„სიმღერის წყალობით მრავალი საინტერესო ამბავი გადამხდა თავს“… – როგორ ქმნის ფრანგულ მელოდიებს თამუნა მგლობლიშვილი
თბილისში დაიბადა. სკოლის პერიოდიდან უყვარდა თეატრი… ამიტომ სწავლა ფრანგული ენის სპეციალობით განაგრძო, რომ საფრანგეთში თეატრალურ ხელოვნებას დაუფლებოდა… 2001 წელს დამთავრა თსუ-ს ფრანგული ენისა და ლიტერატურის ფაკულტეტი, შემდეგ იყო კახა ბაკურაძის „მოძრაობის თეატრში“ გატარებული ნაყოფიერი წლები… ორი წლის შემდეგ კი საფრანგეთში გაემგზავრა.
იქ 10 წლის განმავლობაში მოღვაწეობდა, როგორც მსახიობი და მომღერალი.
ამბობს, რომ საფრანგეთში ყოფნისას ფრანგულად წერდა სიმღერებს, მაგრამ იქ მაინც უფრო ქართულად მღეროდა, საქართველოში დაბრუნებისას კი პირიქით მოხდა… თბილისში დავით ხოსიტაშვილთან ერთად დუეტი შექმნა. ამჟამად დეუტი 26 მაისის კონცერტისთვის ემზადება, სადაც სიმღერების პრემიერაც შედგება. – თამუნა მგალობლიშვილის პერსონა.
– ვარ 37 წლის. დავიბადე თბილისში. დავამთავრე ივ.ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფრანგული ენისა და ლიტერატურის ფაკულტეტი.
სკოლის პერიოდიდან მიყვარს თეატრი.
8 წლის ვიყავი, როცა პირველად საბავშვო თეატრალურ სტუდიაში მიმიყვანეს. ახმეტელის თეატრის უნიჭიერეს მსახიობს, მევლუდ კუპატაძეს ჰქონდა დაარსებული. მასთან მივხვდი, რომ თეატრს ჩემს ცხოვრებაში ძალიან დიდი მნიშვნელობა ექნებოდა. აბიტურიენტობის პერიოდამდე სტუდია „საკმეველში“ ვიყავი. სწავლა კი ფრანგული ენის სპეციალობით განვაგრძე, რადგან საფრანგეთში მინდოდა თეატრის განხრით სწავლის გაგრძელება.
– სტუდენტობა…
– სტუდენტობის დროს თბილისში გავიცანი ფრანგი კარლოს მარსალი, რომელიც ახლაც ჩემი დიდი მეგობარია. იგი ლექსებს წერდა და ერთხელ ისე მოხდა, რომ ჩემი სიმღერები მოისმინა და მთხოვა, მის ტექსტებზე სიმღერები დამეწერა. ასე შეიქმნა 2001 წელს ჩვენი ერთობლივი ქართულ-ფრანგული დისკი. კარლოსის დაძალებითვე მოვხვდი კახა ბაკურაძის „მოძრაობის თეატრში“, რადგან ვემზადებოდი საფრანგეთში წასასვლელად და იქ, სადაც უნდა ჩამებარებინა, „მოძრაობის თეატრში“ მიღებული გამოცდილება მჭირდებოდა.
– საქართველოში მოღვაწეობის პერიოდი… რატომ წახვედით საფრანგეთში?
– საფრანგეთში წასვლამდე, კახა ბაკურაძის „მოძრაობის თეატრში“ ვიყავი. 2 წელი. ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანი პერიოდია. მართალი გითხრათ, იმის მიუხედავად, რომ დიდი ხნის გადაწყვეტილი მქონდა საფრანგეთში წასვლა, „მოძრაობის თეატრის“ დატოვება ძალიან გამიჭირდა.
– საფრანგეთში დიდხანს ცხოვრობდით და მოღვაწეობდით… მოგვიყევით თქვენი ცხოვრების ფრანგულ პერიოდზე…
– როგორც კი დავამთავრე უნივერსიტეტი, მაშინვე საფრანგეთში წავედი.
გამიმართლა, რადგან ყოველთვის ძალიან კარგ ადამიანებთან მომიწია ურთიერთობა. იქ 10 წლის განმავლობაში ვმოღვაწეობდი, როგორც მსახიობი და მომღერალი.
უნიჭიერეს ადამიანებს შევხვდი. პირველ მასწავლებელ და რეჟისორ პიტერ ტურნიესთან ერთად ბევრი ახალი რამ შევისწავლე და გავაკეთე.
საინტერესო გამოცდილებაც დამიგროვდა: „აფრიკული თხრობის ხელოვნება“ , ინდური „კატაკალი“, იაპონური „BUTO“ და მრავალი სხვა.
მასთან ერთად 3 წელი ვიმუშავე, სპექტაკლებზე ერთობლივმა მუშაობამ კიდევ უფრო მეტი ახალი გამოცდილება შემძინა. სცენაზე ფრანგულად ლაპარაკის თავისუფლებასა და თავდაჯერებულობაში დამეხმარა.
ვმღეროდი და გიტარაზე ვუკრავდი ჯგუფ TARFISTOLEI – ში და Théatre des Minuits.
საფრანგეთიდან წასვლამდე მსახიობი ვიყავი. ძალიან უყვარდათ ქართული სიმღერები და ხშირად ვასრულებდი სცენაზე. ჩვენი დასისთვის „ჩხიკვთა ქორწილის“ თარგმნამაც კი მომიწია. ვითამაშეთ ჩვენ მიერ მოწყობილ ქართული კულტურის დღეებზე, რომელიც 26 მაისს დავამთხვიეთ. საფრანგეთში ყოფნისას ფრანგულად ვწერდი სიმღერებს, მაგრამ, ამის მიუხედავად, იქ მაინც უფრო ქართულად ვმღეროდი, აქ კი პირიქით.
– როგორ გაიცანით მომავალი მეუღლე?
– საფრანგეთში 11 წელი ვცხოვრობდი. იქ გავიცანი მომავალი მეუღლეც. რომელიც პროფესიით განათების რეჟისორია. სცენაზე გავიცანი, სტაჟირებას გავდიოდი მასთან სცენის განათებასა და ტექნიკურ საკითხებზე.
და აი, უკვე 12 წელია ერთად ვართ. მეუღლის პროფესიიდან გამომდინარე, საფრანგეთიდან ორი წელი მაკაოში ვცხოვრობდით და ეს გამოცდილება ჩემთვისაც ძალიან საინტერესო გამოდგა.
– რას გულისხმობთ?
– მაკაოში ბრაზილიურმა საბრძოლო ხელოვნებამ დამაინტერესა… იქ, ბრაზილიურ საბრძოლო ხელოვნებას -კაპუერას გავეცანი და ჩემი „კაპუერა-მესტრის“ დახმარებით შევუდექი.
ბრაზილიელ მეგობრებთან ერთად, მაკაოში კაპუერას და ბატუკადას დემოსტრაციებსა და დეფილეებში ვმონაწილეობდი. იმდენად შემიყვარდა, რომ აქაც ვცდილობ, როგორც შემიძლია, ისე გავაგრძელო. ჩემი ჰობი გახდა. მაკაოდან კი ჩემი მეუღლის სურვილით საქართველოში ჩამოვედით. საქართველოში წელიწადნახევრის წინ დავბრუნდი, მაგრამ მხოლოდ წელს შევძელი სცენას დავბრუნებოდი.
– სიმღერებს წერთ და მღერიხართ ფრანგულ ენაზე… პირველი სიმღერა… რა როლს ასრულებს სიმღერა თქვენს ცხოვრებაში?
– ისე მოხდა, რომ ოჯახში ყველა მღერის. ბავშვობიდან მიჩვეული ვარ ხმებში სიმღერას, მაგრამ მომღერლობაზე არასდროს მიფიქრია. ყოველთვის თეატრის მსახიობობა უფრო მიზიდავდა. მაგრამ ყველაფერი თავისით ისე აეწყო, რომ …
საფრანგეთში წასვლამდე ქართულად ვწერდი. ჩემი მეგობრები ახლაც მღერიან იმდროინდელ ზოგიერთ სიმღერას.
