გიორგი მღებრიშვილი უკრაინის რესპუბლიკის ელჩს შეხვდა (ვიდეო)
შინაგან საქმეთა მინისტრი გიორგი მღებრიშვილი, უკრაინის ელჩს საქართველოში -იგორ დოლგოვს შეხვდა.
შეხვედრაზე მხარეებმა ორი ქვეყნის შინაგან საქმეთა სამინისტროებს შორის არსებული თანამშრომლობის კიდევ უფრო გაღრმავების საკითხები განიხილეს და პრიორიტეტული მიმართულებები დასახეს.
საქართველოს შს მინისტრი უკრაინის ელჩს შსს-ს აკადემიის მიერ დაგეგმილი საერთაშორისო ტრენინგების პროექტზე ესაუბრა, რომელიც დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის კუთხით, ერთიანი მიდგომების შემუშავებას და პარტნიორ ქვეყნებს შორის მნიშვნელოვანი კონტაქტების დამყარებას შეუწყობს ხელს.
გიორგი მღებრიშვილმა იგორ დოლგოვს შს სამინისტროში ბოლო პერიოდში განხორციელებული მნიშვნელოვანი რეფორმები და პროექტები გააცნო, მათ შორის, მაღალტექნოლოგიური და მულტიფუნქციური ერთობლივი ოპერაციების ცენტრი, ასევე, კრიმინალური პოლიციის რეფორმირების, საზოგადოებაზე ორიენტირებული პოლიციისა და ანალიზზე დაფუძნებული საპოლიციო საქმიანობის პროექტები.
შეხვედრის დასასრულს, საქართველოს შს მინისტრმა უკრაინელი კოლეგა – არსენ ავაკოვი საქართველოში პოლიციელის დღის აღსანიშნავ ოფიციალურ ღონისძიებაზე მოიწვია.