ექიმები 13 წლის ბიჭის გადარჩენას ცდილობენ – დამწვრობისას ექიმბაშის მალამოებით გამოწვეული შედეგი

დაგვიანებისა და ექიმბაშის არატრადიციული მალამოებით გამოწვეული გართულების შედეგად, 13 წლის ბიჭის ჯანმრთელობის მდგომარეობა კრიტიკულია.
„კვირას“ ინფორმაციით, დამწვრობის ცენტრის რეანიმაციულ განყოფილებაში 13 წლის მოზარდი ხელოვნური სუნთქვის აპარატზეა შეერთებული და მედიკოსები მის გადარჩენას ცდილობენ.
როგორც „კვირას“ ბ. იაშვილის სახელობის თერმული დაზიანებისა და აღდგენითი პლასტიკური ქირურგიის ცენტრის ხელმძღვანელმა, გუგა ქაშიბაძემ განუცხადა, პაციენტი კლინიკაში გუშინ რეანომობილით მარნეულიდან გადაიყვანეს. მოზარდს სხეულის 20-პროცენტიანი დამწვრობა ჰქონდა მიღებული და მე-3 ხარისხის დამწვრობა აღენიშნებოდა.
13 წლის ბიჭმა სხეულის დამწვრობა 6 დღის წინ მიიღო, მას სხეულზე მდუღარე წყალი გადაესხა, რის შედეგადაც ზურგი და საჯდომი დაეწვა.
„პაციენტის ოჯახის წევრების გადმოცემით, პაციენტმა ექვსი დღის წინ დამწვრობა მიიღო. როგორც ჩვენთვის გახდა ცნობილი, ბავშვი იმ ჭურჭელს დაეჯახა, სადაც ადუღებული წყალი იყო მოთავსებული და ზურგი და დუნდულები დაეწვა. ამის შემდეგ, ოჯახის წევრებმა გადაწყვიტეს, რომ დამწვრობას ექიმბაშის მიერ დამზადებული მალამოთი უმკურნალებდნენ. ფაქტობრივად, ერთი კვირის განმავლობაში, ბავშვს არასწორი მკურნალობა უტარდებოდა, რის შედეგადაც პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა გართულდა. კლინიკაში შემოყვანისას, მას მეორადი ნეკროზები და სუნთქვის მწვავე უკმარისობა აღენიშნებოდა. მისი ჯანრთელობის მდგომარეობა მძიმეა“, – განაცხადა „კვირასთან“ საუბრისას გუგა ქაშიბაძემ.
ქაშიბაძე მშობლებს კიდევ ერთხელ აფრთხილებს, რომ სხეულის დამწვრობის შემთხვევაში, ნუ ენდობიან ექიმბაშებს, რადგან შესაძლებელია, უფრო სავალალო შედეგი დადგეს.
მისივე თქმით, სხეულის დამწვრობას მკურნალობას ჯანდაცვის საყოველთაო პროგრამა სრულად ანაზღაურებს. აქედან გამომდინარე, ექიმთან და სტაციონარში დროული მკურნალობის შედეგად, თავიდან იქნება აცილებული ექიმბაშის მალამოებით გამოწვეული გართულებები.
იზა შაქარაშვილი

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები