„თითქოს ფერებს წინასწარ ვხედავ“… 

ამბობს, რომ გუსტავ კლიმტი გამორჩეულად უყვარს. ხატვა კი, მუდამ არსებობდა მასში…  შეეძლო მთელი დღის განმავლობაში ეხატა,  ნახატებსაც  მუსიკის ფონზე ქმნიდა. პირველ გამოფენებს წარმატება მოჰყვა. ორიგინალური ხელწერა გამოარჩევს – სიურეალისტურნამუშევრების დეკორატიული ელემენტები შერწყმულია აბსტრაქტულ ფორმებთან… 4 აპრილს მისი 100-მდე ნამუშევრის პერსონალური გამოფენა იგეგმება ფოლკლორის ცენტრში…
ამავდროულად, თბილისის 64 საჯარო სკოლაში ხელოვნების პედაგოგად მუშაობს და პატარებს  ხატვისა და ხელოვნებისადმი სიყვარულს უზიარებს. – მხატვარ ქეთევან ჯავახიძის პერსონა.

– დავიბადე 1985 წლის 8 მარტს, პედაგოგების ოჯახში. მამა – დიმიტრი ჯავახიძე მუსიკოსი, კომპოზიტორია. დედა – ნანული ბარბაქაძე – ეკონომისტი. ბავშვობის წლებიდან მახსენდება, რომ ძალიან მიყვარდა ხატვა, ძერწვა… მცენარეების ფესვებისგან, ფოთლებისგან, ყვავილებისგან, ფრინველების ბუმბულებისგან ვამზადებდი სხვადასხვა ფიგურებს, თოჯინებს, მოცეკვავე გოგონებს. ერთი კუთხეც გამოვყავი, სადაც ჩემს ნამუშევრებს ვალაგებდი. მახსოვს, დედა ამ კუთხეს  ჩემს „მუზეუმს“ ეძახდა და ყველა მოსულ სტუმარს ათვალიერებინებდა ნამუშევრებს. შემეძლო მთელი დღის განმავლობაში მეხატა; ხატვა კი ყოველთვის მუსიკის ფონზე მიწევდა, რადგან მამა უკრავდა ფორტეპიანოზე და ჩვენს ოჯახში მუსიკის ჰანგები არ წყდებოდა. ალბათ ამან განაპირობა, რომ ჩემს ნამუშევრებში დღემდე მუსიკისადმი სიყვარულს დიდი ადგილი უკავია.
 სტუდენტობის წლები„ფიროსმანის“ სახელობის სტიპენდიანტი იყავით…
– 2002 წელს ჩავაბარე ილია ჭავჭავაძის სახელმწიფო უნივერსიტეტში სპეციალობით – „ხაზვა, სახვითი ხელოვნება და კომპიუტერული გრაფიკა“. სტუდენტობის პერიოდში ვიყავი „ფიროსმანის“ სახელობის სტიპენდიანტი.
ამ პერიოდში პირველად გაიმართა ჩემი პერსონალური გამოფენები, რამაც, ასე ვთქვათ, საფუძველი ჩაუყარა ჩემს სამხატვრო კარიერას. სტუდენტობის შემდეგ დავიწყე მუშაობა თბილისის №64 საჯარო სკოლაში ხელოვნების პედაგოგად და პატარებს ვუზიარებ ხატვისა და ხელოვნებისადმი სიყვარულს.
როდის მიხვდი, რომ ხატვა თქვენი ცხოვრების განუყრელი ნაწილი იყო?
– როგორც მახსოვს, „ხატვა“, როგორც ასეთი, უნარი ჩემში არ შემოსულა რომელიმე ასაკში თუ პერიოდში, ის ჩემში სულ იყო, ამას ვგრძნობდი და დღემდე ვგრძნობ. აქედან გამომდინარე, ადრეული ასაკიდან უკვე გადაწყვეტილი მქონდა, რომ პროფესია მხატვრობასთან დამეკავშირებინა. 2013 წლიდან მხატვართა ეროვნული შემოქმედებითი გაერთიანების წევრი ვარ, 2015 წლიდან – საქართველოს მხატვართა ეროვნული კავშირის წევრი. აქედან მოყოლებული ხშირად ვმონაწილეობ გამოფენებში – როგორც საქართველოში, ისე მის საზღვრებს გარეთ. ჩემი ნამუშევრები დაცულია კერძო კოლექციებში.
– თქვენი ნამუშევრები თემატური მრავალფეროვნებით გამოირჩევა...
– რაც შეეხება თემატიკას ჩემს ნახატებში, იბადება იდეა და ვიწყებ ხატვას, მსურს, მივაღწიო მიზანს და წარმოსახვა  ტილოზე გადავიტანო.  თითქოს ფერებს წინასწარ ვხედავ, თუმცა განწყობა დიდ როლს ასრულებს ფერების შერჩევაში. თემები მრავალფეროვანი მაქვს. ხშირად მეუბნებიან, რომ აქცენტს ქალურობის თემას ვუთმობ.
სიურეალისტური ნამუშევრები დეკორატიული ელემენტებითკონცეპტუალური აზროვნება, სიმბოლური და მისტიკური“, – ასე ახასიათებენ თქვენს მხატვრობას. როგორ იქმნება ეს სიუჟეტები, მაინც, ზღაპრისკენ რომ მივყავართ?
– რეალისტური მოტივები ნაკლებად მიზიდავს, მაგრამ არც უფიგურო ხელოვნებაა ასახული ჩემს ნამუშევრებში. დეკორატიული ელემენტები შერწყმულია აბსტრაქტულ ფორმებთან; ზოგჯერ ტილოზე ზღაპრული, არაამქვეყნიური არსებებიც: ნიმფები, ამორძალები, ქალთევზები შემოდიან, ზოგჯერ ცხოველების თემატიკა, მიზიდავს აფრიკული მოტივებიც, ეგზოტიკური ბუნება და მუსიკალური ჰარმონიის შერწყმა… და ვგრძნობ, რომ  რაღაც ჩემეულს ვქმნი.
რა განსხვავებაა თქვენს ადრინდელ და ბოლო დროის მხატვრობას შორის?
– ადრინდელ ნამუშევრებში უფრო მოკრძალებული ტონები მქონდა. ამჟამინდელ ნამუშევრებში მეტი კოლორიტი იგრძნობა, ცოტა გავთამამდი კონტრასტულ ფერებთან. შეიცვალა თემებიც, მაგრამ, ვფიქრობ, სტილი, რომელიც ჩემს ხელწერას ეკუთვნის უცვლელია.
რომელი ნახატი გიყვარ განსაკუთრებით?
– მაქვს ნახატები, რომლებიც ძალიან მიყვარს, მაგრამ რაღაც დროის შემდეგ ხდება ჩანაცვლება სხვა, ახლად შექმნილი ნახატებით, რომელიც ჩემს სულიერ განწყობილებასთან უფრო ახლოს არის.
საყვარელი მხატვრი
– ჩემი საყვარელი მხატვარი გუსტავ კლიმტია.
ოჯახი, შვილები
– მყავს მეუღლე და ორი შვილი. სულ მალე პერსონალური გამოფენა უნდა მქონდეს, საორგანიზაციო საქმეების მოგვარებაში მეუღლე მეხმარება და ვატყობ, ეს მას დიდ სიამოვნებას ანიჭებს. მიუხედავად ოჯახური მდგომარეობისა, მცირეწლოვანი შვილებისა, რაც, ძირითადად, ყველას დაბრკოლებას უქმნის შემოქმედების ნაყოფიერ მუშაობაში, არ მიქმნის დაბრკოლებას, ვახერხებ, გამოვნახო თუნდაც მცირე დრო ხატვისთვის.
თბილისში რას შეცვლიდი?
– თბილისი ყველას ქალაქია, ძალიან ლამაზია… ვფიქრობ, თითოეული ქართველის ვალია, უყვარდეს დედაქალაქი და ზრუნავდეს მასზე. ჩემზე რომ იყოს დამოკიდებული, თბილისს მეტ „ფერს“ შევმატებდი…
ოცნება?
– ჩემი ოცნებები ძალიან ბავშვურია… ზოგჯერ მინდა და თითქოს არც მინდა, რომ ახდეს…
მომწონს, ბავშვობაში მაბრუნებს… მაგალითად, მინდა, ადრე გაზაფხულზე ჩემი ხელით დავკრიფო ენძელები და მსგავსი ოცნებები უდიდეს სიამოვნებას მანიჭებს… ყოფითი ოცნება კი არის ის, რომ მინდა, სახელოსნო მქონდეს.
მალე თქვენი პერსონალური გამოფენა გაიმართება.  განცდა გამოფენის წინ
– 4 აპრილს იგეგმება ჩემი პერსონალური გამოფენა, საქართველოს ფოლკლორის ცენტრის გალერეაში. დაახლოებით 100-მდე ნამუშევრის გატანას ვაპირებ. მსურს, დამთვალიერებელს წარვუდგინო ჩემი მოკრძალებული შემოქმედება და, როგორც ყველა მხატვრისთვის, ჩემთვისაც ეს წარმატება დიდი სიამოვნება და სტიმული იქნება მომავალ შემოქმედებით მოღვაწეობაში.

  თამარ შაიშმელაშვილი

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები