“1988 წლის შეხვედრაზე, მეუფე შიო, ერთადერთი იყო, რომელიც ილია მეორეს ხელზე არ ემთხვია”
პატრიარქის მიერ თანამოსაყდრედ სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტ შიოს (მუჯირი) დასახელების შემდეგ, ინტერნეტსივრცეში, ერთი საინტერესო ფოტო გახდა აქტუალური -“მეუფე შიო და საქართველოს პრეზიდენტი ერთ ფოტოზე – ვის ანდო პატრიარქმა საპატრიარქო” – ამ და სხვა მსგავსი სათაურებით.
ფოტო საინტერესო გახლავთ იმით, რომ მასზე ერთი თაობის, დღეს აქტუალური რამდენიმე პირია აღბეჭდილი. კერძოდ: მარცხნიდან მარჯვნივ: საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი, ბიზნესმენი ლევან ვასაძე, გიორგი ჭიჭინაძე – ამჟამად ბერი მამა გრიგოლი, მეუფე შიო – იგივე ელიზბარ მუჯირი, პუბლიცისტი ირაკლი კაკაბაძე და გიო მგელაძე – ცნობილი კინორეჟისორი და რამდენიმე საერთაშორისო პრემიის ლაურეატი. (ფოტო იხილეთ ქვემოთ:)
გაზეთი “ალია” ირაკლი კაკაბაძეს დაუკავშირდა, რომელმაც ფოტოს ისტორია და კიდევ სხვა საინტერესო ამბები გაიხსენა მეუფე შიოს ახალგაზრდობაზე, მეუფესა და პატრიარქის ურთიერთობასა და სხვა მნიშვნელოვან დეტალებზეც:
– მეუფე შიო, ანუ ელიზბარ მუჯირი, ჩვენი ინტელექტუალური საძმოს ერთ-ერთი ყველაზე ნიჭიერი წევრი იყო. ჩვენ მეგობრები ვიყავით ბავშვობაში და თანამოაზრეები. ელიზბარი და გიო მგელაძე სწავლობდნენ 53-ე სკოლაში, ისევე, როგორც გიორგი ჭიჭინაძე. ლევან ვასაძე, გიორგი მარგველაშვილი და მე – 1-ელ საშუალო სკოლაში.
ჩვენ დაახლოებით 13-14 წლის ასაკში დავმეგობრდით და ამ მეგობრობის მთავარი მიზეზი იყო ქვეყნისთვის შეთქმულება და ხელოვნების სიყვარული. ჩვენ, ცხადია, მარტო ექვსნი არ ვიყავით – რეზიკო თაბუკაშვილიც იყო ჩვენთან ერთად, შალვა ამირეჯიბიც, გოგა თავაძეც და ბევრი სხვაც. მაგრამ ამ ექვსეულის სურათი პირველად გაზეთმა «თბილისმა» გამოაქვეყნა 1988 წელს, თუ არ ვცდები. ამას, ზუსტად იმავე 1988 წელს მოჰყვა ინტერვიუ.
– იმ ინტერვიუში რაზე საუბრობდით?
– კომკავშირი გავაკრიტიკეთ. აქედან გახმაურდა მერე ეს ექვსეული.
ვთქვით, რომ საჭირო იყო მისი ოპოზიციური, ალტერნატიული ახალგაზრდული ორგანიზაციის ჩამოყალიბება. აგრეთვე, ვთქვით, რომ რთულია უღმერთო იდეოლოგიის ქვეშ ცხოვრება და რომ მრწამსი ძირეული ადამიანური მოთხოვნილებაა. მოხდა ისე, რომ ამ ინტერვიუდან დაახლოებით ერთ კვირაში პატრიარქის სამდივნოდან დაგვიკავშირდნენ და გვითხრეს, რომ მისი უწმინდესობა აუდიენციაზე გვპატიჟებდა. მაშინ ჩვენთვის, 18-19 წლის პატარა ბიჭებისთვის, ეს უდიდესი ბედნიერება და პატივი იყო და ახლაც რჩება. ფაქტი, რომ ჩვენ ექვსნი შეგვარჩია პატრიარქმა ჩვენთვის ბედნიერ ვარსკვლავზე დაბადების ტოლფასი იყო. ამ შეხვედრის სურათიც არსებობს.
– როგორი იყო მეუფე შიო, როგორ გახსენდებათ? რით იყო გამორჩეული?
– ადამიანში, პირველ რიგში მისი პატიოსნება ფასობს და მისი სიყვარულის უნარი. შიო ამ თვისებების გამო უყვარს მის მეგობრებს. საოცრად განათლებული ადამიანია, ბავშვობაშიც უკვე ასე იყო – საოცრად ნაკითხი და არაჩვეულებრივი ოჯახის შვილი, ჰყავდა უინტელიგენტესი მშობლები. ძალიან სეკულარული ცხოვრებით ცხოვრობდა და მისი ოჯახიც იყო, კარგი გაგებით, უაღრესად განათლებული ქურდიანებისა და მუჯირების ძალიანაც სეკულარული ოჯახი. ყველა ჩვენგანთან შედარებითაც ძალიან სეკულარული იყო.
