“ბუდაპეშტში ვიზიტი საკმაოდ დატვირთული იქნება, შალვა პაპუაშვილი რამდენჯერმე მიმართავს პარლამენტების თავმჯდომარეების კონფერენციას, გვექნება არაერთი ორმხრივი შეხვედრა” – მახაშვილი
“ბუდაპეშტში ვიზიტი საკმაოდ დატვირთული იქნება, შალვა პაპუაშვილი რამდენჯერმე მიმართავს პარლამენტების თავმჯდომარეების კონფერენციას, გვექნება არაერთი ორმხრივი შეხვედრა”, – ამის შესახებ პარლამენტის ევროინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე, ლევან მახაშვილი აცხადებს.
ის ბუდაპეშტში საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის ვიზიტს ეხმაურება.
“ბუდაპეშტში საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის ვიზიტი იწყება, სადაც ევროკავშირისა და პარტნიორი სახელმწიფოების პარლამენტის თავმჯდომარეების კონფერენცია-სამიტი გაიმართება. ამ სამიტის მთავარი მიზანი და თემაა, განვიხილოთ, როგორ წარმოუდგენია ევროკავშირს თავისი თავი, როგორც გეოპოლიტიკურ ცვლილებებში, რაც დღეს მიმდინარეობს მთელ მსოფლიოში, ასევე შინაგანად, რა ინსტიტუციური გადაწყვეტილება შეიძლება მიიღონ და თან როგორ შეიძლება, უკეთ სცენ პატივი ეროვნული სახელმწიფოების ავტონომიას, იდენტობას, მათ ტრადიციებს იმგვარად, რომ რელევანტურად თავი შეინარჩუნონ მიმდინარე ცვლილებებში, გლობალური აქტორებისთვის და საკუთარი მოქალაქეებისთვის. ეს იქნება ძირითადი თემები. ფორმატში მონაწილეობენ ევროკავშირისა და ძირითადად კანდიდატი ქვეყნების პარლამენტის თავმჯდომარეები. არაერთი ორმხრივი შეხვედრა გვექნება. საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე კონფერენციას სხვადასხვა თემატიკაზე რამდენჯერმე მიმართავს. საკმაოდ დატვირთული და საინტერესო დღე იქნება. პარლამენტის თავმჯდომარე კონფერენციაზე სიტყვით ორჯერ გამოვა. პირველი სიტყვის მთავარი შინაარსი იქნება – გეოპოლიტიკური ცვლილებები და საქართველო როგორ ხედავს, როგორც საკუთარ თავს, ასევე ევროკავშირს ამ ცვლილებებში. მეორე თემატიკა იქნება ერთი მხრივ, ეროვნული იდენტობების როლი და ტრადიციების პატივისცემა და მეორე მხრივ, ევროკავშირის დამოკიდებულება მთელი ამ პროცესების მიმართ. ეს თემატიკა ამ კონფერენციის თემატიკაა და ლოგიკურია, რომ პარლამენტის თავმჯდომარე ამ შინაარსს გაჰყვება. ასევე, ორმხრივი შეხვედრები გვექნება როგორც დიდ, ასევე ნაკლებად დიდ, ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების პარლამენტების თავმჯდომარეებთან. ორმხრივი, განათლების, ვაჭრობისა და ეკონომიკის საკითხების გარდა, საუბარი გვექნება საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობაზე. აქაც ვისაუბრებთ, როგორ წარმოგვიდგენია ამ ურთიერთობების გადატვირთვა, როგორ მოვედით, სად ვდგავართ, სად შეიძლება წავიდეთ და რა ნაბიჯები შეიძლება გადავდგათ ორმხრივად მომავალში, რათა ეს ურთიერთობები აღვადგინოთ, რადგან ყველანაირი ლოგიკით, გეოპოლიტიკური ცვლილებები ჩვენგან სწორედ პროაქტიურ და კონსტრუქციულ დიალოგს მოითხოვს და არა იმ ბავშვურ ქმედებებს, რასაც ბრიუსელის ბიუროკრატიიდან ვხედავთ ხოლმე“, – განმარტავს მახაშვილი.