რამდენ მილიონიან ქონებას ფლობს გიორგი ბარამიძე?
„რა სქემით შოულობდნენ ფულს ნაციონალი დეპუტატები”, – ამ სათაურით აქვეყნებს სტატიას გაზეთი „პრაიმტაიმი”, სადაც „ნაციონალური მოძრაობის” ლიდერების ქონებაზეა საუბარი. როგორც სტატიის ავტორი აღნიშნავს, მასალები გამოქვეყნებამდე რედაქციამ საჯარო და სამეწარმეო რეესტრების ბაზაში გადაამოწმა და მის ავთენტურობაში დარწმუნდა. როგორც სტატიაშია აღნიშნული, „ნაციონალური მოძრაობის“ წევრის – გიორგი ბარამიძესთან დაკავშირებულ საწარმოებს მთლიანობაში მიღებული აქვს 23 მილიონი ლარის შემოსავალი.
„გასული წლის 2 სექტემბრის მონაცემებით, გიორგი ბარამიძე ვერაზე მდებარე სასტუმრო „ვარაზის” სამპროცენტიანი წილის მფლობელია. ამ შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოების შემოსავალი კი 10 მილიონს შეადგენს. მისი მეუღლე ეკა ჯაფარიძე შპს „ოპერას” წილიდან 10 პროცენტს ფლობს. ეს კომპანია სპილენძის ფურცლების, ავეჯის და საოფისე ინვენტარის იმპორტს ახორციელებს და მისი საერთო შემოსავალი 12 მილიონს შეადგენს. გია ბარამიძის რძალი (ძმის ცოლი), ნია მღვდელაძე 63-პროცენტიან წილს ფლობს შპს „ეკო-სფეროში”, რომლის საქმიანობას თხევადი ნავთობპროდუქტებით ვაჭრობა წარმოადგენს და მისი ერთობლივი შემოსავალი მილიონი ლარია. გიორგი ბარამიძესთან დაკავშირებულ საწარმოებს მთლიანობაში მიღებული აქვს 23 მილიონი ლარის შემოსავალი. პირადად ფიზიკურ პირს გიორგი ბარამიძეს კი – 2 მილიონი, რომელიც სახლის გაყიდვას უკავშირდება. ეს სახლი მან, ელენე ახვლედიანის აღმართზე, ხელისუფლებაში ყოფნის პერიოდში ააშენა. მიწის ფართობი 453 კვადრატულ მეტრს შეადგენს, ხოლო მასზე დამაგრებული შენობა-ნაგებობის ფართი 365 კვადრატული მეტრია. მიწისქვეშა ავტოსადგომით, ფართით 95 კვადრატული მეტრი და შენობა ნაგებობა N2, რომელიც გასული წლის 3 ივნისს თემურ უგულავას მიჰყიდა, რომელიც კაზინო „აჭარის” მფლობელი გახლდათ”, – წერს გამოცემა.