მათემატიკის სიყვარულით მწერლობაში – როგორ დაწერა მაია მახარაშვილმა „უცნაური რეტრომანის კოსმოსური ექსპერიმენტი“
საინტერესო, ბედნიერი, თანატოლების სითბოთი გამთბარი ბავშვობა ჰქონდა. მამა ფიზიკოსი იყო და სამეცნიერო ექსპედიციებში ხშირად დაჰყავდა. მაშინ დაიწყო ოცნება, წარმატებული მეცნიერი გამოსულიყო.
თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში 2 ფაკულტეტზე – კიბერნეტიკისა და გამოყენებითი მათემატიკის ფაკულტეტზე და საზოგადოებრივ პროფესიათა ფაკულტეტზე ერთდროულად სწავლობდა.
წერაც სწორედ მაშინ, სრულიად შემთხვევით დაიწყო და მას შემდეგ არ შეუწყვეტია…
3 წიგნის ავტორია. საინტერესოა გზა განვლო პოეტური კრებულიდან ფანტასტიკურ დეტექტივამდე…
ამბობს, რომ რომანი „უცნაური რეტრომანის კოსმოსური ექსპერიმენტი“ მისი ცხოვრებისეული დაკვირვებისა და ფანტაზიის ნაყოფია, წიგნის გზავნილი კი სამშობლოსადმი უსაზღვრო და უანგარო სიყვარულია.
ახლახან მარიკა ბარათაშვილის სახელობის პრემიითაც დაჯილდოვდა. მსახურობს შს სამინისტროში, დროის დეფიციტის მიუხედავად, წერას ერთგულად განაგრძობს და საინტერესო სამომავლო გეგმები აქვს. – მაია მახარაშვილის პერსონა.
– დავიბადე თბილისში, ტრადიციულ ქართულ ოჯახში. ჩვენს ოჯახში წიგნიერება და ქართული ზნეობრივ-სულიერი ფასეულობები უმთავრეს ღირებულებებს წარმოადგენდა. მეტად განსწავლული, კომპეტენტური და ღირსეული მშობლები მყავდა, ისინი ჩემთვის არა მხოლოდ მშობლები, არამედ ყველაზე დიდი და ახლო მეგობრებიც იყვნენ.
მამა მეცნიერი იყო, ფიზიკოსი, დედა – თანამდებობის პირი, ლექტორი ეკონომიკის დარგში.
ნაცნობ-მეგობრები მამას „მოსიარულე ენციკლოპედიას“ ეძახდნენ, დედას კი კოლეგები გამორჩეულად აფასებდნენ მაღალი პროფესიონალიზმის გამო. პიროვნული სისპეტაკითა და ადამიანური კეთილშობილებით მართლაც რომ სამაგალითო ადამიანები იყვნენ.
ხალხური გადმოცემით, ჩვენი გვარი სათავეს ჯერ კიდევ ჩვენს წელთაღრიცხვამდე იღებს, ამდენად, იგი გენეტიკურადაა ისტორიული მეხსიერების მატარებელი.
მიხარია და ვამაყობ, რომ საქართველოში ერთ-ერთი უძველესი და მრავალრიცხოვანი გვარის შვილი ვარ. მახარაშვილთა გვარის ჩვენი შტო ფესვებით ერის სათაყვანებელ, უძველეს სატახტოს, მცხეთას უკავშირდება. ჩემი მადლმოსილი წინაპრები სვეტიცხოველს ერთგულად ემსახურებოდნენ და მტრისაგან თავდადებით იცავდნენ.
ბედნიერი, უფროსების სიყვარულითა და თანატოლების სითბოთი გამთბარი ბავშვობა მქონდა.
მამას ხანგრძლივ სამეცნიერო ექსპედიციებში ხშირად აგზავნიდნენ და ზაფხულობით დედასაც და მეც თან წაგვიყვანდა ხოლმე, ამიტომ 3 წლის ასაკიდან სხვა ბავშვებისათვის უჩვეულო მოვლენებით დატვირთული, მეტად საინტერესო და ხალისიანი წლები გამოვიარე, რადგან შემეძლო ღრუბლების ფიზიკის შემსწავლელ მეცნიერთა ყოველდღიური და დაუღალავი შრომის საკუთარი თვალით ხილვა, ზემძლავრი ლოკატორების, ელექტრონულ-გამომთვლელი მანქანებისა და იმ დროისათვის უახლესი სამეცნიერო ტექნიკით აღჭურვილი კვლევითი ლაბორატორიების „თვალიერება“, ვერტმფრენისა და თვითმფრინავის სალონებში „სეირნობა“, ცნობილ საბჭოთა და უცხოელ მეცნიერ „ბიძიებთან“ „ინტელექტუალური საუბარი“…
ყოველივე ამან ჩემს ბავშვურ ცნობიერებაზე იმდენად იმოქმედა, რომ ვოცნებობდი მალე გავზრდილიყავი, რათა მეც წარმატებული მეცნიერი გავმხდარიყავი და ისეთი „ჭკვიანი მანქანები“ გამომეგონებინა, რომლებიც მთელ კაცობრიობას გააბედნიერებდა.
ბავშვობის მრავალი კეთილი და ლამაზი მოგონება სამუდამოდ ჩაიბეჭდა ჩემს მეხსიერებაში, თუმცა ყოველთვის განსაკუთრებული სიამოვნებით ვიხსენებ იმ მომენტებს, როდესაც მამა ძილის წინ ხმამაღლა მიკითხავდა ვაჟასა და გალაკტიონს, ან დედა მესაუბრებოდა ჩინური პოეზიის თავისებურების შესახებ.
– თბილისის კომაროვის სახელობის ფიზიკა-მათემატიკის საშუალო სკოლა დაამთავრეთ. ალბათ მამის გავლენით შეგიყვარდათ ფიზიკა?
– „კომაროვი“ დაარსებიდან დღემდე გამორჩეულია, როგორც განათლების ერთ-ერთ საუკეთესო კერა საქართველოში. სკოლაში ყველა საგანს ზედმიწევნით ღრმად გვასწავლიდნენ, განსაკუთრებული სიძლიერით კი ფიზიკა და მათემატიკა ისწავლებოდა. იმდენად საფუძვლიანი განათლება მოგვცეს, რომ სკოლის დამთავრების შემდეგ, უნივერსიტეტში ჩასაბარებლად მომზადებისათვის პირადად მე ე.წ. „რეპეტიტორების“ დახმარება არ დამჭირვებია.
რაც შეეხება ფიზიკის სიყვარულს… მართალია, მამა ფიზიკოსი იყო, მაგრამ მე ფიზიკა კი არა, ყოველთვის მათემატიკა უფრო მიყვარდა, თუმცა ფიზიკასაც სათანადოდ ვსწავლობდი.
მამა ამას კარგად ხვდებოდა და ზოგჯერ სინანულით შენიშნავდა ხოლმე, რომ მე, მისი შვილი, „ფიზიკასთან ჯეროვნად არ ვმეგობრობდი“. მამის მერიდებოდა, მაგრამ რა მექნა, შინაგანად უპირატესობას ყოველთვის მათემატიკას ვანიჭებდი. ვერ გეტყვით, რამდენად მართალია, თუმცა მსმენია, რომ ზოგადად, მათემატიკოსებს ფიზიკა ნაკლებად უყვართ…
– საინტერესო იქნებოდა თქვენი სტუდენტობა, თსუ ორი ფაკულტეტი დაგიმთავრებიათ – კიბერნეტიკისა და გამოყენებითი მათემატიკის ფაკულტეტი და საზოგადოებრივ პროფესიათა ფაკულტეტი. ასევე, იურისტ-ეკონომისტი და ფილოსოფოსიც ხართ… და მაინც რომელს ანიჭებთ უპირატესობას?
– პროფესია თავად ავირჩიე, ჩემზე ზეგავლენა არავის მოუხდენია. უნივერსიტეტში 2 ფაკულტეტზე ერთდროულად ვსწავლობდი: დილით — კიბერნეტიკისა და გამოყენებითი მათემატიკის ფაკულტეტზე, საღამოს — საზოგადოებრივ პროფესიათა ფაკულტეტზე.
კიბერნეტიკის ფაკულტეტი სწორედ იმიტომ ავირჩიე, რომ ჩემი ბავშვობის ზემოხსენებული, გულუბრყვილო ოცნებისათვის ხორცი შემესხა, რაც, სამწუხაროდ, ვერ შევძელი, რადგან ჩემგან დამოუკიდებელ მიზეზთა გამო, ჩემმა ცხოვრებისეულმა გზამ პირველ პროფესიას მომწყვიტა და სრულიად სხვა მიმართულებით წარმიძღვა…
ასევე მქონდა შემოთავაზება, მემუშავა სამეცნიერო დისერტაციაზე იურისპრუდენციის დარგში, სამწუხაროდ, ესეც ვერ შევძელი, ამ შემთხვევაში, მხოლოდ ფინანსური სახსრების უქონლობის გამო.
საზოგადოებრივ პროფესიათა ფაკულტეტზე ჰუმანიტარულ საგნებს (ისეთებს, როგორიცაა პოლიტოლოგია, დიპლომატიის ისტორია, ხელოვნების ისტორია და სხვ.) ზოგადი და მრავალმხრივი განათლებისათვის ვეუფლებოდი, მიმაჩნდა, რომ მხოლოდ ტექნიკური განათლების ჩარჩოებით არ უნდა შემოვფარგლულიყავი. იურისპრუდენციის შესწავლა იმიტომ გადავწყვიტე, რომ ძალოვან უწყებაში ვმსახურობდი და ეს ცოდნა ჩემს პროფესიულ კვალიფიკაციას წაადგებოდა. ეკონომიკისა და ფილოსოფიის სახით კი, როგორც საჯარო მოხელე, ადამიანთა საზოგადოებისა და სახელმწიფოს მდგრადობის საფუძვლებით დავინტერესდი. ცხადია, ყველა ეს ჩამოთვლილი მეცნიერებები მეტ-ნაკლებად შევისწავლე, იმ სიღრმით, რაც ჩემთვის სავალდებულოდ მიმაჩნდა.
ვერ გეტყვით, რომელ მათგანს ვანიჭებ უპირატესობას, ალბათ ჩემს შემეცნებით და მსოფლმხედველობრივ აზროვნებაში ყოველს თავისი განსაზღვრული ადგილი ენიჭება, თუმცა გამოგიტყდებით და, დღევანდელი გადასახედიდან, ზოგჯერ ვფიქრობ – ვინ იცის, იქნებ თავის დროზე სხვა არჩევანი რომ გამეკეთებინა, ჩემგან არცთუ ცუდი პუბლიცისტი გამოსულიყო…
– ამ ყველაფერთან ერთად, მუსიკალური განათლებაც გაქვთ – თბილისის N2 მუსიკალური სტუდიის შვიდწლედი დაამთავრეთ ფორტეპიანოს განხრით… ამავე დროს წერთ ლექსებს… როდის დაიწყეთ წერა და რა ადგილი უკავია მუსიკას თქვენს ცხოვრებაში?
– წერა სრულიად შემთხვევით, 17 წლის ასაკში, უნივერსიტეტში სწავლის პერიოდში დავიწყე. ბავშვობაში გულუბრყვილოდ მეგონა, ლექსების შეთხზვა მხოლოდ უფლის რჩეულ, განსაკუთრებულ, „არამიწიერ“ ადამიანებს შეეძლოთ და ამდენად, ლექსის, ან პროზაული ნაწარმოების, დაწერა აზრადაც არ მომსვლია, მიუხედავად იმისა, რომ სასკოლო პროგრამით გათვალისწინებულ საწერ დავალებებს, თხზულებების სახით, ყოველთვის წარმატებით „ვუმკლავდებოდი“.
პირველ კურსზე ვიყავი, როდესაც გავიცანი, ჩემი მაშინდელი წარმოდგენით, სავსებით ჩვეულებრივი, „მიწიერი“ გოგონა, რომელიც ლამაზ, ლირიკულ ლექსებს წერდა. გაკვირვებული დავრჩი და სწორედ მაშინ გავიფიქრე: „თურმე ლექსის წერა ჩვეულებრივ მოკვდავებსაც შესძლებიათ და ესე იგი, მეც შევძლებ- მეთქი!“.
მას შემდეგ ვწერ და უფალს ყოველ დღე მადლობას ვწირავ, რომ შემოქმედებითი უნარით დამაჯილდოვა.
მუსიკა ძალიან მიყვარს და ვარ კარგი მსმენელი. ყველა ჟანრის გემოვნებიან მუსიკას სიამოვნებით ვისმენ, მაგრამ განსაკუთრებით მიყვარს ხალხური, ქალაქური და კლასიკური მუსიკა, აგრეთვე ეთნო, ჯაზი, დისკო და როკ-ენ-როლი. დედას უნდოდა, პიანისტი გამოვსულიყავი, მაგრამ მე, ყველაფერზე საკუთარი აზრის მქონე ბავშვს, პიანინოსთან საათობით გაუნძრევლად ჯდომის პერსპექტივა დიდად არ მხიბლავდა.
ამის გარდა, მამა სრულიად ახალგაზრდა, 49 წლის ასაკში, მოულოდნელად გარდაიცვალა. მაშინ 14 წლის მოზარდი ვიყავი და მშობლის გარდაცვალებას მეტად მძაფრად და მტკინვეულად განვიცდიდი, გონზე მოსასვლელად საკმაოდ ხანგრძლივი დრო დამჭირდა. ინსტრუმენტთან მიახლოებაც კი მიჭირდა, მას შემდეგ დაკვრა ხანგრძლივი დროით შევწყვიტე და შედეგად საგრძნობლად გამიუარესდა საშემსრულებლო ტექნიკა… დასანანია, მაგრამ ახლა პრაქტიკულად აღარც ვუკრავ.
– როგორ ახერხებს მაია მახარაშვილი ტექნიკური საგნების და მწერლობის, ასე ვთქვათ, შეთავსებას?
– ტექნიკური საგნებისა და მწერლობის შეთავსებას შეგნებულად და გაცნობიერებულად ნამდვილად არ ვცდილობ, ეს ბუნებრივად, თავისთავად გამომდის… როგორც მწერალს, ტექნიკური განათლება მანიჭებს ბედნიერებას, მქონდეს სამყაროს ჩემეული ხედვა, მაძლევს საშუალებას, სიღრმისეულად აღვიქვა არსებული რეალობა და ობიექტურად შევაფასო საგნები, ფაქტები და მოვლენები.
– გამოეცით 3 წიგნი: პოეტური კრებული: „საქართველო მოიშუშებს იარებს“ (2011 წ.), პირველი ქართული ფანტასტიკური დეტექტივი, რომანი „უცნაური რეტრომანის კოსმოსური ექსპერიმენტი“ (2016 წ.) და პოეტურ-პროზაული კრებული „მივყვები მზეს და მომავალს“ (2016 წ.)… საინტერესოა გზა პოეტური კრებულიდან ფანტასტიკურ დეტექტივამდე…
– ჩემის აზრით, მწერალმა თავი ყველა ჟანრში უნდა მოსინჯოს.
– როგორც კრიტიკოსები ამბობენ, XXI საუკუნეში საქართველოში ფანტასტიკური დეტექტივის ჟანრის ფუძემდებლად ითვლებით. რას გვეტყვით თქვენს რომანზე, რამ განაპირობა დეტექტივის დაწერა?
– როდესაც პროზაული ნაწარმოების დაწერა გადავწყვიტე და შესაბამის მიმართულებას ვეძებდი, ეს ჟანრი სწორედ იმიტომაც ავირჩიე, რომ საქართველოში არც მკითხველთა შორის და არც მწერალთა წრეში პოპულარობით არ სარგებლობდა, ლიტერატურულ სიახლეს წარმოადგენდა და ამდენად, ავტორიტეტთა წინაშე თავს უხერხულად არ ვიგრძნობდი. თუმცა, გულწრფელად მოგახსენებთ, ნამდვილად ვერ წარმოვიდგენდი, თუ პირველი ავტორობის პრეროგატივა და პატივი სწორედ მე მერგებოდა, ილუზიები და პრეტენზია ნამდვილად არაფერზე მქონია, უბრალოდ დავწერე! სულ ეს იყო…
მოხარული ვარ, რომ რომანმა „უცნაური რეტრომანის კოსმოსური ექსპერიმენტი“ გამიკვლია გზა მწერალთა კავშირისაკენ. ნაწარმოები წარმოადგენს ჩემი ცხოვრებისეული დაკვირვებისა და ფანტაზიის ნაყოფს, მთლიანად სიუჟეტი და ყველა პერსონაჟი გამოგონილია და რეალურ ფაქტებს, ან გამოძიების მასალებს არ ეყრდნობა. წიგნის უმთავარესი გზავნილი კი სამშობლოსადმი უსაზღვრო და უანგარო სიყვარულია.
– ამჟამად მსახურობთ შინაგან საქმეთა სამინისტროში პოლიციის პოლკოვნიკის წოდებით. როგორ ახერხებთ დროის გამონახვას შემოქმედებითი საქმიანობისთვის?
– სამწუხაროდ, წერას სასურველი სიხშირით ვერ ვახერხებ. ვმუშაობ მხოლოდ სამსახურიდან თავისუფალ დროს – გვიან საღამოს, ან უქმე დღეებში. ლექსები ტრანსპორტით მგზავრობისასაც დამიწერია, პროზაული ნაწარმოებების სიუჟეტებზე კი ქუჩაში სიარულის დროსაც ვფიქრობ ხოლმე.
– „ობოლი გოგონას მამა – კაცი, რომელიც ყველას უყვარდა“ – ნაწილობრივ ავტობიოგრაფიულია. როგორ დაიწერა ეს ნაწარმოები?
– ნაწარმოების 95% ავტობიოგრაფიული ხასიათისაა, მასში რეალური მოვლენებია აღწერილი… მამას სურდა, მისი სამეცნიერო შრომები შემესწავლა და მისი უნიკალური კვლევებიც გამეგრძელებინა. დღემდე თავს დამნაშავედ ვგრძნობ, ფიზიკოსი რომ არ გამოვედი და მამის ოცნება არ განვახორციელე. ეს მოთხრობა ერთგვარი მონანიება და პატიების თხოვნაა, ჩემი სულმნათი მშობლების ხსოვნის წინაშე ქედის მოხრა და მათთვის ჯეროვანი პატივის მიგება.
– ახლახან მარიკა ბართაშვილის პრემია მოგენიჭათ ნაყოფიერი შემოქმედებითი საქმიანობისთვის…
– ეს საპატიო პრემია ჩემთვის დიდი პატივი, სამომავლო ავანსი, მძიმე პასუხისმგებლობა და ნდობის გამართლების მოვალეობაა.
– თარგმნით ლექსებს და პროზაულ ნაწარმოებებს რუსულად… რომელ თარგმანს გამოარჩევდით?
– ჩემი შემოქმედების მთავარი თემა პატრიოტიზმია. ამ თვალსაზრისით შევარჩიე პირმშვენიერი და კეთილშობილი სოხუმელი ქალბატონის, შესანიშნავი მწერლისა და პოეტის, პატივცემული ნაირა მარშანიას მეტად ნათელი და კეთილი წიგნი „ადრე, თუ გვიან“, რომლის თარგმნაც ჩემს მოქალაქეობრივ მოვალეობად ჩავთვალე, რადგან წიგნი ქართულ-აფხაზურ ურთიერთობებს ეძღვნება და იმედია, სახალხო დიპლომატიას წაადგება.
– ვინ არის თქვენი ნაწარმოებების პირველი შემფასებელი?
– ჩემი ნაწარმოებების პირველი გულისხმიერი, მაგრამ მკაცრი შემფასებელი და პირუთვნელი კრიტიკოსი დედა იყო. მისი გარდაცვალების შემდეგ, უკვე ათი წელია, ახალ ნაწარმოებებს ჩემს მეგობრებსა და კოლეგებს ვუზიარებ ხოლმე, თუმცა ისინი დედასავით მკაცრად არ მაკრიტიკებენ… მიმაჩნია, რომ პროფესიონალური, ანუ ჯანსაღი, საგნობრივი, ობიექტური და კეთილმოსურნე კრიტიკა ლიტერატურის განვითარებისათვის აუცილებელია.
– ერთი ლექსი თქვენი შემოქმედებიდან…
– მინდა ვისარგებლო შემთხვევით და ლექსით გამოვხატო უდიდესი მოწიწება და სიყვარული ჩვენი სათაყვანებელი პატრიარქის მიმართ.
ს ა ნ ა მ შ ე ნ გ ვ ყ ა ვ ხ ა რ
ქვეყნად ურწმუნოთ თარეშის ხანად,
როს მძვინვარებდა ბოროტი ერში,
ქართლს მოევლინე მხსნელად და მამად,
ღვთივ კურთხეული ნინოს ჯვრით ხელში.
ნუგეშად მოგვეც ღვთის სიტყვის მადლი,
ტაძართ სიმრავლემ გვალხინა შვებად.
რწმენა – მხნეობის ფურცლებად ბარდნის,
შენ ლოცულობ და – გვმფარველობს ზენა.
გვმფარველობს, რადგან შენ გვყავხარ ბურჯად,
გვიტევებს ცოდვებს – შენი წყალობით.
ცხოვრებას კაცთა – ამ ცალმხრივ ქუჩას,
გვირაბებით და მღვრიე ღვარცოფით, –
შენ ანსპეტაკებ, აშენებ, ჰკურნავ,
რამეთუ ცისკრის მზესავით ბრწყინავ!
შენს ფერთხით ცოდვილთ პლანეტა ბრუნავს,
შენ ადუღაბებ ზეცას და მიწას…
სანამ შენ გვყავხარ კლდეთა და სახედ,
სანამ შენს სიტყვას ხატად ვიწამებთ, –
ხრიკით ვერავინ გვაცდუნებს ქართველთ,
ვერც ჩვენს კვალს წაშლის დედამიწაზე.
უფალს ვავედრებ პატრიარქს ჩვენსას, –
წილხვედრი ჯვარი ეზიდოს მძიმე!
საწუთროს მღვიმე ხმას წამგვრის ლექსად
და დამანათლებს მომავლის იმედს…
– ჰობი…
– ქართული დამწერლობის წარმოშობის შესახებ მასალების შეგროვება.
– სამომავლო გეგმები… რაზე მუშაობთ?
– ამჟამად პარალელურ რეჟიმში ვმუშაობ 3 ახალ წიგნზე: ვწერ ლექსებს ქართულენოვანი და რუსულენოვანი პოეტური კრებულებისათვის და ვაგროვებ მასალებს ქართულენოვანი რომანისათვის, რომლის სიუჟეტური მონახაზიც უკვე მოფიქრებული მაქვს. მუშაობას წლის ბოლომდე დავასრულებ, მაგრამ თუ როდის შევძლებ წიგნებად გამოცემას ნამდვილად ვერ გეტყვით, რადგან ეს სხვადასხვა ფაქტორზეა დამოკიდებული.
დიდ მადლობას მოგახსენებთ პირადად თქვენ და თქვენს შესანიშნავ პორტალს ჩემი პიროვნებითა და შემოქმედებით დაინტერესებისათვის. ღვთის წყალობას და შემოქმედებით წარმატებებს გისურვებთ!
თამარ შაიშმელაშვილი