მსოფლიო იურისტთა ასოციაციის კონგრესის  ყველაზე ახალგაზრდა  ქართველი მონაწილე 

ჯერ კიდევ სკოლაში გადაწყვიტა, იურისტი გამოსულიყო.  შემდეგ იყო საინტერესო და წარმატებული სტუდენტობის პერიოდი. საქართველოს პრეზიდენტის ორგზის სტიპენდიანტობა… საერთაშორისო კონგრესის ყველაზე ახალგაზრდა მონაწილე იყო…
მესამე კურსიდან იურიდიულ კომპანია OK&CG-ში სტაჟირება გაიარა და ამავე კომპანიაში დასაქმდა..
ამჟამად საადვოკატო ბიურო OK&CG-ს ადვოკატია… წარმატებით ჩააბარა საქართველოს ადვოკატის საკვალიფიკაციო გამოცდები  კერძო სამართლის მიმართულებით და საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის წევრია.
მოიპოვა ბელგიის ლიეჟის უნივერსიტეტის (The University of Liège) მაგისტრატურაში სწავლის გაგრძელების უფლება.
სამომავლოდ, სწავლის გაგრძელებას და დოქტორის ხარისხის მიღებას გეგმავს. – ანანო გორდეზიანის პერსონა.

 – დავიბადე რუსთავში, ბავშვობის უმეტესი ნაწილი ამავე ქალაქში გავატარე. რაც შეეხება მშობლების პროფესიას, მამა ეკონომისტია, დედა – ექიმი-თერაპევტი.
სიმართლე გითხრათ, იურისტობა ბავშვობის ოცნება არ იყო, დაახლოებით მე-11 კლასამდე მინდოდა  ვყოფილიყავი ჟურნალისტი, ხშირად ორგანიზებას ვუწევდი სხვადასხვა ტოქშოუს იმიტაციას. იურისტობა უშუალოდ დამამთავრებელ კლასში გადავწყვიტე, რადგან ყოველთვის მინდოდა, დამეცვა სუსტ ვითარებაში აღმოჩენილი ადამიანი. ამიტომ მეთერთმეტე კლასში მივიღე საბოლოო გადაწყვეტილება, პროფესიიდან ამერჩია იურისტობა.
– 2014 წელს წარჩინებით დაამთავრეთ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი. სტუდენტობიდან რა დაგამახსოვრდათ? ვინ გასწავლიდათ…
– სტუდენტობის პერიოდში ვიყავი ერთ-ერთ წარმატებულ პროექტში „ახალგაზრდული პარლამენტი“, ეს პროექტი მოიცავდა სხვადასხვა რეგიონში ახალგაზრდებთან მუშაობას და სხვადასხვა საკანონმდებლო პროექტის ინიცირებას, პროექტი მიზნად მოქმედი საკანონმდებლო ორგანოს იმიტაციას ისახავდა, შესაბამისად, კომიტეტების მუშაობაც ამ მხრივ ძალიან საინტერესო გახლდათ.
ვიყავი ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის ხელმძღვანელი. ეს პერიოდი ძალიან კარგად მახსენდება, რადგან  პროექტის ფარგლებში გვიწევდა   სხვადასხვა რეგიონში ჩასვლა და სკოლის მოსწავლეებთან ერთად საინტერესო პროექტებზე მუშაობა.
უნივერსიტეტში სწავლის პერიოდიდან განსაკუთრებით დასამახსოვრებელი იყო ბატონი ბესარიონ ზოიძის ლექციები, რადგან მისი სასწავლო კურსი სამართლებრივად დატვირთული იყო  და სწორედ მისი პირველი ლექციის შემდეგ მივხვდი, რომ პროფესიის არჩევაში არ შევმცდარვარ.
– ორჯერ იყავით საქართველოს პრეზიდენტის სტიპენდიანტი  წარჩინებული აკადემიური  მოსწრების გამო, ამავე მიზეზითვე  გადმოგეცათ თბილისის მერიის მუნიციპალიტეტის ერთჯერადი სტიპენდიაც…
–  დიახ, რამდენჯერმე მივიღე სტიპენდია და ვფიქრობ, სახელმწიფო ხელს უნდა უწყობდეს ამ კუთხით სტუდენტების წახალისებას. ეს  ხელს შეუწყობს მათი აკადემიური მოსწრების გაუმჯობესებასაც.
საადვოკატო ბიურო OK&CG-ში ადვოკატის პოზიციაზე მუშაობთ… როგორ მოხვდით ამ კომპანიაში?
– მესამე კურსზე ერთ-ერთ პროექტში გავიმარჯვე,  ამ პროექტს სტუდენტური თვითმმართველობა და ევროპის იურისტ სტუდენტთა ასოციაცია (ELSA) ერთობლივად ახორციელებდა. აღნიშნული პროექტი ადვოკატის იმიტირებულ საკვალიფიკაციო გამოცდებს მოიცავდა. გამარჯვებული პირველი სამეულისთვის –  სამოქალაქო, ადმინისტრაციულის და სისხლის სამართლის მიმართულებით  რამდენიმე პრიზი იყო დაწესებული. ერთ-ერთი  სტაჟირების გავლა გახლდათ  სხვადასხვა წამყვან იურიდიულ კომპანიაში.   წარმატებულ სამეულში მოვხვდი და პრიზის სახით იურიდიულ კომპანია OK&CG-ის სტაჟირების უფასოდ გავლის შესაძლებლობა მომეცა.
კარგად მახსენდება სტაჟირების პროგრამა, გვიწევდა  სასამართლოში სხვადასხვა პროცესზე დასწრება, დავის საგნისა, მხარეთა მოთხოვნებისა და პოზიციების  გაანალიზება, შემდგომ კი თავად გვიწევდა ორივე პოზიციის საკუთარ თავზე მორგება და ორივე მხარის  დადებითი პოზიციიდან  წარმოჩენა. ბატონ ოთარკაჭკაჭაშვილთან და სხვა იურისტებთან, სტაჟიორებთან ერთად, განვიხილავდით თითოეული პროცესის მიმდინარეობას, რაც ძალიან საინტერესოს ხდიდა  სტაჟირების პროგრამას.
სტაჟირების კურსის დასრულებისთანავე შემომთავაზეს  კომპანია Ok&cg-ში დასაქმება.  2013 წლის მარტიდან დღემდე  ამ კომპანიაში ვაგრძელებ საქმიანობას.
– იურიდიული კომპანია OK&CG-ს იურისტს, ძირითადად, მაინც რა პრობლემებთან გიხდებათ შეხება?
– ეს მრავალპროფილური საქმიანობაა. არ არის ერთი კონკრეტული რაიმე განხრა, ყოველდღიურად ახალ სამართლებრივ  კაზუისტიკასთან მაქვს საქმე, რაც ჩემთვის, როგორც განვითარებადი ადვოკატისთვის, ძალიან მნიშვნელოვანია.
რაც შეეხება ჩემი საქმიანობის სფეროს, ძირითადად, ჩვენს კომპანიაში არსებული კორპორატიული  იურიდიული  მომსახურების განყოფილებას ვხელმძღვანელობ.
ჩვენ იურიდიულ მომსახურებას ვუწევთ სხვადასხვა პროფილის მქონე არაერთ მსხვილ ადგილობრივ თუ საერთაშორისო   კომპანიას. შესაბამისად, ჩემი ვალია, მუდმივად ვიზრუნო ამ იურიდიული პირების მაღალი ხარისხის სერვისით უზრუნველყოფაზე.
გარდა ზემოთ ხსენებულისა, ჩემი საქმიანობა მოიცავს ფიზიკური პირებისთვის ნებისმიერ ტიპის საქმის წარმოებასაც.
– საადვოკატო ბიურო OK&CG გამოცდილი პროფესიონალი კადრებით არის დაკომპლექტებული… კონსულტაციებიც უფასოა…
– ვფიქრობ, ძალიან გამიმართლა, როდესაც ამ კომპანიაში მოვხვდი. მაშინ, როცა  მესამე კურსის სტუდენტს ასეთ წარმატებულ კომპანიაში გიღებენ არა როგორც უბრალოდ თანამშრომელს, არამედ ერთი დიდი ოჯახის წევრს, დამწყები იურისტისთვის ნამდვილად დიდი ტრამპლინია.
ეს გუნდი დაკომპლექტებულია მაღალპროფესიონალური კადრებით.
რაც შეეხება უფასო იურიდიულ კონსულტაციას. მიუხედავდ იმისა, რომ Ok&cg კერძო კომპანიაა, რომელიც არაერთ მსხვილ ბიზნესსუბიექტს თუ ასობით ფიზიკურ პირს ემსახურება, ამავდროულად, იმ ადამიანებსაც  ვუწევთ  იურიდიულ მომსახურებას, რომლებსაც იურისტის აყვანის საშუალება არ აქვთ.  პრობონო საქმიანობა ჩვენი კომპანიის პრიორიტეტია.
ჩვენი იურიდიული კომპანია ინოვაციური მიდგომებით, საინტერესო შეთავაზებებით გამოირჩევა. ერთ-ერთი ყველაზე მოთხოვნადი სერვისი, რომლითაც ჩვენი მოქალაქეები ინტერესდებიან,   შემდეგია – თუ ადამიანს არ აქვს სახსრები, აწარმოოს დავა, ჩვენი კომპანია მას  ადვოკატის ხარჯებისგან ათავისუფლებს და გასამრჯელოს მხოლოდ იმ შემთხვევაში იღებს, თუ დავა კლიენტის სასარგებლოდ დასრულდება.
2015 წელს  მოიპოვეთ  ბელგიის ლიეჟის უნივერსიტეტში  (The University of Liègeმაგისტრატურაში სწავლის გაგრძელების
 უფლება...
– ესეც ერთ-ერთი მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება იყო ჩემს ცხოვრებასა და კარიერაში. ბელგიის ლიეჟის უნივერსტეტი აცხადებდა მიღებას სხვადასხვა ფაკულტეტზე. ჩემი მოთხოვნა გავაგზავნე საერთაშორისო სამართლისა და ურთიერთობის ფაკულტეტზე, არაერთი ტესტირებისა და გასაუბრების შედეგად კი მივიღე დასტური ამ უნივერსიტეტში სწავლის გაგრძელებაზე.
თუმცა რადგან ამ პერიოდში  პრაქტიკოსი ადვოკატის ამპლუა ძალიან მხიბლავდა, უარი ვერ ვთქვი ჩემი ცხოვრების იმდროინდელ რეჟიმზე. მიმაჩნია, რომ ჩვენს პროფესიაში პერმანენტულად  უნდა ვითარდებოდე, წინააღმდეგ შემთხვევაში, საგრძნობლად ჩამორჩები როგორც  საკანონმდელო ცვლილებას, ასევე  სასამართლო მიდგომებს. მაშინაც და ახლაც ვფიქრობ, იმისათვის,  რომ წარმატებული ადვოკატი გახდე,   პრაქტიკას გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს. შესაბამისად,  მიუხედავად იმისა, რომ ძალიან მიმზიდველი იყო ბელგიის უნივერსიტეტში მაგისტრის ხარისხის დაცვა, მივიღე გადაწყვეტილება, დავრჩენილიყავი საქართველოში.
– მონაწილეობდით ესპანეთის ადვოკატთა ასოციაციის მიერ ბარსელონაში ორგანიზებულ მსოფლიო იურისტთა ასოციაციის კონგრესში, თემაზე -,,ინტერნეტი: გამოწვევები მშვიდობისა და თავისუფლებისათვის
– კონგრესში მონაწილეობა  კოლეგებთან ერთად მივიღე. თემატიკა უდავოდ საინტერესო იყო. განვიხილეთ, როგორ უნდა ხდებოდეს სასამართლოში საქმისწარმოება, რა როლი აქვს ინტერნეტს ამ საკითხის მოგვარებაში. ვისაუბრეთ პერსონალური მონაცემების დაცვის თემაზეც…
კონგრესს ესწრებოდნენ  სხვადასხვა ქვეყანაში, მათ შორის ამერიკაში, საფრანგეთში, იტალიაში  მოღვაწე  იურისტები, რომელთა ასაკი 35-დან 60 წლამდე მერყეობდა. სწორედ ამიტომ   მახსოვს ამ ადამიანების რეაქცია, როცა ჩემი მოხსენების შემდგომ შეიტყვეს, რომ  23 წლის  ვიყავი.
– როგორი უნდა იყოს ადვოკატი?
– ვფიქრობ, ადვოკატი უნდა იყოს ადამიანი, რომელიც მაქსიმალურად შეეცდება, დაიცვას კლიენტის ინტერესები, მოერგება  მის საჭიროებებს და, ამავდროულად, შეძლებს  საქმის წარმართვის სტრატეგიულ   დაგეგმარებას.
ვფიქრობ, ძალიან საპასუხისმგებლო პროფესია გვაქვს, რადგან აქ უკვე  სხვისი ბედი და უფლებები გაბარია და ის მაქსიმალურად კარგად უნდა დაიცვა. წინააღმდეგ შემთხვევაში, ადამიანს უკარგავ მოთხოვნის უფლებას, ან აკისრებ გარკვეულ პასუხისმგებლობას.
შესაბამისად, მხოლოდ მოწოდებით ადვოკატს შეუძლია მასზე ნაკისრი ვალდებულებების პირნათლად შესრულება.
– დღეს ასეთი ადვოკატები გვყავს კი?
– საბედნიეროდ, არსებობენ ასეთი ადვოკატები და ჩემ ირგვლივ საკმაოდ მრავლად არიან. კოლეგებს, რომლებმაც ჩემთან ერთად დაამთავრეს უნივერსიტეტი და ახლა ახორციელებენ საადვოკატო საქმიანობას, ნამდვილად გათვითცნობიერებული აქვთ ნაკისრი ვალდებულება.
– რამდენად დაცულია დღეს ადვოკატის უფლებები?
– ვფიქრობ, სამოქალაქო და ადმინისტრაციული სამართლის სფეროში ადვოკატების უფლებები მეტ-ნაკლებად დაცულია. თუმცა დისკომფორტი, რომელიც ხშირად გვექმნება ადვოკატებს სამართალწარმოების დრო,ს სასამართლო პროცესების გაჭიანურებაა.  პრობლემას,  სასამართლო სისტემის გადატვირთულობით არის გამოწვეული, რაც საქმის დროულად დასრულებაში  ხელს გვიშლის.
– ჰობი…
– ძალიან მიყვარს მოგზაურობა. ჩემთვის დასვენება-რელაქსაციის საუკეთესო საშუალებაა- მოგზაურობა. ამ დროს ვეცნობი სხვადასხვა ეროვნების ადამიანთა კულტურას, მათი ცხოვრების წესს და მეგობრებთან ერთად საინტერესოდ ვატარებ დროს.
– მომავალში რას აპირებთ?
– მინდა, რომ როგორც ადვოკატი, მაქსიმალურად განვვითარდე, ასევე ვგეგმავ დოქტორის ხარისხის მიღებას  და  ამ კუთხით ახლაც ინტენსიურად ვმუშაობ.

თამარ შაიშმელაშვილი

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები