დავით ნარმანია: კიდევ ერთი წელი რომ გვქონოდა, მილიონ ხეს დავრგავდით
„კიდევ ერთი წელი რომ გვქონოდა, მილიონ ხეს დავრგავდით“, – ამის შესახებ თბილისის მოქმედი მერი დავით ნარმანია გაზეთ „ასავალ-დასავალთან“ ინტერვიუში აცხადებს.
დედაქალაქის მერი გამოცემასთან განმარტავს, თუ რატომ ვერ დარგო დაპირებული 1 მილიონი ხე. ამათან, დასძენს, რომ ამ დროისათვის თბილისის სხვადასხვა რაიონში 700 ათასი ხე დარგო.
„კიდევ ერთი წელი რომ გვქონოდა, მილიონ ხეს დავრგავდით. ხელი შეგვიშალა 2015 წლის 13 ივნისის სტიქიამაც, რადგან რამდენიმე თვის განმავლობაში სრულიად გადართული ვიყავით წყალდიდობის შედეგების სალიკვადიციო სამუშაოებზე და როგორც ადამიანური, ისე ფინანსური რესურსიც მთლიანად ამისკენ იყო მიმართული.
მიუხედავად ამისა, სრული პასუხისმგებლობით შემიძლია ვთქვა, რომ თბილისში ბოლო 3 წელიწადში უფრო მეტი ხე დაირგო, ვიდრე ბოლო 30 წლის განმავლობაში ერთად აღებული“ – აცხადებს დავით ნარმანია.
მისივე თქმით, თბილისის მერია დიდ ყურადღებას უთმობდა თბილისელების ჯანსაღი ცხოვრების წესს.
ნარმანიას ინფორმაციით, თბილისის სხვადასხვა უბანში სპორტულ-გამაჯანსაღებელი კომპლექსები აშენდა.
როგორც ნარმანია აცხადებს, მას თბილისის მერის თანამდებობაზე ყოფნისას პრემია არასდროს აუღია.
„სამი წლის განმავლობაში პრემია და სახელფასო დანამატი ერთხელაც არ ამიღია, მხოლოდ ხელფასს ვიღებდი და თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტიდან, რომლის პროფესორიც ვარ, დამატებით გასამრჯელოს ვიღებდი“, – ამბობს „ასავალ-დასავალთან“ ინტერვიუში დავით ნარმანია.
ამავე ინტერვიუში დავით ნარმანია თბილისის ახლადარჩეულ მერს კახა კალაძეს წარმატებებს უსურვებს.
„დარწმუნებული ვარ, რომ კახა თავისი შემართებიდან, ენერგიულობიდან და გამოცდილებიდან გამომდინარე, თბილისისთვის ბევრ სასიკეთო საქმეს გააკეთებს. მჯერა, წარმატებული მერი იქნება“, – ამბობს დავით ნარმანია.
ამასთან, დავით ნარმანია მის სამომავალო გეგმებზეც საუბრობს და აცხადებს, რომ ამ ეტაპზე დანამდვილებით იცის, რომ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში მუშაობას გააგრძელებს.
თუმცა, როგორც თავად ამბობს, „ქართული ოცნებაში“ კონსულტაციების მიმდინარეობის შემდეგ გადაწყდება, რომელ საჯარო სამსახურში გააგრძელებს მუშაობას.
ამასთან, თბილისის მოქმედი მერი მედიაში გავრცელებულ ინფორმაციებსაც ეხმაურება, სადაც საუბარია მის საქმიანობის საზღვარგარეთ გაგრძელებაზე. თუმცა დავით ნარმანია ამ ინფორმაციას სიცრუეს უწოდებს და ჭორებს ადარებს.