“საქმე სააკაშვილ-ადეიშვილამდე მივა და ბაჩო ახალაიას ბრალდება დაუმძიმდება” – სასამართლო გარდაცვლილი მოლაშვილის საქმის განხილვას იწყებს
თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ნინო ელიეშვილი გარდაცვლილ სულხან მოლაშვილის საქმის განხილვას იწყებს.
სასამართლომ პასუხი უნდა გასცეს – მიაყენა თუ არა ფიზიკური შეურაცხყოფა სულხან მოლაშვილმა ციხის ექიმს, რათა სიკვდილის პირას მყოფი მეგობრისთვის ეშველა.
გაზეთი „ასავალ-დასავალი“ მკითხველს სულხან მოლაშვილის ძმასთან თორნიკე მოლაშვილთან ინტერვიუს სთავაზობს. როგორც თორნიკე მოლაშვილი ინტერვიუში აცხადებს, „დაე, გაასამართლონ გარდაცლილი სულხან მოლაშვილი და სიმართლე გაირკვეს“.
მისივე თქმით, თუ ციხის ექიმი სასამართლოში სიმართლეს იტყვის, ეს საქმე ადეიშვილამდე და სააკაშვილამდეც მივა, ხოლო ბაჩო ახალაიას სასჯელი დაუმძიმდება.
სულხან მოლაშვილის საქმეზე ერთ-ერთი მთავარი მოწმე კონტროლის პალატის აპარატის ყოფილი უფროსი, ყოფილი პოლიტპატიმარი გაგი ხვედელიძეა, რომლის გამოც, საქმის მასალების თანახმად, სულხან მოლაშვილი და ციხის ექიმი შეეკამათნენ.
„ეს ის საქმეა, რომელიც კიდევ ერთხელ ახდის ფარდას სააკაშვილის რეჟიმს და მომავალ თაობას შეახსენებს, რომ ასი და ორასი წლის შემდეგადაც არ უნდა დაუშვას საზოგადოებამ სააკაშვილის ხელისუფლების მსგავსი რეჟიმის ქვეყნის სათავეში მოყვანა! ისე, თუ ამათ ნამუსი აქვთ, წესით, ეს საქმე გამოძიებაში უნდა დაბრუნდეს და სიმართლე ბოლომდე უნდა ითქვას – ვინ უბრძანა ციხის ექიმს სისხლმდინარე ადამიანის საავადმყოფოდან გაწერა. მინიმუმ ორი-სამი ადამიანი უნდა დააკავონ – სააკაშვილ-ადეიშვილი, საიდანაც ბრძანება მოდიოდა, ხოლო ციხის მაშინდელ უფროსს ბაჩო ახალაიას სასჯელი დაუმძიმდეს! სულხანი ნებისმიერ შემთხვევაში ღირსეულად გამოვა. თუ სასამართლო გაამტყუნებს და იტყვის, ციხის ექიმს თავს დაესხაო, ვენაცვალე მას. მიხეილ სააკაშვილის რეჟიმის პერიოდში, როდესაც ხალხს ციხეში ჯოხებითა და ცოცხებით აუპატიურებდნენ, ის თავის მეგობარს გამოესარჩლა!“ – აცხადებს თორნიკე მოლაშვილი გაზეთ „ასავალ-დასავალთან“ ინტერვიუში.
ამავე სტატიაში გამოცემა მკითხველს გაგი ხვედელიძის ინტერვიუსაც სთავაზობს.
როგორც კონტროლის პალატის აპარატის ყოფილი უფროსი და პოლიტპატიმარი გაგი ხვედელიძე აცხადებს, იგი მზად არის სასამართლოს წინაშე წარსდგეს და სრული სიმართლე თქვას.
„2007 წელს ციხის საავადმყოფოში ვმკურნალობდი. თვეების განმავლობაში მაღალი სიცხეები და ჩირქდენა მქონდა. მიუხედავად ამისა, სასჯელარსრულების დეპარტამენტის მაშინდელი უფროსის ბაჩო ახალაიას ბრძანებით, მეხუთე საპყრობილეში გადამიყვანეს. რამდენიმე თვის შემდეგ იძულებული გახდნენ, ისევ ე.წ. რეზბალნიცაზე დავებრუნებინე, სადაც ექიმმა აღნიშნა რომ საოპერაციო ვიყავი. ოპერაციის მოლოდინში გახლდით, როდესაც მძიმე ავადმყოფს ისევ მეხუთე საპყრობილეში დამიპირეს გადაყვანა, რაც გავაპროტესტე. ექიმთან ჩემს საუბარს მაშინ სულხან მოლაშვილიც ესწრებოდა. ეს იყო მხოლოდ ხმამაღალი საუბარი და ცხარე კამათი. სულხანი ჩემზე ზრუნავდა. გრძნობდა პასუხისმგებლობას, რომ ჩემი დაკავების მთავარი მიზეზი სწორედ მასზე ხელის დადება იყო. ექიმი თავს იმართლებდა, მე ვერაფერს ვწყვეტ, რასაც მიბრძანებენ, იმას ვაკეთებო. ამ ფაქტს დავით მირცხულავა და კუსა დოლიძე შეესწრნენ, რომლებიც იქ იმყოფებოდნენ. საბოლოოდ, სულხან მოლაშვილისა და სხვა პატიმრების დახმარებით ციხეზე აღარ გადამიყვანეს. სულხანს მოკვლით ვერ მოკლავდნენ, რადგან იცოდნენ, რომ ეს ფაქტი დიდ ხმაურს გამოიწვევდა, მაგრამ მასზე ძალიან დიდი ზეწოლა იყო. იმისთვის, რომ მოლაშვილისთვის ხელი დამედო, ჩემზეც არნახული ზეწოლა ხორციელდებოდა. ცრუ ჩვენების მიცემას მთხოვდნენ. გამომძიებელი ზვიად გუგუჩია მეხუთე საპყრობილეში სიკვდილის პირას მყოფ კაცს თავზე დამადგა და პირდაპირ მითხრა – თუ სულხანის წინააღმდეგ მისცემ ჩვენებას, ხვალვე გაგიშვებთ, არ გინდა გარეთ მიხედო შენს ჯანმრთელობასო?! ჩემგან მტკიცე უარი რომ მიიღო, საკნიდან გამოსვლისას მომაძახა- კიდევ ვერ მოხვედი ჭკუაზეაო….“ – აცხადებს გაგი ხვედელიძე ინტერვიუში.
მისი თქმით, სულხან მოლაშვილის უშუალო მტერი მიხეილ სააკაშვილი იყო, რომლის პირადი დაკვეთით დააკავეს სულხან მოლაშვილი. ხოლო ამ საქმეს პირად კონტროლს ზურაბ ადეიშვილი უწევდა.
გაგი ხვედელიძე ინტერვიუში ბაჩო ახალაიაზეც საუბრობს.
მისი თქმით, ბაჩო ახალაია ზედმეტად აქტიური ადამიანი იყო, ოღონდ მიშასთვის ესიამოვნებინა და კაცის მოკვლაზეც უკან არ იხევდა.
„სამი თვის განმავლობაში ძალიან ხშირად მოდიოდა ახალაია ჩემთან მეექვსე საპყრობილეში და მოლაშვილის წინააღმდეგ ჩვენების მიცემას მთხოვდა. როგორია, ღამის ოთხ საათზე რომ გაგაღვიძებენ და მთვრალ ახალაიასთან აგიყვანენ?! სხვათაშორის ერთხელ ერეკლე კოდუაც შეესწრო ჩემ მიმართ ახალაიას ზეწოლას. არ ვიცი, შევეცოდე თუ რა მოხდა, მაგრამ როდესაც ბაჩო ახალაია იარაღისკენ იწევდა – უნდა მოვკლაო, მან შეაჩერა.
თუ ციხის ექიმი გულწრფელად ჩვენებას მისცემს სასამართლოს, სულ ცოტა, ახალაიას დაუმძიმდება სასჯელი, ხოლო, თუ სასამართლომ ფრთები გაშალა და ახალი გარემოებები გამოიკვეთა, ეს საქმე ადეიშვილამდე და სააკაშვილამდე მივა! სანამ მიხეილ სააკაშვილი ცოცხალი იქნება, სულხან მოლაშვილი ყოველთვის იბრძოლებს მის წინააღმდეგ იმ ქვეყნიდანაც კი! კიდევ ერთხელ ვამბობ, მიხეილ სააკაშვილს სულხან მოლაშვილის გარდა, თითქმის ყველამ დაუხარა თავი. მათ შორის შევარდნაძის უახლოესი გარემოცვის წევრმა სულხან პაპაშვილმაც. ამ ადამიანს ლომის წილი მიუძღვის სააკაშვილის ხელისუფლებაში მოყვანაში. სწორედ, სულხან პაპაშვილის ბრძანების შემდეგ გაიღო პარლამენტის კარი. 23 ნოემბერს მან შემოუშვა სააკაშვილი პარლამენტში. დეტალებიც ვიცი. სულხან მოლაშვილი ავტორიტეტი იყო იმათ შორის „საჯაიას ბიჭებს“ რომ ეძახდნენ. ამ ფაქტის შემდეგ, მათ ჰქონდათ შეხვედრა, სადაც ეს საკითხი განიხილეს. პაპაშვილმა თავი იმართლა, სისხლისღვრა ავირიდეთ თავიდანო. რომელ სისხლისღვრაზე იყო საუბარი – რკინის კარებს ჩაკეტავდნენ და მორჩა. რომ არა სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის მაშინდელი უფროსის სულხან პაპაშვილისა და უშიშროების იმჟამინდელი მინისტრის ვალერი ხაბურძანიას ხელშეწყობა, სააკაშვილი პარლამენტის შენობას ვერ დაიკავებდა. მათ გაუკეთეს კორიდორი და გამოატარეს. პირველ კორიდორს ხაბურძანია აკონტროლებდა, შიგნით პაპაშვილი იყო გამაგრებული. ორივე დამნაშავეა ამაში. ბოლო წამებაში მოხდა მოლაპარაკება და ხელშეუხებლობის გარანტიის მიცემა. ფაქტია, სააკაშვილის ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ ძმები პაპაშვილების კაპიტალი კიდევ უფრო გაიზარდა! „ – აცხადებს გაგი ხვედელიძე გაზეთ „ასავალ-დასავალთან“ ინტერვიუში.
მისი თქმით, მას შემდეგ რაც, მან ციხის საკანი დატოვა, ეკლესიაში დაბრუნდა და მთავარ პროკურატურას რამდენჯერმე საჩივრით მიმართა, სადაც სააკაშვილის დროინდელი ხელისუფლების მაღალჩინოსნებს ზეწოლაში ადანაშაულებდა. თუმცა, რეაგირება მის არცერთ საჩივარზე არ მომხდარა.