“ახალაიებს გირგვლიანის მკვლელებისთვის პურ-მარილი მიჰქონდათ და მათთან ერთად ღრეობდნენ“

სანდრო გირგვლიანის მკვლელობის ბრალდებით გასამართლებული პირებისთვის ციხის რესპუბლიკურ საავადმყოფოში ძმებ ახალაიებს, ვასილ სანოძეს და სოსო თოფურიძეს კომფორტულად მოწყობილ საკნებში სურსათ-სანოვაგე პირადად მიჰქონდათ და მათთან ერთად ქეიფობდნენ. ეს ინფორმაცია “კვირას“ ექსკლუზიურად საქართველოს კონტროლის პალატის ყოფილმა თავმჯდომარემ, საფრანგეთში პოლიტიკური დევნილის სტატუსით მყოფმა სულხან მოლაშვილმა მიაწოდა.
 როგორც მოლაშვილი აცხადებს, ის გირგვლიანის მკვლელებთან ერთად ახალაიების მიერ მოწყობილი “ღრეობების“ თვითმხილველია, რადგან ისინი ციხის საკნებში მყოფ პატიმრებთან ქეიფს არ ერიდებოდნენ. კონტროლის პალატის ყოფილი თავმჯდომარე “კვირასთან“ ჰყვება, თუ როგორ დააცლევინეს ციხის რესპუბლიკური საავადმყოფოს 2 ოთახი ექთნებს, შეიტანეს იქ კომფორტული ავეჯი, მაცივარი, კონდიციონერი და ასეთ “საკნებში“ გირგვლიანის მკვლელები შეიყვანეს.
“ციხის რესპუბლიკურ საავადმყოფოში მე და ჩემთან ერთად რამდენიმე ათეულმა პატიმარმა დავინახეთ ძმები ახალაიები, შსს-ს გენერალური ინსპექციის ყოფილი უფროსი ვასილ სანოძე, კუდის ყოფილი უფროსი სოსო თოფურიძე, ციხის დირექტორი, მისი მოადგილეები, მთელი გენერალიტეტი, რომლებმაც გირგვლიანის მკვლელების საკნები პურ-მარილით გაავსეს და მთელი ღამე ჩვენგან-პატიმრებისგან დაუფარავად ღრეობდნენ. ამ ყველაფერს ჩემს გარდა რამდენიმე ათეული პატიმარი დაადასტურებს. რაც შეეხება “საკნებს“, სადაც გირგვლიანის მკვლელები ჰყავდათ – ეს იყო კომფორტულად მოწყობილი 2 ოთახი, რომელიც მანამდე ციხის ექთნებისთვის იყო განკუთვნილი. ეს ორი ოთახი კომფორტულად მოაწყვეს, შეიტანეს ავეჯი, მაცივარი, კონდინციონერი და აი ასეთ პირობებში ამყოფებდნენ მათ“,- აცხადებს მოლაშვილი.
მისი თქმით, გირგვლიანის მკვლელობაში გასამართლებულების პირობების შესახებ ინფორმაციის მიწოდება არასამთავრობო ორგანიზაციების და ჟურნალისტებისთვის შეძლო, რის შემდეგაც ბაჩო ახალაიას ახსნა-განმარტების გაკეთება მოუწია.
“ჟურნალისტებისთვის მიცემულ კომენტარში მან მტკიცედ უარყო, რომ გირგვლიანის ბრალდებით გასამართლებულები ფუფუნებაში ცხოვრობდნენ, და ისინი მალევე რესპუბლიკურის ციხიდან სხვა დაწესებულებაში გადაიყვანა“,-აცხადებს სულხან მოლაშვილი.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები