ლევან იზორია სამეთაურო-საშტაბო კურსის რიგით მეექვსე გამოშვების ცერემონიალს დაესწრო

საქართველოს თავდაცვის მინისტრი ლევან იზორია დავით აღმაშენებლის სახელობის საქართველოს ეროვნული თავდაცვის აკადემიის სამეთაურო-საშტაბო კურსის რიგით მეექვსე გამოშვების ცერემონიალს დაესწრო.

თავდაცვის სამინისტროს პრესსამსახურის ინფორმაციით, ლევან იზორიამ მსმენელებს სამეთაურო-საშტაბო კურსის (CGS) წარმატებით დასრულება მიულოცა და სამხედრო კარიერაში წინსვლა უსურვა. აღნიშნულ ინფორმაციას თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს.
სიტყვით მიმართვისას, ლევან იზორიამ ყურადღება უწყებისათვის პროფესიული სამხედრო განათლების პრიორიტეტულობაზე გაამახვილა. მან სამხედრო განათლების მაღალი დონის უზრუნველყოფის საქმეში შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბისა და საერთაშორისო პარტნიორების წვლილი გამოყო.

თავდაცვის მინისტრის განცხადებით, თანამედროვე სამხედრო განათლება და განათლებული სამეთაურო რგოლი საქართველოს შეიარაღებული ძალების ფუნდამენტია. ამ კონტექსტით მან ყურადღება დავით აღმაშენებლის სახელობის ეროვნული თავდაცვის აკადემიის სასწავლო – სამაგისტრო პროგრამებზე, ასევე, საერთაშორისო პარტნიორებთან ინსტიტუციურ თანამშრომლობაზე გაამახვილა. თავდაცვის მინისტრმა, საქართველოს შეიარაღებული ძალების წინაშე დასახული ამოცანების გათვალისწინებით, სამხედრო განათლების უმაღლეს კურსს საპასუხისმგებლო უწოდა.

ლევან იზორიამ და თავდაცვის უწყების ხელმძღვანელმა პირებმა სამეთაურო-საშტაბო კურსის წარჩინებულ მსმენელებს დიპლომები გადასცეს.

ღონისძიების დასკვნით ნაწილში, სამეთაურო-საშტაბო კოლეჯის ოთხ ინსტრუქტორს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსმა, გენერალ-მაიორმა ვლადიმერ ჩაჩიბაიამ მედლები გადასცა. განსაკუთრებული დამსახურებისათვის, ვიცე-პოლკოვნიკი გიორგი მეშველიანი ნატოს მედლით, ხოლო ვიცე-პოლკოვნიკები – კახა ნიკოლაიშვილი და ბეჟან კიკნაველიძე გენერალ გიორგი მაზნიაშვილის სახელობის მედლებით დაჯილდოვდნენ.

სამეთაურო-საშტაბო კურსი 40-მა ოფიცერმა დაასრულა. უფროსი რანგის სამხედრო მოსამსახურეები 11 თვის განმავლობაში ტაქტიკურ და ოპერატიულ დონეებზე სამეთაურო-საშტაბო უნარ-ჩვევებს დაეუფლნენ.

ღონისძიებას, რომელიც თავდაცვის სამინისტროს „არმიჰოლში“ ჩატარდა, ეროვნული თავდაცვის აკადემიის რექტორი, პოლკოვნიკი ზაზა ჯაფარიძე და თავდაცვის უწყების მაღალი რანგის წარმომადგენლები დაესწრნენ.

სამეთაურო-საშტაბო კურსი, ამერიკელ მრჩეველთა ჯგუფის მხარდაჭერით, 2009 წელს დაარსდა. საწყის ეტაპზე, შეიარაღებული ძალების იმდროინდელი მოთხოვნების შესაბამისად, საპილოტე პროგრამა მომზადდა, რომელიც პირველად 2011 წელს ჩატარდა.
ამჟამად სამეთაურო-საშტაბო კოლეჯი საქართველოს შეიარაღებულ ძალებში არსებული სამხედრო პროფესიული განათლების უმაღლეს საფეხურს წარმოადგენს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები