„მესამე წელია ქუთაისის ახალგაზრდული ცენტრით ვცხოვრობ“… – ნატალი პატარიძე, „ტონიო კროგერი“ და „მზიანი გეგმები“
ბავშვობამ მძიმე 90-ან წლებში ჩაიარა, ბახის პრელუდიები და წიგნების კითხვა სანთლის შუქზე განსაკუთრებით ახსოვს. სტუდენტი რომ გახდა, უკვე ორი შვილი ჰყავდა… მოსწონს, რომ მნიშვნელოვანი პროფესია აქვს – ხელოვნებათმცოდნეობა.
მესამე წელია ქუთაისის ახალგაზრდულ ცენტრს უდგას სათავეში. შეგნებული და გონიერი ბიზნესმენის -ნიკა ჩიქოვანის მხარდაჭერით დაარსდა ახალგაზრდული ცენტრი, „გაკეთდა არჩევანი ტოტალიზატორსა და ბავშვებს შორის ბავშვების სასარგებლოდ“…
ამბობს, რომ ცენტრთან არსებული სკოლები ერთნაირად საინტერესოა მოსწავლეებისთვის, ხშირად გეგმავენ ისეთ პროექტებს, სადაც თანაბრად არის ჩართული ყველა სახელოვნებო დარგი. ცენტრთან ფუნქციონირებს შემოქმედთა სკოლა, ბალეტისა და სამხატვრო სკოლები, ვოკალური სტუდია… აქ სწავლობენ ფოტოხელოვნებას…
აქვთ საინტერესო, „მზიანი გეგმები“, ემზადებიან საერთაშორისო ქორეოგრაფიული ფესტივალისთვის. – ნატალი პატარიძის პერსონა.
– 90-ანების ბავშვი ვარ, ჩვენ დროს შუქი არ იყო, მოკლე დღეები და გრძელი ღამეები გვქონდა, ამ ღამეების დროს სანთლის შუქზე მამაჩემის მიერ წიგნების კითხვა მახსოვს, ჩემი მუსიკალური დავალების შესრულების ტანჯვა, ხელზე რომ მეღვენთებოდა დამდნარი სანთელი, ხმოვანი მეხსიერებიდან ბახის პრელუდიები და ფუგები. ამ უკანასკნელზე ძალიან ვბრაზობდი, ასე რთულად მუსიკას რომ თხზავდა, ახლანდელი და ბავშვობის დროინდელი ბახი ძალიან განსხვავდება აღქმით, მაშინ მძულდა იმიტომ, რომ მიუწვდომლად მეჩვენებოდა, ახლა მიყვარს, იმიტომ რომ ისევ ვერ ვწვდები მისი მუსიკის სიღრმეს.
სწორედ ერთ ასეთ ღამეს, როცა მანდარინის კანის სუნი ჩემს სახლში ციტრუსის არომატს ქმნიდა, კარზე კაკუნი გაისმა. მამამ გააღო და მის წინ ორი გაყინული და-ძმა იდგა, ქურთუკები არ ეცვათ და ეტყობოდათ, ძალიან სციოდათ, დედამ სასწრაფოდ დაიწყო შობისთვის გადანახული ტკბილეულისა და ჩირების ცელოფანში მოთავსება, მამამ კი ჩემს ქურთუკს ხელი დასტაცა და იმ ბავშვს ჩააცვა, ვერ გეტყვით, რა ვიგრძენი მაშინ, გრძნობა საკმაოდ ამბივალენტური იყო, მეშინოდა, აღარ მექნება ჩასაცმელი და გავიყინები-მეთქი, თან მიხაროდა, რომ იმ ბავშვს აღარ სციოდა… ამ გაურკვევლობაში აღმომხდა: „მამა, ჩემი ქურთუკი?”… პასუხიც მივიღე: „შენ მამა გყავს, ისევ გიყიდიან”…
მახსოვს, მაშინ დაცულობის შეგრძნება და სამყაროს მყარობა როგორ „დაკომპაქტურდა” მამაზე, რომელიც ჩემთვის სტაბილურობის და დაცულობის გარანტი გახდა, თუმცა ჩემი ეგოისტური შეკითხვა ყურადღების მიღმა არ დარჩენილა და მეორე დღეს ვიქტორ ჰიუგოს „საბრალონი“ დამიდეს სამეცადინო მაგიდაზე წასაკითხად.
– რატომ აირჩიეთ ხელოვნებათმცოდნეობა და რით იყო გამორჩეული სტუდენტობა?
– სტუდენტი რომ გავხდი, უკვე ორი შვილი მყავდა, მანამდე მითხრეს, რომ როცა შვილს გააჩენ, მერე სწავლა აღარ შეიძლებაო… ჯიუტი ვიყავი, არ დავიჯერე, ჩვილ ბავშვთან ღამის თევების სერიის ფონზე მოვემზადე გამოცდებისთვის და გავხდი სტუდენტი.
ჩემი პროფესია ყველა იმ ადამიანის ბიოგრაფიას, შემოქმედებას აერთიანებს, რაზეც დგას კაცობრიობის ცივილიზაცია, აზროვნების ფორმირება, განვითარება, ამიტომ, ვფიქრობ, მნიშვნელოვანი პროფესია მაქვს, იმის მიუხედავად, რომ ტექნიკურმა პროგრესმა ცოტა დამიჩაგრა …
თომას მანის მოთხრობა „ტონიო კროგერი“ ჩემი პროფესიის ინსპირაციაა, ტონიო მეგობარ „ფილისტერ“ ჰანსს ეუბნება: „იცი? შილერთან მეფე ტირის“, ჰანსი კი ვერ ხვდება, რა უკვირს ტონიოს, ზუსტად ამ მოთხრობის შემდეგ მივხვდი, რომ ტონიოებთან ახლოს უნდა ვყოფილიყავი, რადგან მხოლოდ მათ შეუძლიათ, ყოველგვარი ძალაუფლების მიღმა ადამიანური სისუსტეების დანახვა, თანასწორობის ტოლერანტობის ფასის შეგრძნება და ადამიანის თავისუფალი ნების დაფასება.
ჩემი პროფესია ზუსტად ადამიანის ნებელობის სხვადასხვა ვარიაციით გამოხატვაა ამ სამყაროში და შემდეგ ამის შეფასება.
– მესამე წელია ქუთაისის ახალგაზრდული ცენტრის დირექტორად მუშაობთ. როგორ დაიბადა ცენტრის დაარსების იდეა? რატომ მაინცდამაინც ქუთაისი?
– მესამე წელია ქუთაისის ახალგაზრდული ცენტრით ვცხოვრობ… დაარსების იდეა ერთ მშვიდ საღამოს ჩაის სახლში დაიბადა, შემთხვევით გავიცანი ნიკა ჩიქოვანი და კიდევ უფრო შემთხვევით ჩამოვარდა საუბარი ყოფილ კინოთეატრ „სულიკოს“ დატვირთვაზე, სადაც ძალიან ზედაპირულად შევთავაზე ახალგაზრდული ცენტრის დაარსების იდეა.
ნიკა ჩიქოვანი იმ იშვიათ ბიზნესმენებს შორისაა, რომელთა მოქალაქეობრივი შეგნება სცდება დივიდენდის მრავალნიშნა ციფრებში გამოხატვას, მისი მხარდაჭერა, ნებელობა დღეს უამრავ ბავშვს აძლევს საშუალებას, ისწავლოს იქ, სადაც, პირველ რიგში, თავისუფლება ისწავლება და შემდეგ- ყველაფერი დანარჩენი.
ქუთაისი იყო კულტურის და განათლების ცენტრი, აქ ისმოდა პირველი ფემინისტი ქალის, კატო მიქელაძის ძალიან ხმამაღალი და ეპატაჟური ხმა, აქ გამოიცა გალაკტიონის ლექსების პირველი კრებული, ქუთაისის პირველ სკოლაში სწავლობდნენ: ტიციანი, პაოლო, „ცისფერყანწელები“, აქ იქნებოდა მოდერნი და პოსტმოდერნი, ეს არის ამ ქალაქის წარსული…
ახლა მომავლის დროა, იმ ბავშვების, რომლებიც აქ სწავლობენ, შემდგომშიც ისწავლიან და შექმნიან ახალ ქუთაისს. ერთ დროს, შეგნებული და გონიერი ბიზნესმენის მხარდაჭერით ამ ქალაქში დაარსდა ახალგაზრდული ცენტრი, გაკეთდა არჩევანი ტოტალიზატორსა და ბავშვებს შორის ბავშვების სასარგებლოდ, გაგვიღო კარი და ახლაც აქ ვართ მისი ნებით, უამრავი პროექტისა და ღონისძიების გეგმებით “გამაგრებული”.
– ნიკა ჩიქოვანი ახსენეთ… საგულისხმო და მისაბაძია მისი უდიდესი თანადგომა ახალგაზრდული ცენტრის დაარსებაში. შენობა უკვე ბევრს ნიშნავს საქმის წინსვლაში… იქნებ ცოტა მეტი გვიამბოთ მის ქველმოქმედებაზე, რა იგეგმება სამომავლოდ?
– ნიკა ჩიქოვანზე ბევრი მაქვს მოსაყოლი, განსაკუთრებულად რამდენიმე ეპიზოდს გამოვყოფ, რომელიც დღემდე ჩემთვის პროფესიონალიზმის და ქველმოქმედების საუკეთესო მაგალითია. სუფრასთან აღმოვჩნდი, სადაც ჩემ წინ „ფეროს“ მუშა იჯდა, შემთხვევით ვახსენე ახალგაზრდული ცენტრი და ნიკა, ეს კაცი ძალიან დიდხანს სიყვარულით და პატივისცემით მესაუბრა ყოფილ დირექტორზე, გაიხსენა მისი მართვის წარმატებული პერიოდი და მითხრა, რომ იღბლიანი ვყოფილვარ, რადგან მასთან მიწევს თანამშრომლობა, რთულია, იყო დირექტორი და უყვარდე შენს ქვეშევრდომს, თან მაშინაც, როცა მისი დირექტორი აღარ ხარ…
ამ შემთხვევის შემდეგ მივხვდი, ყველაფერი უნდა გამეკეთებინა, რომ ჩემს თანამშომლებს ვყვარებოდი…
მისი ქმედებები და მაგალითები ასე დისტანციურად მასწავლის სწორად ცხოვრებას. ქველმოქმედების სერიიდან ერთ შემთხვევას გავიხსენებ – მოგეხსენებათ, საქართველოში ყველა აქვს ბანკთან ფინანსური ვალდებულება – ჩვენს პედაგოგს სახლიდან ასახლებდნენ მეორე დღეს. არ ვიცოდით, რა შეგვეძლო გაგვეკეთებინა, ვისხედით გახევებულები და უსუსურები… მერე ნიკას მივწერე, ჩვენი პედაგოგი ახლაც მის სახლში ცხოვრობს…
ნიკას სახელიც არ ახსოვს, ვის დაეხმარა.ზუსტად ასეთი ეპიზოდები გავალდებულებს, რომ თუ შენი სახელი მას უკავშირდება, ცუდი არ იყო, უბრალოდ ამის უფლება არ გაქვს!
– ქუთაისში ცნობილი სახეები მიიწვიეთ… მედიასკოლა მანამდე არ ყოფილა ქუთაისში… რამდენად ეფექტური აღმოჩნდა მედიასკოლის დაფუძნება?
– როცა ქუთაისის ახალგაზრდულ ცენტრს ვქმნიდით, მახსოვს, ნატა მურვანიძემ მითხრა:„ქუთაისმა მეოცე საუკუნის დასაწყისში სისხლი გადმოგვისხა თბილისს, თქვენგან წამოვიდა ის ხალხი, რომლებიც დღეს მთაწმინდაზე არიან, ახლა ჩვენ რაც შეგვიძლია, გვერდით დაგიდგებით, თითქოს ვალს გიბრუნებთ”…
ასე, ამ პათოსით ერთი წლის განმავლობაში იარა თბილისიდან ქუთაისამდე სრულიად უსასყიდლოდ მაკა მახარაძემ, ასევე – სოფო ტოროშელიძემ, იური მეჩითოვმა, ადამიანებმა, ვისი პატრიოტიზმიც პროფესიის ერთგულებასა და მომავალი თაობის აღზრდაზე გადის.
მედიასკოლა ჩვენი ერთ-ერთი წარმატებული სკოლაა, სამი წლის შემდეგ რეგიონალურ მედიაში ჩვენი კურსდამთავრებულებიდან 22 სტუდენტია დასაქმებული. ამ გადასახედიდან, ვფიქრობ, წარმატებული აღმოჩნდა მედიასკოლის დაფუძნება. ქუთაისის მედიასკოლას ხშირად სტუმრობენ წამყვანი ტელეარხების ჟურნალისტები, ისინი გამოცდილებას უზიარებენ ჩვენს მოსწავლეებს, ასეთი შეხვედრები მნიშვნელოვანია მათი ცოდნის გასაღრმავებლად.
– ცენტრთან ფუნქციონირებს შემოქმედთა სკოლა, ბალეტისა და სამხატვრო სკოლები, ვოკალური სტუდია… აქ სწავლობენ ფოტოხელოვნებას, მოქმედებს მაკიაჟის სკოლა და სამკერვალო სტუდია… ყველაზე მეტად რომელი სფერო აინტერესებთ მოსწავლეებს?
– ჩვენს ცენტრში არსებული სკოლები ერთნაირად საინტერესოა ჩვენი მოსწავლეებისთვის, ხშირად ვგეგმავთ ისეთ პროექტებს, სადაც თანაბრად არის ჩართული ყველა სახელოვნებო დარგი, რაც წარმოდგენილია ახალგაზრდულ ცენტრში. მაგალითად, წელს ქუთაისის მერიის მხარდაჭერით სოციალურად დაუცველთათვის მიუზიკლი: „საშობაო ზღაპარი” დავდგით, სადაც ყველა სფერო ჯეროვნად იყო ჩართული პროექტში.
– შემოქმედთა სკოლასთან არსებობს ლიტერატურული კონკურსი – „მოკლე ლიტერატურული შედევრი“… რამდენად ახერხებს სკოლა შემოქმედებითი ნიჭით დაჯილდოებული ბავშვების ხელშეწყობას და ნიჭის განვითარებას?
– ეს კონკურსი ახალგაზრდული ცენტრის დაარსების პირველ წელს განვახორციელეთ, მას შემდეგ ბევრი მსგავსი პროექტი იყო, რომელმაც ხელოვნების ყველა დარგი მოიცვა. სულ ბოლოს პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკაში გვქონდა გამოფენა სახელწოდებით: „ჩვენ ვხატავთ აფხაზეთს” სადაც ერთ-ერთმა გამომცემლობამ სრულად დაფინანსა ბავშვთა ნამუშევრების ალბომად გამოცემა, ვფიქრობ, ახალგაზრდული ცენტრი დღესდღეობით არის სივრცე იმ ბავშვებისთვის, ვისაც ხელოვნების დარგი არ მიაჩნია გასართობ სფეროდ. ჩვენ, პირველ რიგში, კრიტიკული აზროვნების განვითარებას, მათ მოქალაქეებად გაზრდას ვცდილობთ, შემდეგ უკვე ყველანაირი ასპარეზია შექმნილი იმისთვის, რომ შემოქმედებითი რეალიზაცია მოახდინონ.
– ცენტრი მოსწავლეს სთავაზობს განათლებას დასაქმების პერსპექტივით… დღეს დასაქმება მაინც პრობლემაა… როგორ ახერხებთ ამ პრობლემის გადაწყვეტას?
– ეს კითხვა მაინც უფრო მედიასკოლას ეხება, ჩვენ ვუკავშირდებით პარტნიორ კომპანიებს, სადაც ჩვენი სტუდენტები გადიან სტაჟირებას, საჭირო უნარ- ჩვევების გამომჟღავნების შემდეგ უკვე სთავაზობენ დასაქმებას.
– როცა ადამიანებს უჭირთ და მიზრული ხელფასებით ძლივს ახერხებენ ოჯახების რჩენას, რამდენად არის შესაძლებელი მათი დაინტერესება კულტურით? როგორ ფიქრობთ, აქვს თუ არა პერსპექტივა კულტურას საქართველოში?
– რა თქმა უნდა, რთულია არაფორმალურ განათლებაზე ფიქრი, სადაც მოსახლეობის უმეტესობა წმინდად ეგზისტენციალური პრობლემებით არის დატვირთული, მაგრამ ჩვენი მშობლები და, ზოგადად, საზოგადოების უმეტესობა, ვფიქრობ, სწორად ალაგებს პრიორიტეტებს, განათლება და კულტურა არის ზუსტად იმის გარანტი, რომ ხვალ გვქონდეს უფრო განვითარებული ქვეყანა.
აქვე, უნდა აღვნიშნო, რომ ახალგაზრდულ ცენტრში სწავლების ღირებულება სიმბოლურია, მაგალითად, საბალეტო სკოლაში სწავლება მხოლოდ 40 ლარი ღირს. ჩვენც ჩვენი მხრივ ვცდილობთ, ისეთი ფასი ჰქონდეს სწავლას, რომ მეტ-ნაკლებად ყველა სოციალური ფენისთვის ხელმისაწვდომი იყოს.
– ორი შვილი გყავთ… როგორ უთავსებთ ერთმანეთს ცენტრში მუშაობას და ოჯახის საქმეებს?
– მეხმარება დედა… ფაქტობრივად, ვერ ვუთავსებ, რადგან შინ არ ვარ. ამიტომ ჩემი შვილები ხშირად მოდიან ახალგაზრდულ ცენტრში და ვცდილობ, სამსახურთან ერთად ყურადღება არ მოვაკლო.
– სამომავლო გეგმები…
– ყველაფერი, რაც გონებაში მომავალს წარმოსახავს, ახალგაზრდულ ცენტრთან ერთად
წარმომიდგენია, ვგეგმავთ საერთაშორისო ქორეოგრაფიულ ფესტივალს, ასევე ივნისში დავგეგმეთ, კულტურის სამინისტროს მხარდაჭერით, შეზღუდულ შესაძლებლობათა ბავშვების კონცერტი ჩვენს აღსაზრდელებთან ერთად. უახლოეს დღეებში სუხიშვილების სოლისტებს ვუმასპინძლებთ. გვაქვს მზიანი გეგმები, სულ ვხუმრობთ, მზე გადაგვეყლაპა და დავდივართ გასხივოსნებულები-თქო.
– ოცნება?
– მრავალი ბედნიერი ბავშვი მინდა ჩემს ქვეყანაში და ინდივიდზე მორგებული განათლების სისტემა.
თამარ შაიშმელაშვილი