ამ დროის მონაცემებით, 5 თვითმმართველი ქალაქიდან 4-ში „ქართული ოცნების“ მერობის კანდიდატი პირველივე ტურში იმარჯვებს

ცენტრალური საარჩევნო კომისიის მიერ ამ დროისთვის გამოქვეყნებული მონაცემებით, 5 თვითმმართველი ქალაქიდან 4-ში „ქართული ოცნების“ მერობის კანდიდატი პირველივე ტურში იმარჯვებს, ხოლო ერთში – ქუთაისში, სავარაუდოდ, მეორე ტურია მოსალოდნელი.

ცენტრალური საარჩევნო კომისიის წინასწარი მონაცემებით, თბილისის მერის არჩევნებში 51,13 %-ით „ქართული ოცნების“ კანდიდატი – კახა კალაძე ლიდერობს. მეორე ადგილზეა დამოუკიდებელი კანდიდატი ალექსანდრე ელისაშვილი 17,49%-ით.

რუსთავში, სადაც სულ 87 უბნიდან მონაცემები დათვლილია 82+3* უბნის მიხედვით, „ქართული ოცნების“ მერობის კანდიდატმა, ირაკლი ტაბაღუამ ხმების 53,05% მიიღო, მეორე ადგილზეა „ნაციონალური მოძრაობის“ მერობის კანდიდატი ზურაბ მაისურაძე – 19.81%-ით.

ქუთაისში, სადაც სულ 124 უბნიდან მონაცემები დათვლილია 119+1* უბნის მიხედვით, „ქართული ოცნების“ მერობის კანდიდატს, გიორგი ჭიღვარიას 48,56% აქვს, ხოლო „ნაციონალური მოძრაობის“ მერობის კანდიდატს, გრიგოლ ვაშაძეს – 27.05%.

რაც შეეხება ფოთს, ამ დროისთვის 32-დან დათვლილია 31 უბნის მონაცემები, რომლის თანახმადაც, „ქართული ოცნების“ მერობის კანდიდატმა, გოჩა კურდღელიამ 54.92%, ხოლო „ევროპული საქართველოს“ მერობის კანდიდატმა, ვახტანგ დარცმელიძემ 13.49% მიიღო.

ამ დროის მონაცემებით, ბათუმში სულ 103 უბნიდან მონაცემები დათვლილია 102+1* უბნის მიხედვით. „ქართული ოცნების“ მერობის კანდიდატმა, ლაშა კომახიძემ ამომრჩეველთა ხმების 55.95%, ხოლო „ნაციონალური მოძრაობის“ მერობის კანდიდატმა, ლევან ანთაძემ – 24.04% მიიღო.

კანდიდატს მერის მანდატის მოსაპოვებლად 50%-იანი ბარიერის გადალახვა სჭირდება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები