„ჩვენ გვაქვს მტკიცებულება, რომ ზურაბ ჟვანიას სიკვდილის მიზეზი ტრაგიკული შემთხვევა იყო“
გაზეთ “კვირის პალიტრასთან” ექსკლუზიურ ინტერვიუში უშიშროების საბჭოს ყოფილმა მდივანმა ზურაბ ჟვანიას გარდაცვალების შესახებაც ისაუბრა. მისი თქმით, ზურაბ ჟვანიას თემა იყო და დღესაც რჩება პოლიტიკური სპეკულაციის ერთ-ერთ თემად, რასაც ის უზნეობად მიიჩნევს. მისივე თქმით, თუკი არსებობს ფაქტი, რომლის დაჯერების საფუძველიც მას არ აქვს, უნდა გამოიძიონ და კონკრეტული მტკიცებულებები წარმოადგინონ. ჟურნალისტის კითხვაზე, რატომ არ აღმოჩნდა, ყოფილ პრემიერ-მინისტრ ზურაბ ჟვანიასთან ერთად, გარდაცვლილი უსუპოვის ფეხსაცმელი შემთხვევის ადგილზე, ბოკერიამ უპასუხა, რომ ამ თემაზე მედია საუბრობს, მაგრამ მთავარია ფაქტი, რა გახდა ადამიანის გარდაცვალების მიზეზი. “მე არ ვიცი, დაიკარგა თუ რა დაემართა ფეხსაცმელს. ჩვენ გვაქვს გამოძიება და მტკიცებულება, რომ სიკვდილის მიზეზი ტრაგიკული შემთხვევა იყო, რომლის კითხვის ნიშნის ქვეშ დაყენება დაუშვებელია”, – განაცხადა ბოკერიამ.