„შენ იწინასწარმეტყველე“ – ვინ იყვნენ ბათუმში გარდაცვლილი ახალგაზრდები და რას წერენ მათ შესახებ მეგობრები

ბათუმში გარდაცვლილი ახალგაზრდები – მოდელი ზვიო სალთხუციშვილი და დიზაინერი, მომღერალი გიორგი ხაჭაპურიძე არიან.
გიორგი ხაჭაპურიძე, 2016 წელს, ერთ-ერთ ტელეკომპანიასთან ინტერვიუში აცხადებდა, რომ მოსკოვში შვიდი წელი დიზაინერის პროფესიით მუშაობდა და მომღერალ დიმა ბილანისთვის ტანსაცმლის ესკიზებიც შექმნა. საქართველოში ჩამოსვლის შემდეგ მან მუსიკალური კარიერა დაიწყო. გიორგი ხაჭაპურიძემ 2014 წელს დააფუძნა ჯგუფი – „მიქს ენერჯი“. მას რამდენიმე საავტორო სიმღერა აქვს, გადაიღო რამდენიმე კლიპი.  როგორც ირკვევა, გიორგი ხაჭაპურიძის რამდენიმე ვიდეოკლიპში ზვიო სალთხუციშვილიც მონაწილეობდა.
„კვირას“ ინფორმაციით, გიორგი ხაჭაპურიძემ ცოტა ხნის წინ თეა ჩეჩელაშვილთან ერთად დუეტი ჩაწერა, სიმღერას „მე გარდავიცვალე“ ჰქვია. სიმღერის პრემიერა 2 აგვისტოს შედგა.
გიორგი ხაჭაპურის გარდაცვალების ფაქტს სოციალურ ქსელში ემოციური პოსტით ეხმაურება თეა ჩეჩელაშვილი:
„სიკვდილამდე 2 დღით ადრე დამირეკა და მითხრა: შენს გარეშე ვერ ავკიდებდიო, ბათუმში მივდივარ და იქ გელიო, ჩემო თეო… მერე ვფიქრობდი, როგორი სათაური შეურჩევია-მეთქი… შენ იწინასწარმეტყველე…. აგვისტო არ მიყვარდა და აწი უფრო არ მეყვარება, ჩემო საყვარელო და ერთგულო მეგობარო… მეტი არ ვიცი, რა დავწერო… ალბათ, შენ მიხვდები…“, – წერს ის.
მომხდართან დაკავშირებით სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს ზვიო სალთხუციშვილის და გიორგი ხაჭაპურიძის კიდევ ერთი ნაცნობი:
„ნარკოტიკები არა, კვახი! ზვიადი ჩემ თვალწინ გაიზარდა. ჩემი ძმისშვილის კლასელია, ვიცნობ კარგად. აი, გიო კი, ჩემი ყოფილი თანამშრომლის და უკვე მეგობრის ლია ბაღათურიას შვილია – უსაყვარლესი ბიჭი… ვიცნობდი ამათ და ვიცი, ნარკოტიკების მომხმარებელი არცერთი იყო. ახლა რასაც უნდათ, იმას იტყვიან, უგულო, უსულო, ცივსისხლიანი ხალხი… ჭორიკნები! ხალხო, ის თქვით, რომ კიდევ ორ დედას მოუკლეს სიმწრით ნაზარდი შვილი… კიდევ ორი დედა იცვამს შავს! განა ისე გულგრილად სათქმელია, დედას შვილი რომ უკვდება? მკვლელებო! მშობლები თუ არ ხართ, ხომ ოდესმე გახდებით და ამაზე არასდროს გიფიქრიათ“?! – წერს ის.
ზვიო სახლთხუციშვილი და გიორგი ხაჭაპურიძე დღეს ბათუმში, ხიმშიაშვილის ქუჩაზე, ერთ-ერთ საცხოვრებელ ბინაში გარდაცვლილები იპოვეს, ისინი ბათუმში, თბილისიდან, დასასვენებლად იმყოფებოდნენ. ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები