ექსკლუზივი: სულხან მოლაშვილი – სისხლიანი რეჟიმი ადეიშვილმა, ოქრუაშვილმა და მერაბიშვილმა შექმნეს

    საქართველოს კონტროლის პალატის ყოფილი თავმჯდომარე, საფრანგეთში პოლიტიკური დევნილის სტატუსით მყოფი სულხან მოლაშვილი „კვირასთან“ ექსკლუზიურ ინტერვიუში საქართველოს ყოფილი ხელისუფლების საქმიანობასა და ციხეებში წამების მეთოდებს იხსენებს. მოლაშვილის განცხადებით, სააკაშვილმა და „მისმა ხროვამ“ კაცობრიობის წინაშე ჩაიდინეს დანაშაული, რის გამოც ჯერ მათი პარტია უნდა აიკრძალოს, შემდეგ კი მათი დაუყოვნებლივ გასამართლება მოხდეს. მისი თქმით, მიხეილ სააკაშვილის მმართველობის პერიოდში წამება ჩვეულებრივ მოვლენად იქცა, რამაც საზოგადოების დიდი ნაწილი მონებად აქცია, დაავადმყოფა და დახოცა.
„საქართველოში იმდენად მასობრივი სახე მიიღო წამებამ, პოლიტიკურმა დისკრიმინაციამ, არაადამიანურმა მოპყრობამ, რომ ადამიანები ჯერ მონებად აქცია, დაავადმყოფა, დახოცა, მერე ყოველგვარი ღირსება და პატივი აჰყარა. ახლა, როდესაც საუბრობენ სისტემურ დანაშაულზე, „ნაციონალების“ მიერ ჩადენილი საქმეები სისტემური დანაშაული კი არ იყო, ეს იყო სააკაშვილისა და მისი ხროვის მიერ ჩადენილი სეართაშორისო დანაშაული, რომელსაც კაცობრიობის წინააღმდეგ დანაშაული ჰქვია. მათ ორგანიზებული და მასობრივი ხასიათი მისცეს ადამიანების დაპატიმრებას, წამებას, ამდენი ოჯახისთვის ქონების ჩამორთმევას, უამრავი ადამიანის ქვეყნის ფარგლებიდან გაყრას. ამას აკეთებდნენ ერთი პარტიის ეგიდით და რამდენიმე იდეოლოგის „ხუშტურის“ გამო. ეს არის არაკანონიერად ხელისუფლებაში მოსული პოლიტიკური პარტიის მიერ კაცობრიობის მიმართ ჩადენილი დანაშაული. ამიტომ პარტია „ნაციონალური მოძრაობა“ ჯერ უნდა აიკრძალოს საქართველოში და მერე გასამართლდეს ისე, როგორც ამას შიდა და საერთაშორისო სამართალი მოითხოვს “,- განაცხადა სულხან მოლაშვილმა.
მოლაშვილმა „კვირასთან“ იმ მეთოდების შესახებაც ისაუბრა, თუ როგორ უსწორდებოდნენ პატიმრებს სასჯელაღსრულების დაწესებულებაში. მისი თქმით, სააკაშვილის ციხეში გაუპატიურება და გვამების „გაფუჭება“ მუდამ ხდებოდა.
როგორც მოლაშვილმა განაცხადა, „ნაციონალური მოძრაობის“ რეჟიმი მიხეილ სააკაშვილმა და ზურაბ ადეიშვილმა, ვანო მერაბიშვილმა და ირაკლი ოქრუაშვილმა შექმნეს.
„ციხეებში წამება მასობრივი ხასიათის იყო, რაც დღე-ღამის ნებისმიერ დროს ადამიანების მიმართ ფიზიკურ ანგარიშსწორებას, სიკვდილის პირამდე მათ მიყვანას გულისხმობდა. იყო წამების ისეთი ფორმებიც, რომელიც ფიზიკურ შეხებას არ ითვალისწინებდა, მაგრამ ზემოქმედების ძალიან მომაკვდინებელი საშუალება იყო პატიმრისთვის. წამება და გაუპატიურება ყოველთვის ხდებოდა სააკაშვილის ციხეში. ხშირი იყო ე.წ. გვამების “გაფუჭება”, რომ საექსპერტოდ არ გამოსდგომოდა ცხედარი ჭირისუფალს. იყო გვამების “გამჭრელი” პატიმარი. პატიმარს, რომელსაც ეს ფუნქცია ეკისრებოდა, კარგ პირობებში იხდიდა სასჯელს. დავალებული ჰქონდა – რომ შემოაკვდებოდათ, ნაწამები პატიმრის ცხედარი მორგში ისე დაემუშავებინა, რომ გარეთ გატანის ან გვამის ექსჰუმაციის შემთხვევაში, ექსპერტიზას მისი გარდაცვალების ნამდვილი მიზეზი არ დაედგინა. გარდაცვლილისთვის უნდა ამოეცალა შიგნეულობა და მუცელში, ადამიანის ორგანოების ნაცვლად, იატაკის ჭუჭყიანი ნაჭრები, ხის ყუთის ფიცრები და ათასგვარი სიბინძურე ჩაელაგებინა. ეს სისხლიანი რეჟიმი მიხეილ სააკაშვილმა, ზურაბ ადეიშვილმა, ვანო მერაბიშვილმა და ირაკლი ოქრუაშვილმა შექმნეს“,- განაცხადა სულხან მოლაშვილმა.

                                                                                                                                                                                                                                ცირა შერგელაშვილი

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები