ავარია გომბორთან – ორი შვილის დედა ადგილზე გარდაიცვალა, ბავშვები კი მძიმედ დაშავდნენ
საგარეჯოს რაიონის სოფელ გომბორთან ავტოსაგზაო შემთხვევას ერთი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, ორი მცირეწლოვანი კი დაშავდა. ისინი საგარეჯოს რაიონულ საავადმყოფოში მოათავსეს. როგორც “კვირას” საავადმყოფოში განუცხადეს, 4 წლის ბიჭის მდგომარეობა მძიმეა, მისი 5 წლის ძმის კი სტაბილური.
როგორც „კვირას“ საგარეჯოს გამგებელმა გიორგი გზირიშვილმა განუცხადა, ოჯახი თელავიდან თბილისში მიემგზავრებოდა, რა დროსაც, სავარაუდოდ, გადაჭარბებული სიჩქარით მოძრავი ავტომანქანა ხეს შეეჯახა. საგზაო შემთხვევის შედეგად ოჯახის დიასახლისი ადგილზე გარდაიცვალა.
როგორც „კვირას“ შსს-ში განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება სსკ-ის 276-ე მუხლის მე-5 ნაწილით დაიწყო, რაც საგზაო წესების უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.