„ყოველ ნაბიჯზე ვპოულობ სიყვარულს“… – საქართველოს დესპანი და უსაზღვრო გულშემატკივარი სომხეთში

 კახეთში, წნორში დაიბადა და გაიზარდა. შემდეგ ისე მოხდა, რომ სტუდენტობისას გაიცნო მომავალი მეუღლე, ერევანიდან. 1985 წლიდან ერევანში ცხოვრობს ოჯახით…
სომხეთის ქართული სათვისტომო „ივერიის“ ვიცე-პრეზიდენტია,  ერევნის საკვირაო სკოლაში ქართველ და სომეხ მოსწავლეებს ქართულ ენასა და ლიტერატურას ასწავლის და ქართული სათვისტომოს გაზეთის სარედაქციო კოლეგიის წევრია.
მრავალი იდეის ავტორი და სულისჩამდგმელი სომხეთის „პატარა საქართველოში“. ამბობს, რომ
იცავს ძირძველ ქართულ ტრადიციებს, ფესვებს, რომლებიც  საუკუნეებს სწვდება და გულში სათუთად ინახავს ღვთისმშობლის წილხვედრი მიწის სითბოს.
ვცდილობ, საქართველოს დესპანად წარვდგე იმ ქვეყანაში, სადაც საკუთარი შვილივით მიმიღეს და უკვე 31 წელია ვცხოვრობ“…
წერს ლექსებს, თარგმნის… სიტყვით და ფიქრებით შორეულ საქართველოს ეფერება და მონატრებას იკლავს… –
პოეტ ნინო სპანდერაშვილის პერსონა.

 

– დავიბადე და გავიზარდე კახეთში. დავამთავრე წნორის მე-3 საშუალო სკოლა. მქონდა ბედნიერი ბავშვობა და დღემდე ჩემი ცხოვრების ყველაზე ლამაზ პერიოდად მიმაჩნია. სკოლაში წარჩინებით ვსწავლობდი, ყოველთვის ბევრი მეგობარი მყავდა,  ვმეგობრობდი რაიონის ყველა სკოლის მოსწავლეებთან,  მეზობლებთან, კლასელებთან, მეტწილად  ბიჭებთან. ისინი თავისიანად მთვლიდნენ და მენდობოდნენ. პატივისცემას და შექებას ვიმსახურებდი მასწავლებლებისგანაც.  განსაკუთრებით მიყვარდა მათემატიკა და ამ საგნის მასწავლებელი ნანი ჭაბაშვილი. ჩემი ხუთოსნობის მიუხედავად, ვაწყობდი „შატალოებს“. ერთხელ რამდენიმე მეგობართან ერთად დავგეგმეთ და დილიდანვე მთელი კლასი არ გამოცხადდა სკოლაში.  ფეხით ავედით წნორიდან სიღნაღში  წმინდა ნინოს მიერ განვლილი გზით, გზადაგზა დავათვალიერეთ ყველა ეკლესია, რომლებსაც ახლად ჰქონდა რესტავრაცია ჩატარებული მაშინდელი ერთ-ერთი ოლიგარქის შემოწირულობებით. ასევე,  ბავშვები ხევით გავაპარე და ჩავშალე კომკავშირის კრება, რომელიც რთვლების დროს ვენახებში უნდა ჩატარებულიყო.
მე-9-10 კლასებში  კვირაში ერთხელ დავდიოდით სასწავლო-საწარმოო კომბინატში და ხალიჩების ქსოვას ვსწავლობდით. მართალია მას შემდეგ ხალიჩა არ მომიქსოვია, მაგრამ სწორად მიმაჩნია, რომ ბავშვი სწავლასთან ერთად ხელობასაც ეუფლება.
ბავშვობაში ძალიან მიყვარდა კითხვა, სოფლის ბიბლიოთეკის ხშირი სტუმარი ვიყავი. ჩემი ოჯახის ყველა წევრის სახელზე გამომქონდა წიგნები, ელვისებური სისწრაფით ვკითხულობდი და ვადაზე ადრე ვაბარებდი. ალბათ ამითაცაა განპირობებული, რომ საქართველოს ფარგლებს გარეთ 34 წლის ცხოვრების მიუხედავად, მშობლიურ ენაზე ვმეტყველებ და ვწერ უწინდებურად.
სტუდენტობა… ორი სპეციალობა გაქვთ…
– სწავლა სტავროპოლის მხარეში, პიატიგორსკში განვაგრძე. ჩემი პირველი სპეციალობით საზოგადოებრივი კვების ტექნოლოგი და ორგანიზატორი ვარ. მეორე დიპლომით ქართული ენისა და ლიტერატურის სპეციალისტი.
პიატიგორსკში საინტერესო სტუდენტური ცხოვრება მქონდა, ვსწავლობდი საღამოს დასწრებულზე, დღისით ვმუშაობდი საავიაციო-სამხედრო ქარხანა „იმპულსში“, ამავდროულად ვასწრებდი აერობიკაზე სიარულს და შაბათ-კვირას დავდიოდი ლაშქრობებზე.
დავლაშქრე ხუთივე მთა, რაც გარს არტყავს კავკასიის მინერალური წყლების ქალაქებს. მახსოვს, 23 თებერვალს (მაშინ საბჭოთა არმიის დღე აღინიშნებოდა) ბეშტაუს მთა დავლაშქრეთ და ვიმპელი დავდგით მწვერვალზე. ძალიან ცივი, თოვლიანი და ქარიანი ამინდი იყო. ხელის პატარა მონაკვეთი მომეყინა ხელთათმანსა და ქურთუკის სახელოს შორის. მწვრთნელს ძალიან ვუყვარდი, თუმცა ჩემს ფიზიკურ მომზადებას იწუნებდა. ერთხელ ყაბარდო-ბალყარეთის თაფლიან ჩანჩქერებზე ორდღიანი ლაშქრობის შემდეგ, ფეხები საერთოდ გამიჩერდა, მაგრამ ამას არ შევუშინებივარ. მეშინია უმოქმედობის, როცა დღე ნაკლებად მაქვს დატვირთული ან არაფერს ვაკეთებ.
1985 წლიდან ერევანში ცხოვრობთ… როგორ გაიცანით მეუღლე…
– სწავლის პერიოდში სომეხ გოგონებთან ერთად ვცხოვრობდი, ერთმა მათგანმა ახლად გაცნობილი თავისი თანამემამულეები მოიწვია, რომლებიც ერევნიდან იყვნენ სასწავლებლად ჩამოსული. მათ შორის იყო ჩემი მომავალი მეუღლეც და განსაკუთრებული სითბოთი იხსენებდა  ჯარის ქართველ მეგობრებს, რომლებისგანაც რამდენიმე ქართული სიმღერა ესწავლა. მან აკორდეონის აკომპანიმენტით ქართულად იმღერა. მოვიხიბლე მისი გულწრფელი აღტაცებით და უცხო ერის დაფასებით. სწორედ ქართველებისადმი  მის მიერ გამოჩენილი პატივისცემა და სიყვარული დაედო საფუძვლად ჩვენს დაახლოებას.
შემდეგ უფრო დეტალურად დავინტერესდით ერთმანეთის ისტორიით, კულტურით. ერთმანეთს ვუკითხავდით ეროვნული პოეზიის ნიმუშებს,  მე – ქართულად ის – სომხურად, შემდეგ ვთარგმნიდით სსრკ-ში მიღებულ ინტერნაციონალურ ენაზე.  ინტერესი მალე სიყვარულში გადაიზარდა. 1985 წელს ჯვარი დავიწერეთ ერევნის სურბ სარქისის ეკლესიაში, სადაც მღვდელს პირობა მივეცი, რომ მორჩილი პატარძალი ვიქნებოდი, თუმცა მისი შესრულება ხშირად მიჭირს. მყავს სამი ქალიშვილი და სამი შვილიშვილი. შვილები საქართველოში მოვნათლე, მართლმადიდებლები არიან, კარგად ფლობენ ქართულ ენას. შვილიშვილები, მცდელობის მიუხედავად, ჯერ ქართულად ვერ ლაპარაკობენ. ქართულად ჯერ მხოლოდ პატარა ილია მოვნათლეთ წნორის ილია მართლის ეკლესიაში.
–  რას გვეტყვით  სომხეთში  ქართულ დიასპორაზე?
– სომხეთში ქართული სათვისტომო „ივერია“ დაარსდა 1998 წელს ერევანში, მისი პირველი პრეზიდენტის აკადემიკოს თინათინ ასათიანის თაოსნობით. ამჟამად სათვისტომოს პრეზიდენტია ქალბატონი სვეტლანა ნამჩევაძე. სათვისტომომ, რომელიც 200-მდე წევრს ითვლის, გააერთიანა სომხეთში გაფანტული ქართველები და ქართული ფესვების მქონე სომხები. შემდეგ სათვისტომოსთან დაარსდა საკვირაო სკოლა. მისი პირველი მასწავლებელი იყო საქართველოს და სომხეთის მწერალთა კავშირის წევრი და მრავალი ჯილდოს მფლობელი მაყვალა გეურკოვა-სააკიანი.
საკვირაო სკოლაში ლიანა სამადალაშვილის ხელმძღვანელობით ტარდება ქართული ენისა და ლიტერატურის, სიმღერისა და ცეკვის გაკვეთილები. მოქმედებს ქართული ენის შემსწავლელი ორი საფეხური. მე მეორე საფეხურის მოსწავლეებს ვასწავლი ქართულ ენას. გვყავს როგორც ქართველი, ასევე სომეხი მოსწავლეები, ასაკი შეზღუდული არ არის. ქართული ენის სწავლებასთან ერთად მოსწავლეებს ვუნერგავთ საქართველოსა და ყოველივე ქართულისადმი სიყვარულს. ჩემი პედაგოგიური მოღვაწეობის დამსახურებად მივიჩნევ, როდესაც მოსწავლეები აღიარებენ, რომ ქართველების მიმართ უკეთესად განეწყნენ, ან არსებული სტერეოტიპები დავამსხვრიე (საქართველოსთან დაკავშირებით სხვადასხვა საკითხში).
2004 წლის სექტემბრიდან გამოდის სათვისტომოს გაზეთი „ივერია“, რომელიც მაყვალა გეურკოვასა და ნაირა ჭოველიძეს თაოსნობით შეიქმნა. გაზეთი სამშობლოდან შორს მყოფი ქართველებისათვის საქართველოს და ყოველივე ქართულის შესახებ ინფორმაციის მიღების საშუალებაა (სათვისტომოს წევრების უმეტესობა ხანდაზმულია და ინტერნეტით ვერ სარგებლობს).
გაზეთი „ივერია“ ორენოვანია, გამოდის ქართულ და რუსულ ენებზე, რადგან იგი საქართველოს ახალ ამბებს, კულტურულ და სპორტულ მიღწევებს, სათვისტომოს მიმდინარე საქმიანობას აცნობს არა მხოლოდ ქართული სათვისტომოს წევრებს, არამედ სომხეთის ოფიციალურ და არაოფიციალურ უწყებებს, სომხეთში მცხოვრებ ეროვნულ უმცირესობებს.
გაზეთი გამოდის ყოველთვიურად და მოიცავს 8 გვერდს. ამჟამად გამოიცემა 150 ტირაჟით. გაზეთს აქვს საინტერესო რუბრიკები, როგორიცა: „ქრონიკა“, „რელიგია“, „ტრადიციები“, „ცნობილი ქართველები“, „საქართველოს ისტორია“, „კულტურა“ და „სპორტი“, „სათვისტომოს წევრების შემოქმედება“ და „კალეიდოსკოპი“.
ამჟამად გაზეთის სარედაქციო ჯგუფი შედგება სამი წევრისგან: სვეტლანა ნამჩევაძე, ნინო სპანდერაშვილი, ნელი თორჩიანი.
გაზეთი 2008 წლიდან გამოდის სომხეთის მთავრობის ფინანსური დახმარებით, რაც არ არის საკმარისი და ვეძებთ დაფინანსების წყაროებს.
 სომხეთის ქართული სათვისტომო „ივერიის“ გამგეობის და რედკოლეგიის წევრი ხართ. 2014 წლიდან კი ვიცე-პრეზიდენტი…  სათვისტომოს შექმნის პირველი დღეებიდანვე მისი აქტიური წევრი ხართ თქვენს ქალიშვილებთან ერთად,  მრავალი იდეის ავტორი და სულისჩამდგმელი… წლების განმავლობაში უსაზღვრო გულშემატკივრობითა და პასუხისმგებლობით ეკიდებით სათვისტომოს საქმიანობას…
– „ივერია“, ანუ  „პატარა საქართველო“  სომხეთში,  ემსახურება ქართული თვითმყოფადობის შენარჩუნებას, ქართული კულტურის პოპულარიზაციას, არა მხოლოდ ტრადიციულ მეზობლურ-მეგობრული ურთიერთობების გაღრმავებას, არამედ რეგიონში სტაბილურობასა და უსაფრთხოებას, კავკასიის ხალხთა ერთიანობას, ახალგაზრდა თაობების დაახლოებასა და მეგობრობას, რაც თანამედროვე და მომავალი ურთიერთობების დონეს განსაზღვრავს.
„ივერია“ საქართველოს ელჩის მოვალეობას ასრულებს საზოგადოებაში,  მართავს ლექციებს ისტორიაში, რომელზეც  საქართველო და სომხეთი ერთ ისტორიის ნაწილად წარმოჩინდება, რეგიონი მოიაზრება ერთიანად, რასაც ემყარებოდა ჩვენი ისტორია და მომავალშიც უნდა დაემყაროს.
როგორც საქართველო კავკასიაში, ქართული სათვისტომოც სომხეთის რესპუბლიკაში მცხოვრებ ეროვნულ უმცირესობათა შორის ერთგვარ შემაკავშირებელ რგოლს წარმოადგენს. „ივერიის“ ორგანიზებით ჩატარდა არაერთი კონცერტი და სემინარი ეროვნულ უმცირესობათა მონაწილეობით, გამოიცა სრ-ში მცხოვრებ ეროვნულ უმცირესობათა შემოქმედების ალმანახი (2 ტომი).
„ივერია“ აქტიურად ეხმაურება საქართველოში მომხდარ მოვლენებს, რეგულარულად  მონაწილეობს ფესტივალებსა და კონკურსებში (ფესტივალი „ჩვენებურები“, კალიგრაფიის კონკურსი).
თავისი არსებობის 2 ათეული წლის განმავლობაში „ივერიამ“ განახორციელა მრავალი საქველმოქმედო პროექტი: დაეხმარა სპიტაკის მიწისძვრის შემდეგ ცენტრ „არალეზსა“ (ვანაძორი) და „წითელ ჯვარს“  ბავშვთა ფსიქოლოგიურ რეაბილიტაციაში, საზღვარგარეთელ კოლეგებთან ერთად ფინანსური დახმარება გაუწია ერევნის ცენტრ „ფაროსისა“ და „უნისონის“ ინვალიდებს, უზრუნველყო ეტლებით, სპეციალური ტრანსპორტით, დააარსა კომპიუტერული კლასები, სადაც წლების განმავლობაში  სწავლობდნენ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირები და მათი ოჯახის წევრები, მოიძია ფინანსები ინვალიდებისათვის ევროპის სხვადასხვა ქვეყანაში საერთაშორისო ფესტივალებზე მონაწილეობისათვის.
2008 წლის ომის შედეგად  დაზარალებულთათვის  სათვისტომომ შეაგროვა და გაგზავნა ტანსაცმელი და პირველი დახმარების ნივთები, გადაურიცხა თანხა თბილისში 13 ივნისის წყალდიდობის დროს დაზარალებულებს, ჩაატარა საქველმოქმედო კონცერტები სრ  სხვადასხვა სამხედრო ნაწილში, მათ შორის, სადაც ქართველი ჯარისკაცები მსახურობდნენ. ამჟამად ეხმარება ერევნის მოხუცთა სახლში მცხოვრებ ქართველ პენსიონერებს.
„ივერია“ ერევანში მცხოვრებ აწ გარდაცვლილ ქართველ პოეტსა და მხატვარ დიანა უკლებას წლების განმავლობაში ეხმარებოდა საკვები პროდუქტებითა და წამლებით, გამოსცა მისი ლექსების კრებული. ასევე გამოიცა წიგნები: მ.ა.აივაზიანის „გევორქ გრიგორიანი (ჯოტო)“, სათვისტომოს წევრების პოეტური კრებული „ჩვენი თბილისი“, ქართველ მწერალთა მოთხრობების კრებული „ჩემი და შენი საქართველო“, ნაწყვეტები ჭაბუა ამირეჯიბის ნაწარმოებებიდან (სომხურ ენაზე), ქართული ზღაპრები სომხურ ენაზე-თარგმანი მაყვალა გეურკოვა-სააკიანისა.
სათვისტომო ყოველ წელიწადს აღნიშნავს გიორგობას (23 ნოემბერი), შობა-ახალ წელს, აღდგომას, ანბანის დღესასწაულს.
მადლობა მინდა ვუთხრა საქართველოს ელჩს გიორგი საგანელიძეს, საქართველოს საელჩოს წარმომადგენლებს, ელჩის მეუღლეს  – ეკა ბაქრაძეს, ყურადღებისთვის, რომელიც ყველა ღონისძიებაზე გვესწრება და საკვირაო სკოლის ბავშვებს ნაძვის ხე და საჩუქრები გადასცა.
სათვიტომო 20 წლისაა… ეს იუბილე შემოდგომაზე უნდა აღვნიშნოთ. დიდ საღამოს ვგეგმავთ, ვიდეორგოლით, ბუკლეტებით და დახვეწილი საკონცერტო პროგრამით, რომელიც სათვისტომოს მიერ სომხურ-ქართული მეგობრული კავშირების გაღრმავებას მიეძღვნება 20 წლის განმავლობაში.
როდის დაიწყეთ ლექსების წერა?
სამშობლოდან შორს ყოფნამ, მშობლიური მიწა-წყლის და საყვარელი ხალხის მონატრებამ გზა ლექსებში გაიკვლია და ქართულ ჯვართან ერთად გულით ნატარები სიყვარულით ააჟღერა. პოეზიით ვახერხებ ყოველდღიური დატვირთული ცხოვრების რიტმისგან განტვირთვას. წლების განმავლობაში ჩემი ლექსები იბეჭდებოდა სათვისტომოს გაზეთ „ივერიაში“ და სხვადასხვა ჟურნალში. ლექსების ნაწილი შევიდა სომხეთში მცხოვრებ ეროვნულ უმცირესობების შემოქმედებათა ალმანახის პირველ და მეორე კრებულებში (2012-2014). ინგას უბნის კრებულებში, ასევე ჩემი ლექსი შევიდა ემიგრანტთა ლექსების კრებულ „სამშობლოს სურნელში“.
2014 წელს დიასპორის სამინისტრომ გამართა ემიგრანტ პოეტთა პოეზიის საღამო, სადაც გავიცანი შესანიშნავი ადამიანები: ხათუნა შავგულიძე, ზურაბ პაპიაშვილი და გიორგი მელუა. დავმეგობრდით და ხშირად ერთობლივ პოეზიის სააღამოებსაც ვაწყობთ.
პერიოდულად ვმონაწილეობ სხვადსხვა კონკურსში. 2014 და 2017 წლებში კონკურსში „ემიგრანტის წერილი“ (პროზის ნომინაცია) საუკეთესო ათეულში მოხვდა ჩემი ,,დაბრუნების შუქურა“ და „აღდგენილი ხიდი“ .
პოეზია ჩემი თავშესაფარია. ყოველდღიური დატვირთული ცხოვრების რიტმისგან განტვირთვას პოეზიით ვახერხებ. ასევე ვთარგმნი მსოფლიო პოეზიის ნიმუშებს ქართულად.
ჩემი ლექსების დიდი ნაწილი ეძღვნება ცხოვრების მამოძრავებელ ძალას – სიყვარულს, გრძნობას, რომელმაც ნაირის მიწაზე მომიყვვანა, აგრეთვე საფიცრად ქცეულ  სამშობლოს,  ცხოვრების საწყისს – დედას, რომლის მონატრება დედა  სამშობლოსგან შორს ყოფნის წუხილს უტოლდება და დაბრუნების იმედს უნერგავს შვილებს, ეძღვნება ცხოვრების ეტაპებს – წელიწადის დროებს და სხვ.
თქვენი ლექსების ქართულ და სომხურ ვარიანტებზე შექმნილია 7 სიმღერა…
– წლების წინ სრ მთავრობამ ეროვნული უმცირესობებისათვის სომხური ენის შემსწავლელი კურსები დააარსა და მეც დავეუფლე მეორე საფეხურს ენების ცენტრში. სწავლებისას ლექტორს გავუმხილე, რომ ლექსებს ვწერდი ქართულად. მან მოუსმინა ლექსების ჟღერადობას და შინაარსის გასაგებად ბწკარედის გაკეთება მთხოვა. ბატონმა ნვერ ვირაბიანმა თარგმნა რამდენიმე ლექსი სომხურად, იმავე ცენტრში მომუშავე კომპოზიტორ რიფსიმე ხრიმიანს წაუკითხა თარგმანები, რომელსაც მოეწონა ლექსების მუსიკალურობა და შექმნა მუსიკა.
ეს ყველაფერი ჩემგან საიდუმლოდ ხდებოდა და ერთ დღეს სიურპრიზი მომიწყეს. მესტუმრნენ შემსრულებლებთან ერთად საკვირაო სკოლაში და გამაოცეს. სიმღერები ყველამ მოიწონა. მე უფრო მეტად ადამიანური სითბო, ყურადღება და ჩემი გახარების მცდელობა დავაფასე. უღმესი მადლობა ბატონ ვირაბიანს ყველაფრისათვის. შემდეგ სომხური ასოებით ჩაწერილი ქართული ლექსები მივეცი კომპოზიტორს და მან ქართულ ტექსტებზეც დაწერა მუსიკა. სიმღერები შექმნილია, არსებობენ შემსრულებლები და სათანადო დაფინანსებით შეიძლება მისი ჩაწერა და შემდგომი ნაბიჯების გადადგმა.
თქვენი თარგმანები სხვადასხვა ჟურნალ-გაზეთში ქვეყნდება…  არგმნელთა კლუბის წევრი ხართ…
– 2014 წლიდან ვარ ფბ-ში არსებულ თარგმნელთა კლუბის წევრი, რომელიც ბატონმა ალექსანდრე ელერდაშვილმა დააარსა. აქ გადასათარგმნი მასალის შერჩევის შემდეგ ხდება მისი განხილვა. ტარდება მასტერკლასები. ხდება თარგმანების წარდგენა და შეფასება ანონიმურად. მომწონს კლუბში შექმნილი მეგობრული იუმორით აღსავსე ატმოსფერო, კლუბის ზოგიერთ წევრს რეალურ ცხოვრებაშიც დავუმეგობრდი და საქართველოში ჩამოსვლისას სიხარულით ვხვდებით ერთმანეთს. კლუბში თარგმნისას შევიძინე პოეტური თარგმნის ტექნიკა, დაიხვეწა ჩემი ქართული. ამის გარდა აზარტული პიროვნება ვარ და ყოველთვის მოუთმენლად ველი კონკურსის შედეგებს.
–  რომელი მწერლები თარგმნეთ? რას განიცდით თარგმნის პროცესში?
– ვთარგმნეთ მსოფლიო პოეზიის ნიმუშები სხვადასხვა ენიდან. თარგმნისას პოეტის ნათქვამი გულში უნდა გაატარო, განიცადო ის, რასაც პოეტი განიცდიდა წერის დროს და შეეცადო, რაც შეიძლება ორიგინალთან მიახლოებული ფორმით და ამავე დროს ქართველი მკითხველისათვის გადმოსცე.
ვცდილობ, თარგმანის ხარისხის გამო არ შევრცხვე, თუ იმ ქვეყნად ავტორს შევხვდები. ჩემი თარგმანები მთარგმნელთა კლუბის წარმატებულ თარგმანებს შორის ხვდება ხანდახან. ჩემი თარგმანები შევიდა თურქული პოეზიის თარგმანების  კრებულში, პოეტური თარგმანის ანთოლოგიაში. ძალიან მომწონს სომეხ პოეტების – პარუირ სევაკისა და ჰამო საჰიანის ლექსები და რადგან ორივე ენას სრულყოფილად ვფლობ მინდა გადავთარგმნო. მასალა შერჩეული მაქვს,  დროსთან ვერ ვმეგობრობ, სულ წინ მისწრებს და მაგვიანდება ,,მატარებელზე“.
–  ერთი ლექსი ან თარგმანი…

ფედერიკო გარსია ლორკა

მწარე სიყვარული

 ვშიშობ არ გაქრეს, დამეკარგოს შენს ნატიფ თვალთა,
ღვთაებრივ მზერის სასწაული გულში შთენილი,
სუნთქვა ღაწვებზე გადაშლილი უნაზეს ვარდად
იმ დაუვიწყარ ღამის კვალი შემორჩენილი.

 სხვადასხვა ნაპირს შევრჩით, მტანჯავს შენი სიშორე,
ვით უტოტებო ხე, გამხმარი, ვდგავარ ეული,
განაწამებ გულს მიღრღნის ჭია, ვერ მოვიშორე,
ვერსად მოვნახე სხვა საკვები მისთვის ჩვეული.

 თუ შენ ხარ ჯვარი, მე ჯვარცმულის ფიცით შეკრული,
ხარ საგანძური, უძვირფასეს ქვებით შემკული,
შენ პატრონი და მე კი ძაღლი – შენგან ხელკრული.

 მაშ, ნუ წამართმევ, რაც რომ უკვე მარგუნა ზენამ,
ჩემს მიტოვებულ შემოდგომას მიეცი ნება,
რომ მოგიკაზმოს სამყოფელი ფოთლთა ცვენამ.

-ჰობი…
– მიყვარს ცხოველები, ამჟამად მყავს ორი შავი, უზომოდ გრაციოზული კატა. მათზე ზრუნვა უდიდეს სიამოვნებას მანიჭებს. ხშირად ვაკვირდები მათ ქცევას და ვაკეთებ აღმოჩენებს. ამით ვინაზღაურებ ბუნებისა და ცხოველთა სამყაროსთან სიახლოვის დანაკლისს.
როგორი  ჩანს  საქართველო შორიდან?
– საქართველო ჩემი სამშობლოა და ადგილი, სადაც ბავშვობა გავატარე.  სწორედ მასთან დაკავშირებული ბავშვური ოცნებები და ცისარტყელის ფერები შემოვინახე ჩემს შემდგომ ცხოვრებაში.
ყველაზე დიდი ბედნიერებაა, როცა ადამიანებს უყვარხარ და უხარიათ, რომ მათ გვერდით ხარ, ან არსებობ. ამ სიყვარულს ვგრძნობ ყოველი ფეხის გადადგმისას და ვაფასებ. ელჩინ საფარლის სიტყვებია – ზოგი მთელი  ცხოვრება ელოდება ბედნიერებას, ზოგი მუდმივად ეძებს, ზოგი კი ყველგან პოულობს.  ყოველ ნაბიჯზე ვპოულობ სიყვარულს და ჩემთვის სწორედ ესაა ბედნიერება.  ჩემთვის ბედნიერებას წარმოადგენს ასევე ჩემი შინაურებისა და საყვარელი ადამიანების კარგად ყოფნა და სიახლოვე.
საქართველოს  ვუსურვებ აღორძინებას, გამთლიანებას, ქართველებს ვუსურვებ, რომ მუდამ ათბობდეთ იმედისა და რწმენის სხივი, იცხოვრონ  მათთვის  სასურველ საქართველოში.
სამშობლო და სიყვარული განუყოფელია, ქართველისათვის გაუსაძლისია უცხო ცის ქვეშ ცხოვრება. მაგრამ რადგან სხვა გზა არ არის, მეც ჩემი თანამემამულეების მსგავსად ვიცავ ძირძველ ქართულ ტრადიციებს, ჩვენს ფესვებს, რომლებიც  საუკუნეებს სწვდება და გულში სათუთად ვინახავ ღვთისმშობლის წილხვედრი მიწის სითბოს. ვცდილობ საქართველოს დესპანად წარვდგე იმ ქვეყანაში, სადაც საკუთარი შვილივით მიმიღეს და უკვე 31 წელია ვცხოვრობ.
–  ქართული ენის შენარჩუნებისა და სომხეთში მის პოპულარიზაციაში დიდი წვლილი მიგიძღვით, უკვე წლების განმავლობაში საკვირაო სკოლაში ქართულ ენას ასწავლით ეროვნებით ქართველ თუ სომეხ მოსწავლეებს. ჩვენთვის ცნობილია, რომ პირველი მოსწავლეები თქვენი ქალიშვილები იყვნენ…
– დიახ, ქართულ ენას თავისუფლად ფლობს ჩემი სამივე ქალიშვილი, რომლებიც ქართული „იავნანითა“ და ზღაპრებით გავზარდე.
ირგვლივ არიან ადამიანები, რომლებიც გვილამაზებენ ცხოვრებას. ბედნიერი ვარ, როცა მეუბნებიან, რომ ჩემი დახმარებით, ჩემგან მიღებული ცოდნით, ვინმეს ცხოვრება შეიცვალა უკეთესობისაკენ, უფრო რეალიზებული გახდა. არასოდეს დამავიწყდება ერთი სომეხი ქალიშვილის სამადლობელი სიტყვები, რომ მე სტერეოტიპები დავამსხვრიე და ჩემთან ურთიერთობის შემდეგ მთელი ქართველობისადმი უკეთესად არის განწყობილი. ეს ჩემთვის ძალიან ღირებულია. ყველას გვჭირდება ვისწავლოთ მოყვასის სიყვარული და ურთიერთნდობა, სხვისი ტკივილისა და სიხარულის გულთან მიტანა, კეთილი სიტყვის თქმა და მადლიერების გამოხატვა.
– 1987 წელს ერევანში დაარსდა ქართული ეკლესია…
– 1987 წელს, სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქის, ილია მეორეს კურთხევით, ერევანში დაარსდა იესო ქრისტეს ამაღლების სახელობის ქართული ეკლესია. რომლის წინამძღვარია მღვდელი ალექსანდრე შკარბანენკო.
ეკლესია ერევანთან ახლოს, ქალაქგარეთ დაარსდა. იქ ძველი შენობა იყო  და დაიწყო ფუნქციონირება… მღვდელი რუსია და წირვა – ლოცვა რუსულად ტარდება, მაგრამ ეკლესია საქართველოს ეპარქიას ექვემდებარება, ქართული ხატები გვაქვს და ქართულ საეკლესიო დღესასწაულებსაც ვზემობთ.
ისე  კარგი იქნებოდა, რომ ერევნის ცენტრშიც გამონახულიყო ადგილი ეკლესიისთვის. ამაზე საუბრები იყო… თუმცა უშედეგოდ…
ცხოვრება ეგრეთ წოდებული ბალანსია. კარგი-ცუდი, ცუდი-კარგი. ადამიანი სწორედ იმით ფასდება, თუ რამდენად ღირსეულად გადაიტანს განსაცდელს. უნდა გვახსოვდეს, რომ უფალი არ მიგვატოვებს, ლოცვით უნდა მივყვეთ მის გზას, ვიდრე ისევ არ შემოვა უფლის სინათლე. ამას გვიქადაგებს ჩვენი ეკლესიის წინამძღოლი მამა ალექსანდრე, რომლის წყალობითაც ქრისტეს ამაღლების სახელობის მართლმადიდებულ ტაძარში ყოველი მომხვედრი ძლიერდება რწმენაში, თავისუფლდება სულიერი მანკიერებისგან და პოულობს  სულის სიმშვიდეს.

 

P.S. ვამთავრებ ინტერვიუს და ფიქრი მეძალება: რატომ უნდა იყოს ჩვენი მთავრობისგან თითქმის უყურადღებოდ დარჩენილი ქართული დიასპორა აქვე ახლოს, მეზობელ სომხეთში?  რატომ არ უნდა იჩენდნენ თანადგომას დიასპორის კულტურული ღონისძიებებისთვის და თუნდაც გაზეთისთვის?
ევროპისკენ ლტოლვა გასაგებია და ვინ არის ამის წინააღმდეგი, მაგრამ აქვე, ძალიან ახლოს ჩვენი თანამემამულეები გვავიწყდება, რომლებიც ქართულ წიგნებს, სიმღერას, სიტყვას, ყოველივე ქართულს დანატრებულები არიან… და საქართველოს ხელისუფლებიდან მათთან არავინ ჩადის! არც რომელიმე პროექტის მონაწილეები, თუნდაც მწერლები, პოეტები, რომ ჩაიტანონ იქ საკუთარი წიგნები და წაიკითხონ ნაწარმოებები… განა ამის გაკეთება ასე ძნელია? ეს ურთიერთობები თითო-ოროლა ადამიანის პირადი სურვილებით ყალიბდება მხოლოდ.
სათვისტომო ელოდება ეროვნული ბიბლიოთეკის დაპირებას და  ქართული წიგნის კუთხის გახსნას, ელოდება ქართულ ლიტერატურას… ელოდება ქართველ მწერლებს, ხელოვნებისა და კულტურის მოღვაწეებს… იმედია, დაპირება სიტყვად არ დარჩება და მალე საქმედ გადაიქცევა.

თამარ შაიშმელაშვილი

 

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები