„სუხიშვილებს“ რუსეთის 22 ქალაქში კონცერტები არ გაუუქმებიათ
ანსამბლ „სუხიშვილებს“ რუსეთის 22 ქალაქში საგასტროლო ტურნე არ გაუუქმებია. გაუქმდა მხოლოდ ერთი კონცერტი, რომელიც 25 მარტს პეტერბურგში იყო ჩანიშნული, – ამის შესახებ „კვირას“ ქართული ნაციონალური ბალეტის სახელმწიფო ანსამბლის „სუხიშვილების“ აღმასრულებელმა მენეჯერმა და დირექტორის მოადგილემ ხატია ეკიზაშვილმა განუცხადა.
მისი თქმით, რუსეთში დაგეგმილი 22 კონცერტის შესახებ სხვადასხვა მედიასაშუალებებით გავრცელებული ინფორმაცია სიცრუეა და სიმართლეს არ შეესაბამება.
„არ ვიცი, ვინ იყო პირველი სააგენტო, ვინც ეს ინფორმაცია თავდაპირველად გაავრცელა, მაგრამ თვალნათლივ გამოჩნდა, რომ აზრისა და ინფორმაციის გავრცელების თვალსაზრისით საქართველოში კვლავ დიდი პრობლემაა. ნინო სუხიშვილის ეს ინტერვიუ, სადაც საუბარია, რომ ანსამბლმა „სუხიშვილებმა“ 22 კონცერტი გადადო, 2013 წელს გამოქვეყნდა. როგორც ჩანს, 2013 წლის ინტერვიუ ვიღაცამ წაიკითხა, ახალი ეგონა, ან შეგნებულად დამახინჯებული ინფორმაცია გაავრცელა. მაინტერესებს, ჟურნალისტები თარიღით მაინც როგორ არ დაინტერესდნენ? ვიმეორებ, ეს იყო, შარშანდელი ინტერვიუ, რომელიღაც სააგენტომ კი ის „ახალ ამბად გამოაცხო“. არ შემიძლია, მადლობა არ გადაგიხადოთ ინფორმაციის გადამოწმებისთვის, „კვირას“ გარდა, ჩვენთვის ამ დრომდე კომენტარისთვის არც ერთ ჟურნალისტს არ მოუმართავს,“ – განაცხადა ხატია ეკიზაშვილმა.
ხატია ეკიზაშვილის განცხადებით, ანსამბლი საგაზაფხულო ტურნეს იწყებს და 25 მარტს გასტროლებზე მიემგზავრება.
„2014 წლის მარტში საგასტროლო ტური გვაქვს ფინეთში – ჰელსინკში. ვგეგმავდით გასტროლებს გზადაგზა ქალაქებშიც, მათ შორის პეტერბურგშიც, კონცერტი 25 მარტს იყო დაგეგმილი. თუმცა, ბოლო დროს განვითარებული პოლიტიკური მოვლენების გამო, უკრანაისა და საქართველოში მავთულხლართების გადმოწევასთან დაკავშირებით, მივიღეთ გადაწყვეტილება და პეტერბურგში დაგეგმილი კონცერტი გავაუქმეთ“, – აღნიშნა ხატია ეკიზაშვილმა.
მისივე თქმით, პეტერბურგის კონცერტის გაუქმებასთან დაკავშირებით, ქორეოგრაფიულ ანსამბლს ფულადი სანქცია დაეკისრა. თუმცა, ხატია ეკიზაშვილმა „კვირასთან“ საუბრისას ჯარიმის ოდენობა არ გაამხილა.
როგორც „სუხიშვილების“ აღმასრულებელმა მენეჯერმა აღნიშნა, ანსამბლი კონცერტს სამ სხვადასხვა ქვეყანაში გამართავს.
„25 მარტს ლატვიის დედაქალაქში რიგაში მივდივართ, კონცერტებს ასევე გავმართავთ ესტონეთის დედაქალაქში – ტალინში და ფინეთში- ჰელსინკში. აღსანიშნავია, რომ ეს გასტროლები შარშან, დეკემბრიდან დაიგეგმა“, – აცხადებს ეკიზაშვილი.
შეგახსენებთ, რომ სხვადასხვა საინფორმაციო საშუალებებმა ნინო რამიშვილის განცხადება გუშინ გაავრცელეს, სადაც ის რუსეთში დაგეგმილი 22 კონცერტის გაუქმების შესახებ საუბრობდა.
იზა შაქარაშვილი