დავით ნარმანია: კახა კალაძეს ვუტოვებ გაცილებით უკეთეს თბილისს და გაცილებით უკეთეს მერიას, ვიდრე სამი წლის წინათ ჩავიბარეთ
„კახა კალაძეს ვუტოვებ გაცილებით უკეთეს თბილისს და გაცილებით უკეთეს მერიას, ვიდრე სამი წლის წინათ ჩავიბარეთ“, – აცხადებს თბილისის მოქმედი მერი დავით ნარმანია გაზეთ „ასავალ-დასავალთან“ ინტერვიუში.
გამოცემა დღევანდელ ნომერში მკითხველს დავით ნარმანიას ვრცელ ინტერვიუს სთავაზობს, სადაც ის 3 წლის განმავლობაში მერიის მიერ განხორციელებულ პროექტებს ასახელებს. თუმცა, დედაქალაქის მერი თბილისის მთავარ პრობლემად გზებზე გადატვირთულ მოძრაობას და საცობებს კვლავ მიიჩნევს.
„საცობების პრობლემა, რა თქმა უნდა, თბილისის ბევრ უბანში დგას, რადგან ჩვენს დედაქალაქში, ბოლო წლების განმავლობაში, ავტომობილის რიცხვი მნიშვნელოვნად გაიზარდა. ჩვენი ერთ-ერთი პრიოტეტი მუნიციპალური ტრასპორტის განვითარებაც იყო, რათა მოქალაქეებმა მეტროთი, სამარშრუტო ტაქსებითა და ავტობუსებით უფრო მეტად ისარგებლონ. ჩვენი ძალისხმევით დღეს თბილისს 143 ახალი ავტობუსი ემსახურება და მათ გამართულად რომ იმუშაონ, ამისთვის ახალი ავტობაზა ავაშენეთ. გარდა ამისა, გარემონტდა და მოდერნიზდა მეტროს 50 -მდე ვაგონი.
ინფრასტრუქტურის სამინისტროსთან მჭიდრო თანამშრომლობითა და მისი დიდი ხელშეწყობით აშენდა ახალი მეტროსადგური „უნივერსიტეტი“ ძალიან მიხარია, რომ თბილისში ახალი მეტროსადგური აშენება ჩემი მერობის პერიოდში მოესწრო. ასევე აღვადგინეთ ვაკის პარკიდან კუს ტბისკენ მიმავალი საბაგირო, რომელიც 9 წლის განმავლობაში გაჩერებული იყო. ჩვენთვის ასევე პრიორიტეტული იყო თბილისის კულტურული მემკვიდრეობის შენარჩუნება და ისტორიული ძეგლების აღდგენა- რესტავრაცია. აღმაშენებლის გამზირი საფუძვლიანად განვაახლეთ. კერძოდ, რესტავრირდა 51 შენობა-ნაგებობა და აქედან 45 შენობა არის კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი“ – აღნიშნავს დავით ნარმანია ინტერვიუში.
მისივე თქმით, სწორედ მისი მერობის პერიოდში მოეწყო თბილისის ძირითად ქუჩებში მიწისქვეშა კუმუნიკაციები. კერძოდ, დავით აღმაშენებლის გამზირზე, პეკინის გამზირზე, ჩუღურეთის რაიონის სხვადასხვა ქუჩებში და ასე შემდეგ.