ვის დააკავებენ „ლეოგრანდში“ გაჩენილი ხანძრის საქმეზე? – მეპატრონემ სასტუმროს სახელი გადაარქვა
ბათუმში, „ლეოგრანდში“ გაჩენილი ხანძრის საქმეზე, საგამოძებო ორგანომ სასტუმროს რამდენიმე თანამშრომლის პასუხისგებაში მიცემის გადაწყვეტილება მიიღო. „პრაიმტაიმისთვის“ ცნობილი გახდა, რომ მენეჯერს ბრალს უახლოეს დღეებში წარუდგენენ და შესაბამიასდ, მოხდება მათი დაკავებაც. გამოცემის ინფორმაციით, ხუთივე მათგანი თურქეთის მოქალაქეა.
სასტუმროს იურისტი კახა წერეთელი არ გამორიცხავს, რომ რამდენიმე თანამშრომელის პასუხისმგებლობის საკითხი მართლაც დადგეს, თუმცა, მისი თქმით, ამ ეტაპზე ბრალი არავისთვის წარუდგენიათ.
„ბრალის წარდგენა შესაძლებელია მოხდეს, შესაძლოა – არა. გამორიცხული არაფერია. ყველაფერი დამოკიდებულია ექსპერტიზაზე, რის შემდეგაც გამოიკვეთებიან კონკრეტული პასუხისმგებელი პირები. ამ ეტაპზე მიმდინარეობს სურათის აღდგენა. ბუნებრივია, სასტუმროს მფლობელსაც აქვს გარკვეული კითხვები მენეჯმენტთან“,- ამბობს „პრაიმტაიმთან“ საუბარში კახა წერეთელი.
შინაგან საქმეთა სამინისტროში კონკრეტული ბრალდების შესახებ არ საუბრობენ და ამბობენ, რომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 243-ე მუხლის მესამე ნაწილით გრძელდება, რაც სახანძრო უსაფრთხოების წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ორი ან მეტი ადამიანის სიცოცხლის მოსპობა, ან სხვა შედეგი გამოიწვია – ისჯება თავისუფლების აღკვეთით ხუთიდან რვა წლამდე ვადით.
აქვე ცნობილი ხდება, რომ სასტუმრო და სამორინე „ლეოგრანდი“ არსებული სახელწოდებით ფუნქციონირებას წყვეტს. გადაწყვეტილება სასტუმროს მეპატრონემ, ხანძრის შედეგად გარდაცვლილთა ოჯახებისა და იურისტებს შორის გამართული შეხვედრის შემდეგ მიიღო. „ლეოგრანდის“ იურისტი კახა წერეთელი ამბობს, რომ შეხვედრაზე სასტუმრომ, დაღუპულთა ოჯახების წევრებს, სხვადასხვა საკითხზე საკუთარი პოზიცია გააცნო.
„თვითონ გარდაცვლილთა ოჯახების პოზიციის გათვალისწინებით, სასტუმროს მეპატრონემ მიიღო გადაწყვეტილება, რომ სასტუმროს შეეცვალოს სახელწოდება და მას აღარ ერქვას „ლეოგრანდი“, რადგან თუნდაც ეს სახელი, უკვე ძალიან მძიმეა და თვითონ ეს წარწერაც, როცა შემოდიხარ ქალაქში, მძიმეა ყველა იმ ოჯახისთვის და, მათ შორის, საზოგადოებისთვის. სასტუმრო და სამორინე „ლეოგრანდი“ ამ სახელით წყვეტს ფუნქციონირებას“,- აცხადებს კახა წერეთელი.
შეგახსენებთ, რომ 25 ნოემბერს, სასტუმრო „ლეოგრანდში“ გაჩენილ ხანძარს სულ 11 ადამიანი ემსხვერპლა, 20-ზე მეტი კი, დაშავდა.