ერთი თვის წინ კატალონიაში მოკლული 2 ქართველი სამშობლოში ამ დრომდე არ გადმოუსვენებიათ
ერთი თვის წინ, ესპანეთში მოკლული საქართველოს მოქალაქეების – გოჩა კაკალაშვილის და გელა გალიშვილის ცხედრები სამშობლოში ამ დრომდე არ გადმოუსვენებიათ – ამის შესახებ „კვირას“ გოჩა კაკალაშვილის დედამ ციცო კაკალაშვილმა განუცხადა.
„დღეს ერთი თვე გავიდა, რაც ჩემი შვილის ამბავი გავიგე. ისიც არ ვიცი, ვინ ან რატომ მომიკლა. მკვდარ შვილს ვერ ვიბრუნებ, ცხედარი ჯერაც არ გადმოუსვენებიათ. მარტო ვზივარ სახლში და საკუთარ შვილს ვტირი. გარდაცვლილი მაინც დამიბრუნონ“, – ამბობს „კვირასთან“ საუბრისას ციცო კაკალაშვილი.
მისივე თქმით, ამ დრომდე არ გადმოუსვენიაბიათ გელა გალიშვილიც, რომელიც მკვლელობის ღამეს უცნობმა პირმა გოჩა კაკალაშვილთან ერთად მოკლა. როგორც ციცო კაკალაშვილმა „კვირას“ განუცხადა, ცხედრების გადმოსვენების გაჭიანურება დოკუმენტაციას უკავშირდება.
„რაღაც საბუთები იყო გადასაგზავნი საქართველოდან. ამ საბუთების მოგროვებას ნუთუ ერთი თვე დასჭირდა, ჩემი შვილის ცხედარი ამ დრომდე სად ასვენია, არ ვიცი. ისეთ მდგომარეობაში ჩავვარდი რა გავაკეთო, ისიც არ ვიცი. არ ვიცი, ვინ ან როგორ დამეხმარება, რომ გარდაცვლილი შვილი დავიბრუნო“, – აცხადებს ციცო კაკალაშვილი.
ცხედრების გადმოსვენების საკითხთან დაკავშირებით „კვირა“ საგარეო საქმეთა სამინისტროს დაუკავშირდა.როგორც უწყებაში აცხადებენ, ესპანეთში მომხდარ დანაშაულთან დაკავშირებით გამოძიება მიმდინარეობს, რასაც გარკვეული პროცედურები სჭირდება. მათი თქმით, როგორც კი პროცედურები დასრულდება, ცხედრების გადმოსვენების ზუსტი თარიღიც დასახელდება.
მოკლული გოჩა კაკალაშვილი რუსთავიდან იყო, გელა გალიშვილი კი – თბილისიდან. ისინი ესპანეთში რამდენიმე წელია ცხოვრობენ.
შეგახსენებთ, რომ 2016 წლის ახალი წლის ღამეს კატალონიაში, ქ.ტერასაში, საკუთარ სახლში გელა გალიშვილი და გოჩა კაკალაშვილი ქართველებმა მოკლეს. „კვირას“ ინფორმაციით, გარდაცვლილები ე.წ. კრიმინალური ავტორიტეტების, ძმების – კახა შუშანაშვილის, იგივე „კახა რუსთავსკის“ და ლაშა შუშანაშვილის ახლობლები არიან. ესპანეთში მცხოვრები ქართველები ვარაუდობენ, რომ მკვლელობა კრიმინალურ გარჩევას უკავშირდება.