მოყინვის მერვე შემთხვევა საქართველოში – პაციენტს ორივე ტერფის ამპუტაცია დასჭირდა
73 წლის მამაკაცს მოყინვის შედეგად ორივე ტერფის ამპუტაცია დასჭირდა, – ამის შესახებ „კვირას“ იაშვილის სახელობის თერმული დაზიანებისა და აღდგენითი პლასტიკური ქირურგიის ხელმძღვანელმა გუგა ქაშიბაძემ განუცხადა.
მისივე თქმით, პაციენტს კლინიკაში შესვლის დროს მე-3-4 ხარისხის მოყინვა აღენიშნებოდა.
73 წლის მამაკაცი დამწვრობის ცენტრში აღმოსავლეთ საქართველოდან გადმოიყვანეს.
როგორც გუგა ქაშიბაძემ „კვირას“ განუცხადა, წელს ეს უკვე მერვე შემთხვევაა, როდესაც მოყინვის შედეგად საქართველოს სხვადასხვა რეგიონიდან გადმოყვანილ პაციენტებს სხეულის სხვადასხვა სახის ამპუტაცია დასჭირდათ.
გუგა ქაშიბაძის ინფორმაციით, სამედიცინო დაწესებულების რეანიმაციულ განყოფილებაში კიდევ ერთი პაციენტი მკურნალობს. 78 წლის მამაკაცს, რომელიც გარდაბნის რაიონში მწყემსი იყო, ორივე ტერფი მოეყინა. ქაშიბაძის ინფორმაციით, პაციენტმა მე-2-3 ხარისხის მოყინვა მიიღო.
„პაციენტი რეანიმაციულ განყოფილებაშია მოთავსებული და შესაბამისი მკურნალობა უტარდება. ჩვენ მაქსიმალურად ვცდილობთ, პაციენტს კიდურები შევუნარჩუნოთ, თუმცა არ არის გამორიცხული, გარკვეული დროის შემდეგ მას ქირურგიული ოპერაციაც ჩაუტარდეს“, – აღნიშნა გუგა ქაშიბაძემ.