პირველი ფრანგული სიმღერა ბოდლერის ლექსზე უნივერსიტეტში დავწერე, ფრანგული რეპერტუარი საფრანგეთსა და მაკაოში ყოფნისას შევქმენი და საქართველოში დაბრუნებისას დათო ხოსიტაშვილი გავიცანი.
– გამოდის, რომ სიმღერამ გაპოვნინათ ნიჭიერი ადამიანები…
– სიმღერამ დიდი ადგილი დაიკავა ჩემს ცხოვრებაში. მისი წყალობით მრავალი საინტერესო ამბავი გადამხდა თავს. იმის მიუხედავად, რომ მომღერლად არ ვთვლი თავს, სადაც კი არ წავედი, ყველგან სიმღერას მთხოვდნენ. სიმღერამ შემახვედრა და დამაკავშირა ჩემთვის მრავალ ძვირფას ადამიანს, თუნდაც BECSTAGE 76-ში.
ფეისბუქის გვერდზე ჩემი ფოტო გიტარით ხელში, რომელიც ძალიან მიყვარს, ირმა შარიქაძის გადაღებულია, მის პერფორმანსში „მე ბოშა ვარ“ (I am a Gipsy) მონაწილეობის დროს. მის ორ პერფორმანსში მივიღე მონაწილეობა: „ტანგოში“ და „მე ვარ ბოშა“. ალბათ, გავაგრძელებთ, როცა ახალ პერფორმანსზე დაიწყებს მუშაობას.
ერთად ძალიან კარგად ვმუშაობთ. მასთანაც სიმღერამ დამაკავშირა, სიმღერის წყალობით კიდევ ერთი უნიჭიერესი ადამიანი – დათო ხოსიტაშვილი გავიცანი და დავმეგობრდით.
– როგორ მოხდა დავით ხოსიტაშვილთან დუეტის შექმნა? ამჟამად 26 მაისის კონცერტისთვის ემზადებით „ბექსთეიჯში“.
– BECSTAGE 76 -ში კონცერტზე ჩემი და დათოს დუეტის დებიუტი შედგება. იმედია, კიდევ სხვა მრავალი კონცერტი მოყვება მას.
დათო ერთი წლის წინ ჩემი ფრანგი მეგობრების მხრიდან გავიცანი. მას შემდეგ ვმეგობრობთ. უნიკალური, უნიჭიერესი ადამიანია. წარმოიდგინეთ, როგორ გამიხარდა, როცა ჩემი სიმღერები მოეწონა და სურვილი გამოთქვა, ერთობლივი კონცერტი ჩაგვეტარებინა. მასთან მუშაობა სიამოვნებაა, დროს ვერ გრძნობ და სულ ახალ-ახალი იდეები მოსდის.
მან ჩემს ფრანგულ სიმღერებს ახალი სული შთაბერა. დათო უნიჭიერესი ადამიანია. მასთან მუშაობა იმდენად მოულოდნელობებით სავსე და სასიამოვნოა, რომ მუშაობისას დროს ვერ ვგრძნობთ.
რეპეტიციები ჩემთან სახლში გვაქვს. ჩემი მისაღები ოთახი ჩამწერ სტუდიას ჰგავს. ყოველ კუთხეში ინსტრუმენტი დევს.
ამჯერად მხოლოდ ფრანგულ სიმღერებზე შევჩერდით. ერთი-ორი სიმღერის გარდა, ტექსტები და მუსიკა ჩემი დაწერილია და ყოველ სიმღერას თავისი ისტორია აქვს.
სიმღერები, ძირითადად, გიტარაზე შესრულდება, თუმცა კი, ადგილ-ადგილ, სხვა ინსტრუმენტებსაც გამოვიყენებთ. რაღაც განსხვავებული გვინდოდა და, მგონი, გამოგვივიდა. ქართულ – ფრანგული ნაზავი…
იმედია, 26 მაისს მსმენელი ნასიამოვნები დარჩება.
თამარ შაიშმელაშვილი