სტამბოლში საქართველოს მოქალაქე, 2 შვილის დედა, სავარაუდოდ, მოკლეს

თურქეთში, სტამბოლში საქართველოს მოქალაქე გარდაცვლილი იპოვეს. გარდაცვლილი რუსთავის მკვიდრი, ორი შვილის დედა, 51 წლის მზია დუნდუაა. 1779282_580321695388453_748384873_n
პროფესიით პედაგოგი სტამბოლში რამდენიმე წელი მუშაობდა და საქართველოში  ოჯახს ფინანსურად ეხმარებოდა.
როგორც „კვირას“ თურქეთში ერთ-ერთმა ემიგრანტმა განუცხადა, მზია დუნდუა ცივი იარაღით მიყენებული ჭრილობებით გარდაიცვალა.
„როგორც ჩემთვის არის ცნობილი, მზია დუნდუა სამი თვის გასამრჯელოს ითხოვდა. ოჯახის დიასახლისი მას ამ კუთვნილ თანხას არ უხდიდა. მზია ჩვენთან ამბობდა, რომ როგორც კი თანხას მიიღებდა საქართველოში უნდა დაბრუნებულიყო. იგი პროფესიით პედაგოგი იყო და ოჯახში ბავშვს უვლიდა. ოჯახის დიასახლისს მისთვის სამი თვის ხელფასი არ გადაუხდია. მზიას ოჯახი რუსთავში ცხოვრობს. ორი ვაჟის დედა იყო. მისი გარდაცვალების ამბავი ოთხშაბათს, 2 ნოემბერს გავიგეთ. სამშაბათს, 1 ნოემბერს, მზიამ თანხა მოითხოვა და მასსა და ოჯახის დიასახლისს შორის კონფლიქტი მოხდა. მზიას მუცლის არეში 2 ჭრილობა აქვს დანით მიყენებული და ვენებიც გადაჭრილი აქვს. როგორც ჩვენთვის ცნობილია, ოჯახის დიასახლისი მეუღლესთან არის გაცილებული და ქმარი გერმანიაში ჰყავს. კაცი გერმანიიდან ფულს უგზავნიდა, მაგრამ მზიას თანხას არავინ აძლევდა. ოჯახს იმის საშუალება არ აქვს, რომ ადვოკატი აიყვანოს. არც საკონსულოდან გვაქცევენ ყურადღებას“, – ამბობს „კვირასთან“ საუბრისას თურქეთში მყოფი ქართველი.
მისივე თქმით, შემთხვევის ადგილზე ადგილობრივი პოლიციის თანამშრომლებიც იმყოფებოდნენ. მომხდარ ფაქტზე დაწყებულია გამოძიება.
„კვირა“ ამ საკითხთან დაკავშირებით საგარეო საქმეთა სამინისტროს დაუკავშირდა. სამინისტროს პრესსამსახურის ინფორმაციით, საკონსულომ მომხდარი ფაქტი დაადასტურა, თუმცა კონკრეტული ინფორმაციების გამჟღავნებისგან თავი შეიკავა.
საკონსულოს ინფორმაციით, მზია დუნდუას ცხედარი ექსპერტიზის ბიუროშია მოთავსებული. საკონსულოში არ აკონკრეტებენ, რა გახდა მზია დუნდუას გარდაცვალების მიზეზი. მათივე ინფორმაციით, თურქული მხარე გამოძიების დეტალებს არ ახმაურებს.
„კვირა“ სტამბოლში საქართველოს გენერალური საკონსულოს თანაშემწეს, ლალი ნაკაიძესაც გაესაუბრა, რომელმაც გარდაცვლილ მზია დონდუას შესახებ საუბარი არ ისურვა.
ლალი ნაკაიძემ „კვირა“ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში გადაამისამართა.
„კვირა“ ამ თემაზე მუშაობას აგრძელებს და მკითხველს დამატებით დეტალებს მოგვიანებით შევთავაზებთ.
იზა შაქარაშვილი

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები