„დღეს საქართველოს ემიგრაცია დაუცველია“ –  რა სურვილი აუსრულა ნეკრესის სალოცავის ნატვრის ხემ თამარ სეფაშვილს

ბავშვობა ყვარელში გაატარა, სკოლაც იქვე დაამთავრა. სამი შვილის დედას საქართველოში არსებული მძიმე პირობების გამო სამშობლოს დატოვება მოუწია. 12 წელია საბერძნეთში ემიგრანტია. ქართულ დიასპორულ გაზეთ „ელადას“ რედაქტორის მოადგილეა, 2010 წლიდან კი თესალონიკის ქართული სათვისტომოს –ოქროს საწმისის თავმჯდომარე.
ქართული დიასპორის ღირსების მედლით დაჯილდოვდა, ახლახან კი უცხოეთში საქართველოს წინაშე გაწეული ღვაწლისთვის“წარმატებული ქალის“ სტატუსი  მიენიჭა.
ამბობს, რომ დღეს საქართველოს ემიგრაცია დაუცველია და მაინც  საკუთარი თავის იმედად რჩება...
თავად კი სამშობლოს ნოსტალგიას და სიყვარულს ლექსს ანდობს. – თამარ სოლოღაშვილი-სეფაშვილის პერსონა.

ბავშვობა, ეს ჩემი ცხოვრების შეუდარებელი წლებია. უდარდელი და უპრობლემო. ირგვლივ ყველაფერს ბავშვური თვალთახედვით აღიქვამ, კეთილ და უბოროტო ზღაპარს ჰგავს…
ყვარლის კოტე მარჯანიშვილის სახელობის მესამე საშუალო სკოლა დავამთავრე, ეს ის პერიოდია, როცა ბავშვობა ფრთებს ისხავს, სკოლა და მასწავლებელი დიდ როლს ასრულებს ადამიანის ცხოვრებაში, უკეთესი მომავალისთვის. სკოლაში გატარებული ყველა წუთი ძვირფასია და ჩემი მოგონებების სკივრში ძალიან ლამაზი ადგილი უკავია. დღესაც დიდი პატივისცემით ვეფერები, ფიქრებში ხშირად დავსეირნობ ჩემს საყვარელ მასწავლებლებთან. ევცნობი და ვიმკვიდრებ მეგობრებს. ეს შეუდარებელი წლებია, გულწრფელობის ხანაა!
ჩემი სკოლა ახლოს იყო ილიას გორასთან, სკოლის მეგობრები ხშირად მივდიოდით იების საკრეფად, ეს წარუშლელი მოგონებებია, რომელიც სულის საზრდოდ შემომრჩა და დღემდის კვებავს.
– ყვარელში ბუღალტერეკონომისტად მუშაობდით... რატომ გადაწყვიტეთ საქართველოდან წასვლა?
– 15 წელი ვიმუშავე ყვარლის ღვინისა და კონიაკისა გაერთიანებული ქარხნების ბუღალტერ – ეკონომისტად, მაგრამ ეს ის პერიოდია, როცა საქართველოში ყველაფერი დაინგრა და გაიყიდა, ასევე გაიყიდა ეს ქარხანაც,  კერძო საკუთრებაში გადავიდა და, აქედან გამომდინარე, მოხდა რეორგანიზაცია, შემცირდა შტატებიც.
– არ გაგიჭირდათ ოჯახის და სამი შვილის დატოვება?
– გამიჭირდა, თანაც ძალიან. ყველა ემიგრანტის პირველი გასაჭირი უენობაა. მძიმე ხვედრი ერგო ქართველს საუკუნეთა გასაყარზე. დაისადგურა შიშმა ეკონომიკური მდგომარეობის დასაძლევად. ჩვენი სამშობლოს ძნელბედობის ჟამს ქვეყნის შიგნით გაჩაღებულმა ომმა ეკონომიკური კატასტროფა განაპირობა, რომ ქართველმა ქალმა იკისრა ოჯახის და მომავლის გადამრჩენი მისია და ამ მისიის აღსასრულებლად ემიგრანტის რთული გზა აირჩია.
ასე გავხდი ემიგრანტი… მიუხედავად იმისა, რომ მას შემდეგ 12 წელი გავიდა, ყველა დღე პირველს ჰგავს, ამ გადაწყვეტილების მიღების განცდა დღემდის არ მანებებს თავს. სწორედ 3 შვილის დედობამ მიმაღებინა ეს გადაწყვეტილება, დიდია დედის როლი შვილების წინაშე. მათი ხვალინდელი დღის უკეთესობისა თუ კეთილდღეობისთვის. ამიტომ არჩევანიც აღარ გაქვს…
– როგორ დაიწყეთ ცხოვრება საბერძნეთში? რა სიძნელეები გადალახეთ?
– საბერძნეთში ჩამოსვლის წლები მე ბრძოლას შევადარე, პირველ რიგში, იწყებ საკუთარ ბედთან ჭიდილს. ბერძნული ერთი სიტყვაც არ ვიცოდი. თითქოს ახალ ფეხადგმულ ბავშვს გავხარ, რომელმაც მეტყველება არ იცის…  ამას შიშიც ახლდა – არ იცი მათი საქმე, არ გესმის ენა, არ იცი მათი ხასიათი, მიდიხარ სად?!.. თუმცა, უფლის წყალობით, ყველაფერს გავართვი თავი და  მათ ცხოვრებას ნაბიჯები ავუწყე.
ერთ პატარა სიუჟეტს მოგიყვებით. როგორც მოგახსენეთ, ყვარლიდან ვარ, ყვარელში ერთი უძველესი, ულამაზი მონასტერი გვაქვს, „ნეკრესი” ჰქვია. საბერძნეთში რომ უნდა წამოვსულიყავი, წინა დღეს, მთელი ოჯახი ჩავსხედით მანქანაში და წავედით სანთლების ასანთებად. ეზოში რომ მივედით, ერთი დაბალი გატოტილი ხე დავინახე, ისე ლამაზად ფრიალებდა მის ტოტებზე მობმული ჭრელაჭრულა ბაფთები, მივხვდი, ნატვრის ხე იქნებოდა.
მივუახლოვდი ამ ხეს და ერთი სურვილი ჩავიფიქრე; მივდივარ და არ ვიცი, სად, ძალიან მინდა და იქ ჩასულს, შემხვდეს ისეთი სამსახური, რომ შევძლო ჩემი თავის ამოცნობა-მეთქი (თითქოს ვუწყრებოდი კიდეც საკუთარ თავს). თუ არ ვარ კარგი ადამიანი, ძალიან დამსაჯე, შემახვედრე გაუსაძლისი და მძიმე სამსახური, ოღონდ  ისეთი, რომ არ შევიშალო ფსიქოლოგიურად და ფიზიკურად ძალიან არ დავიტვირთო-მეთქი.
დღემდე მფარველობს ჩემი წმინდა სალოცავის, ნეკრესის მადლი და ძალა, მე შემოვედი ისეთ სამსახურში, სადაც ჩემი ბებო ხელებს მიკოცნის და ოჯახის ყველა წევრი ჩემი შვილების კარგად ყოფნასა და მათ სიკეთეზე ლოცულობს, 10 წელია მათ ოჯახში ვარ და ამით, მგონი, ყველაფერი ვთქვი… მადლობა მათ იმისთვის, რომ დამეხმარნენ ტკივილის ზიდვაში!..
–  ქართულ დიასპორულ გაზეთ „ელადას“ რედაქტორის მოადგილე ხართ… რა პრობლემებს გამოყოფდით?
– რაც შეეხება გაზეთ „ელადას” (დამფუძნებელი და მთავარი რედაქტორი, ქალბატონი ანა ყურშავიშვილი), ამ გაზეთმა მომცა ძალა და საშუალება, კონტაქტი მქონოდა ქართველ ემიგრანტებთან, ვიღებდი ინტერვიუს და მათ შეხედულებებს ვაშუქებდი ამ გაზეთის ფურცლებზე, რასაც დღემდის დიდი სიყვარულით ვაგრძელებ. მათი ლოცვა, ანთებული და მადლიერი თვალები ჩემთვის ყველაზე ძვირფასია.
– სათვისტომომ მრავალი წიგნი გამოსცა, მათ შორის წიგნი „ჩვენ საქართველო გავაძლიერეთ“, სადაც აღწერილია თესალონიკში მცხოვრები ქართველი ემიგრანტების მოღვაწეობა…
– აი, სწორედ მათგან, ემიგრაციისგან აღებულმა და ჩემმა მოპოვებულმა მასალამ, ერთი იდეა დაბადა, ეს მასალა შემეკრა  წიგნად, რომელსაც დავარქვი: „ჩვენ საქართველო გავაძლიერეთ“. რა თქმა უნდა, ერთ წიგნში, რაოდენ სქელტანიანიც არ უნდა იყოს, ვერ დატევ ყველა ემიგრანტის მასალას, წიგნი 600- გვერდიანია, სადაც აღწერილია მათი ემიგრანტული ცხოვრება. ყველა ადამიანი ინდივიდია და საკუთარი ხედვა აქვს, თუმცა ემიგრატული ცხოვრება ძალიან ჰგავს ერთმანეთის ცხოვრებას, სადაც ხშირ შემთხვევაში მხოლოდ სახელი და გვარი განასხვავებთ.
წიგნი, რა თქმა უნდა, ტკივილიანია. სამშობლოს, ოჯახს, ახლობლებს მონატრებული ადამიანები გადმოსცემენ მათ სიყვარულზე, მათი მთავარი სათქმელი და სურვილი ოჯახთან, სამშობლოში დაბრუნებაა. ეს წიგნი საკუთარი ხარჯებით გამოვეცი, რაც 2000 ევროზე მეტი დამიჯდა. არ მინდოდა დროის ქროლვას გაჰყოლოდა 21-ე საუკუნეში, თუ სად და რატომ მოუწიათ ცხოვრება საქართველოს თანამემამულეებს.
უცხოეთში საქართველოს უახლესი ისტორია იწერება. სწორედ რომ ისტორია სათუთად შემოინახავს ამ წიგნს. წიგნის შესახებ გაიგო საქართველოს კათოლიკოს- პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ და საქართველოს დიასპორის სახელით შემომითვალა, გამეგზავნა მისთვის ჩემი ხელნაწერით, რათა ლოცვებში მოეხსენებინა. რა თქმა უნდა, გავუგზავნე და გადასცეს. შემდეგ კი პირადადაც შევხვდი (ჩემი დაჯილდოების დროს საქართველოში). თესალონიკში გამართული პრეზენტაციის შემდეგ ამ წიგნის წარდგინება გაიმართა სამების საკათედრო ტაძარში, ასევე საქართველოს სხვადასხვა ქალაქში, სადაც თესალონიკიდან მოხდა ჩვენი, ჩემი და ნაწილი ემიგრანტების ჩართვა, სკაიპის საშუალებით.
–  2010 წელს თესალონიკში სათვისტომო  „ოქროს საწმისის თავმჯდომარედ აგირჩიეს...
–  რაც შეეხება „ოქროს საწმისს“,  გავერთიანდით შემოქმედი ჯგუფი, ვინც გამოსცა და გაამდიდრა ქართული ემიგრანტული ლიტერატურა. ვაწყობდით და ვაწყობთ ღონისძიებებს, სადაც ტრიალებს ქართული სული, ქართველ ემიგრანტებს საშუალება ეძლევათ, რამდენიმე საათით შეხვდნენ და მოეფერონ ერთმანეთს. შემდეგ კი ჩვეული რეჟიმით დაუბრუნდნენ სამსახურებს, რაც აუცილებელია და მნიშვნელოვანია გადახვეწილი, უცხოეთში მყოფ ემიგრანტებისთვის. ხშირია შემთხვევა, როცა ქართულ ღონისძიებებს ესწრებიან ბერძენი მოქალაქეებიც. როცა ვხედავ მათ აღფრთოვანებულ, ემოციებით სავსე გამომეტყველებას და მობილურით გადაღებულ კლიპებს, ამ დროს სიამაყის გრძნობა მეუფლება, რომელსაც ცრემლები ანაცვლებს. შეძლებისდაგვარად, ვახორციელებთ საქველმოქმედო დახმარებებს.
 უამრავი ჯილდო მიიღეთ, ასევე ქართული დიასპორის ღირსების ორდენი…
– თესალონიკის ქართული დიასპორისგან ღირსების ორდენი  2011 წელს მივიღე. ეს ჩემთვის ძალიან გულის ამაჩუყებელი იყო. 300- კაციანი ზეიმი იყო, -„თბილისობა“,  – სალონიკში და სწორედ იქ გადმომცეს. ორი მხარე აქვს ამ ორდენს, როგორც სიხარულის ასევე ტკივილის… ამ ჯილდომ  დიასპორასთან თანამშრომლობის და თანადგომის სურვილი კიდევ უფრო გამიათმაგა.
– ქართულ დიასპორა თესალონიკში…  როგორ ცდილობს დიასპორა სამშობლოსთან კავშირს?
– ქართული დიასპორა მოკლებულია ყველაფერს ქართულს, ნაკლებად არიან განებივრებული საქართველოსთან კავშირს, მათთან თანამშრომლობას. თუ ვინმე დისპორის სამინისტროდან ჩამოსულა თესალონიკში, ყოველთვის გამართულა მათთან შეხვედრები. იბადება და ისახება უამრავი საჭირბოროტო საკითხები, თუმცა რთულია მათი განხორციელება და ემიგრაცია მაინც რჩება საკუთარი თავის იმედად.
დღეს საქართველოს ემიგრაცია დაუცველია. თუმცა მინდა გამოვყო ის ფაქტიც, რომ საქართველოს დიასპორის სამინისტრო (დღეს უკვე საგარეო) ყოველთვის თვალყურს ადევნებდა დიასპორის საქმიანობას და მინისტრისგან მიღებული მაქვს ოფიციალური მადლობის წერილი.
თესალონიკში არსებობს ქართული საკონსულო და, საჭიროების შემთხვევაში, ეს უკავშირდება ყველა საჭირო საბუთს, პასპორს თუ მინდობილობას, ათას წვრილმანს, მხოლოდ საქართველოსთან მიმართებაში, სადაც ყველა ემიგრანტს შეუძლია, მიმართოს მათ, სადაც ყოველთვის დიდი გულისხმიერებით და სითბოთი ემსახურებიან მათსავე თანამოქალაქეებს.
– პრიზი და დიპლომი გადმოგეცათ და მოგენიჭათ წარმატებული ქალის“ სტატუსი  „უცხოეთში საქართველოს წინაშე გაწეული ღვაწლისთვის“...
–  რაც შეეხება პრიზს (ოსკარი, – ასე დაარქვეს) და დიპლომს, საქართველოში მიმიწვიეს და რუსთაველის თეატრში გადმომცეს, როგორც ” წარმატებული ქალი” უცხოეთში საქართველოს წინაშე გაწეული ღვაწლისათვის. ეს ჯილდო ჩემთვის ის არის, რასაც კითხვითვე ვუპასუხებ. თვლით თუ არა, რომ უცხოეთში გატარებული თქვენი წლები დაკარგულია? –  აი ამ კითხვის პასუხია ეს ჯილდო ჩემთვის, რაც უდიდეს პასუხისმგებლობას მავალებს, არა მარტო დიასპორის, არამედ ჩემი საქართველოს წინაშე.
–  მეუღლე და შვილები…
