ექიმების ძებნაში სიცოცხლისთვის დაკარგული დრო – სასოწარკვეთილი დედა 4 წლის გოგონას გარდაცვალებას ექიმებს აბრალებს

იაშვილის ბავშვთა რესპუბლიკურ საავადმყოფოში გარდაცვლილი 4  წლის გოგონას დედა შვილის გარდაცვალებას მედიკოსების უპასუხისმგებლობას და გულგრილობას აბრალებს.
თინათინ მ-ს დედა, ევგენია სახლთხუციშვილი კლინიკის ექიმს, თინათინ დავითაიას არაპროფესიონალიზმში ადანაშაულებს.
როგორც „კვირას“ სახლთხუციშვილმა განუცხადა, იგი ჯანდაცვის სამინისტროს განცხადებით მიმართავს, რომ ნეფროლოგ თინათინ დავითაიას სამედიცინო საქმიანობა შეუჩერდეს.
„მოვითხოვ, თინათინ დავითაიას   სამედიცინო  საქმიანობა  შეუჩერდეს.  მან  უნდა დატოვოს საავადმყოფო, სანამ კიდეც სხვისი შვილი არ გაუუბედურებია. თინათინ დავითაიამ   პასუხი უნდა აგოს, როგორც ექიმმა.   მას ბევრი რამ   შეეძლო  და ჩემს შვილს არ გაუკეთა.  პასუხი უნდა აგოს იმისთვის, რომ ჩემი შვილი ჩაკეტილი თირკმლით 24 საათის განმავლობაში საავადმყოფოდან საავადმყოფოში  ატარა. თინათინ დავითაიამ  თავიდან მომიშორა, იცით თქვენ, რომ  მას ჩემი შვილის გადასარჩენად   ხელებს ვუკოცნიდი.  მისი სიტყვების მჯეროდა, აბა, ვისი უნდა დამეჯერებინა?!   ჩემი შვილი იმათ ხელში იყო…  ეგენი მეიმედებოდნენ.   ჩემი შვილი ექიმების  უპასუხისმგებლობამ და გულგრილობამ დაღუპა“, – აცხადებს „კვირასთან“ საუბრისას ევგენია სახლთხუციშვილი.
ამასთანავე, გარდაცვლილის დედა, 4 წლის თინათინის  გარდაცვალებაში   ინფექციური საავადმყოფოს მორიგე ექიმსაც ადანაშაულებს.  თუმცა,   დედა ექიმის  ვინაობას ვერ იხსენებს.
ევგენია   სახლთხუციშვილი ამბობს, რომ  მას მომაკვდავი  შვილი  საავადმყოფოდან  საავადმყოფოში   კატასტროფის ბრიგადის   მანქანით დაჰყავდა, თუმცა,   ბავშვის  ტრანსპორტირება კატეგორიულად დაუშვებელი იყო.
„უკვე, როცა ჩემი თინათინი დავკრძალე,   ახლა  ყველაფერს ვაანალიზებ, ვხვდები, როგორ დამღუპეს ექიმებმა.  არაფერი იღონეს, რომ ჩემი პატარა გადაერჩინათ.  ბავშვს ორივე თირკმელი გათიშული ჰქონდა და კატასტროფის ბრიგადის მანქანით საავადმყოფოდან საავადმყოფოში  გადაჰყავდათ.  თურმე,  ბავშვის განძრევაც კი არ შეიძლებოდა და არც კი გამაფრთხილეს, რა მდგომარეობაში იყო ჩემი შვილი“, – ამბობს  4 წლის თინათინის დედა.
გარდაცვლილი პაციენტის დედა „კვირასთან“ საუბრისას ამბობს, რომ 4 წლის თინათინის  გარდაცვალების მიზეზი   ვირუსული ინფექცია (ჩუტყვავილით) კი არა, არამედ თირკმლის უკმარისობა იყო.
მისი თქმით,  4 წლის თინათინის გარდაცვალების მიზეზი მედიაში არასწორად გავრცელდა.
