ექსკლუზივი: სულხან მოლაშვილი – ჟვანიას გვერდით მდგომი ადამიანები სისხლის მსმელები იყვნენ
საქართველოს კონტროლის პალატის ყოფილი თავმჯდომარე, საფრანგეთში პოლიტიკური დევნილის სტატუსით მყოფი სულხან მოლაშვილი “კვირას“ ზურაბ ჟვანიას საქმის გამოძიებაზე და ბოლო დროს ამ საქმესთან დაკავშირებით შექმნილ აჟოტაჟზე ესაუბრა. სულხან მოლაშვილი დარწმუნებულია, რომ იმ შემთხვევაში, თუ ჟვანიას საქმის გამოძიება საფუძვლიანად და ობიექტურად მოხდება, ექსპრემიერის გარდაცვალების საქმეში ყოფილი მაღალჩინოსნების, მათ შორის სააკაშვილისა და მერაბიშვილის პირდაპირი ბრალეულობა გამოიკვეთება.
“მიხეილ სააკაშვილის პოლიტიკური მასწავლებელი სწორედ ზურაბ ჟვანია იყო. მან ზურაბ ჟვანიასთან ერთად შექმნა ის მანქანა, რომელიც შემდგომ პოლიტიკაში ერთად მოვიდნენ და ქვეყანას სათავეში ჩაუდგნენ. ზურაბ ჟვანიამ ვერ გათვალა, რომ მის გვერდით მდგომი ადამიანები სისხლის მსმელები იყვნენ. მიხეილ სააკაშვილი ბუნებით იმდენად გაუმაძღარი აღმოჩნდა, რომ ძალაუფლების ვინმესთვის გაყოფა ვერ წარმოედგინა. ჟვანიას არსებობის შემთხვევაში მას ძალაუფლების გაყოფა მოუხდებოდა, რადგან მთლიანად ჟვანიაზე იყო მიბმული. თუ ყოფილი პრემიერის გარდაცვალების საქმის ობიექტურად და სწორად გამოძიება მოხდება, ამ საქმეში სააკაშვილის, მერაბიშვილის, გიგა ბოკერიას და ზურაბ ადეიშვილის არა მხოლოდ მონაწილეობა, არამედ პირდაპირი ბრალეულობა გამოიკვეთება. სააკაშვილის სისხლიანი რეჟიმი უნდა გასამართლდეს და ყველა დამნაშავე საკადრისად დაისაჯოს“!,- განუცხადა “კვირას“ სულხან მოლაშვილმა.
რაც შეეხება “ნაციონალური მოძრაობის“ წევრების აზრს, რომ სააკაშვილის პროკურატურაში დაბარების ფაქტორი ევროკავშირირთან და ნატოსთან დაახლოებაში საქართველოს შეაფერხებს, მოლაშვილი ამ მოსაზრებას არ იზიარებს და აცხადებს, რომ ევროპა მხოლოდ ერთს – დამნაშავეების სათანადოდ დასჯას მოითხოვს. მოლაშვილის თქმით, თუ საქართველოს სურვილი ევროპულ ოჯახთან დაახლოებაა, ეს, პირველ რიგში, სამართლიანობის აღდგენით უნდა მოხდეს.
“არსებული ხელისუფლება, პირველ რიგში, ორიენტირებული უნდა იყოს იმაზე, რომ ქვეყანაში სამართლიანობა აღდგეს. ევროპა მხოლოდ ერთს მოითხოვს – კანონის უზენაესობას და დემოკრატიას. დასასჯელი უნდა დაისაჯოს. არ აქვს მნიშვნელობა იმას, ეს ექსპრეზიდენტი იქნება თუ სხვა ვინმე. ის განცხადებები, რომ სააკაშვილის პროკურატურაში დაბარება საქართველოს ევროპისკენ სწრაფვას ხელს შეუშლის, “ნაციონალების“ მაქინაციებს წარმოადგენს და სიმართლესთან საერთო არაფერი აქვს “,- განუცხადა “კვირას“ სულხან მოლაშვილმა.