„წერას ვარ ატანილი”… – როგორ მოხვდა ციცინო გრატიაშვილი ზუსტად „იქ“, სადაც უნდა მოხვედრილიყო
რუსთავში დაიბადა… წერა 43 წლის ასაკში დაიწყო. მანამდე ხატავდა… მოგვიანებით მიხვდა, ხატვა მისი საქმე არ იყო… მაგრამ ხატვამ წერა დააწყებინა, თურმე წლების განმავლობაში ემზადებოდა, რომ პროზაული ქმნილებანი დაბადებულიყო …
ორი წიგნის ავტორია. ამზადებს მოთხრობების ახალ კრებულს და სამ რომანზე ერთდროულად მუშაობს… – მწერალ ციცინო გრატიაშვილის პერსონა.
– ინტელექტუალური სანათესავო, ანუ დიდი ოჯახი მყავდა. დედა, დორა გრატიაშვილი საბავშვო პოეტი, ბიძა მსახიობი იყო, დეიდები კი ქართული ხალხური, და არა მხოლოდ, სიმღერების პროფესიონალური შემსრულებლები იყვნენ.
მხატვარმა ბაბუამ, მეორე მსოფლიო ომის შემდეგ, გაჭირვების დროს მღებავობა დაიწყო. უგანათლებულესი კაცი იყო. ბებია, ანასტასია მწიგნობარი, რომელმაც კითხვა შეგვაყვარა და მთავარის დანახვა ნაწარმოებში…
სკოლის პერიოდი არაფრით იყო განსაკუთრებული, გარდა იმისა, რომ, დღევანდელ სკოლებთან შედარებით, ყველამ ვიცოდით მათემატიკა, ქართული, უცხო ენა… მეტ-ნაკლებად, მაგრამ ყველამ ვიცოდით.
– წერა 43 წლის ასაკში დაიწყეთ…
– ძალიან არასერიოზულ საქმედ მივიჩნევდი იმის გაკეთებას, რასაც პროფესიონალურად ვერ აკეთებ. მერე მივხვდი, უნდა გააკეთო, რისი სურვილიც გაქვს და ზოგი პროფესიონალურად გამოვა, ზოგი არაპროფესიონალურად.
– სანამ წერას დაიწყებდით, ხატავდით…
– 1992 წელს, როცა დაიწყო ინფლაცია და დადგა დიდი გაჭირვების პერიოდი, უმუშევრობამ ზენიტს მიაღწია, რამე ხომ უნდა გაგეკეთებინა ადამიანს? გადავწყვიტე, ხალიჩების, ფარდაგისა და გობელენის ქსოვა მესწავლა. ხუთ გაკვეთილში ვისწავლე. მასწავლებელმა მითხრა, თუ ესკიზის ავტორი არ ვიქნებოდი, მხოლოდ შემსრულებლად დავრჩებოდი.
ვინაიდან მაქსიმალისტი ვარ, გადავწყვიტე, ხატვა დამეწყო. სიძე, ქალიშვილის მეუღლე მხატვარი მყავდა. ვთხოვე, საღებავები მოეცა. მერე მომეწონა. ოთარ ჩხარტიშვილმა, რომელიც ჩემი სიძის ახლობელი იყო, სტუდიაში დამსვა. მომეწონა, რაც მართალია, მართალია.
საქართველოს მხატვართა გაერთიანებაში აბრეშუმის ქსოვილის ესკიზებით მიმიღეს. მერე ეს გაერთიანება დაიშალა. ოთარ ჩხარტიშვილის სტუდიაში ვსწავლობდი ხატვას. საოცარი კაცი, დიდი მხატვარი იყო…
ახლა აღარც ვქსოვ და აღარც ვხატავ. მოსკოვში არბატზე იყიდებოდა ჩემი ნახატები…
როცა წერა დავიწყე, მივხვდი, ის ხატვაც იმისათვის მინდოდა, მხატვარზე რომ მოთხრობა ნორმალური ყოფილიყო. ხატვა ჩემი საქმე არ არის…
– ახლა არც ქსოვთ და არც ხატავთ… მხოლოდ წერთ…
– ხანდახან მომინდება ხოლმე ხატვაც და ქსოვაც, მაგრამ, შეიძლება ასე ითქვას, „წერას ვარ ატანილი”…
– ორი წიგნის ავტორი ხართ. მხატვრების იუმორები და მოთხრობების კრებული. მხატვრების იუმორის წიგნი როგორ დაიწერა?
– მხატვართა გაერთიანება „ნიკომ” ეროვნულ გალერეაში გამოფენა მოაწყო. გამოფენისთვის ვარჩევდით ნამუშევრებს. ნამუშევრების შესარჩევ კომისიაში ვიყავი, ბევრი საინტერესო და სახალისო მომენტი იყო. ვინაიდან არ დაგვიფინანსეს კატალოგი (ცუდი დრო იყო), ერთჯერადი გაზეთი გამოვეცით.
გაზეთში შევიდა ჩემი შეკრებილი იუმორისტული ჩანაწერები მხატვრებზე, რაც ხდებოდა გაზეთის გამოცემისას და ნამუშების შერჩევის დროს.
– რომელი იყო პირველი პროზაული ნაწარმოები?
– პირველი მოთხრობა იყო „ქოთანი”. ერთმა ჩემმა მეგობარმა, რობა ხალაძემ მთხოვა მოთხრობა ჟურნალისთვის. იცოდა, ჩემი მინიატიურა: „როდესაც აღარ გეყვარები…“ საქართველოში ზეპირადაც კი იცოდნენ და ეგონა, საერთოდაც ვწერდი.
გადავწყვიტე, დამეწერა. შემრცხვა, მოთხრობა რომ არ მქონდა და დავწერე…
ოცი წელი გონებაში ტრიალებდა: „კი არ აიტანა, რომ იტყვიან, ძლივს აათრია ქოთანი ტროლეიბუსში…” – მოთხრობა ამ წინადადებით დავიწყე და როგორ დავამთავრე, ვერ გეტყვით, თითქოს ვიღაც მკარნახობდა…
ერთ დღეში დავასრულე, დილით დავიწყე, დავწერე, სუფთად გადავწერე და სასვენი ნიშნებიც კი არ შემისწორებია. როცა წავიკითხე, ძალიან გამიკვირდა.
მახსოვს, რამხელა ფიზიკური ენერგია წავიდა ამ ერთი მოთხრობის დაწერაში. სასიამოვნოდ უზომოდ დაღლილი ვიყავი.
ასე დავიწყე. მერე მივხვდი, ზუსტად „იქ“ მოვხვდი, სადაც კარგად ვგრძნობდი თავს…
– რუსთავში დაიბადეთ, მაგრამ კახეთში გაქვთ ფესვები… გრატიაშვილები დიდი და ცნობილი გვარია…
– გრატიაშვილები ძლიერი და ცნობილი გვარია. თან, ძირითადად, ვაჟები იბადებიან. ჩემს მოდგმაში (ანუ, ჩემი დიდი ბაბუის განაყარში) ყველა დაბადებული გოგო გარდაიცვალა, მე ვიყავი პირველი გოგო, რომელიც გადავრჩი და ჩემს შემდეგ უკვე სხვა გოგონებიც გაიზარდნენ.
– თანამედროვე მწერლობაზე გკითხავთ. ლექსს ბევრი წერს, მაგრამ ხშირად გამიგია, რომ პროზას უჭირს, ეთანხმებით?
– მაქვს წერილი ამის შესახებ. უჭირს რომელია! ძალიან უჭირს. არ ვეთანხმები იმ აზრს, რომ რაც ხალხს მოსწონს, ის უნდა წერო. მე მგონი, პროზა და კინემატოგრაფია ის უნდა იყოს, რაც ხალხს რაღაც კარგს ასწავლის.
– როგორ შეაფასებდი 21-ე საუკუნის ქართულ პროზას? როგორ ფიქრობთ, რატომ არ იწერება ეპოქალური რომანები?
– ქართულ პროზას კარგად არ ვიცნობ. დიდხანს ვიყავი ემიგრაციაში და რა ხდებოდა აქ, არ ვიცი. აკა მორჩილაძე უყვართ კარგ მკითხველებს.
რასაც მე ვკითხულობ, მათგან რამდენიმე ძალიან კარგი პროზაიკოსია, თუმცა, რატომღაც, ჩრდილში არიან.
მე, ძირითადად, კაცი ავტორების ნაწარმოებები მირჩევნია, თუმცა, კარგი ქალი ავტორებიც არიან. მაგრამ მათი რიცხვი ძალიან ცოტაა. ანუ, ავტორებიც ცოტაა და ვინც არის, ისინიც ცოტას წერენ. მგონი, ავტორს ცოტა სტიმულიც სჭირდება მკითხველებისგან. აღიარებაც. სხვანაირად, კარგი პროზაიკოსი შეიძლება დაიკარგოს.
– ჯილდოები…
– ლიტერატურულ კონკურსზე “ლიტბუნიობა” ჩემი “სამოვარი” კონკურსში გავიდა. ჟიურის შემადგენლობა ისეთი მკაცრი იყო, ლამის უკან გამოვითხოვე მოთხრობა. “ნოშრევანა” ჟურნალ „ანეულის“ მიერ ჩატარებულ რევაზ ინანიშვილის სახელობის „ერთი მოთხრობის“ კონკურსზე მეორე ადგილზე გავიდა.
– თქვენი ცნობილი ნოველის – „ნოშრევანას“ გმირი ნამდვილად არსებობს…
– “ნოშრევანა” ნამდვილად არსებობს. ჩემი წიგნის წარდგენაზეც მყავდა მოწვეული მეუღლესთან ერთად. ზუსტად მასე იყო ყველაფერი, მცირე ცვლილებებით. ყველა ველოდებოდით ნოშრევანას, როცა გვეგონა, რომ გარდაიცვალა. უბრალოდ, დაწერა უნდოდა იმას, რაც ხდებოდა.
– ოჯახი, შვილები…
– ორი ქალიშვილი მყავს. სამი შვილიშვილი. ძირითადად, არც ერთი არ წერს, მაგრამ თუ რამის დაწერა მოუნდებათ, კარგად წერენ. უმცროსმა ქალიშვილმა კონკურსისთვის “ასი სიტყვა”, სამჯერ გააგზავნა მასალა და სამჯერვე წიგნში შევიდა. უფროსი ბელგიელის მეუღლეა, დიასახლისია, ექვსი ენა იცის: ისტორია, ლიტერატურა, ფსიქოლოგია. კარგი კულინარია და კერავს.
– რაზე მუშაობთ, გეგმები…
– ახალ წიგნს ვამზადებ გამოსაცემად. უფრო სწორედ მოთხრობების კრებული ცოტა ნაჩქარევი გამომივიდა იმ “უბრალო” მიზეზით, რომ ჩემი “ეშმაკი და ანგელოზი” , რომელიც 2000 წელს დაიწერა, ვიღაცას ჰქონდა მითვისებული. ამან გადამაწყვეტინა, წიგნი დამეჩქარებინა. ალბათ ხელმეორედ გამოვცემ დამატებებით.
სამი რომანის თემა მაქვს. დავიწყებ წერას, შევწყვეტ, კიდევ დავიწყებ, კიდევ შევწყვეტ და ასე შემდეგ. კიდევ ორი ათეული მოთხრობაა ბოლომდე მისაყვანი…
თამარ შაიშმელაშვილი