ვინ მოკლა 22 წლის ანა სოლოღაშვილი?
რამდენიმე დღეა, სოციალურ ქსელებში 22 წლის ანა სოლოღაშვილის გარდაცვალებაზე წერენ. ფეისბუქის მომხმარებლები ახალგაზრდა გოგონას ოჯახს უსამძიმრებენ და ტრაგიკული ფაქტის გამო მწუხარებას გამოხატავენ.
„კვირა“ ანა სოლოღაშვილის გარდაცვალების დეტალებით დაინტერესდა და გაარკვია, რომ გოგონა გუშინ დაკრძალეს. ჩვენთვის ცნობილი გახდა, რომ შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტი ავტოსაგზაო შემთხვევას ემსხვერპლა. გოგონა ორხევის დასახლებაში ცხოვრობდა. უბედური შემთხვევა სწორედ 12 მარტს მის საცხოვრებელ სახლთან მოხდა. ანა სოლოღაშვილი სახლში ბრუნდებოდა, მას გზის სავალი ნაწილი უნდა გადაეკვეთა. მოულოდნელად ფეხით მოსიარულეს „მერსედესის“ მარკის ავტომანქანა დაეჯახა. გოგონამ სხეულის სხვადასხვა დაზიანება მიიღო. ის საავადმყოფოში მოათავსეს.
უკვე რამდენიმე დღეა, ანას მეგობრები სოციალურ ქსელებში სტატუსებს აქვეყნებენ. ისინი დანაშაულში ეჭვმიტანილის ვინაობის დადგენას და მის დაპატიმრებას ითხოვენ. „კვირას“ ინფორმაციით, სამართალდამცველებისთვის დანაშაულში ეჭვმიტანილი პირის ვინაობა ცნობილია. ის 32 წლამდე ახალგაზრდა მამაკაცია. როგორც „კვირას“ შს სამინისტროში განუცხადეს, ავტოსაგზაო შემთხვევის ფაქტზე საქმე სსკ-ის 276 -ე მუხლის პირველი ნაწილით აღიძრა, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების, ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს. ამ ეტაპზე საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს. ეჭვმიტანილი გამოძიებასთან თანამშრომლობს. გამოძიება ექსპერტიზის დასკვნას ელოდება. დასკვნის საბოლოო შედეგის მიხედვით, საქმე შესაძლოა სსკ-ის 276- ე მუხლის პირველი ნაწილი მე-5 ნაწილით გადაკვალიფიცირდეს, რაც 4-დან 7 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
დააპატიმრებენ თუ არა 22 წლის ანა სოლოღაშვილის გარდაცვალების ფაქტზე 32 წლის ახალგაზრდა მამაკაცს, ექსპერტიზის დასკვნის შემდეგ გახდება ცნობილი.
იზა შაქარაშვილი