– ჩემი მეუღლე სოსო (ბესო) სეფაშვილი ყვარლელია. მეზობლები ვიყავით. სპეციალობით ინჟინერია, თუმცა დღეს ორივე თვალში ბროლი უზის, ამან კი გაახანგრძლივა ჩემი ემიგრანტობა…
როგორც აღვნიშნე, 3 ქალიშვილის დედა ვარ. უფროს მაკა სეფაშვილია,  რომელმაც ივანე ჯავახიშვილის სახ. სახელმწიფო უნივერსიტეტი დაამთავრა, ერთი ქალიშვილი ჰყავს – მედეა კუპრაშვილი.
მეორე- ბელა სეფაშვილია. მანაც უნივერსიტეტი დაამთავრა და ექიმია. ელოდება პირველ ბავშვს ხანგრძლივი, 9-წლიანი ლოდინის შემდეგ. ეს ძალიან მახარებს! ხოლო მესამე თამარ (თაკო) სეფაშვილი ყვარლის N1 საჯარო სკოლის მე-11 კლასის წარჩინებული მოსწავლეა.
–  როგორ იწერება ლექსი სამშობლოსგან მოშორებით?
– ლექსების წერა ბავშვობაში დავიწყე. კარგად მახსოვს, მე-4 კლასში ვიყავი, პირველი ლექსი რომ დავწერე. აკროსტიკით იყო ჩემი გვარი და სახელი –  ლეილა სოლოღაშვილი. ემიგრაცია ყოველთვის ხატავს მღელვარე სურათს. ჩემს ლექსებში გამომწყვდეული ფიქრია, დარდის თანამოზიარე. დღეს ემიგრაცია თავის კვალს ტოვებს ყველგან და ყველაფერში და ჩემი ლექსებიც ტკივილიანი და სევდიანია… ლექსებში კარგად ჩანს ადამიანის ხასიათი…  ემიგრაციაში ძნელია, დაწერო ლექსი იმ ტკივილის გარეშე, რომელიც მრავალწლიანმა ემიგრაციამ კიდევ უფრო გაამძაფრა ნოსტალგია საქართველოსი და საყვარელი ადამიანებისადმი.
– რაზე ოცნებობთ?
– სადაც უნდა წავიდეს ქართველი ადამიანი, თან დააქვს სამშობლოს სიყვარული, რომელიც მისი შთაგონების უშრეტი წყაროა. ჩემი ფიქრი და ოცნებაც მხოლოდ ეს არის – საქართველოში დაბრუნება, ჩემი შვილების სითბოს, მაჯის, გულისცემის მოსმენა. არც არავინ გვიჭერს და არც არავის სურვილით წამოვსულვართ, ეს პირადი გადაწყვეტილება იყო, თუმცა ძალიან მაშინებს ხვალინდელი დღე… ეს გაუსაძლისი დღეები, რომელიც შვილის მონატრებით მიიზლაზნება სწორედ მათი ხვალინდელი დღისთვის არის, თუმცა ისევ მათ ხარჯზე, დედის სითბოს მონატრებულები და სიტყვა დედას დაძახებიდან შორს… და მაინც, არა მგონია, ის გადმოვცე, რასაც მე და ჩემნაირი უამრავი ემიგრანტი დედა განიცდის…
ესეც ერთი ლექსი, რომელსაც „თუ გაგრძელდება სიცოცხლე ასე“ ჰქვია:

ბარათაშვილის მერანს მივყვებით,
საზღვრებს გავდივართ,
ბოლო არ უჩანს,
უკან კი გვრჩება ილიას მთები,
სულს რომ არ აძლევს
წუთს მოსვენებას.
აკაკის გამზრდელს
ხვალაც მოველით…
თუ გაგრძელდება სიცოცხლე ასე,
ჩვენი შვილები
პატრონს ელიან,
ბერძნების შვილებს
ვუკითხავთ
„გამზრდელს“.

 

თამარ შაიშმელაშვილი

 

 

 

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები