„ჯინო ფერედაისი“ სკანდალში გაეხვია

„ჯინო ფერედაისი“ სერიოზულ სკანდალში გაეხვია. ახლა, როცა გაირკვა, რომ იქ ჩვენი უსაფრთხოება დაცული არ არის და თითქოს საიმედოდ დახურული კარადა შეიძლება ცარიელი დაგხვდეთ, ეჭვქვეშ დგება საცურაო აუზების სისუფთავეც. და ეს მიუხედავად ამისა, რომ ჯერ არ მოგვისმენია შესაბამისი სტრუქტურების მხრიდან, რამდენად სუფთაა თბილისის ძვირად ღირებულ აუზებში წყალი – როგორ იცვლება და იფილტრება ის. თუმცა, ეს სულ სხვა ისტორიაა და „პრაიმტაიმი“ ამ თემას ისევ მიუბრუნდება.
ამჯერად სკანდალური ქურდობა და დაუცველი კლიენტები – თემა, რომელიც მხოლოდ „ჯინოს“ თავის ტკივილი არ არის, თუმცა, ჯერჯერობით, როგორც „ჯინოს“ მაგალითზე ვხედავთ, ვერც ძვირად ღირებული უსაფრთხოების სისტემები გვიცავს ქურდობისგან.
თბილისის საცურაო აუზებზე დაკარგული ნივთების გამო კლიენტების პრეტენზიები მატულობს. არადა, რიგ შემთხვევაში, ფეშენებელურ აუზებზე მოსახვედრად არცთუ ისე პატარა თანხას ვიხდით, გვინდა განვიტვირთოთ ან უბრალოდ კარგი დრო გავატაროთ, მეგობრებთან ან ოჯახის წევრებთან ერთად.
თითქმის ყოველ წელს იხსენება ახალი აუზები, უფრო მეტი სივრცით, სერვისითა თუ მაცდუნებელი პროცედურით, რომლებიც კლიენტების მიზიდვას სხვადასხვა აქციებით ცდილობენ. შენ მიდიხარ, ფულს ხარჯავ, გსურს, განიტვირთო, დაისვენო, მაგრამ… ყველაფერი ისე არ სრულდება, როგორც სარეკლამო რგოლშია.
რამდენიმე დღის წინ „ჯინო ფერედაისი“ ქურდობა მოხდა, გამოძახებული იყო საპატრულო პოლიციაც. „პრაიმტაიმს“ ამის შესახებ ერთ-ერთმა დაზარალებულმა უამბო. მას გასახდელში ლუი ვიტონის ჩანთა, 500 ლარი, ოქროულობა და სამკაულები მოჰპარეს.
„არადა, დიდი ამბით მომცეს სამაჯური, მითხრეს, დაკეტავთ, სამაჯური თქვენ გეკეთებათ და დაცული იქნებითო. ნამდვილად ვიცი, რომ დავკეტეთ, სამი გოგო ვიყავით და პირადად შევამოწმე კარადები – დაკეტილი იყო. სამაჯური ხელზე მეკეთა – რაც კეტავს და აღებს. თუმცა, აუზიდან რომ მივბრუნდი, კარი ღია დამხვდა“, – გვიყვება დაზარალებული.
„პრაიმტაიმი“ ამ ამბით დაინტერესდა და აუზის აღმასრულებელ დირექტორს, ლევან თოთაძეს დაუკავშირდა.

– ჩვენ, რა თქმა უნდა, ვწუხვართ ამ ფაქტის გამო, გამოვიძახეთ საპატრულო პოლიცია, მიმდინარეობს გამოძიება…
– საერთოდ, როგორ იცავთ კლიენტების უსაფრთხოებას და მის ნივთებს?
– ჩვენი ტერიტორია მაქსიმალურად დაცულია კლიენტებისთვის, მაგრამ ყოველი შემთხვევისთვის გამოქვეყნებული გვაქვს, რომ კლიენტების პირად ნივთებზე პასუხისმგებლობას ვიხსნით, ეს გამოქვეყნებულია გარეთაც და ჩვეულებრივად წერია.

მოგვიანებით რედაქციას შეატყობინეს, რომ ქალბატონს შეეძლო, ძვირად ღირებული ნივთები სეიფში შეენახა, თუმცა მისთვის ამის შესახებ არც არავის უთქვამს და არც არსად ყოფილა გამოკრული მსგავსი შინაარსის წარწერა. „ჯინოს“ აღმასრულებელი დირექტორი „პრაიმტაიმთან“ საუბარში ამბობს, რომ კლიენტებს აფრთხილებენ, ნივთების დაკარგვის შემთხვევაში ადმინისტრაცია პასუხს რომ არ აგებს. მაშინ ისიც უნდა გააფრთხილონ, რომ არსებობს სეიფი და რომ ნივთები ჯობია, იქ შეინახონ. მით უფრო, რომ ეს, ჩვენი ინფორმაციით, ქურდობის პირველი შემთხვევა არ არის. ამაზე დირექტორი ამბობს, რომ ზოგჯერ „შლოპანცები“ იკარგება:
– როდესაც არეალში არის 1500 და 2000 ადამიანი, იქ, მაპატიეთ და, ზოგს „შლოპანცი“ დაეკარგა,ზოგს – რა, მაგრამ ეს ერთ-ერთი პირველი იყო, რომ ქალბატონმა ბრძანა, რომ რაღაც ამ ღირებულების დაკარგა. ჩვენ ზომებს მივმართეთ იმ დღესვე, დავუკავშირდით პატრულსაც და ყველას, ვინც სამართალდამცველი პირია. ჩვეულებრივად მიმდინარეობს გამოძიება, ამ ეტაპისთვის მეტს ვერაფერს მოგახსენებთ.
რამდენადაც პირად საუბრებში გვითხრეს, არის ვერსია, რომ ქალბატონს კარადა ღია დარჩა. თუმცა, ვნახოთ, რამდენად ლოგიკური ან რამდენად შესაძლებელია ასეთი რამ.
ისინი სამნი იყვნენ, გასახდელში მათ ძვირფასი ნივთები ერთ-ერთის ჩანთაში ჩაალაგეს – ყველაფერი რომ ერთად ყოფილიყო და ჩაკეტეს, მერე სამივე კარადა შეამოწმეს. „ხომ წარმოუდგენელია, ის კარადები შეგვემოწმებინა, რომელშიც მხოლოდ ტანსაცმელი დავტოვეთ და სადაც ძვირფასი ნივთები და ფული გვედო, ის ღია დაგვრჩენოდა? ჩვენ შევამოწმეთ ჩვენი კარადები და აუზზე ისე გავედით“, – გვიყვება ერთ-ერთი მათგანი.
როგორც გავარკვიეთ, სამაჯურების სისტემა საიმედოა და, წესით, მას სხვა ვერავინ გახსნიდა. დიდი ალბათობით, კარადა ისევ „ჯინოს“ ამ სისტემაში მომუშავე თანამშრომლის მიერ არის გახსნილი. ვიმეორებთ, დიდი ალბათობით, ასეა.
„ჯინო“ საკმაოდ დიდი კომპლექსია და იქ არა მხოლოდ აუზები, რესტორნები და ბარებია გახსნილი, არამედ სასტუმროები და სარელაქსაციო სხვადასხვა კაბინეტები. და თუ კლიენტის ნივთი შეიძლება უსაფრთხოების თანამშრომლის მიერ იყოს აღებული, რა გარანტიაა, რომელიმე კლიენტის ვიდეო ან ფოტო უცებ ინტერნეტში არ აიტვირთება ან მას არ დააშანტაჟებენ? დიახ, ერთი ასეთი ფაქტი ძალიან ბევრ კითხვას აჩენს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები