“ჩვენი მოქალაქეების უმრავლესობა გვარიანად გადაიღალა ქუჩის აქციებით, რომლებითაც დიდი სარგებელი ვერ ნახეს” – ზაალ ანჯაფარიძე
“გაიმარჯვებს თუ არა ქუჩის პოლიტიკა? საქართველოში ყოველთვის იყვნენ და არიან პოლიტიკოსები, რომლებსაც მტკიცედ სწამდათ და სწამთ, რომ პოლიტიკა ქუჩაში კეთდება”, – ამის შესახებ ანალიტიკოსი, ზაალ ანჯაფარიძე სოციალურ ქსელში წერს.
“ადრე ქუჩას ჩვენს პოლიტიკაში ეთქმოდა თავის წონიანი სიტყვა. თუმცა, პოლიტიკური ლიდერობის დეგრადაციის ფონზე, პროპორციულად განიცდის დეგრადაციას პოლიტიკის ქუჩაში კეთების შესაძლებლობაც.
ჩვენი მოქალაქეების უმრავლესობა გვარიანად გადაიღალა ქუჩის აქციებით, რომლებითაც დიდი სარგებელი ვერ ნახეს. სამაგიეროდ, მათ ნახეს, რომ ქუჩის აქციებით კარგად და მსუყედ ისარგებლეს პოლიტიკოსებმა, რომლებმაც ხელისუფლებაში მოსვლისთანავე ძალიან სწრაფად დაივიწყეს ისინი, ვინც ქუჩის პოლიტიკის მასალად გამოიყენეს. თუმცა, რა თქმა უნდა არიან ისინიც, ვინც სწორედ ქუჩის მეშვეობით ამოიწია სოციალური თუ პოლიტიკური ფსკერიდან.
დღეს, როდესაც პოლიტიკის ქუჩაში გადანაცვლება ისევ დადგა დღის წესრიგში პარტიებისთვის, ვინც არჩევნების შედეგებს არ ცნობენ, ეს საკითხი დაუდგათ მათ მხარდამჭერებსაც და მათ უნდა გადაწყვიტონ არის თუ არა დღეს ქუჩის პროტესტი ის, რაც მას სჭირდებათ.
ვფიქრობ, მოქალაქეთა უმრავლესობისათვის ხელისუფლების გადამეტებული ლიბერალიზმი რადიკალების მიმართ სისუსტედ და სახელმწიფო ინსტიტუტების ეროზიად აღიქმება. რადიკალებში კი ხელს უწყობს „რევოლუციური“ ცდუნებების გაღვივებას პრინციპით.. კიდევ ცოტაც მივაწვეთ, გამარჯვება ერთი ხელის გაწვდენაზეა და ა.შ. დაფიქრდეს ვისაც ეს ეხება!”, – წერს ანჯაფარიძე.