ათენში 34 წლის ელისო ვარდანიძე გარდაიცვალა – ოჯახი დახმარებას ითხოვს
საბერძნეთის დედაქალაქ ათენში საქართველოს მოქალაქე, 34 წლის ელისო ვარდანიძე გარდაიცვალა.
როგორც „კვირასთვის“ გახდა ცნობილი, ელისო ვარდანიძე გრიპის ვირუსის გართულებული ფორმით გუშინ საღამოს ათენის ერთ-ერთ საავადმყოფოში გარდაიცვალა. გრიპის ვირუსმა პნევმონია გამოიწვია.
ვარდანიძეების ოჯახი გარდაცვლილის სამშობლოში გადმოსვენებას ვერ ახერხებს და დახმარებას საქართველოს ხელისუფლებას სთხოვს. ელისო ვარდანიძე წარმოშობით ბაღდათის რაიონის სოფელ ვარციხიდან არის.
„კვირა“ აღნიშნულის შესახებ ბაღდათის რაიონის მუნიციპალიტეტში სოფელ ვარციხის წარმომადგენელს გაგა ლომინაშვილს დაუკავშირდა. როგორც „კვირას“ გაგა ლომინაშვილმა განუცხადა, ელისო ვარდანიძე დედასთან ერთად 7 წლის წინ საბერძნეთში სამუშაოდ წავიდა. მისი თქმით, ახალგაზრდა გოგონამ ათენში ქართველი მამაკაცი გაიცნო და ოჯახი შექმნა. ელისო ვარდანიძეს 3 წლის შვილი დარჩა.
სოფელ ვარციხის რწმუნებულის გაგა ლომინაშვილის ინფორმაციით, გარდაცვალებამდე ელისო ვარდანიძე საავადმყოფოში 27 დღის განმავლობაში ხელოვნური სუნთქვის მართვის სუნთქვის აპარატზე იყო მიერთებული, თუმცა ექიმებმა მისი გადარჩენა ვერ შეძლეს.
„ჩემთან გარდაცვლილის მამა მოვიდა და დახმარება მთხოვა. ოჯახი სოციალურად დაუცველთა ფენას წარმოადგენს და შვილის გადმოსვენების ფინანსური შესაძლებლობა არ აქვს. როგორც გარდაცვლილის მამამ მიამბო, ელისოს შვილს გრიპის ვირუსი დაემართა და რამდენიმე დღის განმავლობაში საავადმყოფოში იწვა. ბავშვი გამოკეთდა და კარგად არის, თუმცა ელისო სწორედ იმ დროს გაცივდა და გრიპის ვირუსით დაინფიცირდა. გრიპი გაურთულდა, 27 დღე ხელოვნური მართვის სუნთქვის აპარტზე ყოფილა შეერთებული, მაგრამ ვერ გადაარჩინეს. ამჟამად ბავშვს ელისოს დედა უვლის. ჩვენს ხელთ არსებული ბიუჯეტი გადმოსვენების ხარჯებს ვერ უზრუნველყოფს, თუმცა ვეცდებით, ყველაფრით დავეხმაროთ“, – აღნიშნა გაგა ლომინაშვილმა.
ამ საკითხთან დაკავშირებით „კვირა“ ბაღდათის რაიონის საპარლამენტო დეპუტატ პაატა კიკნაველიძესაც დაუკავშირდა.
„ჩვენს რაიონში იყო ანალოგიური შემთხვევა, როდესაც ერთი თვის წინ იტალიაში ბაღდათელი ჟულიეტა აბულაძე გარდაიცვალა. ჩვენ მოგვმართეს ოჯახის წევრებმა და რაიონის გამგეობა მათ 7000 ლარით დაეხმარა. თუ ვარდანიძეების ოჯახიც მიმართავს რაიონის გამგეობას ფინანსური დახმარებისთვის, ეს რაიონის კომისიის განსახილველი საკითხია და ვეცდებით, რომ ანალოგიური დახმარება ამ ოჯახსაც გავუწიოთ“, – აღნიშნა პაატა კიკნაველიძემ“, – აღნიშნა ბაღდათის რაიონის საპარლამენტო დეპუტატმა პაატა კიკნაველიძემ.
იზა შაქარაშვილი