თურქეთში მომხდარი სასტიკი დანაშაულის დეტალები – რა მოხდა მკვლელობამდე შარიპოვების სახლში
თურქეთში მომხდარი დანაშაულის შესახებ „კვირასთვის“ დამატებითი დეტალები გახდა ცნობილი.
როგორც „კვირას“ მარნეულის გამგებლის მოადგილემ განუცხადა, დანაშაული სავარაუდოდ შურისძიების მოტივით მოხდა.
ზაურ ტაბატაძის განცხადებით, თურქეთში მყოფი ემა, ელნაზ შარიპოვების და 19 წლის საჰიბ გასანოვის სახლი, გარდაცვალებამდე უცნობმა პირმა გაქურდა.
„როგორც ჩვენთვის გახდა ცნობილი, ემა, ელნაზ და საჰიპ შარიპოვები ერთი ოჯახიდან არიან და თურქეთში ცხოვრობდნენ. აქ, მარნეულში მხოლოდ მოხუცი ბებია და კიდევ ერთი და ჰყავთ. ამჟამად ნათესავები თურქეთში არიან წასულები, რათა ცხედრები გადმოასვენონ. როგორც გვიამბეს, ემა და ელნაზ შარიპოვი რამდენიმე წელია რაც თურქეთში იმყოფებიან, თუმცა, რას საქმიანობდნენ, ჩემთვის უცნობია. გარდაცვალებამდე მათი სახლი ვიღაცამ გაქურდა, რის გამოც, მათ ადგილობრივ პოლიციაში საჩივარი შეიტანეს. ამ ფაქტთან დაკავშირებით თურქეთის პოლიციას დამნაშავე დაუკავებია. შარიპოვები ვარაუდობენ, რომ მათი ოჯახის წევრები სწორედ შურისძიების გამო მოკლეს“, – აცხადებს „კვირასთან“ საუბრისას ზაურ ტაბატაძე.
ამასთან, როგორც „კვირას“ მარნეულის გამგეობის წარმომადგენელმა ელშან ჰასანოვმა განუცხადა, თურქეთში მომხდარ ტრაგედიამდე შარიპოვების დაღაჩაღების დროს თავდამსხმელებმა სახლიდან 5000 აშშ დოლარი წაიღეს.
მისი თქმით, შარიპოვების ოჯახის წევრები ამბობენ, რომ ემა და ელნაზ, შაროპოვები და 19 წლის ბიჭი შურისძიების გამო მოკლეს და როგორც ამბობენ, მათ თავები მოჰკვეთეს.
„კვირას“ ინფორმაციით, 19 წლის საჰიბ გასანოვი მარნეულიდან თურქეთში ბებიასთან დაახლოებით ორი კვირის წინ გაემგზავრა. ხოლო, დები ემა და ელნაზ შარიპოვები უკვე რამდენიმე წელია იქ ცხოვრობენ.
შარიპოვები მარნეულში, ბაქოს ქუჩის N 4-ში ცხოვრობდნენ.
აღსანიშნავია, რომ საქართველოს საგარეო სამინისტროს შირნაკის პროვინციაში გარდაცვლილითა ვინაობის შესახებ ინფორმაცია ამ დრომდე არ გაუვრცელებია.
თუმცა, უწყება ადასტურებს, რომ სამი გარდაცვლილიდან მხოლოდ ერთია საქართველოს მოქალაქე.
სამინისტროს პრესსამსახურის ინფორმაციით, გარდაცვლილთაგან კიდევ ორი ქალბატონია და ერთ-ერთს, საქართველოს მოქალაქეობა შეწყვეტილი ჰქონდა.
საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გარდაცვლილი ქალბატონი ამჟამად თურქეთის მოქალაქეა, ხოლო გარდაცვლილი მამაკაცის მოქალაქეობის საკითხი ამ დროისთვის დადგენილი არ არის.
თურქეთში მომხდარ მკვლელობასთან დაკავშირებით ინფორმაცია აზერბაიჯანულმა გამოცემამ „haqqin.az“-მა გაავრცელა.
აზერბაიჯანული მედიის ინფორმაციით, თურქეთში, შირნაკის პროვინციაში, გუშინ ღამით სამართალდამცველებმა ერთ-ერთ საცხოვრებელ სახლში სამი ადამიანის ცხედარი იპოვეს.
მათივე ინფორმაციით, სამივე ქალბატონი ქართველია და მათ ყელი აქვთ გამოჭრილი. კიდევ ერთი დეტალი, შარიპოვების გაუჩინარებიდან სამი დღის შემდეგ, გარდაცვლილთა სახლში ერთ-ერთი ქალბატონის ყოფილი ქმარი მივიდა დაცხედრები სწორედ მან აღმოაჩინა.
აღსანიშნავია, რომ ზოგიერთი უცხოური მედიასაშუალების მიერ გავრცელებული ინფორმაცია, თითქოს მომხდარი დანაშაულის შედეგად გარდაცვლილები ემა, ელნაზ და საჰიპ შარიპოვები არიან, სიმართლეს არ შეესაბამება. გარდაცვლილთაგან ერთ-ერთი არა საჰიპ შარიპოვი, არამედ საქართველოს მოქალაქე, 19 წლის საჰიბ გასანოვია. ეს უკანასკნელი კი, გარდაცვლილთაგან ერთ-ერთის შვილიშვილია, – ამის შესახებ „კვირას“ მარნეულის გამგეობის წარმომადგენელმა ელშან ჰასანოვმა განუცხადა.
განსხვავებულ ინფორმაციას ავრცელებს თურქული მედია. საინფორმაციო სააგენტო DHA-ს ცნობით, პოლიციამ ბინაში ქალბატონის, მამაკაცის და ბავშვის ცხედრები იპოვა, სიკვდილის ერთ-ერთ მიზეზად კი მხუთავი აირით გაგუდვა დასახელდა, თუმცა ეს ინფორმაცია სიმართლეს არ შეესაბამება.
იზა შაქარაშვილი