სახლთხუციშვილის ინფორმაციით,    პატარა გოგონა  იაშვილის კლინიკაში  2 დეკემბერს, დიალიზის ოპერაციის დროს გარდაიცვალა.
„კვირა“ ექსკლუზიურად გთავაზობთ 4 წლის გოგონას დედის ინტერვიუს,  თუ როგორ ვითარდებოდა მოვლენები ერთი კვირის განმავლობაში.

პრეისტორია:

როგორც 4 წლის თინათინის  დედა ამბობს,  მათ  ოჯახში   ჩუტყვავილას  ვირუსი  თავდაპირველად უფროსს შვილს ჰქონდა.  დაახლოებით 2 კვირის შემდეგ,   26  ნოემბერს, ხუთშაბათს  დედამ   უმცროსი   შვილის სახეზე   ვირუსული  გამონაყარი   შენიშნა.  პატარას, ჩუტყვავილასთვის დამახასიათებელი სიმპტომები  აღენიშნებოდა. მეორე დღეს დედამ შვილი საბავშვო ბაღში არ გაუშვა და უბნის პედიატრს მიმართა.
„ხუთშაბათი დღე იყო.  თინათინი ბაღიდან  მოვიყვანე.  საღამოს ბავშვის სახეზე რამდენიმე გამონაყარი შევნიშნე.  38 გრადუსი სიცხე და იმ საღამოს  ერთხელ გულისრევაც ჰქონდა.  ამის შემდეგ, ჩვეულებრივ  ჩუტყვავილასთვის დამახასიათებელი სიმპტომები მიმდინარეობდა.   მეორე დღეს გამონაყარი მოემატა, სიცხეებიც არ უწევდა.   ორი დღის განმავლობაში სიცხე   38-დან  39-მდე იცვლებოდა.   ბავშვის მკურნალობა პედიატრის მეთვალყურეობის ქვეშ მიმდინარეობდა. მინდა აღვნიშნო,  რომ  ამ  ორი დღის განმავლობაში  ჩუტყვავილას პარალელურად რაიმე სხვა სახის პათოლოგია   არ განვითარებულა. მკურნალობა მიმდინარეობდა ჩვეულებრივ, რაც ჩემს უფროსს გოგონას ჩაუტარდა.  იგივე პედიატრის მითითებებით,  ჩემს უფროს გოგონასაც 3-4 დღე გაუგრძელდა კრიზისული პერიოდი. ბავშვი  კონტაქტური იყო, უბრალოდ სიცხეების გამო  მივარდნილი იყო “, – ამბობს თინათინის დედა.
  ევგენია სახლთხუციშვილის ინფორმაციით, მის შვილს  ჯანმრთელობის გაუარესება ვირუსული ინფექციის  გამოვლენიდან მეოთხე დღეს დაეწყო და  ორშაბათს,  30 ნოემბრის  გამთენიისას  გაურთულდა.   პატარა მუცლის ტკივილმა გააღვიძა.  ტკივილგამაყუჩებლების მიღების  მიუხედავად,  გოგონას მუცლის ტკივილმა არ გაუარა.
„ორშაბათს,  დილით, ბავშვს მარცხენა საზარდულთან  ამობერილობა  შევნიშნე. ხელით მოვუსინჯე და ტკივილი უფრო მეტად შეიგრძნობოდა.    სასწრაფო  გამოვიძახეთ.   ექიმმა მითხრა, რომ ქირურგის ჩარევა იყო საჭირო.  ექიმი ხილიანზე მდებარე  ინფექციური საავადმყოფოს მიმღებს დაუკავშირდა, მაგრამ  იქ  ქირურგი არ  აღმოჩნდა.  საავადმყოფოში გვითხრეს, ქირურგი თქვენ თავად უნდა მოიძიოთო.  სასწრაფო  ისე წავიდა, ბავშვი  საავადმყოფოში არ  გადაუყვანია“, – იხსენებს დედა.
იმავე დღეს,  მშობლებმა საკუთარი მანქანით  თინათინი უბნის  პოლიკლინიკაში  მიიყვანეს, თუმცა ქირურგმა მისი ჩარევა  გამორიცხა. მშობლებმა, შვილი  იმავე მანქანით  ხილიანზე, ბავშვთა ინფექციურ საავადმყოფოში გადაიყვანეს. ერთსაათიანი ლოდინის შემდეგ, საავადმყოფოს მედიკოსების გადაწყვეტილებით,  4  წლის თინათინი   ყაზბეგის  გამზირზე,  ინფექციურ საავადმყოფოში, მოზრდილთა  მიმღებ განყოფილებაში მიიყვანეს.
„ბავშვი მიმღებში  არც კი გასინჯეს.  არადა,  ჩემს შვილს  მუცლის არეში ტკივილები ემატებოდა,   საზარდულთან  შებერილობა   უფრო და უფრო უსივდებოდა.   ვერაფრით ვუმსუბუქებდი  ტკივილს.   ერთი საათი დავყავით  იქ,   ადგილს ეძებდნენ,  ჩემი შვილი სად უნდა დაეწვინათ.  დაახლოებით ერთი საათის შემდეგ, პალატაში აგვიყვანეს, ანალიზები აუღეს და რენტგენზე გაგვიშვეს.   აბსოლუტურად სუფთა ჰქონდა ფილტვები.   ბავშვმა ფეხით გაიარა.   2 საათის შემდეგ, შესიებულ ადგილას    სისხლჩაქცევის ლაქა   გაიზარდა.   რამდენიმე წუთის შემდეგ,   შესიება   მარცხენა მხარის მენჯისკენ,  ანუ უკანა მხარეს გადავიდა,  გაჩნდა კიდევ ერთი სისხლჩაქცევა – ერთმანეთის პარალელურად.   სანამ მეორე ლაქა გაჩნდებოდა,  ექიმმა  თამარმა მითხრა, რომ  ბავშვს ცელულუტი აქვს  და ბავშვის მკურნალობა ჩუტყვავილას საწინაღმდეგოდ უნდა დაეწყოთ“ ,–  ამბობს  სახლთხუციშვილი. 12404498_1055970504425442_615459158_n
მისი თქმით,    ბავშვმა გადასხმებით იმდენი სითხე მიიღო, შეშუპდა და   ვეღარ შარდავდა.
სახლთხუციშვილი „კვირასთან“ საუბრისას აღნიშნავს, რომ მან რამდენჯერმე მოითხოვა  შვილისთვის კათეტერის ჩადგმა, მაგრამ ინფექციურ საავადმყოფოში  შესაბამისი ინსტრუმენტი არ აღმოჩნდა.
დედის ინფორმაციით,   გოგონას შარდმდენები დაალევინეს, თუმცა უშედეგოდ.
„სანამ ბავშვს სავადმყოფოში მივიყვანდი,  მან  რამდენჯერმე   მოშარდა.   ინფექციურშიც  მოშარდა.   ანალიზების და რენტგენის მერე ბავშვს წვეთოვანი დაუდგეს.   პარალელურად ბავშვმა მიიღო  სხვადასხვა სახის სითხე –   ნატურალური წვენი და წყალი,  პარალელურად ვაძლევდით სიცხის დამწევ საშუალებებს, იმიტომ რომ ჩვილს სიცხეები ჰქონდა.  ამდენი სითხის მიღების შემდეგ მას   მოძრაობა აღარ შეეძლო.  მივარდნილი იყო და ეძინებოდა.   საღამოს კი საჭმელს და სასმელს აღარ ითხოვდა. დღის მეორე ნახევარში უკვე აღარც შარდავდა.  დაიწყო შეშუპება. ჯერ კიდურები შეუშუპდა.  შემდეგ შეშუპება მთლიან ტანზე შევნიშნე.  ექიმმა  გასინჯა და  მეუბნება, ეს ცელულიტიაო.  ვინაიდან ბავშვი ამ სითხეს სხეულიდან ვერ დევნიდა, მოვითხოვე უროლოგი,  მოვითხოვე,  კათეტერით გაეთავისუფლებინათ.  ასევე, მოვითხოვე ორგანოების ექოსკოპია.  მაგრამ არაფერი გაუკეთეს, ექიმმა თამარმა მითხრა, რომ ამ დროისათვის ეს არ იყო საჭირო“, – ამბობს თინათინის დედა.
გარდაცვლილის დედის ინფორმაციით, მოგვიანებით აღმოჩნდა, რომ  ინფექციურ საავადმყოფოში ბავშვთა უროლოგი არ აღმოჩნდა და ვენაში გადასხმები კი ისევ გრძელდებოდა.   თინათინს სხეული უფრო და უფრო უშუპდებოდა.
„თავდაპირველად გვითხრეს, რომ კათეტერი  ჩვენ  თავად უნდა   შეგვეძინა და  კლინიკაში მიგვეტანა.  მერე ესეც გადაიფიქრეს.  გვითხრეს,   უროლოგი არ გვყავსო.  ინსტრუმენტი რომ მოგვეტანა, მაინც ვერ   გაუკეთებდნენ კათეტერს, რადგან ბავშვთა უროლოგი არ ჰყავდათ. ამ ვაიუბედურებაში  ვიყავით,   უკვე დაახლოებით,  ღამის 2 საათი იყო   და  გვითხრეს, რომ უროლოგი ჩვენ თავად  უნდა მოგვეძია.   ბავშვის მდგომარეობა ძალიან  გართულდა.    ფაქტობრივად, არაფერი  გაუკეთებიათ მომაკვდავი ბავშვისთვის.   გამოვტაცეთ ჩემი  შვილი და ჩვენივე მანქანით   წავიყვანეთ იაშვილის სახელობის კლინიკაში.   ეს უკვე ჩუტყვავილას დაწყებიდან მე – 5 დილა – 1 დეკემბერი თენდებოდა.    თურმე, ბავშვის ტრანსპორტირება ამ დროს არ  შეიძლებოდა.  ტრანსპორტირება  ბავშვის მდგომარეობას უფრო და უფრო ამძიმებდა, ამის შესახებ არავინ გაგვაფრთხილა. როგორც მერე გავარკვიეთ, თავად ინფექციურის პრეროგატივა იყო, რომ ბავშვთა უროლოგი გამოეძახებინათ.  ეს ჩვენ უკვე იაშვილის მიმღებში გავიგეთ. ექიმებმა გვითხრეს, რომ იმ საავადმყოფოში შეეძლოთ ნებისმიერი პროფილის  ექიმის გამოძახება“,- აღნიშნა  ევგენია სახლთხუციშვილმა.  12434322_1055969944425498_194913740_n
 იაშვილის სახელობის ბავშვთა რესპუბლიკური საავადმყოფოს მიმღებში   პატარა თინათინს პირველადი  გამოკვლევები ჩაუტარეს.   ანალიზის შედეგებმა ცხადყო, რომ პაციენტი კრიტიკულ მდგომარეობაში იყო.  შუაღამის საათებში პაციენტის შაქრის მაჩვენებელი 32 იყო, წნევა 90/60 -ზე აღენიშნებოდა. გადასხმების შემდეგ, ბავშვის მდგომარეობა ოდნავ გაუმჯობესდა. თუმცა, პაციენტის მიღებაზე იაშვილის კლინიკა უარს აცხადებდა.
„გამოიძახეს ნეფროლოგი.  ბავშვი იმდენად კრიტიკულ მდგომარეობაში იყო,  რომ იაშვილში არც კი გვღებულობდნენ,  მაგრამ  რადგან   ჩემი შვილი   ასეთ   მდგომარეობაში  იყო, აღარ გამოგვყარეს.  ნეფროლოგმა გასინჯა ბავშვი და  კათეტერი ჩაუდგეს.  სხეულიდან  20 მილილიტრი სითხე გამოვიდა. ეს არის დაახლოებით, 2 სუფრის კოვზი სითხე.  ნეფროლოგმა დაწვრილებით იცოდა, რომ  ჩემს შვილს, ორშაბათს    სულ ცოტა ლიტრა-ნახევარი სითხე ჰქონდა მიღებული. მაგრამ  ნეფროლოგს არ გასჩენია  კითხვა,  ეს თირკმელების პრობლემა ხომ არ იყო? არც მე და ჩემმა ქმარმა ვიცოდით ამის შესახებ, არავინ არაფერი გვითხრა.  შესაბამისად, ჩვენ ინფორმაციას არ ვფლობდით.  ექიმმა  თინათინ დავითაიამ გვითხრა, რომ ეს პაციენტი მისი ავადმყოფი არ იყო.   ეს ბავშვი  პრობლემატურია და  იაშვილის კლინიკის პაციენტი არ არისო, რადგან უკვე  ჩუტყვავილა ჰქონდა გავლილი. არადა,   უკვე მე-5 დღე იყო,  ბავშვს მხოლოდ სიცხეები აწუხებდა, შაბათ დილით რომ გამოაყარა, მის შემდეგ გამონაყარი აღარ განვითარებულა.  რაც ჰქონდა,   ისიც უკვე დამუშავებული იყო სხვადასხვა ხსნარით და მედიკამენტით,  თვითონ ჩუტყვავილას გამონაყარი უკვე შემხმარი იყო. ამ ყველაფრის შემდეგ, იმ ღამეს  იაშვილის  საავადმყოფოდან გამოგვიშვეს და ისევ ინფექციურში დაგვაბრუნეს,  ისევ იმ რეანიმაციულ განყოფილებაში, სადაც ვიყავით.  ამ კათეტერებით – ერთით  ვენაში,   მეორეთი კი  საშარდე  მილში. მივედით ისევ ინფექციურში.  ვენაში ჩადგმული კათეტერით   სხვადასხვა  მედიკამენტს სითხის სახით უსხავდნენ.  ის  ღამე რაღაცნაირად გავათენეთ, მაგრამ ბავშვი უფრო და უფრო დამძიმდა“, –  იხსენებს  იმ ღამეს ევგენია სახლთხუციშვილი.
 მეორე დილით,  ინფექციური საავადმყოფოს რეანიმაციის განყოფილების გამგემ მშობლებს  განუცხადა, რომ მათ ბავშვი იაშვილის კლინიკიდან არ უნდა წამოეყვანათ.
დედა ამბობს, რომ როდესაც განყოფილების გამგემ   გოგონა გასინჯა,  უთხრა, რომ  ორივე თირკმელი გათიშული ჰქონდა.   მისი თქმით, მის შვილს ორგანიზმი ეწამლებოდა.
„ორგანიზმში მიდიოდა სისხლის მოწამვლა.  სასწრაფოდ  უროლოგი გვჭირდებოდა.  თითოეულ წუთს განსაკუთრებული  მნიშვნელობა ჰქონდა.  მდგომარეობა კრიტიკული იყო.  ისევ ვრეკავდით იაშვილში, რომ იქნებ ჩემი მომაკვდავი შვილი  მიეღოთ, რომ ბავშვისთვის დიალიზი გაეკეთებინათ. უკვე დღის   4 საათი იყო,  როდესაც   კატასტროფის ბრიგადით ისევ იაშვილში დაგვაბრუნეს.   თუმცა, 2 საათამდე ველოდეთ კატასტროფის მანქანას,  იაშვილში ვრეკავდით და გვეუბნებოდნენ, რომ კატასტროფის მანქანა გამოსულიაო…    მანქანა  2 საათის დაგვიანების შემდეგ მოვიდა.  მძღოლს  ვუსაყვედურე,  აქამდე სად იყავითო, გვითხრა. 10 წუთის წინ როგორც მითხრეს, ეგრევე მოვედიო“, – იხსენებს ევგენია სახლთხუციშვილი  იმ  დღეებს.
პაციენტი  იაშვილის  ბავშვთა საავადმყოფოს  რეანიმაციაში   მოათავსეს.  ბავშვი ისევ იმ ნეფროლოგმა გასინჯა, რომელმაც წინა დღეს პაციენტი გასინჯა.
„ექიმს ვეკითხები: ნუთუ თქვენ არ იცოდით, რომ  ჩემს შვილს    თირკმლის პრობლემა ჰქონდა,  რომ ჩემი  ბავშვის  ორგანიზმი იწამლებოდა-მეთქი და ექიმი მეუბნება: „თირკმელების პრობლემაც  იყო,  მაგრამ,  აი ამ ჩაქცევების და  ბავშვის ვირუსული მდგომარეობის გამო  (ჩუტყვავილაზე საუბრობდა)  ვერ დავტოვებდი იაშვილის კლინიკაში“.
მოკლედ, ჩვენ  თავიდან მოგვიცილა. ბავშვი გადაიყვანეს ინტენსიურ განყოფილებაში  და აპარატზე შეაერთეს.  უკვე საღამოს  ძალიან მძიმე მდგომარეობა მქონდა.  ყოველ ნახევარ საათში  მიძახებდნენ ექიმები და მეუბნებოდნენ, რომ  უფრო და უფრო რთულდებოდა მდგომარეობა, რომ  ყველაფრისთვის მზად უნდა ვყოფილიყავი.  ბავშვი სასუნთქ აპარატზე გადაიყვანეს და დაიწყო დიალიზის ოპერაცია.  ოპერაციის დროს ჩემს შვილს გული სამჯერ გაუჩერდა და  დამეღუპა“ , – აცხადებს   გარდაცვლილი ბავშვის დედა.
2 დეკემბერს,    12.10 წუთზე    4 წლის თინათინ მ-ძე იაშვილის სახელობის ბავშვთა რესპუბლიკურ საავადმყოფოში გარდაიცვალა.   12421370_1055971174425375_1587476174_n
პატარა თინათინის დაღუპვის შესახებ ინფორმაცია    მედიაში 4 დეკემბერს  გახმაურდა.  თუმცა, ჟურნალისტებთან საუბრისას იაშვილის ბავშვთა რესპუბლიკური საავადმყოფოს  ადმინისტრაცია და პრესსამსახური  დღის განმავლობაში კომენტარს არ აკეთებდნენ. მოგვიანებით, 4 წლის ბავშვის გარდაცვალების ფაქტი პრესსამსახურის უფროსმა თამარ ჩეჩელაშვილმა დაადასტურა,  თუმცა მიზეზი არ განმარტა.
„მინდა გითხრათ, რომ  სხვადასხვა მედიასაშუალებამ ჩემი შვილის გარდაცვალების შესახებ არასწორი ინფორმაცია გაავრცელა,  თითქოს ჩემი შვილი ვირუსული ინფექციით  – ჩუტყვავილით დაიღუპა. ვირუსული ინფექცია დაავადების გამოვლენიდან მე-5 -6 დღეს საშიში აღარ არის, აღაც გადამდებია.  მით უფრო, ჩემს შემთხვევაში ახალი ელემენტები სხეულზე აღარ შეიმჩნეოდა.
ჩემი შვილი ჩუტყვავილით კი არა,  თირკმლის უკმარისობით  დაიღუპა. ექიმებმა  ბავშვის გადასარჩენად არ იზრუნეს.  24 საათის განმავლობაში  საავადმყოფოდან საავადმყოფოში მატარეს. ხან ქირურგს ეძებდნენ, ხან უროლოგს  და დრო დაკარგეს. ბავშვი  დიალიზის  ოპერაციის დროს გარდაიცვალა. როგორც ჩემთვის ცნობილია, სანამ ჩემი შვილი დაიღუპებოდა, მანამდე კიდევ ერთი ბავშვი გარდაიცვალა კლინიკაში, თუმცა არ ვიცი,  იმ ბავშვს რა მოუვიდა.  ვიცი, რომ ის ბავშვიც 2  დეკემბერს  დაიღუპა“,  – ამბობს ევგენია სახლთხუციშვილი.
