ბათუმში დაბადებული და თბილისში მცხოვრები ირაკლი ალასანია არჩევნებისთვის „გორელი“ გახდა
აჭარაში, ბათუმში დაბადებული და თბილისში მცხოვრები ალასანია არჩევნებისთვის „გორელი“ გახდა. ირაკლი ალასანიას დაბადების ადგილად მის შესახებ არსებულ საჯარო ინფორმაციაში ქალაქი ბათუმია მითითებული, ბათუმში დაბადებული და თბილისში მცხოვრები ალასანია კი უკვე ერთი თვეა, რაც „გორელია“.
„თავისუფალი დემოკრატების“ ყოფილმა ლიდერმა და გორის მაჟორიტარობის ყოფილმა კანდიდატმა ირაკლი ალასანიამ, საკუთარი არჩევანი 8 ოქტომბერს, გორის 82- საარჩევნო უბანზე გააკეთა. ალასანიამ დილის 09:00-ზე ხმის მიცემის შემდეგ, განაცხადა, რომ ის გორელია და ხმაც ამ მიზეზით მისცა გორში.
“დღევანდელ დღეს მინდა მთელს საქართველოს მშვიდობა ვუსურვო და დარწმუნებული ვარ, რომ მშვიდობით ჩაივლის ეს არჩევნები. მე დღეს ხმა გორში მივეცი იმიტომ, რომ გორელი ვარ და გორში ვარ ჩაწერილი“, – ეს კომენტარი, 8 ოქტომბერს, ხმის მიცემის შემდეგ ირაკლი ალასანიამ მედიის წარმომადგენლებისთვის გააკეთა.
ალასანიას „გორული“ წარმომავლობის გარკვევას „კვირა“ შეეცადა. აღმოჩნდა, რომ ყოფილი კანდიდატის „გორელობას“ სულ რაღაც ერთთვიანი ისტორია აქვს. „კვირამ“ მოიპოვა ინფორმაცია, რის მიხედვითაც „თავისუფალი დემოკრატების“ ლიდერი გორში წინასაარჩევნოდ, სექტემბრის დასაწყისში ჩაეწერა. ირაკლი ალასანია გორში ქეთევან წამებულის 19 ნომერში ცხოვრობდა. გორელი ამომრჩევლის კეთილგანწყობის მოსაპოვებლად პოლიტიკიდან წასულმა დღეს უკვე ყოფილმა კანდიდატმა თავი გორელად წარადგინა და ამის დასამტკიცებლად საკუთარი არჩევანი გორის საარჩევნო უბანზე დააფიქსირა. დარჩება თუ არა პოლიტიკიდან წასული ალასანია ფაქტობრივ მისამართზე, ამაზე „თავისუფალი დემოკრატების“ გორის ოფისში პასუხი არ აქვთ.