ექსკლუზივი : სკანდალური კადრები 2008 წელს დაბომბილი სენაკის ბაზიდან
უპასუხისმგებლო მეთაურები და მაიორი, რომელმაც 180 ქართველი
ჯარისკაცი სიკვდილისგან, შეიარაღება კი განადგურებისგან იხსნა
ჟუკოვისდრონდელი სამხედრო ტექნიკა, დაჟანგებული და ხავსმოკიდებული „პაზიკები“, უბორბლებო ავტომობილები დანგრევის პირას მისულ შენობაში, სადაც ძრავებს შუა ხეებია ამოსული – პორტალ “კვირას“ ექსკლუზიურად ხელში ჩაუვარდა 2008 წლის ომის შემდგომ სენაკის ბაზის ტერიტორიაზე გადაღებული კადრები. ვიდეომასალა „კვირას“ ავიაციის მეთაურმა, მაიორმა გოდერძი ლეკვეიშვილმა მიაწოდა. მან სენაკის ბაზის ამსახველი კადრები ომიდან რამდენიმე დღეში პირადად გადაიღო, ვიდეოფირებს კი წლების განმავლობაში ინახავდა.
ლეკვეიშვილი ომის დროს, სენაკის ბაზის ერთ-ერთი ნაწილის მეთაური იყო. საჰაერო თავდაცვის მხრიდან იქ კიდევ ორი ნაწილი არსებობდა, რომლებსაც ვიცე-პოლკოვნიკი მოსეშვილი და სენაკის საჰაერო თავდაცვის შეიარაღების უფროსი თემურ ფერაძე, მეტსახელად „ბულბულა“ მეთაურობდნენ. საომარი ვითარების გამოცხადების დროს. მაშინ როდესაც რუსეთის ჯარები საქართველოს ტერიტორიაზე გადაადგილდებოდნენ, ლეკვეიშვილმა და მოსეშვილმა თვითნებურად მიიღეს გადაწყვეტილება და ნაწილებიდან სამხედრო შეიარაღება გაიტანეს და გადამალეს. მათ სამხედრო ნაწილები პირად შემადგენლობასაც დაატოვებინეს და ეს გადაწყვეტილება მაშინ დამოუკიდებლად მიიღეს, რადგან თავდაცვის სამინისტროსთან კავშირი არ არსებობდა, მოწინააღმდეგის ბაზაზე შესვლამდე კი წუთები იყო დარჩენილი. რაც შეეხება ფერაძეს, გავრცელებული ინფორმაციით, მან ასეთი ბრძანება არ გასცა და სამხედრო ტექნიკა ნაწილში დატოვა. აღსანიშნავია, რომ ომის დროს, როდესაც საბრძოლო ველიდან ვერ ასწრებ ტექნიკის გაყვანას, ამ შემთხვევაში მეთაური იღებს გადაწყვეტილებას და ეს ტექნიკა ნადგურდება, რომ მოწინააღმდეგეს არ ჩაუვარდეს ხელში. სენაკის ბაზის ერთ-ერთმა მეთაურმა გოდერძი ლეკვეიშვილის თქმით, იმ მიზნით, რომ შეიარაღება და დოკუმენტაცია მტერს ხელში არ ჩაეგდო, მან ბაზიდან 6 მილიონ ლარზე მეტი ღირებულების სამხედრო ტექნიკა გაიტანა და უსაფრთხო ადგილზე – სოფელ იანეთში გადამალა. ტექნიკასთან ერთად კი, მან ნაწილიდან პირადი შემადგენლობა გაიწვია – სულ 180 ჯარისკაცი. ლეკვეიშვილმა აღნიშნულ ჯარისკაცები საკუთარ სოფელში წაიყვანა, ნათესავების, მეზობლების ოჯახებში დააბინავა და კვირების განმავლობაში მათ საკუთარი სახსრებით უვლიდა. მაიორმა აგვისტოს ომის პერიოდშივე იმავე სენაკის ბაზაზე ავიაციის გარეშე დარჩენილი 14 ჯარისკაცის გაფრთხილებაც მოახერხა, აცნობა, რომ მათკენ რუსული ავიაცია მიემართებოდა და მათ ბაზა დაუყონებლივ დაატოვებინა.
„ბაზის უფროსმა დამირეკა და მითხრა, რომ რუსებმა საბრძოლო მზადყოფნა გამოაცხადეს, სენაკის ბაზის მიმართულებით წამოსვლას აპირებდნენ და ბაზა უნდა დამეტოვებინა. იმ დროისთვის ბაზაზე საჰაერო თავდაცვის 14 შემადგენლობა იყო დარჩენილი. კავშირგაბმულობის სისტემა მთლიანად მოშლილი იყო, იმ დროისთვის მობილური კავშირის დამყარება ვერ ხერხდებოდა. მივედი მათთან და ვაცნობე, რომ ბაზაზე რუსები აპირებდნენ შესვლას. სენაკის ბაზის ხელმძღვანელ პირებს გადაწყვეტილების მიღება უჭირდათ, ფერაძეს ვუთხარი, რომ ევაკუაციის განხორციელებას და ტექნიკის და პირადი შეტყობინების გაყვანას ვაპირებდი, თავად ფერაძემ თავის ნაწილში ასეთი ბრძანების გაცემისგან თავი შეიკავა. ბაზას რომ ვტოვებდი, ჩემი თვალით ვხედავდი, როგორ შედიოდნენ რუსები ბაზაზე. მოვახერხეთ და დაახლოებით 6 მილიონი ლარის ღირებულების შეიარაღება, ასევე დოკუმენტაცია გადავარჩინეთ… ყველაფერი უსაფრთხო ადგილზე – სოფელში წამოვიღეთ. ნაწილი სახლში გადავმალეთ, ნაწილი ტყეში. ჯარისკაცემს ჩემი ნათესავები უანგაროდ კვებავდნენ …“, – განუცხადა “კვირას“ ლეკვეიშვილმა.
ლეკვეიშვილსა და ბაზის ხელმძღვანელობას შორის ომის შემდგომ კონფლიქტი მოხდა. რამდენიმე თვეში კი გენშტაბის იმჟამინდელი უფროსის გიგი კალანდაძის ბრძანების საფუძველზე ლეკვეიშვილი გაათავისუფლეს. გენერალი კობა კობალაძე “კვირასთან“ აღნიშნულ ვიდეოებს დეტალურად აფასებს. მის თქმით, რუსებმა სენაკის ბაზიდან გამოსადეგი ტექნიკა წაიღეს, ის კი, რაც ვიდეოზეა ასახული, ძალიან ძველი “ჩამოწერილი“ ტექნიკაა, რომლის ჯართში ჩაბარება უბრალოდ დაეზართა პასუხისმგებელ პირებს. კობალაძის თქმით, აღნიშნული კადრები ამხელს, თუ როგორი ფასადური იყო ყოფილი ხელისუფლების დამოკიდებულება თავდაცვის სფეროსთან. გენერალი ვარაუდობს, რომ სამხედრო ინფრასტრუქტურისთვის გამოყოფილი კოლოსალური თანხები არამიზნობრივად დაიხარჯა და ამ ფულით ბევრმა მოითბო ხელი. მის თქმით, ის სახსრები, რაც სენაკის ბაზის მოასაწესრიგებლად
გამოიყო, არა მხოლოდ სენაკის, არამედ ფოთის პორტის თანამედროვე სტანდარტებით რესტრუქტურიზაციასაც ეყოფოდა. გენერალი აცხადებს, რომ სწორედ ასეთი “სულისკვეთებით“ და უპასუხისმგებლო დამოკიდებულებით შეხვდნენ ის მეთაურები აგვისტოს ომსაც: “ ამ კადრებში არც ნაძარცვის და არც ნგრევის კვალი არ ჩანს, ამაზე, პირველ რიგში, თვითონ მეთაურს აქვს ყურები დასახევი. ეს შენობა უნდა დაშლილიყო, ტექნიკა ჩამოეწერათ და ჯართში ჩაებარებინათ. თუმცა, როგორც ჩანს, დაეზარათ. ასეთი ტექნიკა ადრე მრავლად იყო სამხედრო ბაზებზე, სავარაუდოდ, ეს ის ტექნიკაა, რომელიც საქართველოს ტერიტორიიდან ბათუმისა და ახალქალაქის რუსული სამხედრო ბაზების გაყვანის შედმეგ დარჩა, რადგან მათი წაღება რუსებმა საჭიროდ არ ჩათვალეს, იმდენად გამოუსადეგარი იყო. ეს ვიდეო კი გადაღებულია ომის შემდეგ, მაგრამ ფაქტია, ერთ კვირაში ხე ვერ ამოვიდოდა, ახლად დახსნილი რომ ჰქონდეს “პაზიკს“ საბურავები, დისკებს ასე მალე ჟანგი ვერ მოეკიდებოდა. გენერატორი, რომელიც კადრებში ჩანს, არის ძალიან ძველი. მას საწვავი ვერ აუვა. ჟუკოვისდროინდელი ტექნიკა, კუნგები. შესაძლოა, თავის დროზე ვიღაცამ რაღაცები მოხსნა ტექნიკას, მაგრამ ეს 2008 წლის ომის პერიოდში არ მოხდებოდა. რაც კი ნორმალური იყო, რუსებმა აგვისტოში ყველაფერი “ბუქსირით“ წაიღეს. სახეზე გვაქვს ელემენტარული უპასუხისმგებლო დამოკიდებულება იმ მეთაურის მიმართ, ვისაც ამ ყველაფრის წესრიგში მოყვანა ევალებოდა. აი ამ “სულისკვეთებით“ და ასეთი პასუხისმგებლობის დონით შეხვდა სენაკის ბაზის მეთაურობა 2008 წლის ომს, მაშინ, როდესაც ყოფილი ხელისუფლება ბაქიბუქობდა და აცხადებდა, რომ კოლოსალური თანხები ჩადეს თავდაცვის სისტემის მოსაწესრიგებლად, ვხედავთ, რომ ეს ასე სულაც არ იყო და ამ ფულით ბევრმა პირმა მოითბო ხელი. გამოსაძიებელია ეს ყველაფერი“, – აცხადებს გენერალი “კვირასთან“ საუბრისას.
[youtube url=”https://www.youtube.com/watch?v=dluLd5bwXJM&feature=youtu.be” width=”560″ height=”315″]
[youtube url=”https://www.youtube.com/watch?v=2CibwGbG1_0&feature=youtu.be” width=”560″ height=”315″]