დედამთილი გარდაცვლილ რძალზე: “ვეუბნებოდი, შენს სახლში წადი და თავი იქ მოიკალი-მეთქი” – შილდაში დატრიალებული ტრაგედიის ახალი დეტალები

გაზეთი „კვირის პალიტრა“ შილდაში დატრიალებული ტრაგედიის ახალი დეტალების შესახებ წერს. როგორც გამოცემასთან, გარდაცვლილის დედამთლი ამბობს, ეკა ნაქევხრიშვილმა თვითმკვლელობა ორი თვით ადრეც სცადა, მაშინ ქმარმა იხსნა.
“ჩემი რძალი სულ ამბობდა, თავს მოვიკლავ, მამაჩემთან უნდა წავიდეო. მე ვეუბნებოდი, შენს სახლში წადი და იქ მოიკალი-მეთქი, მაგრამ ხომ ხედავთ, ეს საშინელება აქ ჩაიდინა, ჩემს სახლში”. – აცხადებს გარდაცვლილის დედამთილი.
გარდაცვლილი მეუღლე, რამინ გურასპიშვილი ამბობს, რომ მეუღლემ სუიციდამდე ერთი დღით ადრე დაურეკა და უთხრა, რომ თვითმკვლელობას აპირებდა.
„მე თბილისში ვიყავი სამუშაოდ, ეკამ დამირეკა და მითხრა, თავი უნდა მოვიკლა და წერილი უნდა დავწეროო. დავამშვიდე, ხომ იცი, მალე აქეთ წამოგიყვან – მეთქი. კარგი, დაგელოდებიო, მაგრამ მეორე დღეს ჩამოიკიდა თავი. სოფელში რომ ჩამოვედი, პოლიცია იყო სახლში, ცხედართან არ მიმიშვეს. მეორე სართულიდან გადმოვიხედე და დავინახე როგორ ეკიდა – წელს ქვემოთ შიშველი იყო. მძიმე ცხოვრება ჰქონდა გავლილი. პირველი ქმარი გარდაეცვალა, მერე ეკას დედამ გამაცნო და დავქორწინდით. არ იცოდი ბავშვთა სახლში რომ გაიზარდა… დედამთილს არავინ ჰკითხავს, ქმარმა უნდა გადაწყვიტოს ცოლთან ურთიერთობა. ტყუილია, რომ ეკა მღალატობდა. ის პატიოსანი გოგო იყო. ეს ეჭვქვეშ არასოდეს დამიყენებია… მითხრა, მამაჩემთან მინდა წასვლაო. ერთხელ მე გადავარჩინე. ზოგჯერ კი მეუბნებოდა, შენთან ცხოვრება არ მინდა სხვა მიყვარსო, მაგრამ, ვფიქრობ, გასაბრაზებლად მეუბნებოდა“, – აცხადებს რამინ გურასპიშვილი.
მეზობლები ამბობენ, რომ ახალგაზრდა ქალი გამუდმებით შრომობდა:
„დილის 4 საათზე მიდიოდა საწყალი სამუშაოდ. 5 წელია მეზობლად ცხოვრობს და ერთი განაწყენებული მეზობელი არ ჰყოლია. დედამთილი სულ ეჩხუბებოდა, ცოტა ხნის წინათაც ვნახეთ თვალებდალურჯებული, დედამთილს უცემია. ექვსი წლის ყოფილა, მამა რომ მოუკვდა და დედამ ბავშვთა სახლში დატოვა, თავად კი გათხოვდა. ეკა ჩვენი თანასოფლელის ცოლი იყო, კარგი ოჯახი ჰქონდა. ბავშვი 7 თვის ჰყავდა, მეუღლე რომ დაეღუპა, შეშის ჭრისას ხე დაეცა. მამამთილმა უთხრა, შვილო, ახალგაზრდა ხარ, უნდა გათხოვდე, ერთი წელი ჩვენთან იყავი და მერე ვინც გეყვარება, იმას გაგაყოლებთო. მაგრამ დედამისმა აურია გოგოს თავგზა. ჩვენი მეზობელი რამინი ეკაზე 20 წლით უფროსია, ადრე ცოლი ჰყავდა და გაშორდა. მერე 11 წელიც ციხეში გაატარა, ციხიდან ახალი გამოსული იყო, დედამ გააცნო რამინს ეკა. ქმრის საფლავზე რომ წავიდოდა, დედამისი დაურეკავდა რამინს და ერთმანეთს ახვედრებდა. ასე გაათხოვა გოგო. ეკა ხასიათითაც ბავშვი იყო, ზედმეტად გულუბრყვილო, ბავშვთა სახლში არავის უზრუნია მის ჩამოყალიბებაზე“, – აცხადებენ მეზობლები.
მეზობლების თქმით, პირველი, ვინც პოლიციამ დასაკითხად დაიბარა, გარდაცვლილის მაზლი, გურამ (გია) გურასპიშვილი იყო. ის იმავე დღეს პოლიციის “პიკაპში” დაჰკითხეს. როგორც გაირკვა, პირველად რძლის ცხედარი სწორედ მან ნახა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები