14 წლის ანა კალანდიას მოსწავლის სტატუსი შეუჩერდა – რას ყვებიან მასზე მასწავლებლები

139-ე საჯარო სკოლის მოსწავლეს ანა კალანდიას, რომელსაც სამართალდამცველები ეძებდნენ, მოსწავლის სტატუსი შეუჩერდა – ამის შესახებ „კვირას“ სკოლის სასწავლო ნაწილის გამგემ ნინო დალაქიშვილმა განუცხადა. მისი თქმით, ანა კალანდია დღეს სკოლაში არ გამოცხადებულა და მას ფსიქოლოგების დახმარება სჭირდება.
„დღეს სკოლაში ანა კალანდიას მშობელი იყო მოსული და განცხადებით მოგვმართა, რომ მის შვილს მოსწავლის სტატუსი შეუჩერდეს. მოზარდი 8 კლასის გამოცდებს ექსტერნად ჩააბარებს. გამოცდები ივნისში დაინიშნება. როგორც მშობელმა განაცხადა, მის შვილს ამ ეტაპზე გარემოსთან კონტაქტი უჭირს და ფსიქოლოგების დახმარება სჭირდება. დედამ გვითხრა, რომ მის შვილს უმადურობის გრძნობა აქვს. ალბათ მეტს ითხოვს“, – აღნიშნა ნინო დალაქიშვილმა.
14 წლის ანა კალანდიას, რომელიც სახლიდან გაუჩინარდა, სამართალდამცველები 4 დღის განმავლობაში ეძებდნენ. გოგონა 4 მაისს, თბილისში თაბორის მთის მიმდებარე ტერიტორიაზე იპოვეს. ანა კალანდია დეიდამ 30 აპრილს, დილით 139 -ე საჯარო სკოლამდე მიაცილა, მაგრამ მოზარდი სკოლის შენობიდან გაუჩინარდა. როგორც „კვირას“ მოზარდის დედამ ნანა რურუამ განუცხადა, 29 აპრილს საღამოს, დედამ შვილს შენიშვნა მისცა, რომ კომპიუტერს დიდ დროს უთმობდა.
„იმ საღამოს მობილური ტელეფონიც წავართვი, კარტა ამოვიღე და ტელეფონი მაგიდაზე დავტოვე. მეორე დღეს დეიდამ სკოლის შენობამდე მიაცილა, მაგრამ სკოლაში არ შესულა. როგორც შევიტყვე, ტელეფონი თბილისში გაუყიდია. ბათუმში წასულა. მარშრუტკის მძღოლისთვის თანხა არ გადაუხდია. ბათუმში კი, ტელეფონის გაყიდული თანხით „შაურმა“ უყიდია და თბილისში გამობრუნებულა. თბილისში, კი ღამე, თაბორის გორაზე, ეკლესიაში გაუთენებია. ოთხი დღე-ღამე ვეძებდი. რომ დამინახა, იტირა, უხაროდა, ბოდიშს მიხდიდა, მითხრა – მეშინოდა სახლიდან ტელეფონი რომ წავიღე და სახლში ამიტომ არ ვბრუნდებოდიო“, – განუცხადა „კვირას“ ანა კალანდიას დედამ ნანა რურუამ.
ნანა რურუა მარტოხელა დედაა, წარმოშობით აფხაზეთიდან არის. შვილი 2000 წელს შეეძინა. მეუღლემ მალე მიატოვა. დედა ანას თითქმის მარტო ზრდის. ნანა რურუას შვილის გაზრდაში და და მშობლები ეხმარებიან. თავად კი ერთ-ერთ მაღაზიაში გამყიდველად მუშაობს.
„ანას მამასთან კონტაქტი საერთოდ არ აქვს. მიგვატოვა. მას სხვა ცოლ-შვილი ჰყავს. ანას არაფერს ვაკლებ, მაგრამ ვფიქრობ, მაინც განიცდის. ახლა, მთავარია, შვილი ვიპოვე, ფსიქოლოგებს მივმართე. სოცმუშაკი დამეხმარება, რომ ბავშვმა გარემოსთან კონტაქტი აღადგინოს“, -ამბობს ნანა რურუა.
ანა კალანდია 139-ე საჯარო სკოლაში სამი კვირის წინ გადავიდა. მანამდე ის 74 -ე საჯარო სკოლაში სწავლობდა. როგორც „კვირას“ 139-ე საჯარო სკოლის სასწავლო ნაწილის გამგემ, ნინო დალაქიშვილმა განუცხადა, მოსწავლეს ჯერ კიდევ კარგად არ იცნობენ.
„ანა კალანდია სწორედ მაშინ მივიღეთ, აღდგომის დღესასწაულები რომ იყო. დასვენებები დაემთხვა. სკოლაში სულ რამდენჯერმე იმყოფებოდა. ჩვენს სკოლაში ჯერ მეგობრებიც კი არ ჰყავს“, – ამბობს ნინო დალაქიშვილი.
„კვირა “ ანა კალანდიას შესახებ 74 -ე საჯარო სკოლის სასწავლო ნაწილის გამგესაც გაესაუბრა. ლალი წიქარიშვილი ამბობს, რომ ანა კალანდია მათ სკოლაში პირველი კლასიდან სწავლობდა.
„ანა არ იყო ფრიადოსანი და არც ჩამორჩენილ მოსწავლეებს მიეკუთვნებოდა. საშუალო დონის მოსწავლე იყო. თუმცა, ის ძალიან ხშირად აცდენდა გაკვეთილებს. დამრიგებელი მშობელს მუდმივად ეკონტაქტებოდა“, – აღნიშნა ლალი წიქარიშვილმა.
შეგახსენებთ, რომ 14 წლის ანა კალანდიას სახლიდან გაუჩინარების ფაქტზე შს სამინისტროში სისხლის სამართლის საქმე აღიძრა. გამომძიებელმა ანა კალანდია დღეს უნდა დაჰკითხოს. აღსანიშნავია კიდევ ერთი გარემოება, ანა კალანდია სახლიდან უკვე მეორედ გაიპარა. მოზარდი სახლიდან 2013 წლის 31 დეკემბერსაც გაიპარა. ანა კალანდია პოლიციის დახმარებით იმავე ღამეს რუსთავში მეგობარ ბიჭთან ერთად იპოვეს.

იზა შაქარაშვილი

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები