„გული მწყდება, რომ საქართველოში ჩამოსასვლელად საზღვრის გადაკვეთა გვიწევს“…

მისმა ბავშვობამ ჰერეთში გაიარა. ქართული ენა და საქართველო კი, მშობლებთან ერთად, ბებიამ და პაპამ შეაყვარეს მაშინ გაიგო, დედასამშობლოს მოწყვეტილ საქართველოს მიწაზე რატომ იყვნენ უცხოებად ქცეულ
სამედიცინო უნივერსიტეტდამთავრებულს გული სტკივა, რომ  ახალგაზრდობა საინგილოს სხვადასხვა მიზეზის გამო ტოვებს. ამბობს, რომ გამოსავალი ერთია, საქართველომ უფრო მეტი ყურადღება უნდა მიაქციოს ჰერეთის ქართველებს. – მარიამ ზურაბაშვილის პერსონა.

– როცა ბავშვობაზე ვფიქრობ, პირველ რიგში, სკოლაში წასვლის სამზადისი მახსენდება… მაშინ პირველი კლასის პედაგოგებმა დაახლოებით იცოდნენ, ვინ უნდა მისულიყო იმ წელს სკოლაში და სახლში აკითხავდნენ ბავშვებს, ერთი კვირით ადრე და სიას ადგენდნენ…. ჩემთანაც მოვიდა აზერბაიჯანული და ქართული სექტორის ორივე მასწავლებელი… ყველამ იცოდა, რომ ქართულ სექტორში წავიდოდი და აზერბაიჯანული სექტორის ხსენებაც არ უნდა ყოფილიყო… მხიარულად შევხვდი მასწავლებლებს, მიხაროდა, რომ გავიზარდე და სკოლაში მივდივარ, ქართულ სკოლაში!
და ამ დროს აზერბაიჯანული სექტორის მასწავლებელი მეუბნება, რომ უკვე აზერბაიჯანულ სექტორში ჩაგწერე  და ვერაფერს ვეღარ შევცვლიო…
ჯერ დედას გავხედე, მინდოდა ღიმილი დამენახა, ღიმილი, რომლითაც მივხვდებოდი, რომ მატყუებდნენ, მაგრამ დედა სრული სერიოზულობით მიყურებდა, მერე მასწავლებლებს გავხედე და თითქმის დავიკივლე: არავითარ შემთხვევაში, მე ქართულად უნდა ვისწავლო… მერე მათ სახეებს დავაკვირდი და მათ სახეებზეც რომ ვერ შევნიშნე ღიმილი, ჯერ ერთი თვალიდან ჩამომისრიალდა ცრემლი, მერე – მეორიდან და ბოლო ხმაზე ტირილი დავიწყე… ბოლო ხმაზე ვტიროდი,  არ მინდა აზერბაიჯანული-მეთქი და ვეღარ მაჩუმებდნენ, ხუთჯერ მაჩვენეს ჟურნალი, სადაც ლამაზი ქართული ასოებით ჩემი სახელი და გვარი ეწერა იმის დასტურად, რომ ქართულ სექტორში ვისწავლიდი და ძლივს დამაწყნარეს…

– პაპამ და ბებიამ დიდი როლი შეასრულეს, რომ საქართველო გყვარებოდათ…
– ქართული ენა და საქართველო, მშობლებთან ერთად, ბებიამ და პაპამ შემაყვარეს… ბებიამ გამიღვიძა წიგნებისადმი სიყვარული და მანვე შემაყვარა ქართული ენა და ლიტერატურა… პროფესიით ფილოლოგი იყო და სოფლის სკოლაში ქართულ ენასა და ლიტერატურას ასწავლიდა… მაშინ არ იყო სოციალური ქსელები, კომპიუტერული თამაშები… მთელი დღე ეზოში ვთამაშობდით და საღამოობით სხვადასხვა ისტორიის მოსმენით გაგვყავდა დრო… ბებიას ძალიან უყვარდა ქართველი მწერლების ბიოგრაფიების მოყოლა… სკოლაში მისულმა უკვე ვიცოდი წერა-კითხვა, გოგებაშვილი, ჭავჭავაძე, წერეთელი, რუსთაველი და სხვა…
პაპაჩემი შალვა რამაზაშვილი… ღმერთმა აცხონოს მისი სული… პაპა ისტორიკოსი მყავდა… შესანიშნავი ისტორიკოსი, რომელსაც უნივერსიტეტში ლექტორობას სთავაზობდნენ, მაგრამ უარი თქვა, ვერ შეელია სოფელს და სწავლის დამთავრების მერე სოფელში დაბრუნებული სოფლის სკოლაში საქართველოს ისტორიასა და საქართველოს სიყვარულს ასწავლიდა ბავშვებს…
მეც მისგან შევისწავლე დედასამშობლოს ტკივილიანი ისტორიაც და სიყვარულიც… მისგან გავიგე, თუ რატომ ვიყავით უცხო მხარეში ასე ცოტა ქართველები, სინამდვილეში უცხო მხარეში კი არა, დედასამშობლოს მოწყვეტილ ჩვენივე მიწაზე ვიყავით უცხოებად ქცეული… მისგან გავიგე ფერეიდნისა და თურქეთის ქართველების შესახებ და შევიყვარე ისინი…
ჩემმა ბავშვობამ ქართულ გარემოში და საქართველოს სიყვარულით გულანთებული ადამინების გარემოცვაში გაიარა…
სკოლის პერიოდიდან კი ყველაზე მეტად ის დღეები მახსენდება, როცა საქართველოდან, განათლების თუ დიასპორის სამინისტროებიდან სტუმრები ჩამოდიოდნენ… ეს დღეები ჩემთვის ნამდვილი ზეიმი იყო… ქართველებთან შეხვედრაზე დიდი ბედნიერება რა უნდა ყოფილიყო ადამიანისთვის, რომელსაც საქართველო სიგიჟემდე უყვარს…
რატომ გადაწყვიტეთ ექიმობა?
– დედა ექთანი მყავს და მთელი ცხოვრება, ასე თუ ისე, მქონდა შეხება სამედიცინოსთან… მოწოდება ნამდვილად არ ყოფილა, პირიქით, დედას რომ ვხედავდი, როგორ უწევდა ავადმყოფებთან ღამეების თევა, საერთოდ არ მინდოდა ეგ სფერო… საბანკო-საფინანსოზე მინდოდა ჩაბარება და შემთხვევით, რაღაც გაუგებრობის გამო სამედიცინოზე აღმოვჩნდი… ხომ გაგიგონიათ: „სადაც არის ბედი შენი, იქ მიგიყვანს ფეხი შენიო“… ეგრე დამემართა და ახლა ვფიქრობ, კიდევ კარგი დავრჩი სამედიცინოზე და მობილობით სხვაგან არ გადავედი… მიყვარს ჩემი სპეციალობა და ვეცდები საუკეთესოდ ვემსახურო საზოგადოებას…
საინგილოში ახალგაზრდა სპეციალისტები ალბათ უფრო საჭიროა… მაგრამ ახალგაზრდობა ტოვებს ამ კუთხეს…
 რა უნდა გაკეთდეს, რომ არ მოხდეს ახალგაზრდების წამოსვლა საინგილოდან
–  ნამდვილად საჭიროა ჰერეთში ახალგაზრდა სპეციალისტები, მაგრამ ახალგაზრდების მიერ კუთხის დატოვება, ჩვენდა სამწუხაროდ, გარდაუვალია… ძნელია, საქართველოში უმაღლესი განათლების მიღების შემდეგ, აზერბაიჯანში დასაქმება, იქაურ სამუშაო სისტემასთან შეგუება…
იყო შემთხვევები,  დასაქმებულები აიძულეს, ბავშვები აზერბაიჯანულ სკოლაში გაეგზავნათ, ბავშვებისთვის ქართული სახელი არ დაერქმიათ და ასე შემდეგ, რასაც გაურბიან ახალგაზრდები, უფრო სწორედ გავურბივართ…
ჩემი აზრით, გამოსავალი ერთია, საქართველომ უფრო მეტი ყურადღება უნდა მიაქციოს ჰერეთის ქართველებს და როცა ზემოთ ხსენებული პრობლემების წინაშე აღმოჩნდებიან ახალგაზრდები, უნდა ჰქონდეთ საქართველოს დახმარების და პრობლემის მოგვარების იმედი…
ჰერეთის ყველაზე დიდი პრობლემა?
– ჩემი აზრით, დღესდღეობით, ჰერეთის ყველაზე დიდ პრობლემას განათლების სისტემაში არსებული ხარვეზები წარმოადგენს… სკოლები არ მარაგდება საჭირო სახელმძღვანელოებით, ბიბლიოთეკებში არ შემოდის ახალი წიგნები… არ არსებობს საქართველოს განათლების სამინისტროსთან შეთანხმებული სკოლის პროგრამები და ასე შემდეგ…
ითითალის სკოლის პრობლემები
– ითითალის სკოლაშიც იგივე პრობლემებია, რაც ჰერეთის დანარჩენ სკოლებში… ყველაზე დიდ პრობლემას საჭირო სახელმძღვანელოების არ არსებობა წარმოადგენს… საქართველოდან ყურადღება თითქმის არ არის, სამ-ოთხ წელიწადში ერთხელ თუ მოგვაკითხავენ და ერთ-ორ წიგნს ჩამოიტანენ, ხშირ შემთხვევაში ისეთი წიგნები მოქვთ, რომელიც საქართველოში აღარ გამოიყენება და სასკოლო პროგრამას საერთოდ არ შეესაბამება …
იმყოფებოდი ფერეიდანშირამდენად საერთოა ჰერების და ფერედინელების ტკივილი?
– როგორც ზემოთ მოგახსენეთ, პაპა ისტორიკოსი მყავდა და ფერეიდნელი ქართველებიც პირველად მისგან გავიცანი… პაპის მონაყოლიდან ვიცოდი, თუ როგორ გადაასახლეს ჰერეთიდან და კახეთიდან ქართველები… ფერეიდნელი ქართველების ნაწილი სწორედ იმ მიწებიდან არის გადასახლებული, სადაც მე გავიზარდე… პაპა მიყვებოდა მათ შესახებ და მე გონებაში ვმოგზაურობდი ფერეიდანში… ვიცოდი, რომ ერთ დღეს აუცილებლად წავიდოდი მათ სანახავად…
პირველ რიგში, უნდა გითხრათ, რომ ჩვენი ჰერების და ფერეიდნელების ქართული საუბარი ძალიან ჰგავს ერთმანეთს, ძველი ქართულით ვლაპარაკობთ, როგორც  4 საუკუნის წინ ლაპარაკობდნენ საქართველოში… ასევე მინდა ისიც აღვნიშნო, რომ ფერეიდნელი ქართველები დღევანდელ ქართველებს არ ჰგვანან, ისინი წიგნის იმ გმირებს ჰგვანან, რომლებიც საუკუნეების წინ გაცოცხლდნენ წიგნის ფურცლებზე… მათ ის ქართველობა შემოინახეს ხელუხლებლად, როგორი ქართველობაც ოთხი საუკუნის წინ საქართველოში იცოდნენ…
იმედია ხმამაღალი ნათქვამი არ გამომივა, თუ ვიტყვი, რომ ქართველებმა ქართველობა ფერეიდნელებისგან უნდა ისწავლონ…
ჰერებს და ფერეიდნელებს საერთო ტკივილი გვაქვს..
ფერეიდნელები ცისარტყელას უყურებენ და ცისარტყელის იქით საქართველო ეგულებათ… ჩვენ კი, ბედის უკუღმართობით, ჩვენსა და საქართველოს შორის აღმართულ საზღვარს გავცქერით და საზღვრის იქით დედასამშობლო გვეგულება…
ჩვენ და ფერეიდნელებს ერთნაირად გვტკივა საქართველოს ტკივილი და ერთნაირად გვახარებს საქართველოს სიხარული… ჩვენი და ფერეიდნელების მდგომარეობის უკეთ გადმოსაცემად შორენა თამაზაშვილს დავესეხები ერთ წინადადებას: „ობლები ვართ, მაგრამ დედაც გვყავს და დედინაცვალიც… დედა საშინლად გულგრილი გვყავს, დედინაცვალს კი ვეზედმეტებით გერები!“
– მოქარგეთ ფერეიდანი, რომელიც გვერდზე –ფერეიდნიდან საქართველომდეგამოქვეყნდა
-„ფერეიდნიდან ცისარტყელას გავლით საქართველომდე“ მოქარგვის იდეა ფერეიდნიდან დაბრუნებისას ავტობუსში გამიჩნდა, როცა ჯერ  ირანის უდაბნო გამოვიარეთ, შემდეგ კი საქართველოს ამწვანებული წალკოტი… გეცოდინებათ ფერეიდნელების ლეგენდა, რომლის მიხედვითაც თუ ცისარტყელის ქვეშ გაივლი საქართველოში მოხვდები… მეც ის გზა მოვქარგე, რომელიც ფერეიდანში იწყება და ცისარტყელის გავლით საქართველოში მთავრდება…
ღმერთს ვთხოვ, ყველა ფერეიდნელმა შეძლოს ამ გზის გამოვლა და სამშობლოში დაბრუნება…
ქარგვა
– ქარგვა ბავშვობაში დავიწყე, დედამ შემასწავლა… არ მახსოვს, პირველად რა მოვქარგე, დიდი ალბათობით ყვავილები იქნებოდა, სკოლის პერიოდში ყველაზე მეტად ყვავილების ქარგვა მიყვარდა… ნამუშევრებს არასოდეს ვინახავ, ყოველთვის ვინმეს ვჩუქნი… ამიტომ არ ვიცი, რამდენი ნამუშევარი მაქვს… არასოდეს დამითვლია…
მშობლები, ოჯახ
– ჩემი მშობლების დამსახურებაა, რომ მე ქართული გვარით დავიბადე… მათ შეძლეს და ისტორიული გვარი აღიდგინეს… ეს ყველაზე დიდი საჩუქარია, რაც შეიძლება მშობლებმა შვილს მიუძღვნან… ასევე დიდად შემიწყვეს ხელი, როცა მონათვლა და ქრისტიანობის მიღება გადავწყვიტე… ჩემი ოჯახი ყოველთვის მხარში მიდგას და ეს ძალიან მაბედნიერებს… უფროსი და მყავს, 7 წლით განსხვავების მიუხედავად, ტყუპებივით ვართ… ყოველთვის იცის, რა მაწუხებს, რა მიხარია და პირიქით…
რამდენად ინარჩუნებს ჰერეთი ქართულ ტრადიციებს?
– უფროსი თაობა ცდილობს, ტრადიციები ახალ თაობებს გადასცეს… არის რაღაცები, რაც დაიკარგა ან დაკარგვის პირას არის, მათ აღსადგენად და შემოსანახად კი ჩვენ – ახალგაზრდები არ ვიშურებთ ძალას…
– რომელი ტრადიციებია შემორჩენილი?
– პურის ცხობაა შემორჩენილი, ახლაც კი ჩვენთან პურს თითქმის არავინ ყიდულობს და ყველა თონეში აცხობს… მახსოვს, ბავშვობაში ბებია მრგვალ პურებს აცხობდა და ზედ ჯვრები გამოჰყავდა, პატარა ვიყავი, ვერ ვხვდებოდი ჯვრის დატვირთვას და რომ ვეკითხებოდი, წინაპრებისგან ასე ვისწავლეთო, მეუბნებოდა…
ასევე შემორჩენილია ქართული კერძები – საცივი, გოზინაყი, ჩურჩხელა, ხაჭაპური და სხვა, რაც აზერბაიჯანულ ოჯახებში საერთოდ არ იციან…
ჩემს სოფელში მუსულმანები ცხოვრობენ და ქრისტიანულ დღესასწაულებს რომ უშლიდნენ, რაღაც ტრადიციები მუსულმანურ დღესასწაულებზე გადმოიტანეს, მაგალითად, რამაზანის მარხვის დამთავრების შემდეგ დღესასწაული ტარდება, ამ დღესასწაულზე ერთადერთი ჩვენს კუთხეში ურიგებენ ბავშვებს წითლად შეღებილ კვერცხებს, როგორც ქრისტიანები აღდგომაზე…
ყველაზე მეტად რაზე გწყდებათ გული?
–  ყველაზე მეტად ორ რამეზე მწყდება გული: ერთი, რომ საქართველოში ჩამოსასვლელად საზღვრის გადაკვეთა გვიწევს და მეორე – საქართველოში ხშირად ქართველებად არ გვღებულობენ და აზერებს გვეძახიან…

თამარ შაიშმელაშვილი

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები