ბრალდებული ბიძას, ბიცოლას პირადი ცხოვრების ამსახველი ფოტოების გასაჯაროებით აშანტაჟებდა
გასულ კვირას, შინაგან საქმეთა სამინისტრომ შანტაჟის გზით ფულის გამოძალვის ფაქტზე ახალგაზრდა მამაკაცი დააკავა.
უწყებაში განმარტეს, რომ ბრალდებული ერთ-ერთ პიროვნებას მისი ცოლის პირადი ცხოვრების ამსახველი ფოტოების გავრცელებით ემუქრებოდა, თუ 5000 აშშ დოლარს არ გადაიხდიდა. „პრაიმტაიმმა“ ამ საქმეზე რამდენიმე საინტერესო დეტალი გაარკვია და დაზარალებულის ახლობლებსაც ესაუბრა. გამოცემა, ამ საქმის ფიგურანტების ინდენტიფცირებისგან თავს იკავებს, თუმცა, დაზუსტებით წერს, თუ როგორ ხდებოდა თანხის გამოძალვა.
„შსს-ს სამცხე-ჯავახეთის პოლიციის დეპარტამენტის ახალციხის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, სასამართლოს განჩინების საფუძველზე, 1988 წელს დაბადებული თ.ი., გამოძალვის ბრალდებით, ახალციხეში დააკავეს.
გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებული ახალგაზრდა მამაკაცს მისი ცოლის პირადი ცხოვრების ამსახველი ფოტოების სოციალურ ქსელში განთავსების მუქარით 5 000 აშშ დოლარს სძალავდა.
სამართალდამცველებმა თ.ი. მანამდე დააკავეს, ვიდრე მოქალაქე მას მოთხოვნილ თანხას გადასცემდა.
გამოძიება დიდი ოდენობით ქონების მიღების მიზნით გამოძალვის ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ის 181-ე მუხლის მე-2 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით)“,- აცხადებენ შსს-ში.
„პრაიმტაიმისთვის“ კი ცნობილი გახდა, რომ ბრალდებულსა და დაზარალებულს ახლო ნათესაური კავშირი აქვთ. 29 წლის ბრალდებული თ.ი. დაზარალებულის ძმისშვილი გახლავთ, ქალი კი, რომლის პირადი ცხოვრების ამსახველი მასალების გასაჯაროებაზე საუბრობდა, ბრალდებულის ბიცოლაა.
„უპატიოსნესი ქალია და არავინ დაიჯერებდა, რომ მას რაიმე ასეთი ჰქონდა ჩადენილი, მაგრამ ჩათვალეს, რომ შეიძელბა ვინმემ რაიმე ისეთი ფოტო, ან ვიდეო გადაუღო მალულად. ამ ქალბატონთან მივიდა მისი მაზლიშვილი და უთხრა ასეთი რამ: ტელეფონზე დამირეკეს და უცნობმა პირებმა მითხრეს, ხელთ გვაქვს ინტიმური ფოტო და ვიდეომასალა ბიცოლაშენზეო. თუ 5000 დოლარს არ მოიტანთ, ამ მასალას ბიძაშენს გავუგზავნით მობილურზეო. ქალი შოკში ჩავარდა, ვერ გაიგო რა ინტიმურ ჩანაწერებზე იყო საუბარი. მოჰკიდა ხელი ამ მაზლიშვილს, მიიყვანა თავის ქმართან და საქმის კურსში ჩააყენა. ეს კაცი კი წავიდა პოლიციაში და განცხადება დაწერა: ასე და ასე მაშანტაჟებენო. მოკლედ, დაიწყეს გამოძიება და დადგინდა რომ სინამდვილეში ამ ბიჭთან არც არავის დაურეკავს. თავისი ინიციატივით ცდილობდა, ფული გამოეძალა ბიძამისისთვის. თან, აი ასეთი ბინძური მეთოდით. მერე გაირკვა, რომ არც არანაირი ჩანაწერები არ არსებობდა. ყველაფერი თვითონ მოიგონა და დაგეგმა“,- აცხადებს ოჯახის ახლობელი „პრაიმტაიმთან“ საუბარში.
ერთ-ერთი მეზობელი კი ამბობს, რომ ბრალდებული ფულის გამოძალვაში წარსულშიც იყო შემჩნეული.
„ადრეც იყო რაღაც შემთხვევები, მაგრამ მთლად ასეთი რამ მაშინ არ უკადრია. უპატიოსნეს ქალს გაუვრცელა ხმები, თითქოს რაღაც სექსუალური ჩანაწერები არსებობდა მასზე და მერე აშანტაჟებდა. ალბათ, ან წაგებული ჰქონდა, ან რაღაც სასწრაფოდ სჭირდებოდა ეს ფული. სხვა როგორ უნდა ავხსნათ ეს ყველაფერი?! როგორ შეიძლება ფულის გამო ეს იკადრო და თან საკუთარი ოჯახის წევრი ასე გაიმეტო“,- ამბობს მეზობელი.
29 წლის ბრალდებული სამართალდამცველებმა სასამართლოს განჩინების საფუძველზე დააკავეს და ბრალიც წარუდგინეს. მას სასამართლომ წინასწარი აღკივეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა. უკვე ცნობილია, რომ რეალურად საქმეში არ მოიპოვება პირადი ცხოვრების ამსახველი არანაირი მტკიცებულება. სავარაუდოდ, ეს ყველაფერი ბრალდებულმა ფულის გამოძალვის მიზნით შეთხზა.