მახსოვს, 1988 წელს პატრიარქთან შეხვედრაზე რომ მივედით, ყველა ჩვენგანისგან განსხვავებით ელიზბარი უწმინდესს ხელზე არ ემთხვია. რომ გამოვედით შეხვედრიდან, გიო საყვედურობდა, რატომ არ ემთხვიე, ეს ხომ რიტუალიაო. არ შემიძლია მე ამ რიტუალების შესრულება, თუ ბოლომდე არ მწამს იმის, რასაც ვაკეთებო.
ეს ამბავი პატრიარქს უკვე რამდენიმე წლის წინათ შეახსენა ერთ-ერთმა ჩვენმა საერთო მეგობარმა, «ის დანარჩენი ხელზე გემთხვიათ და მეუფე – არაო» და პატრიარქის პასუხი ძალიან მოკლე და ბევრისმთქმელი იყო: ნეტავ, ისინიც ამისავით მოქცეულიყვნენ მაშინ და მერეცო. ამით ბევრი რამე ითქვა. ელიზბარი ძალიან ახალგაზრდა ასაკიდან გამორჩეული პიროვნება იყო.
იმ დროს შიო იყო ძალიან დიდი იმედების მომცემი ვიოლონჩელისტი და კონსერვატორიაში სწავლობდა.
– ეკლესიას როგორ დაუკავშირდა?
– მოკლედ, როცა მე ამერიკაში წავდი ემიგრაციაში, 1990 წელს, შიო ჯერ კიდევ არ იყო ეკლესიაში. თუ არ ვცდები, ისევ გიო მგელაძემ წაიყვანა ერთ-ერთ მონასტერში 1991 თუ 1992 წელს და იმის მერე ეს ადამიანი გახდა არა მხოლოდ ღრმად მორწმუნე, არამედ ფილოსოფიურად მოაზროვნეც. მან ძალიან ახალგაზრდა ასაკში დაინახა მომხმარებლური სამყაროს ძალიან სახიფათო თვისებები და უარი თქვა ამ მომხმარებლობაზე.
– მის რუსულ განათლებას უსვამენ ხაზს – რუსული ინტერესები გაძლიერდება ქართულ ეკლესიაშიო და რამდენად არის მსგავსი რამ შესაძლებელი, მისი ამჟამინდელი მდგომარეობიდან და ხასიათიდან გამომდინარე?
– მის რუსულ განათლებაზე ხაზის გასმა არის სრულიად უგუნური რამ: მე ძალიანაც მშურს მისი არაჩვეულებრივი ჰუმანიტარული განათლების. მისი მუსიკალური განათლებისაც, რომელიც თბილისში მიიღო და მისი თეოლოგიური განათლებისაც, რომელიც რუსეთში მიიღო. ყველაფერი ეს ძალიანაც დასაფასებელია. მე თვითონ ამერიკაში მაქვს დამთავრებული და დასავლეთში განათლებამიღებულ ბევრ ადამიანს ვიცნობ, მაგრამ მათ შორის ძალიან ცოტა თუა შიოსნაირი ფართო განათლების მქონე. რუსეთშიც, ინდოეთშიც, ჩინეთშიც და სამხრეთ აფრიკაშიც შესაძლებელია ძალიან სერიოზული განათლების მიღება და მეორე მხრივ უამრავი ტექნოკრატი იდიოტი ვიცი ჰარვარდის, კორნელის, კემბრიჯის თუ სორბონის დიპლომებით.
მე თვითონ ვასწავლიდი კორნელის უნივერსიტეტში და კემბრიჯშიც და ოქსფორდშიც მაქვს ლექციები წაკითხული და არანაირად არ ვთვლი ამ უნივერსიტეტების სტუდენტებსა და ლექტორებს სხვებზე აღმატებულებად. სრული სიბრიყვეა განათლების ადგილის მიხედვით ადამიანის განსჯა – ეს უკვე რასიზმს უახლოვდება.
– რას უნდა ველოდოთ მეუფე შიოს პატრიარქის თანამოსაყდრედ დასახელების შემდეგ – რა შეიცვლება კარგისკენ, ან ცუდისკენ ქართულ მართლმადიდებელ ეკლესიაში?
– რას უნდა ველოდოთ? – ეს კითხვა უფრო პროგნოზების სფეროდან არის… მე ძალიან მიხარია, რომ მეუფე შიო არის პატრიარქის თანამოსაყდრე – საოცრად განათლებული ადამიანი, რომელსაც უაღრესად სეკულარული და კარგი გაგებით კოსმოპოლიტური განათლება აქვს მიღებული. ეს ის ადამიანია, რომელიც ყველანაირ შოვინიზმზე ზემოთ დგას და მე იმედი მაქვს, რომ ის ღირსეულად ატარებს ამ მძიმე ჯვარს, რომელიც ნამდვილად ძალიან რთული სატარებელია. შიო ყოველთვის იყო იდეისთვის თავგადადებული ადამიანი. მე მისი ამ თვისების იმედი მაქვს. მე მას გვერდში ვუდგავარ.
წყარო: გაზეთი “ალია”