ვლადიმერ მამონტოვი: აფხაზეთში 2008 წლის შემდეგ არ ვყოფილვარ

2008 წლის შემდეგ აფხაზეთში არ ვყოფილვარ და შესაბამისად, არც ოკუპაციის შესახებ კანონი არ დამირღვევია, – ამის შესახებ რუსმა ჟურნალისტმა, რადიოსადგურ „გოვორიტ მოსკვა“-ს გენერალურმა დირექტორმა ვლადიმერ მამონტოვმა „კვირასთან“ ინტერვიუში განაცხადა.
„ჯერ ერთი, მე აფხაზეთში არ ვყოფილვარ და მეორე, ჩემთვის არავის აუხსნია თუ რატომ არ შემომიშვეს 2009 წელს საქართველოში. ალბათ შევეშალე ვინმეში. მე ვიყავი აფხაზეთში, მაგრამ ეს კონფლიქტამდე, 2008 წლამდე იყო. ზუსტად წელი არ მახსოვს როდის ვიყავი, მაგრამ კარგად მახსოვს, რომ კონფლიქტი 2008 წელს მოხდა და მე მანამდე ვიყავი. ვლადიკავკაზში ნამყოფი ვარ და ცხინვალში – არასოდეს. ალბათ ვიღაცას ძალიან სურს, რომ საქართველოში არ შემომიშვას“, – განაცხადა ვლადიმერ მამონტოვმა.
რუსი ჟურნალისტი ვლადიმერ მამონტოვი ამჟამად საქართველოშია და მონაწილეობს სამხრეთ კავკასიის საერთაშორისო მედიაფორუმში.
შეგახსენებთ, რომ 2009 წელს ორი რუსი ჟურნალისტი – მაქსიმ შევჩენკო და ვლადიმერ მამონტოვი ქართველმა მესაზღვრეებმა საქართველოს აეროპორტში არ შემოუშვეს. მესაზღვრეებმა ამის მიზეზად მათ მიერ საქართველოს სახელმწიფო საზღვრის შესახებ კანონის მე–14 მუხლის დარღვევა დაასახელეს. მედიაში ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ შევჩენკო და მამონტოვი ანტიქართული განწყობებით გამოირჩეოდნენ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები