გარდაცვლილი სულხან მოლაშვილი სასამართლოში დაიბარეს?!

გარდაცვლილი სულხან მოლაშვილი სასამართლოში დაიბარეს?! – ამ სათაურით გაზეთი „კვირის პალიტრა“ დღევანდელ ნომერში სტატიას აქვეყნებს.
როგორც გამოცემა წერს, 31 ოქტომბერს ქართულ მართლმსაჯულებაში სასამართლო პროცესი დაინიშნა – მოსამართლე ნინო ელიაშვილი კონტროლის პალატის ყოფილ თავმჯდომარეს, აწ გარდაცვლილ სულხან მოლაშვილს გაასამართლებს. გამოძიება გარდაცვლილს ე.წ. რესბალნიცის ექიმის ცემას ედავება.
„მოვლენებს ქრონოლოგიურად მივყვეთ: 2004 წელს სულხან მოლაშვილთან ერთად დააკავეს კონტროლის პალატის თანამშრომელი გაგი ხვედელიძეც, რომელსაც მოლაშვილის წინააღმდეგ ჩვენების მიცემა მოსთხოვეს. ხვედელიძემ მაშინ ზეწოლას გაუძლო და ჩვენება არ მისცა – პასუხად, ის დააპატიმრეს. წამების გამო ხვედელიძეს სისხლდენა დაეწყო, ისიც მოლაშვილთან ერთად ციხის საავადმყოფოში მოათავსეს. ერთ დღესაც, როდესაც გაგი ხვედელიძის ჯანმრთელობის მდგომარეობა გართულდა და სისხლდენას ჩირქდენაც დაერთო, მოლაშვილმა ექიმ ჯურხა ფილაურს მოსთხოვა, ხვედელიძისთვის სამედიცინო კვლევა და საჭიროების შემთხვევაში, ოპერაცია ჩაეტარებინათ. საუბარი გამწვავდა. ოჯახის წევრები და ადვოკატები ამტკიცებენ, რომ მკურნალობის დანიშვნის მოთხოვნა კამათს არ გასცდენია, განსხვავებულ ვერსიას ავრცელებდნენ მაშინდელი ოფიციალური უწყებები და სულხან მოლაშვილს ექიმის ცემაში ადანაშაულებდნენ. გამოძიება მაშინვე დაიწყო, თუმცა, სასამართლოდან მოლაშვილის ოჯახს მხოლოდ წელს, 24 ოქტომბერს დაუკავშირდნენ და შეატყობინეს, რომ გარდაცვლილის წინააღმდეგ სასამართლო პროცესი იყო დანიშნული. როდესაც ბრალდებული გარდაცვლილია,შემდეგი სამართლებრივი პროცედურებია გასათვალისწინებელი: ან სასამართლო სხდომა უნდა დაინიშნოს ან ოჯახმა წარადგინოს ცნობა ბრალდებულის გარდაცვალების შესახებ და საქმის შეწყვეტა მოითხოვოს, რის შემდეგაც მოსამართლე წყვეტს საქმის განხილვას. სანამ არ დადგება, როგორც ექიმის ასევე იმ პირების პასუხისმგებლობის საკითხი, რომლებისგანაც ექიმმა მიიღო ბრძანება, ხვედელიძისთვის არ ემკურნალა, სულხან მოლაშვილის ოჯახმა გადაწყვიტა, სასამართლო პროცესი საქმის განხილვამდე არ შეეწყვიტა“, -წერს „კვირის პალიტრა“.
სულხან მოლაშვილის ძმისთვის, თორნიკე მოლაშვილისთვის გაუგებარია, რატომ მიუბრუნდა წლების შემდეგ სასამართლო აღნიშნულ საქმეს.
„თუმცა რადგან პროცესი დაინიშნა ყველაფერი უნდა გაირკვეს – როგორი განაჩენიც უნდა გამოიტანონ, ჩემი ძმა მაინც უდანაშაულოა, ეს ევროპის სასამართლომაც დაადასტურა. თუ ავადმყოფის სიცოცხლის გადასარჩენად ექიმს ხელი მართლა დაარტყა, ეს კიდევ ერთხელ მიუთითებს ჩემი ძმის ვაჟკაცობაზე, მაგრამ თუ დადგინდა, რომ ფიზიკური დაპირისპირება არ ყოფილა, კიდევ ერთხელ გავიხსენებთ, როგორ ექცეოდნენ ადამიანებს სააკაშვილის რეჟიმის დროს. მაშინ სულხანს პროვოკაცია მოუწყვეს, რომლის მთავარი მოქმედი პირები ბაჩო ახალაია და გიგა ბოკერია იყვნენ – მათ სურდათ, სულხანისთვის ბრალი მაქსიმალურად დაემძიმებინათ,. გიგა ხვედელიძე სულხანთან ერთად კონტროლის პალატაში მუშაობდა. სულხანი ყოველთვის ამბობდა პატიოსანი, მშრომელი და ნიჭიერი ბიჭიაო. ხვედელიძე სულხანზე ზეწოლისთვის დააკავეს და აწამეს. წამების გამო ხვედელიძე მძიმე მდგომარეობაში იყო, სისხლდენას ვერ უჩერებდნენ, თუმცა , მძიმე დაზიანებების მიუხედავად, ციხის საავადმყოფოდან, ისევ საპატიმროში გადაყვანა უნდოდათ. სწორედ ამ დროს გამოესარჩლა სულხანი, ხომ ხედავთ, რომ მძიმედაა, რატომ არ მკურნალობთო. სულხანი ექიმთან ახლოს მისულა, ექიმმა კი ხელი ჰკრა და სულხანმაც იმავეთი უპასუხა“, -აცხადებს თორნიკე მოლაშვილი.
გარდაცვლილის ინტერესებს სასამართლოზე ადვოკატი შალვა ხაჭაპურიძე დაიცავს.
„ყველაფერი სულხანის ფსიქოლოგიურად გასატეხად კეთდებოდა. მას აყურებინებდნენ, როგორ სდიოდა გაგის სისხლი და ამ დროს ექიმები რეაგირებას არ ახდენდნენ. სულხანმა მიაღწია იმას, რომ ხვედელიძე რესპუბლიკურ საავადმყოფოში გადაეყვანათ, საიდანაც მან საავადმყოფოს მეთერთმეტე სართულიდან გაქცევა შეძლო, თუმცა ოთხი დღის შემდეგ დააკავეს. დარწმუნებული ვარ, გაქცევის შესაძლებლობა ხვედელიძეს ისევ სულხან მოლაშვილისთვის ბრალის დასამძიმებლად მისცეს. მაშინდელი ხელისუფლება მიანიშნებდა კიდეც, ხვედელიძის გაქცევის შესახებ მოლაშვილმა ყველაფერი იცოდაო. ბაჩო ახალაიამ საგანგებო ბრიფინგი დანიშნა ამ ინფორმაციის გასავრცელებლად. პროვოკაცია იყო ექიმთან შელაპარაკების ინსცენირებაც,რომლის გამოც ის ეჭვმიტანილად 378-ე მუხლის პირველი ნაწილით ცნეს და მეორე დღესვე ბრალი წაუყენეს. ამაზრზენია გარდაცვლილის ბრალეულობის გასარკვევად სასამართლო სხდომის გამართვა, ვერც იმას ვხვდები, გამოძიების დაჩქარება სულხან მოლაშვილის სიცოცხლეშივე რატომ ვერ მოხერხდა? ამ საქმის ცინიზმი მაინც იმაში მდგომარეობს, რომ ლევან მურუსიძის სასამართლომ უნდა გამოუტანოს გარდაცვლილ სულხან მოლაშვილს კიდევ ერთი განაჩენი“, – აცხადებს შალვა ხაჭაპურიძე.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები