ჩიბათის ტრაგედია – გარდაცვლილთაგან ერთ-ერთი ქორწილისთვის ემზადებოდა

„ჩიბათის ტრაგედია“ – ამ სათაურით გაზეთი „კვირის პალიტრა“ დღევანდელ ნომერში მკითხველს სტატიას სთავაზობს.
ჩიბათის ტრაგედია 24 აგვისტოს, გამთენიისას, დილის 5 საათზე მოხდა. ბათუმისკენ მიმავალ ტრაილერს მისაბმელი მოწყდა და საპირისპირო მხარეს მიმავალ ავტომანქანას შეეჯახა. ავტომანქანაში 6 მგზავრი იყო, 5 ადგილზევე გარდაიცვალა, მათ შორის – მცირეწლოვანი ბავშვიც.
ტრაილერი აზერბაიჯანიდან თურქეთში მიდიოდა. მისი მძღოლი ყაზახეთის მოქალაქეა, რომელიც დაკავებულია.
მსუბუქ ავტომანქანას 27 წლის იმედა ქობულაძე მართავდა, მის გვერდით იჯდა მამისი – ჯემალ ქობულაძე, უკანა სავარძელში კი – ჯემალის ფეხმძიმე ქალიშვილი, ასმათი მეუღლესთან, გია ბოლქვაძესთან ერთად, 5 წლის ანანო და გიას დედა. თბილისში ექიმთან გამოკვლევების ჩასატარებლად მიმგზავრებოდნენ.
თვითმხილველები „კვირის პალიტრას“ საუბრისას იხსენებენ, რომ ავარიის შემდეგ მსუბუქ ავტომანქანას სახურავი, ფაქტობრივად, ახსნილი ჰქონდა. სწორედ ამ ადგილას მჯდარა ჯემალ ქობულაძე, რომელიც ამჟამად ბათუმის საავადმყოფოშია, დანარჩენები დაიღუპნენ.
მძღოლს შეჯახებამ თავი მოაგლიჯა, ბავშვი კი, როგორც ჩანს, მანქანიდან გადავარდა, მისი ცხედარი მოგვიანებით, გზის პირას, ერთ-ერთი სახლის ჭიშკართან უპოვიათ.
გარდაცვლილები ბათუმელები იყვნენ. გიასა და ასმათს ორი გოგონა დარჩათ – 7 წლის და 9 თვის. ანანო მათი შუათანა შვილი იყო.
ჯემალ ქობულაძეს ტრაგედიის შესახებ ჯერ არაფერს ეუბნებიან. ოჯახის ახლობლის თქმით, ჯემალს 8 თვის წინ და გარდაეცვალა, 2 თვის წინ კი – მეორე და, და მათი ობლები ჯემალ ქობულაძის ოჯახში იზრდებოდნენ.
„მრავალრიცხოვანი ოჯახი ჰქონდათ და უჭირდათ. იმედა იყო ოჯახის გვარის ერთადერთი გამგრძელებელი. ცოტა ხნის წინ მიწის ნაკვეთი გაყიდეს და სახლის მეორე სართული გაარემონტეს. იმედას ქორწილისთვის ემზადებოდნენ. ვინ იფიქრებდა, ამხელა ტრაგედია რომ დატრიალდებოდა“, – ამბობს ოჯახის ნათესავი.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები