ბაკურიანში 28 წლის სნოუბორდისტი ნუგზარ დიაკონაშვილი გარდაიცვალა
ბაკურიანში 28 წლის სნოუბორდისტი, ნუგზარ დიაკონაშვილი გარდაიცვალა. უბედური შემთხვევა რამდენიმე საათის წინ, “კოხტა გორასა” და “დიდველს” შორის მოხდა. მთიდან წამოსულმა ზვავმა სპორტსმენი ქვეშ მოიყოლა. მაშველებმა რამდენიმესაათიანი ძებნის შედეგად სნოუბორდისტი გარდაცვლილი იპოვეს.
როგორც „კვირას“ სნოუბორდის ფედერაციის პრეზიდენტმა ლევან მშვილდაძემ განუცხადა, ნუგზარ დიაკონაშვილი სნოუბორდის ფედერაციის ბაკურიანის ჯგუფს ხელმძღვანელობდა. მისივე თქმით, სპორტსმენი 2015 წლის საქართველოს სნოუბორდ-კროსის ჩემპიონი იყო. მშვილდაძის ინფორმაციით, დიაკონაშვილი 2018 წლის კორეის ზამთრის ოლიმპიადისთვის ემზადებოდა, სადაც მას საქართველო უნდა წარედგინა.
“სამწუხარო ფაქტი მოხდა. რამდენიმე საათის წინ უაღრესად კეთილშობილი და დადებითი პიროვნება, ძალიან კარგი სპორტმენი ტრაგიკულად დაიღუპა. ნუგზარ დიაკონაშვილი გაუვალ მთებში სრიალებდა. საქართველოს სნოუბორდის ფედერაცია მასზე დიდ იმედებს ამყარებდა. ძალიან ვწუხვართ მომხდარის გამო. ის იყო ჩემი დიდი მეგობარი”, – განუცხადა “კვირას” ლევან მშვილდაძემ.
როგორც “კვირას” შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, ფაქტზე გამოძიება სსკ-ის 115-ე მუხლით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.