 სახლთხუციშვილის ოჯახის ტრაგიკული  ისტორია აქ არ დასრულებულა.  მშობლებს გარდაცვლილი შვილის ცხედარს საავადმყოფოდან არ ატანდნენ.   ისინი  ბავშვის გაკვეთაზე უარს აცხადებდნენ.   მოგვიანებით,   თინათინის მამას  იაშვილის სახელობის ბავშვთა რესპუბლიკურ საავადმყოფოს ექიმების მოთხოვნით   ხელწერილი დააწერინეს.
„ბავშვი  იაშვილის კლინიკაში რომ გაეკვეთათ,  დასკვნაში  ზუსტ დიაგნოზს მაინც არ დაწერდნენ.   გარდა ამისა, უკვე გარდაცვლილ ჩემს შვილს სახლში არ მატანდნენ.  მეუღლეს ხელი მოაწერინეს, რომ  შვილს იმ შემთხვევაში  გაგვატანდნენ სახლში, თუ არ ვუჩივლებდით.  თორემ გავკვეთავთო.   ჩვენ  მაშინ   გონება არ მოგვეკითხებოდა, ისეთ დღეში ვიყავით…..   და სწორედ ამით ისარგებლეს იაშვილის კლინიკის ექიმებმა და ჩემს მეუღლეს ხელი მოაწერინეს“, – ამბობს  თინათინის დედა.
 მასალის მომზადებისას „კვირა“  იაშვილის სახელობის ბავშვთა რესპუბლიკურ და ინფექციურ საავადმყოფოს  ადმინისტრაციის წარმომადგენლებს დაუკავშირდა. თუმცა მათ კომენტარისაგან თავი შეიკავეს.jandacva
“ჯანდაცვის სამინისტროს სამედიცინო რეგულირების სააგენტომ  იმ კლინიკების შესწავლა დაიწყო, სადაც  პაციენტი იყო მოთავსებული და მკურნალობდნენ.  პაციენტის უფლებების შესახებ კანონის თანახმად,  კლინიკას არ აქვს უფლება, მშობლის გარდა,  სხვა პირებისთვის ინფორმაციია გასცეს, რაც შეეხება საბოლოო  დასკვნას, რეგულირების სააგენტოს  უნდა მიმართოთ. ჩვენ არ გვაქვს უფლება ამ ეტაპზე კომენტარი გავაკეთოთ“, – განუცხადა „კვირას“  იაშვილის სახელობის ბავშვთა რესპუბლიკური საავადმყოფოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსმა თამარ ჩეჩელაშვილმა.
ამავე მიზეზით კომენტარისაგან თავი შეიკავა ინფექციური საავადმყოფოს ხელმძღვანელმა  მარინე ეზუგბაიამ.
როგორც „კვირამ“ გაარკვია, ჯანდაცვის სამინისტროს წარმომადგენლები უკვე მეოთხე  დღეა ინფექციური საავადმყოფოსა და იაშვილის სახელობის ბავშვთა რესპუბლიკური საავადმყოფოს დოკუმენტაციას სწავლობენ.
შეგახსენებთ, რომ 4 წლის თინათინ მ-ძე 2 დეკემბერს იაშვილის სახელობის ბავშვთა რესპუბლიკურ საავადმყოფოში გარდაიცვალა. პაციენტის გარდაცვალების შესახებ ინფორმაცია მედიასაშუალებებში 3 დეკემბერს გავრცელდა.
იმავე დღეს, ჯანდაცვის სამინისტროს სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტო პაციენტის გარდაცვალების ფაქტით დაინტერესდა და საქმის შესწავლა დაიწყო.

იზა შაქარაშვილი

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები