„ეს იყო დაუვიწყარი ექსკურსია“ – შატილიდან ვერტმფრენით დაბრუნებული პედაგოგი განვლილ სამ დღეს იხსენებს
„ეს იყო დაუვიწყარი ექსკურსია და არასდროს დაგვავიწყდება“, – ამის შესახებ „კვირას“ რუსთავის მე-11 საჯარო სკოლის მათემატიკის პედაგოგმა, ქეთევან გოგატიშვილმა განუცხადა, რომელიც 15 მოსწავლესთან ერთად, რუსთავში ვერტმფრენით გადმოიყვანეს.
სკოლის პედაგოგი „კვირასთან“ საუბრისას, შატილში სტიქიის შედეგებზე საუბრობს.
„რუსთავიდან შატილში 5 ივლისს წავედით. ექსკურსია დავგეგმეთ, შატილში დავბინავდით და მეორე დღეს მუცოში გადასვლას ვაპირებდით. იმ საღამოს, ნანა გოგოჭურის საოჯახო სასტუმროში დავბინავდით. მთელი ღამე წვიმდა. მთაში ჭექა-ქუხილი განსაკუთრებით შთამბეჭდავი აღმოჩნდა. მეორე დღეს, მუცოში ვეღარ წავედით. 2 დღე ისე წვიმდა, იქაური 70 წლის ქალებიც კი გაკვირვებულები იყვნენ. გავიგეთ, რომ ძლიერი წვიმის შედეგად, ზვავი ჩამოწოლილიყო და გზა წაეღო. გზა აღარ იყო. პანიკაში არ ჩავვარდნილვართ. ვნერვიულობდით, მაგრამ ბავშვებს ამას არ ვაგრძნობინებდით. ისინი, შეძლებისდაგვარად, ერთობოდნენ. თავდაპირველად, 112-ში დავრეკეთ. მერე უკვე ყველგან ვრეკავდით. ინფორმაცია განათლებისა და მეცნიერების მინისტრსაც მივაწოდეთ. მოკლედ, ამ სამი დღის განმავლობაში, თითქმის სახელმწიფოს ყველა სტრუქტურის წარმომადგენელი გვირეკავდა და ყურადღებას გვაქცევდა. დღეს დილით კი ინფორმაცია მივიღეთ, რომ ვერტმფრენი ჩამოფრინდებოდა და გადმოგვიყვანდნენ. ყველას მადლობა მინდა გადავუხადო, თითოეულ ადამიანს, რომელმაც ჩვენ მიმართ ყურადღება და მხარდაჭერა გამოიჩინა“, – ამბობს ქეთევან გოგატიშვილი.
შეგახსენებთ, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენით მაშველებმა შატილიდან თბილისში რუსთავის მე-11 საჯარო სკოლის მოსწავლეები ჩამოიყვანეს. უგზობისა და უამინდობის გამო, ექსკურსიაზე მყოფი 15 ბავშვი, 2 მასწავლებელთან და 2 მშობელთან ერთად, ხევსურეთიდან უკან დაბრუნებას ვეღარ ახერხებდა.