„ღიმილი და ცრემლი ერთად“…  –  რა დაუწერა ვახუშტი კოტეტიშვილმა კარლო ფაჩულიას?

„თქვენ კარლო ვინ გგონიათ? იგი დიდი მხატვარია, დიდი მხატვარი!“
თენგიზ მირზაშვილი

ქუთაისში, ზაქარია ფალიაშვილის სახლში, კათოლიკური ეკლესიის გვერდით დაიბადა.  მერე იმ სახლში მუზეუმი გაიხსნა და ოჯახს სხვაგან მისცეს ბინა. თემურ აბულაშვილმა იხუმრა: მუზეუმი რომ არ გაეკეთებინათ, აქ  ცნობილი პიროვნება კიდევ დაიბადებოდაო…
სკოლა 1958 წელს ქუთაისში დაამთავრა, ორი წელი ქუთაისში სკოლაში ხატვას ასწავლიდა, სამხატვრო აკადემიაში ჩაბარებამდე გაიცნო მომავალი მეუღლე, შემდეგში ცნობილი მხატვარი ნინო ზაალიშვილი და სტუდენტობიდან დაწყებული მათი ცხოვრების გზა აღარ გაყრილა…
1964-70 წლებში სწავლობდა თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიის გრაფიკის განყოფილებაზე;  სსრ კავშირის სამხატვრო აკადემიის გრაფიკის შემოქმედების სახელოსნოში (1972-1975).
6 პერსონალური გამოფენის ავტორია. ნოიე გრანდენბურგი, გერმანია (1973); „ძველი გალერეა“, თბილისი  (1998); „ომეგა“, ნიკო ლორთქიფანიძის ილუსტრაციები (2002); გალერეა „ვარლა“, ქუთაისი (2008); დუშეთი კულტურის სახლი (2010). ლიტერატურის მუზეუმი (2016).
ილია ჭავჭავაძისა და დავით კაკაბაძის პრემიების ლაურეატი, ღირსების ორდენის კავალერია. – გრაფიკოსისა და ფერმწერის კარლო ფაჩულიას პერსონა.

–  წინაპრები…

– მამის მამა, ბაბუა ეგნატე 1924 წელს დაუხვრეტიათ. რომელსაც ბოლშევიკობა-მენშევიკობის არაფერი გაეგებოდა, 4-ოთახიანი ბინა ჰქონია თბილისში, ვიღაცას ჩაუშვია და, როგორც მაშინ ხდებოდა,  წაურთმევიათ. ბებიას და ბაბუას  4 შვილი ჰყავდათ. ბებია ლიზას შეეშინდა, შვილები არ დამიხვრიტონო, წაუყვანია ისინი – მამაჩემი, ბიძა და კიდევ ორი მამიდა და ქუთაისში დაქირავებულ ბინაში დაუწყია ცხოვრება.
მამაჩემი იმ დროს 14-15 წლის იქნებოდა…
ბიძა ორიოლში სავალდებულო სამსახურში მსახურობდა და უგზო-უკვლოდ დაიკარგა. ჩემს ძმას ბიძის სახელი – ვლადიმერი, ვოვა დაარქვეს. მე მამის სახელი მქვია. მამა ავტოინჟინერი და ოფიცერი იყო,   33 წლის ასაკში ომში დაიღუპა,  მე რომ დავბადებულვარ, მოუწერია, კარლო დაარქვითო.  რამდენიმე თვეში დაიღუპა კიდეც…
დედამ ქუთაისში გაგვზარდა, ჩვენს სახლში კიდევ დედის დედა, დეიდა და ბიძა ცხოვრობდნენ, დედამ – მარიამ ქუთათელაძემ მარტოხელამ გაგვზარდა ქუთაისში.
დედაჩემის დედამ, ბებიაჩემმა ელენემ, კითხვა არ იცოდა, პენსიას რომ მოუტანდნენ  (მაშინ სახლებში მოჰქონდათ პენსია), მე და ჩემს ძმას ხელს გვაწერინებდა ხოლმე, იქიდან 5-5 მანეთს გვაძლევდა. ასე რომ, დედის დედასთან გავიზარდე. ბებია არსად მუშაობდა,  მე რომ დავიბადე, ბაბუა იმ წელს გარდაიცვალა…
სკოლა რომ დავამთავრე, მეექვსე წელს მოვეწყე აკადემიაში…
– რა დაგამახსოვრდათ სტუდენტობიდან?
– აკადემიაში პირველკურსელებს ფიზკულტურის მასწავლებელი ლევან გაჩავა გვასწავლიდა. აკადემიის მაღლივი კორპუსის მშენებლობა მიდიოდა. ახალი დაწყებული იყო და პირველკურსელებს გვიბარებდნენ მისახმარებლად.
ერთ დღესაც ვხედავ, ლევან გაჩავა ვიღაც უცნობს ჭადრაკს ეთამაშება. მე ბავშვობიდან ვთამაშობდი ჭადრაკს და ვურჩიე სვლა… დაკვირვებით შემომხედა და მითხრა, დაჯდები და ვნახავ, რა მოთამაშეც ხარო. მოუგო იმ კაცს და მითხრა, ახლა შენ დაჯექიო… და ვუგებ… მეკითხება, რა გვარი ხარო? ფაჩულია-მეთქი. იმ კარლო ფაჩულიასი რა ხარ, მე რომ ვიცნობდიო, მამაჩემზე მეკითხება… შვილი-მეთქი, მოვიდა და გადამკოცა. მე და მამაშენი ორჯონიკიძეში მანქანის ბორტზე ყირების გაჭიმვაში ვეჯიბრებოდით ერთმანეთსო.
მერე სხვა ნაწილში გადაიყვანეს. ბიჭებმა მოიტანეს ამბავი, დაბომბვაში მოჰყვაო. მამაჩემი რომ დაიღუპა, 6 თვის ვიყავი, ომში მოხალისედ წავიდა… ჯავშანი იცავდა და შეეძლო, არ წასულიყო…
– რომელმა ადამიანებმა დატოვეს განსაკუთრებული კვალი თქვენს ცხოვრებაში?
ნინო ზაალიშვილმა, უზომოდ განათლებული იყო, ერთად ჩავაბარეთ სამხატვრო აკადემიის გრაფიკის ფაკულტეტზე.
ძალიან ბევრი რამ იცოდა და სულ სხვებისთვის ზრუნავდა… გამოფენების მოწყობაში ეხმარებოდა, მატერიალურადაც მეგობრებს, ახლობლებს…
უნიჭიერესი მხატვარი და შემფასებელიც იყო. მე რომ რამეს დავხატავდი, მისთვის რომ არ მეჩვენებინა, არ შეიძლებოდა. ვაჩვენებდი, შენიშვნას რომ მომცემდა, ვბრაზდებოდი, დრო  გავიდოდა, ახლებურად შევხედავდი ნახატს, მივხვდებოდი, რომ მართალი იყო..
მოსაგონარი ბევრი აქვს მხატვარს…  სად აღარ უმუშავია… გამომცემლობა „საბჭოთა საქართველო“, ჟურნალ „ომეგას“ და „ჩვენი მწერლობის“ მხატვრული რედაქტორი იყო…  „ლიტერატურული საქართველო“, ტელევიზიის პირველი არხი… პარალელურად წიგნებს მხატვრულად აფორმებდა და გამოფენას გამოფენა მოსდევდა…

– იმ დროს გამომცემლობა „მერანში“ ვმუშაობდი, მაშინ ვახტანგ ჭელიძე ახალი დანიშნული იყო „ლიტერატურული საქართველოს“ მთავარ რედაქტორად.ერთ დღეს მოვიდა „მერანში“, რომლის მთავარი რედაქტორიც იყო რევაზ მარგიანი. მე პირველ სართულზე გამოფენას ვათვალიერებდი და ამ დროს  ვახტანგი კიბეზე ჩამოდიოდა. რომ დამინახა, კარლოო, დამიძახა. მივედი: კარლო, იცი, ჩემთან მინდა იმუშავოო.ბატონო ვახტანგ, აქ ვმუშაობ და უხერხულია, თავს ხომ არ დავანებებ- მეთქი. მოიფიქრე, ერთ კვირას გაძლევ ვადას. მოდი ჩემთან და მითხარიო… ერთი კვირის მერე მივედი და თამაზ ბიბილური იყო ვახტანგის ოთახში… ლაპარაკობდნენ.რა ქენი, რა მოიფიქრეო, მე ვუთხარი, ბატონო ვახტანგ, ვმუშაობ და თავს ვერ დავანებებ,  უხერხულია-მეთქი….
კარლო ფაჩულია და ნინო დეკანოიძე

მაშინ ნახევარ შტატზე გააფორმეო, თამაზს უთხრა. მან უპასუხა:  ნახევარ შტატზე იგივე საქმე უნდა გააკეთოს, რაც მთლიან შტატზე და მთლიან შტატზე რომ იყოსო?
კარგი, გააფორმე მთლიან შტატზეო… მაშინ ორ ადგილზე მუშაობა არ შეიძლებოდა და მაინც ვმუშაობდი… არც იქ და არც იქ ხელის მოწერას მისვლაზე და წამოსვლაზე არ მთხოვდნენ. „მერანში“ ვიყავი და როცა გაზეთი უნდა გამოსულიყო, მივდიოდი იქ. ორ ადგილზე ვიღებდი ხელფასს.
მერე ისე მოხდა, რომ მხატვართა კავშირის თავმჯდომარემ,  ნოდარ ჯანბერიძემ დამირეკა, წიგნის გაფორმება მინდაო. რომ დავასრულე მუშაობა, მოულოდნელად გავიგე, თავის სამსახურში შტატიან თანაშრომლად გავუფორმებივარ…
იქიდან დამირეკეს, ხელფასი გაქვს ასაღებიო, ასე გავიგე ეს ამბავი…
ერთი წლის განმავლობაში სამ ადგილზე ვღებულობდი ხელფასს. ხილიანზე, ამ სახლს სხვანაირად როგორ ავიშენებდი? კოოპერატიული ბინაა. ყოველ კვარტალში საფასურს ვიხდიდი…
– ვახუშტი კოტეტიშვილმა ლექსი მოგიძღვნათ…

– ვახუშტიმ ჩემზე ლექსი დაწერა: ჩემი მეგობარი იყო, რედაქციაში და სახლშიც გვპატიჟებდა. ვქეიფობდით ერთად.
ჩემს მეგობრებს ჭობის ვეძახდი, ქუთაისიდან მომყვება, იქ ჩემი მეგობარი ყველას ჭობის გვეძახდა. მერე თბილისში რომ ჩამოვედი, მე ვეძახდი ჩემს ძმაკაცებს ასე.

კარლო ფაჩულია, ვახუშტი კოტეტიშვილი, ნუგზარ შატაიძე

აი, ეს ლექსი:

„მე გისურვებ, ჩემო ჭობი,
რომ სმა იყოს შენი ჰობი,
გელაღოს და გექეიფოს,
არ მოგედოს ხავსი, ობი…
შენს აივნელ მეგობრებთან
მუდამ სავსე გედგას გობი,
ქვეყნად იმან არ იხაროს,
თუ ვინმეა შენი მგმობი…
ჭადრაკში შენ ყოფილიყავ
ჩუბჩიკას და ზეზვას მჯობი,
უსახლკარომ ლექსის მეტი
რა მოგიძღვნა, ჩემო ჭობი“…

როსტომ ჩხეიძე, კარლო ფაჩულია, ნოდარ ტაბიძე

აქ, ჩემთან სტუმრად იყო  ერთხელ ვახუშტი… შეხედა კედელს და იკითხა: ამ კედელზე ვისი ნამუშევრებიაო? ჩემი-მეთქი, იმ კედელზეო? ნინოსი -მეთქი… არც დაფიქრებულა, ისე თქვა:
„იქით კედელზე ნინოა,
აქეთ კედელზე ჭობია,
ნეტავი გამაგებინა,
რომელი რომელს ჯობია?“

ასე ხუმრობა-ხუმრობასა და საქმეში დრო გადიოდა. აფორმებდა წიგნებს… მის მიერ 300-ზე მეტი  ილუსტრირებული წიგნი გამოიცა.
ალექსანდრე ყაზბეგი, იაკობ ხუცესის „წამებაი წმინდისა შუშანიკისი დედოფლისაი“ , ნიკო ლორთქიფანიძე, თამაზ ბიბილური…
დავით მჭედლურის სიტყვები მახსენდება:  „კარლო ფაჩულიას ილუსტრაციებში, უპირველეს ყოვლისა, ადამიანის სულის სახეა, ოსტატის ხელით გაცოცხლებული. განსაკუთრებით მომხიბლავია ნიკო ლორთქიფანიძის როგორც პორტრეტი,  ასევე მისი „თავსაფრიანი დედაკაცი“…
ამასობაში კარლო ფაჩულიამ მრავალი სერია შექმნა. გამოვყოფდი სერიას -„ჩემი ებრაელი მეზობლები.“

– ქუთაისში,  სკოლაში თითქმის ნახევარი კლასი ებრაელები იყვნენ. ჩემს ქუჩაზე ბევრი ებრაელი ცხოვრობდა. კარგი ხალხი იყო, ცუდი არაფერი მახსოვს. მათ მივუძღვენი  სერია, დაახლოებით 20 ნამუშევარი… და პერსონალური გამოფენაც მქონდა. დავხატე ებრაელების „ვეფხისტყაოსნის“ მთარგმნელი გაპონოვი, ასევე ბავშვობიდან მახსოვს ებრაელი ფოტოგრაფი, ჩიტი გამოფრინდებაო, ამბობდა ხოლმე…  მსუბუქი ყოფაქცევის ქალი – ფანფორა ფისოსთან ერთად…
მხატვრის სახელოსნოში ვათვალიერებ  სვანეთზე შექმნილ სერიას… ასევე „ძველი თბილისის“ ნახატებს… ქუთაისის  რიონის სანაპიროს.. ტუშით და კალმით იქმნება ორიგინალური ჩანახატები, კარლო ფაჩულიასეული თავისთავადი ხელწერით… როგორც რეზო ესაძემ თქვა,  ამ მშვენიერ სიჩუმეში და ცინცხალ სიწმინდეში… როგორც სალოცავი ხატის წინ, – აღმოვჩნდი… სავსე ვარ, რით? აბა, რა ვიცი, ეგ რომ ვიცოდე, ასეც არ ვიქნებოდი. როგორც ჩვილის შეხებისას თუ ცქერისას ჩნდება ღიმილი და ცრემლი ერთად“.
ახლანდელ თბილისში რას დახატავდით?
– არაფერს არ დავხატავდი, ახლა რომ აშენებენ, ის სახლები მომწონს, ძველი აშენებული სახლები ერთმანეთს ჰგავს, ახლებს კარგად აშენებენ…
ძველი თბილისი მხატვრისთვის უფრო საინტერესოა, 16-სართულიანები რა დასახატია, მე უფრო ადამიანებს ვხატავ, ეს უფრო საინტერესოა მხატვრისთვის… უამრავი ესკიზი გავაკეთე კიდეც.
დავხატე ქუჩაში მოვაჭრე, ასევე –  თბილისის კოლორიტი ნახალოვკელი მარინა…
ბატონი კარლო მეუღლის – ნინო ზაალიშვილის საბავშვო მოთხრობების წიგნს მიწვდის – „ანამარია, ჭიამაიას ჭრელ-ჭრელი ამბები“… მეუღლის გარდაცვალების შემდეგ გამოიცა ეს კრებული, მაკეტი სიცოცხლეშივე  გაკეთებული ჰქონია. კრებულს შვილიშვილებს – ბარბარესა და ქეთევანს უძღვნის…
ძნელია მეუღლის გარეშე ცხოვრება, სევდას და მარტოობას შემოქმედება და შვილიშვილები უქარვებენ.  შვილი ირაკლიც გრაფიკოსი და იურისტია სპეციალობით.  მანაც აკადემია დაამთავრა…
ახლახან კარლო ფაჩულიას მიერ გაფორმებული ახალი წიგნი გამოვიდა: რეზო ჭეიშვილის „შალიკო ხვინგიაძის თავგადასავალი“.
ხოლო როსტომ ჩხეიძემ დაწერა: კარლო ფაჩულია იმ მხატვრებს განეკუთვნება, წიგნს ჭეშმარიტი კრიტიკოსებივით რომ კითხულობენ და კარგად იციან თითოეული ნიუანსის ფასიო…  კარლო ფაჩულია ილუსტრატორიცაა და ინტერპრეტატორიც! ილუსტრატორიცაა და კრიტიკოსიც! ილუსტრატორიცაა და მწერლის მესაიდუმლეც!
„ინტერპრეტატორი, კრიტიკოსი და  მესაიდუმლეა „შალიკო ხვინგიაძის თავგადასავლის“ გაფორმების დროსაც, ასერიგად რომ გიზიდავს და კვლავ და კვლავ მიგაბრუნებს თავისკენ, მოთხრობის ჩამთავრების შემდეგ კი საგანგებოდ ჩაუკვირდები ნახატებს, სიხალისითაც რომ აღბეჭდილან, მომხიბლავი კომიზმითაც და ჩუმი, გაუმხელელი სევდითაც, და აქაც ვეღარ გაგიმიჯნავს, სად იწყება სევდა და სად – სიცილი“…
და ეს განცდაა სწორედ ჭეშმარიტი დღესასწაული, რომელსაც მხოლოდ და მხოლოდ დიდი მხატვრისაგან მოგვრილი განცდა ბადებს….

თამარ შაიშმელაშვილი


 

 

 

 

 

 

 

 

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები