმა დატოვა. იგი რაჭველია და ამ კუთხის სითბო და სიყვარული მოგვცა შვილებს, მისი ცხოვრება ჩემთვის თავდადების მაგალითია. ბევრი რამ დამიტოვეს მასწავლებლებმაც.
უზომოდ მიყვარს ფიროსმანი, იგი ჩემთვის იმის მაგალითია, რომ ყველაფერი გენიალური მარტივია, და სხვა ბევრი. ძალიან მომწონს მუნკი, ვან გოგი და სხვა.
– ოცნება…
– ვოცნებობ, ისე ვიცხოვრო, რომ არსებობა გავამართლო, რაც ჩემთვის საყვარელი საქმის კეთებასა და ძვირფასი ადამიანებისთვის სიხარულის მინიჭებას გულისხმობს.
ამჟამად ჩემს ბოლო ლექსს ვასურათებ. სამომავლოდ ვაპირებ ხატვის გაგრძელებას და იმედია, სწავლას გავაგრძელებ.

თამარ შაიშმელაშვილი

  

  

 

 

 

 

 

 

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები